კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოხიბლა გიორგი ჭანტურიამ ნინი გოგიჩაიშვილი და აპირებენ თუ არა ისინი დაოჯახებას

ნინი გოგიჩაიშვილი ამჟამად სწავლით არის დაკავებული. ის, პარალელურად, უკვე რამდენიმე წელია, „ჯიდიესზე“ მუშაობს და გადაცემა „ბინა 18-ში“ თანაწამყვანია. გადაცემაში მისულ სტუმრების განწყობაზე მშვენიერი და პოზიტიური ნინი მუდმივად დადებითად მოქმედებს. ნინის პირად ცხოვრებაშიც სიახლეა – ის და ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია შეყვარებულები არიან.
ნინი გოგიჩაიშვილი: ახლა ყველაზე რთული პერიოდია, რადგან უნივერსიტეტში ბევრი ლექცია მაქვს, პლუს სადიპლომო უნდა დავწერო და გარდა ამისა, „ჯიდიესში“ ვარ. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ასეთი რიტმი მიყვარს, რადგან ბავშვობიდან სულ რაღაცას ვაკეთებ – სწავლა-განათლება, სპორტი, ანუ ყოველთვის რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში.
– რა არის შენი დიპლომის თემა?
– ენერგორესურსები – ეს იქნება კვლევა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. სწავლას რომ დავამთავრებ, მინდა მაგისტრატურის გაგრძელება, თუმცა, ალბათ, ერთი წელი დავისვენებ და შემდეგ ავირჩევ განხრასაც. ბავშვობიდან სულ მინდოდა, მაგისტრატურა უცხოეთში გამევლო. იმიტომ არა, რომ საქართველოში ცუდია. უბრალოდ, იქაური სწავლის სისტემა, ენა დამეხმარება, რომ ჩემი უნარ-ჩვევები განვავითარო. თან, უცხოეთში ადრე ვსწავლობდი და ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობდი თავს.
– ახალი სეზონიდან „ბინა 18-ის“ თანაწამყვანიც გახდი და მხოლოდ დიჯეის პულტთან არ დგახარ.
– გაიზარდა ჩემი ფუნქციები. იმდენად კარგ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, რომ ყველანაირ კომფორტს მიქმნიან, ცდილობენ, მაქსიმალურად გაგხსნან, მოგერგონ, ბოლომდე მოგცენ საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის საშუალება. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ თვალსა და ხელს შუა ვიზრდები.
– შენი იქ ყოფნა სტუმრებზეც კარგ, დადებით განწყობას ქმნის.
– სამივე ისე კარგად ვართ შეწყობილები, სტუმრები გადაცემის ჩაწერამდე კადრს მიღმა რომ გვიყურებენ, გვეკითხებიან: თქვენ ცხოვრებაშიც ასე ხვდებით ერთმანეთსო. რეალურად ისე ვართ, როგორც ეკრანზე. დავუმეგობრდი ბიჭებს და მათ გვერდით კარგად ვგრძნობ თავს. თან, როცა ვხედავ, ადამიანი ცუდ ხასიათზეა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგი განწყობა შევუქმნა. ეს კი სამივეს კარგად გამოგვდის.
– სოციალურ ქსელში შენც და ნანუკაც მამაზე განსაკუთრებულად თბილ სტატუსებს წერთ...
– რომ ამბობენ, მამა უფრო მეტად გიყვარს თუ დედაო, ეს არასდროს მესმოდა. როგორ შეიძლება, ორი ადამიანი ამ კუთხით შეადარო ერთმანეთს – თან, დედა და მამა? ეს ისეთი აურაცხელი სიყვარულია, რომ არ ვიცი, რა სიტყვა დაიტევს მას. მამა ისეთი ადამიანია, მეც კი გაკვირვებული ვარ მისით. მინდა, მეც ასეთი ვიყო, მაგრამ ვერასდროს წარმომიდგენია, თუ შეიძლება, მეც მისნაირი გავხდე. იმდენად კეთილია, არასდროს არავის ლანძღავს... არანაირი შური, ბოროტება, ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობაში შეუძლია შესვლა. ამიტომაც ჩემთვის და ნანუკასთვისაც ყოველთვის რთული იყო ვინმესთან ურთიერთობის დაწყება. როცა ასეთი მაგარი მაგალითი გყავს სახლში, გინდა არ გინდა, ყველას მას ადარებ. მამა ისეთი გამგებია... რჩევებს გვაძლევს, ოღონდ თავს არ გვახვევს, ყოველთვის გვიტოვებს არჩევნის უფლებას. ეს ძალიან კარგია, რადგან შემდგომ განვითარებაში, დამოუკიდებლობაში გეხმარება. დღემდე არ მესმის, რა დედამ შობა. არასდროს გისვამს ზედმეტ კითხვებს. ყოველთვის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს გრძნობს, მაგრამ არ გაგრძნობინებს, – ეს ვიციო.
– დედა?
