უი, ეს ბიჭი არ ყოფილა გეი – აი, ცოლი ჰყავსო. მე ამას არ ვაპირებ
გიორგი გაბუნია უკვე მესამე სეზონია „X ფაქტორის“ უცვლელი მენტორია, რომელიც, მისი თქმით, წელსაც არ უღალატებს ჩვეულებას და კონკურსანტებს ცინიკური კომენტარებით შეამკობს. ახალ სეზონზე მაყურებელი ჟურნალისტის მრავალფეროვანი ინტერესებისა და შემოქმედებითი ნიჭის კიდევ ერთ გამოვლენას, ცეკვასაც ნახავს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, მან მსახიობისა და მომღერლის ამპლუაც მოირგო და ახლო მომავალში არა, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ, როდესმე პოლიტიკაშიც მოსინჯოს ძალები.
– გიორგი, მესამე სეზონი დაიწყო და შენ კვლავ ჟიურის უცვლელი წევრი ხარ.
– ვიღაც იტყვის, რუსთავი 2-ელი რომ არის, ამიტომ დატოვესო (იცინის). მართალია, ერთადერთი მუდმივი წევრი ვარ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ წარმატებულიც, რასაც მაყურებლის მხარდაჭერა ამტკიცებს. პირველ სეზონზე, ერთადერთი მენტორი ვიყავი, ვინც ნახევარფინალამდე ორივე კონკურსანტით მივიდა. შემდეგ კი, ჩემი კონკურსანტი მიშო ელიავა ფინალში გავიდა. შარშან ხომ საერთოდ გავიმარჯვეთ მე და გიორგი ნაკაშიძემ. ასე რომ, ეს ადგილი დამსახურებული მაქვს.
– შენი რამდენიმე შეფასება მაყურებელმა უკვე აიტაცა. როგორც ჩანს, ამ სეზონზეც ჩვეულ ფორმაში ხარ.
– რა თქმა უნდა, თუმცა შარშანდელისა და მით უმეტეს, შარშანწინდელისგან განსხვავებით, წელს ცოტა შევიცვალე. ძველი ვიდეოების ნახვისას, თვითონც აღშფოთებული დავრჩი საკუთარი თავით (იცინის). ყველა კონკურსანტს რაღაც მწარეს ვეუბნებოდი, იმის მიუხედავად, კარგად იმღერებდა თუ ცუდად. მაშინ მეც დებიუტანტი ვიყავი და ნიადაგს ვსინჯავდი. მწარე და ცინიკური ახლაც ვარ, მაგრამ ყველას მიმართ აღარ (იცინის). წინა სეზონებზე კი დადებით შეფასებასაც ცინიკურად გამოვხატავდი.
– თამთას გარეშე როგორ გრძნობ თავს?
– თამთაზე ძალიან მწყდება გული. ორი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ვისხედით და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მაკლია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა უფრო მეტად გაბერეს, ვიდრე სინამდვილეში იყო. ლამის დაგვაქორწინეს (იცინის).
– წინა სეზონებზე ჟიურის წევრ მეორე მამაკაცებთან მუდმივი დაპირისპირება გქონდა. ახლა, ამ ადგილს ნიკა გვარამია იკავებს, რომელიც შენი მეგობარია. მასაც კბენ?
– მე სტეფანესთან და ანრისთანაც ვმეგობრობ, მაგრამ მაინც ვკამათობდით. ეს ნიკას შემთხვევაშიც გრძელდება (იცინის). უბრალოდ, პიროვნული სხვაობიდან გამომდინარე, განსხვავებულია მიზეზებიც. თუ წინა შემთხვევებში მათ გარეგნობის ან ჩაცმულობის გამო ვკბენდი, გვარამიასთან უფრო მოსაზრებებსა და ფასეულობებზე მაქვს კამათი. თუმცა, არ ვიცი, მონტაჟის შემდეგ ამას რა დოზით დატოვებენ. ნიკა ხომ დირექტორია და შეიძლება, ცოტა შეარბილონ ჩემი თავდასხმები (იცინის).
– იმიჯი შეიცვალე, თუმცა, მგონი, საინფორმაციოში უჰალსტუხოდ და წვერით გამოჩენის შემდეგ, შენგან უთმო თავიც აღარ უკვირთ.
