კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუტოვა თამარ ბაბილუას ბეთჰოვენმა მემკვიდრეობით და როგორ დაამყარა მან ეროვნული რეკორდი

თამარ ბაბილუამ  გასულ კვირას  ეროვნული რეკორდი დაამყარა: 29 წლის  პიანისტმა 25 საათის განმავლობაში ფორტეპიანოზე 1 700-მდე მუსიკალური ნაწარმოები  შეასრულა, რის გამოც ის ეროვნული რეკორდების ნუსხაში მოხვდა.  როდის გახდა მისი „სამიზნე”  გინესის რეკორდი, რატომ ჰგონია  მას ბეთჰოვენი საკუთარი პაპა და როგორ შეცვალა სამედიცინო დასკვნამ მისი ცხოვრება, თავად თამარი გვიამბობს.
თამარ ბაბილუა: 25 საათის განმავლობაში ფორტეპიანოზე დაკვრა იოლი ნამდვილად არაა.  ჩვეულებრივი ადამიანის ჯანმრთელობისგან განსხვავებით, ჩემი ჯანმრთელობა, შეიძლება ითქვას, განახევრებულია, შესაბამისად,  ეს იყო  ჩემთვის ყველაზე დიდი  პრობლემა. რეკორდი დავამყარე ყველა  სტანდარტის დაცვით,  ყველა აკრძალვის გათვალისწინებით;  ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს, რომ  თხევადი  საკვების – იოგურტის  მიღების უფლება მომცეს.  ამდენი საათის განმავლობაში ფორტეპიანოსთან ჯდომა   და 1 700 ნაწარმოების შესრულება დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.  გამთენიისას, მეგონა, რომ ვეღარ გავუძლებდი და კომაში ჩავვარდებოდი,  ყველაზე  მეტად ის გამიჭირდა, რომ მტკიოდა ზურგი და წელი; ხელები არ მაწუხებდა, ვიცოდი, რომ დაკვრით  არ დავიღლებოდი. ამას ისიც დაემატა, რომ ხუთწუთიანი შესვენების დროს თითი დავიზიანე – კარში მოვიყოლე. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემი საყვარელი კლასიკოსების – ბეთჰოვენის, რახმანინოვის, შოპენის, მოცარტის  შესრულება დაზიანებული, დასიებული თითით მომიწია (იცინის). 
– რატომ გადაწყვიტე, ეროვნული რეკორდის დამყარება?
– საკუთარი თავისთვის მინდოდა იმის დამტკიცება, რომ შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია.  რეკორდის დამყარების სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც „იუთუბიზე” ვნახე ვიდეო ახალგაზრდა შემსრულებლის, ბენს პიტერსის შესრულებით. ის იყო გინესის რეკორდსმენი, სტატუსით ფორტეპიანოზე შესრულებული რეკორდისთვის – მან 1 წუთში ნოტი 765-ჯერ აიღო.  ამის ნახვის შემდეგ მეც მომინდა ჩემი პროფესიით თავის გამოჩენა და გინესის რეკორდებში მოხვედრა,  მით უმეტეს, გავიგე, რომ რეკორდის დამყარების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ავიღებდი –  პრიზი იყო 50 ათასი ევრო.   ჩემი მთავარი მიზანი  და მოტივაცია გახდა ეს თანხა,  მთლიანად თუ არა,  ნაწილი მაინც, რადგან, ქირით ვცხოვრობდი და   ბინის  საყიდლად ფული ძალიან  მჭირდებოდა.   2015 წლის 1 აპრილს, როდესაც მე უკვე ამ რეკორდისთვის ვემზადებოდი, შევიტყვე, რომ მქონდა მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და, მაშინ, როდესაც მე ქიმიათერაპიის პროცედურას მიტარებდნენ, ჩემი საოცნებო რეკორდი სხვამ დაამყარა – ინდოელი მამაკაცი უკრავდა 127 საათი და 8 წუთი. ეს იყო მსოფლიო რეკორდი, რომელიც გინესის რეკორდებში მოხვდა. ისე გამოვიდა, რომ დამასწრო ინდოელმა, თუმცა მან, როგორც ჩანს, საქმე გაიმარტივა და რეკორდი დაამყარა სინთეზატორზე დაკვრით: რეკორდსმენი იჯდა სავარძელზე, უკან ბალიშებით და უკრავდა სინთეზატორზე, რომელიც ძალიან განსხვავდება როიალისა და ფორტეპიანოსგან – მასზე დაკვრა უფრო იოლია, როცა ცალი ხელი დასვენებული გაქვს და მხოლოდ ერთი ხელით დაკვრაც შეგიძლია. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუკრა რახმანინოვი წამოწოლილმა? იმის მიუხედავად, რომ  რატჯან შარმანმა  დამასწრო, მაინც მეორე ადგილზე ვარ მსოფლიო მასშტაბით.  მაშინ როცა პირველი რეკორდი დამყარდა, ისე ვიყავი შემართული, ვფიქრობდი,  რომ მე  6 დღის განმავლობაში დავუკრავდი, მაგრამ ექიმებმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი მითხრეს. ექვსდღიანი შეუჩერებლად დაკვრის შემთხვევაში, დიდი შანსი იყო, კომაში ჩავვარდნილიყავი. კიბომ არ მოგკლა და, რა გინდა, ფორტეპიანომ მოგკლასო?! მეხუმრებოდნენ ახლობელები (იცინის). 
– საკუთარ ავადმყოფობაზე  საკმაოდ   თამამად საუბრობ. ამ მძიმე დიაგნოზმა შენი ცხოვრება არ შეცვალა?  
