გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ექსკლუზიური სამაგისტრო შეთავაზებები ქართველ სტუდენტებს
სორბონისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების ორმაგი დიპლომი ქართველ მაგისტრანტებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – განათლების თანამედროვე, აკადემიური კერა ევროპული კლასის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და სამეცნიერო რესურსით. გამორჩეული აკადემიური გუნდისა და ევროპის უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ფაქტორით ის განსაკუთრებულად პოპულარული და რეიტინგულია ჩვენი მკითხველების გამოკითხვებში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ამჯერადაც უნიკალურ პროექტს სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. აღნიშნული პროექტები სამაგისტრო სწავლების უნიკალურ შეთავაზებას უკავშირდება და უფრო დეტალურად, თავად უნივერსიტეტის რექტორი მოგვითხრობს:
მამუკა თავხელიძე – უნივერსიტეტის რექტორი: ჩვენს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მხედველობაში მაქვს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულად დააინტერესებს არა მხოლოდ ბაკალავრიატის, არამედ მაგისტრატურაში სწავლის მსურველებს. ჩვენ დავდეთ უნიკალური ხელშეკრულებები საფრანგეთისა და გერმანიის მხარესთან. ფრანგული პროექტი მოიცავს ,,გლობალური მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების” პროგრამას, რომლის მიხედვითაც მაგისტრატურის სტუდენტი ერთი წელიწადი სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს მიემგზავრება პარიზში, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში (ENA) და პროგრამის დამთავრებისას მიიღებს სორბონის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომს. რაც შეეხება ფინანსებს, ის სპეციალურად ჩვენი უნივერსიტეტისთვის ერთიორად შემცირებულია.
სასწავლო პროგრამა მთლიანად შეთანხმებულია საფრანგეთის მხარესთან. ჩვენ განვახორციელებთ, ძირითადად, თეორიული დისციპლინების სწავლებას, ხოლო ფრანგული მხარის პროგრამა პრაქტიკულ ასპექტს მოიცავს – სტუდენტები რეალურად გაივლიან პრაქტიკას საფრანგეთის მმართველობით ორგანოებსა და ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი, ერთის მხრივ, მიიღებს ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომს და აკადემიურ ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ – საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლისა (ENA) და სორბონის უნივერსიტეტის (PARIS -1) დიპლომსა და აკადემიურ ხარისხს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი პროგრამა ხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ყაზახეთში. საქართველოდან კი შერჩეულია მხოლოდ ჩვენი უნივერისტეტი. ეს არის, ფაქტობრივად, ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მხოლოდ ჩვენთან ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობას ტრენინგკურსებისა თუ გაცნობითი პრაქტიკის სახით – სტუდენტებს შეუძლიათ, ადგილზე გაეცნონ ევროსტრუქტურების მუშაობასა და საფრანგეთის მმართველობით სისტემას.
– ბატონო მამუკა, შეეძლებათ თუ არა იმ სტუდენტებს მაგისტრატურის ამ პროგრამის გავლა, ვინც რობაქიძის უნივერსიტეტში არ გაიარა ბაკალავრიატის საფეხური?
– ამ პროგრამის უნივერსალურობა და ექსკლუზიურობა სწორედ ისაა, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, მათაც შევთავაზოთ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა, ვისაც სამართალმცოდნეობის ან საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამები სხვა უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ დამთავრებული. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ამ ახალგაზრდებს მაინც მოუწევთ ფრანგული პროგრამის წინაპირობებით გათვალისწინებული დისციპლინების გავლა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი. ეს არის მწვანე შუქი კარიერაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი უნიკალური შეთავაზება და შანსია ქართველი სტუდენტებისთვის.
გავითვალისწინეთ რა, რომ საფრანგეთში სწავლა ინგლისურ ენაზეა, ჩვენს უნივერსიტეტში შევიმუშავეთ სწავლების სინთეზური მეთოდოლოგია – სტუდენტები სასწავლო დისციპლინებს სწავლობენ ინგლისურად, ქართული კომენტარებით, რაც ინგლისურენოვანი კლიშეების იდენტიფიცირებას და აღქმას აადვილებს.
– ბატონო მამუკა, ჩვენთვის ცნობილია, რომ კიდევ ერთი ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ.
– დიახ, ზუსტი ინფორმაცია გაქვთ. კიდევ ერთი ანალოგიური პროგრამა ხორციელდება, პოტსდამის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პოტსდამის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი უმაღლესი სკოლაა ამ მიმართულებით. ჩვენთან ერთწლიანი სწავლის შემდეგ სტუდენტები გერმანიაში მიდიან და იქაც ინგლისურ ენაზე გადიან ერთწლიან სამაგისტრო კურსს.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის საერთაშორისო პროგრამები არა მხოლოდ მაგისტრანტებისთვისაა გათვალისწინებული. გვაქვს საბაკალავრო გაცვლითი პროგრამებიც, მაგალითად, ნანტის უნივერსიტეტში. ამ უძველეს ეროპულ უნივერსიტეტთან უკვე რამდენიმე წელიწადია ვთანამშრომლობთ. თავდაპირველად, 2 ადგილი გამოგვიყვეს სამართლის სკოლაში, მაგრამ ჩვენმა წარგზავნილმა სტუდენტებმა ისეთი მოწონება და ნდობა დაიმსახურეს, რომ სტუდენტების კვოტა სერიოზულად გაგვიზარდეს. ამჯერად ჩვენი სტუდენტები სწავლობენ სამართლის საჯარო მმართველობის, პოლიტიკისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენი პროგრამები სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან. ამიტომაც, ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება შრომის ბაზარზე და რეალურად, საშუალოდ, 86-92 პროცენტს შეადგენს. ამის სტატისტიკას უნივერსიტეტი ყოველწლიურად აწარმოებს.