– მეცინება ორი წლის წინანდელ „X ფაქტორს“ რომ ვუყურებ, რომელშიც ამოტრიალებული იმიჯი მაქვს – თავზე თმით და წვერის გარეშე ვარ. გაჩნდა თეორიები, რომ დეპრესიაში ვარ და ამიტომ მოვიქეცი ასე. აინტერესებთ, როდის მოვუშვებ (იცინის). მოშვებას რომ ვაპირებდე, რატომ გადავიპარსავდი?! ოდესმე, თუ მომბეზრდება, კი ბატონო, მაგრამ ამ ეტაპზე არა. სინამდვილეში, უბრალოდ, ერთი და იგივე მბეზრდება და ექსპერიმენტებს მივმართავ. მაგრამ ეს ახალი იმიჯი არაა, ზუსტად ასეთი ვიყავი მანამ, სანამ კურიერში მნახავდით. თუმცა, ამ ფორმატის გადაცემისთვის ეს უჩვეულოა, ამიტომ პროდიუსერებისთვის ცოტა მოულოდნელი იყო, ისევე, როგორც ჰალტუხის მოხსნა (იცინის).
– ამას არ ათანხმებ?
– არა, შეთანხმებას რა აზრი აქვს, მაინც უარს მეტყვიან. ამიტომ, ფაქტის წინაშე ვაყენებ და მერე ნელ-ნელა ეჩვევიან (იცინის).
– „X ფაქტორში“ ეს ყველაფერი შოუს ელემენტია, მაგრამ საინფორმაციოდანაც არაერთი ფრაზა მახსენდება: „ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ“; „მთავრობას პრობლემები შიგ აქვს“...
– პირველი იყო „არ მოსრიალდეთ“, მას შემდეგ უარესებიც მითქვამს, მაგრამ რეაქცია აღარ აქვთ (იცინის). რეალურად, განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ, მაგრამ ისეთ სიტყვებს ვარჩევ, რომელსაც ქვეტექსტი აქვს და ასოციაციურად სხვა რამეს გახსენებს. ბოლოს გავიხსენებ: პარლამენტარებზე ვლაპარაკობდი და ვამბობდი, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უადგილოდ ყოფს ცხვირს სხვის ცხოვრებაში. ადამიანი ვიღაცასთან მიდის და მოდის, ყველას თავისი ურთიერთობები აქვს და ამ დროს ხელისუფლებას ვინ ჰყავს-მეთქი. აქ დავაპაუზე და მხოლოდ შემდეგ დავასრულე აზრი. პაუზითა და ინტონაციით მსმენელი მიხვდებოდა რა სიტყვა მოიაზრებოდა „ჰყავს“ ნაცვლად (იცინის). ერთხელ ვყვებოდი, რომ პრეზიდენტმა ერთ-ერთ კანონპროექტს ვეტო დაადო: ვიღაცეებმა რაღაცეები გააკეთეს, კანონის მიღება უნდოდათ, მაგრამ პრეზიდენტმა მათ გეგმებში ჩაა...ბიჯა-მეთქი. პაუზა ისეთ ადგილას გავაკეთე, რომ გასაგები გახდა სინამდვილეში რასაც ვგულისხმობდი (იცინის).
– შენს მრავალფეროვან სოციალურ აქტივობებს სერიალიც დაემატა.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ძალიან მოკლე როლი მქონდა და არ ვიცი, სანდრო ოდესმე კიდევ თუ გამოფხიზლდება. ეს არის ბიჭი, რომელიც სულ ტორტებით მიდიოდა ნატაშკასთან და უკან ყოველთვის ხელცარიელი ბრუნდებოდა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. მე საერთოდ არ ვგავარ მას. ჯერ ერთი, ადამიანს თუ მინდა თავი მოვაწონო, ტორტს არასდროს მივუტან. ვერც ზედმეტ სიტკბოებას ვიტან და ვერც სენტიმენტალურობას. საზიზღრობად მიმაჩნია, როცა მესმის, როგორ ეძახიან ერთმანეთს: ფისუნია, მისუნია... რა საშინელებაა. ჩემს ლექსიკაში მსგავსი არაფერია (იცინის). სანდრო ფისუნიამდე ვინ მიუშვა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მიეშვათ – იტყოდა. თამაშის დროს რამდენჯერმე ჩემებური ცინიზმი გავუშვი, მაგრამ რეჟისორმა მითხრა, რომ პირიქით, ძალიან შეყვარებული და თბილი ბიჭი უნდა მეთამაშა, რომელსაც უნდა, ნატაშკას თავი მოაწონოს. სინამდვილეში კი, მე ამ დროსაც ცინიკური ვარ.