– დედა ძალიან საყვარელია. ნათიას სულ ვეუბნები, რომ შემთხვევით მოხვდი აქ, უნდა ცხოვრობდე პატარა ყუთში, ზღაპარში-მეთქი. ისეთი კეთილია, ისეთი რაღაცეები უკვირს და იმდენად უბოროტოა, რომ ვერც ხვდება, ვინმე გულს თუ სტკენს. თან, ამას გამიზნულად აკეთებს. მამაჩემი ისეთია, მის გვერდით მართლა ზღაპრის გმირად იგრძნობ თავს. ორივე ძალიან ერთნაირია, ერთნაირი რაღაცეებით ერთობიან. რომ ვუყურებ, მეც კი მშურს – 27 წლის შემდეგაც ასე კარგად რომ ხარ ადამიანთან, ასე ერთობი, ამაზე მეტი სიმდიდრე, რა გინდა?!
– გოგიჩა წლების განმავლობაში ყველასთვის საყვარელი წამყვანი იყო და დღემდე ძალიან უყვარს ხალხს. თუმცა, დღეს ტელევიზიის მიღმა აღმოჩნდა, რასაც თქვენც, დებიც გამოეხმაურეთ სოციალურ ქსელში.
– ძალიან მძაფრი რეაქცია გვქონდა. მამაჩემის გადაცემა „ყოჩაღების ქუჩა“, რომელსაც წესიერი პრომოც არ ჰქონდა, ყველას ძალიან უყვარდა. ქუჩაში რომ გავდივარ, მაჩერებენ – ყველამ იცის ეს გადაცემა. ბევრს დღემდე აქვს „ბასტი-ბუბუს“ კასეტები შენახული მამაჩემის შესრულებით. ამაზე თაობები იზრდება. ამხელა შრომა აქვს მამას ამ ყველაფერში ჩადებული. ქმნის ხარისხიან პროდუქტს, რომელიც ხალხს მოსწონს და ამ დროს უხურავ – მართლაც საშინელებაა. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ ხარ, კარგია, გქონდეს ისეთი გადაცემები, სადაც ყველას ინტერესი იქნება დაცული, მათ შორის ბავშვებისაც. მე ვიცი, ვინ არის მამა, ყველა ტელევიზია მადლიერი უნდა იყოს ასეთი ადამიანით, რადგან გარანტირებული გაქვს მაღალი ხარისხი. მამა პროფესიონალია და დიდი გამოცდილება აქვს. ხალხში იმხელა პროტესტი იყო, ტელეფონი არ ჩერდებოდა. რა თქმა უნდა, არ ყოფილა ეს მისთვის ადვილი. უბრალოდ, მამა ამ თემაზე ღიად არ საუბრობს. ჩვენც მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, უბრალოდ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. ისეთ მომენტში მოხდა გადაცემის ბადიდან ამოღება, სეზონი უკვე დაწყებული იყო და ვეღარაფერს გააკეთებდი. თუმცა, მამა ფიქრობს, რომ ახალი პროექტი უნდა დაიწყოს და ტელევიიზიდან ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავს.
– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ შენი და გიორგი ჭანტურიას ფოტო დაიდო. რა ხდება თქვენ შორის?
– მყავს ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგად, კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბედნიერები ვართ. არც მქონდა დაგეგმილი, რომ ეს ინფორმაცია ასე გავრცელდებოდა და ყველა გაიგებდა. თუმცა, არც ეს არის პრობლემა, არაფერი მაქვს დასამალი... ეს ის არის – ჩემი გული დაკავებულია. ცოტახანს ვახერხებდით ჩრდილში ყოფნას... უბრალოდ, დეტალებზე არ ვსაუბრობთ. ჩემთვის პირადი ცხოვრება პირადია, ამიტომ არ მინდა, ვინმეს თავზე მოვახვიო და თან, არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით და ეს მომწონს.
– ფეხბურთი ძალიან გიყვარს. ამანაც განაპირობა თქვენი დაახლოება?
– არა. ფეხბურთს ვუყურებ, „ბარსელონა“ და მესი მიყვარს ძალიან. გიორგიზე ვიცოდი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, პირადად რომ გავიცანი, მისმა ხასიათმა, პიროვნულმა თვისებებმა მომხიბლა და არა წარმატებულმა კარიერამ. მისი არცერთი თამაში არ მქონდა ნანახი. ახლა უკვე ვუყურებ და მართლაც ნიჭიერია. თავისი საქმე ძალიან უყვარს, პასუხისმგებლობით ეკიდება და ეს ძალიან მომწონს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, აპირებთ დაქორწინებას? გიორგი საქართველოში არ ცხოვრობს. ეს ცოტა არ გიქმნით პრობლემას?
– თუ რამე იქნება, პირობას გაძლევთ, არ გამოგაპარებთ. ტექნოლოგიები, გლობალიზაცია იმ დონეზეა განვითარებული, სიშორეს ძლევ. როცა ადამიანთან კარგად ხარ, გიყვარს, ვფიქრობ, საზღვრებს არ აქვს მნიშვნელობა.
– როგორი იყო ნანუკას რეაქცია, მოსწონს გიორგი?
– მე და ნანუკას არაფერი გვაქვს დაფარულ-დამალული. ნანუკას რომ რამე არ ვუთხრა, ისე მიცნობს და იცის ჩემი ხასიათი, რომ ისედაც ხვდება. რა თქმა უნდა, იცნობს გიორგის და როცა ჩამოსულია, სულ ერთად ვართ, ძალიან კარგად ვატარებთ დროს. დადებითად არის განწყობილი, ჩემს არჩევანს სცემს პატივს და გიორგიც მოსწონს.

скачать dle 11.3