როგორი ურთიერთობა უნდა ნოდიკო ტატიშვილს საპირისპირო სქესთან და რატომ ამოიღეს ის სასიძოების სიიდან
ნოდიკო ტატიშვილის შემოქმედებაში მუდმივად სიახლეებია, რადგან ის სულ მუშაობს და ცდილობს, არ გაჩერდეს, უფრო მეტი აკეთოს. ახლო მომავალში ის რამდენიმე ქვეყანაში გასტროლით მიემგზავრება.
ნოდიკო ტატიშვილი: გასტროლები ყველაზე კარგი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს დღეს საქართველოში მოღვაწე მომღერლის ცხოვრებაში. ჯერ ერთი, მუშაობ, გადიხარ საქართველოდან; თან, ჩემი ჰობია მოგზაურობა, ფრენა, პლუს, შემოსავალი გაქვს, სხვა ქვეყანას ნახულობ... მაისში მივდივარ ბაქოში, შემდეგ – ისრაელსა და ამერიკაში. მერე მე და სალომე დოლიძე მივემგზავრებით ჰოლანდიაში „ქოლდფლეის“ კონცერტზე – სალომემ გადაწყვიტა, რომ თავისი მწვრთნელი დაეპატიჟა. ამსტერდამი მაგარი ქალაქია, მაგრამ მე არ მიყვარს კლუბებში სიარული, „პლანსაც“ არ ვეწევი – ანუ გართობის თვალსაზრისით არ მომწონს, თორემ, ლამაზი ქალაქია, ბევრი საინტერესო რამ არის სანახავი. უბრალოდ, კლუბებში არ დავდივარ, არ ვეწევი, არ ვსვამ. ჩემთვის ყველაზე კარგი რელაქსაცია და დამამშვიდებელი საშუალება მუსიკაა – მხოლოდ მას შეუძლია, ყველაზე კარგად დამამშვიდოს, დამაწყნაროს, ფიქრში მომეშველოს. ზუსტად ვიცი, რომელი მუსიკა მიშველის და მჭირდება, აქედან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებაში ყველა ეტაპსა და ეპიზოდს (არა მხოლოდ პირადს), თავისი მუსიკა – კომპოზიცია აქვს და მერე ყველაფერს მახსენებს იმ პერიოდთან დაკავშირებით.
– დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი ნეგატივია როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალურ ქსელებში. ვიღაცეებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, უფრო მეტიც – ნეგატივის გავრცელებას უწყობენ ხელს.
– ის, რაც ხდება ქვეყანაში, ძალიან მთრგუნავს. ბავშვობიდან მახსოვს, ჩემს ოჯახს არასდროს უცხოვრია ისე, რომ მხოლოდ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კარგად. ყოველთვის მოქმედებდა ის, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა და ხდება. ამ ყველაფერს ზოგჯერ დეპრესიამდე მივყავარ. იმდენად უარყოფითი ენერგეტიკაა გარშემო – ბოროტება, შური, ადამიანების ლანძღვა, დათრგუნვა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მირტყამს და მაწუხებს. შეიძლება, ვიღაცას ეგონოს პათეტიკაში გადავარდაო, მაგრამ, როცა ტერიტორიები ჩვენი აღარ არის, როცა ნაღმის ქვეშ ვართ და არ ვიცით, ვინ როდის შემოგვივარდება და გაგვანადგურებს, როცა ეკონომიკური მდგომარეობა ასეთ საშინელ დღეშია, როცა ამდენი ავადმყოფი ადამიანია, შესაბამისად, იმ წარმატებებს, რომელიც მე მაქვს და რამაც თავი ბედნიერად უნდა მაგრძნობინოს, ისე ვეღარ განვიცდი, რადგან, მე და შენ თუ კარგად ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო კარგად არის.
– ოჯახი ახსენე. როგორც ვიცი, ოჯახის წევრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს, განსაკუთრებით – დედასთან.
– დედას ვერასდროს ვერავინ შეცვლის, ისევე, როგორც შვილს, მამას, დას, ძმას. ჩემი და ლონდონში რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იყო, სწავლობდა, მუშაობდა, თავისი შემოსავალი ჰქონდა და მეც სულ ჩავდიოდი მასთან, ძალიან მინდოდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო – ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი, ამიტომ ეს სიშორე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. თან, მე და ჩემი და სხვანაირად ვაფრენთ ერთმანეთზე. რამდენადაც ბავშვობაში საშინელი ურთიერთობა გვქონდა, ახლა პირიქით ვართ. ჩემზე 6 წლით უფროსია და, მეგობრები რომ მოსდიოდნენ, ყავას სვამდნენ, ლაპარაკობდნენ და მე რომ არ მიშვებდნენ ოთახში, ფურცელზე ცუდ სიტყვებს ვწერდი: თქვე ასეთებო, ისეთებო-მეთქი და კარის ქვეშ შევუცურებდი ხოლმე. საშინელი ბავშვი ვიყავი – მავნე, ცელქი. სადმე სტუმრად რომ მივყავდი მშობლებს, იქ რამე რომ არ გამეფუჭებინა, არ არსებობდა. დღეს არ არის თემა, რომელსაც ვერ მოვუყვები ჩემს დას ან ვერ ვკითხავ რჩევას და ასევეა ისიც. არ მახსოვს, დედა ან მამა კატეგორიულად ჩარეულიყვნენ ჩვენს საქმეში. ჩემს დას თავისი ცხოვრება აქვს და კატეგორიულად არ ჩავერევი მასში, ისევე, როგორც ჩემი და არ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში. ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონია. როცა შვილები მეყოლება, არასდროს მივიღებ მათ მისაღებ გადაწყვეტილებას.