– ანუ, ცინიზმით ხიბლავ გოგონებს. ეს რაში გამოიხატება?
– კი. იმიტომ, რომ ცინიზმი ჩემი ნაწილია. სწორედ ეგ არის ჩემთვის სანდროს ტორტივით ტკბილი (იცინის). ცინიზმს ყოველთვის აქვს საბაბი. შეიძლება, ეს იყოს ნაკლი, რომელზეც მას სხვა არ უმახვილებს ყურადღებას. სხვებისგან განსხვავებით, მე აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ, მაგრამ ისე, რომ არ ეწყინება. მაგალითად, თუ ის გოგო ცოტა მსუქანია, შევადარებ ზედმეტად მწიფე მსხალს, რომელიც კარგი იქნებოდა, ცოტა გამკვახებისკენ წასულიყო. მსხალს, ხომ გახსოვს, როგორი ფორმაც აქვს, ქვემოთ გაბერილი (იცინის).
– საინტერესოა, ქალბატონი ჯულიეტა თუ გაძლევს პროფესიულ რჩევებს და თუ ითვალისწინებ?
– საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რჩევებს მაძლევს. აქ ჩვენი მოსაზრებები ხშირად ემთხვევა და ძირითადად, მათ ვითვალისწინებ. საპირისპირო სიტუაციაა „X ფაქტორთან“ მიმართებაში. აქ დედაჩემის მთავარი რჩევაა – ნუ ამწარებ ხალხს, რასაც მე ვერ გავითვალისწინებ (იცინის).
– ბევრჯერ გითქვამს, რომ არ აპირებ ოჯახის შექმნას. არადა, მშობლები ყოველთვის საპირისპიროს მოითხოვენ ხოლმე.
– ჩემს ოჯახში ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ. დაქორწინებული არც მე ვარ და არც ჩემი ძმა, მაგრამ მშობლებს არასდროს უკითხავთ, როდის მოიყვანთ ცოლსო. ყოველთვის სრული დამოუკიდებლობა გვქონდა, რადგან ჩვენს არჩევანს პატივს სცემენ. ამ თემაზე ძირითადად მეზობლები მელაპარაკებიან ლიფტში. ყველა კითხვის დასმას ასწრებენ, სანამ მე-11 სართულიდან პირველამდე ჩამოვალთ. იჩქარე, თორემ მერე ბაბუასავით იქნები შვილებისთვისო, მირჩევენ (იცინის).
– შენი ასაკი ყოველთვის განხილვის თემაა.
– ასაკთან დაკავშირებით ხშირად მიწევს მოტყუება. ზოგადად, მანქანით სიარული არ მიყვარს და ტაქსით გადავადგილდები. ერთხელ მძღოლმა დაიწუწუნა, ჩემი შვილი ცოლის მოყვანას აგვიანებსო და მერე მეც მომიბრუნდა შენ თუ ხარ დაქორწინებულიო. როცა გაიგო, რომ ცოლი არ მყავს, ასაკი მკითხა. თავი დავიზღვიე და მოვიტყუე 22-ის ვარ-მეთქი (იცინის). მძღოლმა მიპასუხა: გარკვეულწილად, უკვე ზღვარზე ხარ, ცოტაც და, დააგვიანებ. იცოდე, მაგ საქმეს მიხედეო. რომ გაეგო, სინამდვილეში 40-ის ვარ, ალბათ, მანქანიდან გადმომაგდებდა (იცინის). ასაკთან დაკავშირებით ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა. მაღაზიაში მითხრეს, ეკრანზე უფრო მსუქანი ჩანხარ და კარგი იქნება, ცხოვრებაშიც ისეთი იყო, ხუთი კილოგრამი უნდა მოიმატოო. ჩემი ოჯახური მდგომარეობითაც დაინტერესდნენ და როცა გაიგეს, რომ ცოლი არ მყავს, ასაკი მკითხეს. ამ შემთხვევაშიც ვიცრუე – თავი დავიპატარავე, რომ ზედმეტი ახსნა განმარტებებისთვის თავი ამერიდებინა. თუმცა, რჩევა-დარიგებებს აქაც ვერ ავცდი (იცინის). შენ კაი საჯიშე ბიჭი ხარ, შენნაირები უნდა გამრავლდნენ. ამისთვის აუცილებლად უნდა იპოვო კარგი გოგო, მაგრამ არა შენსავით გამხდარი, ცოტა ხორციანი შეარჩიე, რომ ბავშვები გაგიჩინოს და შენი ჯიში გაამრავლოსო (იცინის). მოკლედ, მაღაზიაში ჩვეულებრივი ადამიანი შევედი და იქიდან გამოვედი ნამდვილი ბუღა, შესაფერისი ძროხის ძებნაში. ჩვეულებრივ საქონლად ვგრძნობდი თავს, რომელიც ძროხას ეძებს ჯიშის გასაგრძელებლად (იცინის).