– ის ეტაპი, როცა  ამ დიაგნოზის გამო პირველი  შოკი მივიღე, ახლა უკვე გავლილი მაქვს.  სხვათა შორის, 2015 წლის 1 აპრილი იყო, როცა ეს ამბავი გავიგე. მეგონა, ტყუილი იყო, დამირეკავდნენ კლინიკიდან და მეტყოდნენ, რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა. პირველ დღეებში ვერავის ვერაფერზე ვერ ველაპარაკებოდი. დედაჩემი დარდისგან ორ დღეში გაჭაღარავდა. ექიმები ამბობდნენ, რომ სიმსივნე უკვე ისეთ სტადიაში იყო, ჩემი  გადარჩენის შანსი 30 პროცენტს არ აღემატებოდა.  მე გადავწყვიტე, მებრძოლა სიცოცხლისთვის – არ დავუთმობდი ჩემს თავს სიკვდილს. მეგობრებმა შემიგროვეს თანხა, რომ წავსულიყავი თურქეთში სამკურნალოდ, სადაც მხოლოდ გამოკვლევების ჩატარება მოვახერხე. ოპერაცია ისეთი ძვირი ღირდა, უკან ჩამოვედი. თბილისში ქიმიოთერაპიის  რვა კურსი ჩავიტარე და დღესდღეობით ონკომარკერი ნულია, თუმცა ავთვისებიანი სიმსივნე ისეთი რამაა, მუდმივად საჭიროებს გამოკვლევას,  რადგან  სიმსივნის პროგრესირების შანსი ყოველთვის არსებობს. ყველაზე რთულ პერიოდებში მე გადამარჩინა მუსიკამ – მაშინაც კი, როდესაც ქიმიათერაპიის მძიმე კურსს გავდიოდი, ერთი წუთით არ ჩამიქნევია ხელი სიცოცხლეზე და საწოლში არ ჩავწოლილვარ; საათობით ვიჯექი ფორტეპიანოსთან და ვუკრავდი, ვწერდი ან ვმეცადინეობდი.  საღამოს კი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ დავდიოდი. ყველაფერს სხვა ფასი დაედო.  ამან  მართლაც ძალიან მიშველა. 
– მუსიკალური კარიერა როგორ დაიწყე?
–  ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ფოთში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.  ოჯახში მუსიკოსი არავინ გვყოლია,  არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, მაგრამ 3 წლის ვიყავი, როდესაც დაკვრა დავიწყე. მე  ბავშვობა თითქმის არ მქონია – როცა ჩემი ტოლები გარეთ თამაშობდნენ, მე ვიჯექი სახლში და ვუკრავდი.  სულ  მგონია, რომ ბეთჰოვენის შთამომავალი ვარ, მან დამტოვა მეცხრამეტე საუკუნის ჟაბოებიან ქალებსა და ფრაკებიან კაცებში და თვითონ   წავიდა სხვა სამყაროში, მემკვიდრეობით კი მუსიკის ნიჭი დამიტოვა. ვხუმრობ ხოლმე, რომ ბეთჰოვენი საკუთარი პაპა მგონია (იცინის). ფოთში დავამთავრე არჩილ ხორავას სახელობის სამუსიკო სკოლა, მერე ხელოვნების სასწავლებელი და შემდეგ გადმოვედი თბილისში,  სადაც ვსწავლობდი სამუსიკო ათწლედში. ვარ 36 რესპუბლიკური და  2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული; ვწერ სიმღერებს, ვარ ჯგუფ „ნიუტონის” ვოკალისტი და პიანისტი.   ამას გარდა, ვმუშაობ „ბასტი-ბუბუს” სტუდიაში ვოკალისტად; ასევე, ვარ კონცერტმეისტერი  სოფო ტოროშელიძის სტუდიაში, „რუსთავი 2-ის” მუსიკალურ პროექტებში ბექ-ვოკალის ხელმძღვანელი ვარ და ზოგჯერ ბექ-ვოკალაშიც ვდგავარ.   ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში 13 საათის განმავლობაში  მაინც მიწევს დაკვრა. ბოლო ორი თვე, როდესაც რეკორდისთვის ვემზადებოდი, სამსახურის შემდეგ სახლში დამატებით კიდევ ექვს საათს ვუკრავდი.  
– კიდევ ხომ არ გეგმავ ძალების მოსინჯვას გინესის რეკორდის დასამყარებლად?
– ფიზიკური დატვირთვის გამო, ხანგრძლივად დაკვრას ალბათ, ვერ შევძლებ – ექიმები მეუბნებიან, რომ ეს ჩემს ჯანმრთელობას ძალიან ავნებს, თუმცა, გადავწყვიტე,, გავაუმჯობესო ბენს პიტერსის რეკორდი, ვინც  „ჩამითრია” ამ აზარტში. თუ მან ნოტი ერთ წუთში 765-ჯერ აიღო, მე მის რეკორდს გავაუმჯობესებებ – ერთ წუთში ნოტს ავიღებ 800-ჯერ – ვიცი, რომ ამის გაკეთებას შევძლებ. ეს ძალიან დიდ ოსტატობას მოითხოვს, ტექნიკა თუ არ გაქვს განვითარებული, შეიძლება, თითის პარალიზება მოხდეს, ასე რომ, საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს, თუმცა მე ამ საფრთხის არ მეშინია.   მუსიკა ჩემთვის  სულ სხვა სამყაროა; როცა ვუკრავ, მგონია, რომ აქ არ ვარ. ეს არის ჩემი მისტიკური სამყარო.  მე  დიდი განსაცდელი გავიარე და ახლა კარგად ვიცი თითოეული წუთის, წამის, საათის ფასი. ახლა მეტად  ვაფასებ  სიცოცხლეს, სიცოცხლეს, რომელიც ჩემი პატარა შვილის,  მუსიკის და ისევ  სიცოცხლისთვის მჭირდება!

скачать dle 11.3