– რაღაც ასაკში ზოგჯერ უმცროს ძმებს უჩნდებათ ხოლმე უფროსობის სურვილი. შენ გქონია ეს მომენტი?
– ჩემი და არ არის ისეთი გოგო, რომ როდისმე მისი უფროსობის სურვილი გამჩენოდა. არასდროს მიკითხავს: სად ხარ, როდის მოხვალ ან ამდაგვარი რამ. ცოტა უხერხულია, საკუთარ დას დაურეკო კითხვით: როდის მოხვალ სახლში? ჩემმა დამ ზუსტად იცის, როდის უნდა მოვიდეს სახლში – მაგარი გოგოა და გამიმართლა დაში, დედაში, მამაში და მთელ ოჯახში.
– მეუღლეში გაგიმართლებს თუ არა – აქ ბევრი რამ უკვე შენზეა დამოკიდებული.
– ეს უკვე ჩემი არჩევანია – თუ სადმე შევცდები, ჩემი ბრალი იქნება, თუ არადა – ჩემი პლუსი. დედას და მამას ურთიერთობა კიდევ ცალკე მოსაყოლი თემაა, აფრენენ ერთმანეთზე. მათ რომ ვუყურებ, რა თქმა უნდა, მეც მინდა ასეთი ურთიერთობა. რომ ვთქვი ერთხელ: ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა უვლიდეს, ქმარმა ცოლს თავი ბედნიერ ქალად უნდა აგრძნობინოს, ისევე, როგორც ცოლმა – ქმარს, ვიღაცეებმა ცუდად გაიგეს. ამაზე კარგი რა არის? აბა, მეტი რამ უნდა გაგაძლებინოს ადამიანთან, თუ არა სიყვარულმა და ერთმანეთზე ზრუნვამ?! თუ არ გიყვარს, არც ცოლქმრობა მოსულა, არც მეგობრობა და არც არაფერი.
– ცოტა ხნის წინ ყველაზე მოთხოვნად მამაკაც მომღერლად დაგასახელეს და, გარდა ამისა, სასურველი სასიძოების სიაში ისევ რჩები.
– იმდენ ხანს ვიყავი სასურველი სასიძოების სიაში, რომ ბოლოს ყველა რუბრიკა და გადაცემა ამოვწურე და დავრჩი გაღიმებული – სიიდან ამომიღეს. თუმცა, სასიძო ვარ – როცა ვიპოვით მე და „ის“ ერთმანეთს, მერე იქნება ყველაფერი.
– სიყვარულში კომფორტული ხარ?
– როცა ურთიერთობა მაქვს, ყოველთვის ვერიდები კონფლიქტს, გაურკვევლობას, პასუხგაუცემელი კითხვების დატოვებას. რაც შეეხება კომფორტულობას, ცოტა ეჭვიანი ვარ, ოღონდ, დაავადება კი არ მჭირს, ზომიერად ვეჭვიანობ. როცა ძალიან გიყვარს, იმდენად მესაკუთრე და ეგოისტი ხარ, გინდა, რომ მხოლოდ შენი იყოს და ასეც უნდა იყოს ამ თვალსაზრისით.
– და, როცა გოგონაა ეჭვიანი?
– ამაზე ვგიჟდები და, ალბათ, ამიტომ არ ვარ ძალიან ეჭვიანი. თუკი ვინმეს ვხვდებოდი, ურთიერთობას ვიწყებდი, ყველა ძალიან ეჭვიანი იყო. როცა ეს ეჭვიანობა შენს ხასიათში, შენი ცხოვრების სტილში გადადის, ყოველ წამს უნდა ურეკო: სად ხარ, ვისთან ერთად; თუ სტუდიაში ხარ, ხმა გამაგონე... ალბათ, ამას ვერასდროს გავუძლებ, ვერ მოვითმენ, ვერ ავიტან. „მორიელი“ ვარ და, თუ ურთიერთობა სერიოზულია, ძალიან ერთგული ვარ, საკუთარი თავის მიკვირს – აქეთ-იქით გახედვაც არ მინდა ხოლმე.
– დღეს ბევრს საუბრობენ ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე. როგორია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
– როდესაც ერთხელ ცოლქმრობის საკითხს შევეხე, მოძალადედ გამომაცხადეს, დაიწყეს ჩემი სიტყვების განხილვა და გალანძღვა. მე ვამბობდი, რომ არის საკითხები, რომელიც კაცის გასაკეთებელია და ჩემს ცოლს „შკაფს“ ერთი კედლიდან მეორემდე არ ვათრევინებ. მაგრამ, ხომ არის საქმეები, რასაც ქალი კაცზე უკეთ აკეთებს? მე ვერ გავაკეთებ იმას კარგად, თორემ, განა არ გავაკეთებ. როცა დედა ან ჩემი და ვერ ყოფილან კარგად, სახლში ბევრი რამ გამიკეთებია – სახლიც დამილაგებია და საჭმელიც მომიმზადებია და ეს საერთოდ არ „ტეხავს”.