– შენს ასაკს, ცინიზმს, შეხედულებებს – თუნდაც სექსუალურ ორიენტაციაზე თავისუფალ საუბარს, ყოველთვის აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. წელს რას უნდა ველოდოთ?
– არ ვიცი, დაგეგმილად არასდროს არაფერს ვამბობ. ჩემი შეხედულებები ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ, მანამდე ამაზე ჟურნალისტებთან არ ვლაპარაკობდი, რადგან „X ფაქტორამდე“ ინტერვიუებს არ ვიძლეოდი. ამიტომ დაემთხვა ამ პერიოდს ჩემი განცხადებები. თუმცა, ვფიქრობ, მათში განსაკუთრებული არაფერია.
– მაგრამ, მათ შესაბამისი შეფასებები მოჰყვება ხოლმე... ორიენტაციაზე საუბარს მოჰყვა ის, რომ გეის იარლიყი მოგაწებეს.
– მაგას მანამდეც მაწებებდნენ. „მაესტროზე“ მუშაობისას შეღებილი თმით დავდიოდი. ახლაც, დავდივარ საყურეებით, ვამბობ, რომ შეყვარებული არ ვყოფილვარ და არ მინდა ოჯახის შექმნა, მოკლედ, თვითონვე ვიძლევი ყველანაირ საბაბს ასეთი ჭორებისთვის. მაგრამ, მე არასდროს ვცდილობ, ადამიანები გადავარწმუნო და ვუმტკიცო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიღაც ჩემს ადგილას ცოლს მოიყვანდა საზოგადოებისთვის საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად და სინამდვილეში, ასე უამრავი იქცევა. ძალიან სასაცილოა, როცა ცოლი იმიტომ მოჰყავთ, რომ კითხვები არ გაჩნდეს და ყველამ თქვას: უი, ეს ბიჭი არ ყოფილა გეი – აი, ცოლი ჰყავსო. მე ამას არ ვაპირებ. ცხოვრებაში სხვისთვის რამის დასამტკიცებლად არაფერს გავაკეთებ. ადამიანი თავისუფალია, მე ისე ვიქცევი, როგორც მომწონს. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და როგორც უნდათ, ისე შემაფასონ. თუ ფიქრობენ, რომ გეი ვარ, იფიქრონ. ეს აბსოლუტურად არ მიქმნის დისკომფორტს. ოჯახს მათთვის რაღაცის დასამტკიცებლად არ შევქმნი. ეს მეც დამაზიანებს, იმ ქალსაც, რომელიც ოჯახში უნდა მოვიყვანო და შემდეგ ჩვენს შვილებსაც. ასეთი ოჯახისგან კარგი არაფერი გამოვა.
– როგორც ჩანს, შენი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ პირად ცხოვრებას არ ეხება. მაშინ, როცა ნაციონალად გნათლავენ, შენს ადგილას ბევრი საწინააღმდეგოს მტკიცებას დაიწყებდა. ამ დროს შენ უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე სოლიდარობის ნიშნად, როცა ის დააპატიმრეს.
– ჰო, ეს ფოტო სტიქაროსნობისას გადავიღეთ და მისი გამოქვეყნებით მე გიგის სოლიდარობა გამოვუცხადე. ის ჩემი კლასელია და მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. კი, ბევრი საპირისპიროდ იქცევა, ოღონდ ისეთები, ვისაც კომპლექსები აწუხებთ, ნაციონალობა არ დამწამონო. მე, ჯერ ერთი, არ ვარ ნაციონალი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარწმუნებულია ამაში. თუმცა, მარტო მე კი არა, „რუსთავი 2-ს“ უყურებენ, როგორც მიშას ტელევიაზიას. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ერთ-ერთი წამყვანი სახე ნაციონალების ჟურნალისტად მოიხსენიებოდეს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ავტომატურად ნაციონალობას არ ნიშნავს. შეიძლება, შემომედავონ, ნაციონალებს რატომ არ აკრიტიკებო? ნაციონალები ახლა ოპოზიციაში არიან და მათ ქვეყანაში მდგომარეობის შეცვლის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. თუ მეკითხებიან, წარსულში რატომ არ აკრიტიკებდი, როცა ხელისუფლებაში იყვნენო? ვუპასუხებ, რომ, უპირველესად, აწმყო გვაქვს გამოსასწორებელი და გამუდმებით წარსულში ქექვა საჭირო აღარაა. გასაგებია, რომ ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, ამას თვითონაც აღიარებენ და მეც ვამბობ. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვლაპარაკობდი ამის შესახებ მაშინ? იმიტომ რომ, ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ იყო და ეს სწორედ, ნაციონალების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა გახლდათ. მედიაში ხელისუფლების თავისუფალი კრიტიკის საშუალება არ არსებობდა, რაც ძალიან ცუდია. ვინმემ შეიძლება მითხრას, მაშინ რატომ მუშაობდი ასეთ გარემოშიო? რას ვიზამთ, ასეთი იყო რეალობა, მაგრამ მე ტელევიზიაში მუშაობა მინდოდა და ვმუშაობდი. თანაც, რომელიღაც მიყრუებულ არხზე კი არა, „რუსთავი 2-ზე“ მინდოდა მუშაობა.
– ამის და გვარამიასთან მეგობრობის გამო, ბევრს ლაპარაკობენ, შენი „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორად დანიშვნის შესახებ.
– სისულელეა, რომელსაც სერიოზულად განიხილავდნენ. რას აღარ იგონებენ ჩვენზე – გვარამია და გაბუნია ტყ...ნო დადიოდა ჭორები. იმასაც ყვებოდნენ, რომ გვარამია რესტორანში სცემეს და მე მიხმარების ნაცვლად, კივილით გავიქეცი იქიდან. შემდეგ ამბობდნენ, გვარამია გაბუნიას დირექტორობისთვის ამზადებსო. მაგრამ მიხვდნენ, რომ გაბუნია დირექტორად არ გამოდგება და მოადგილეობაზე შეჩერდნენ (იცინის)... მოკლედ, აქ საზღვარი არ არსებობს და მე მეცინება, ამას რომ სერიოზულად განიხილავენ. თითქოს საქართველოში მეტი პრობლემა არ იყოს. მე რომ დირექტორი გავხდე, ტელევიაზია დაიქცევა. ზუსტად ის მოხდება, რაც ხელისუფლებას უნდა და როგორ უნდა დაიჯერო, რომ მე განმიხილავენ დირექტორად?! (იცინის).
– სინამდვილეში პოლიტიკიდან არც ისე შორს ხარ, არ გიფიქრია, მისი ნაწილი გამხდარიყავი?
– ფიქრით არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ. შესაძლებელია, პოლიტიკაშიც მნახოთ – ამისგან მაინდამაინც შორს არ ვდგავარ, თუმცა ამ ეტაპზე არა. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები პარლამენტარი. სხვათა შორის, რადგან პროფესიით არქიტექტორი ვარ, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თბილისის მერიაში. მერი რომ ვიყო, ეს ხომ უკვე პოლიტიკური თანამდებობაა?! (იცინის).
– ნარმანიას ადგილს უმიზნებ?
– რატომ ნარმანიას? გიგი უგულავასას (იცინის). მე ხომ ნაციონალი ვარ?!