კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცუცა კაპანაძე და გენერალური კონსულის თანაშემწე წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ

უკვე ათი წელია, რაც ცუცა კაპანაძე ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ბუნების გამო, მას ხუმრობით „დედა ტერეზას“ ეძახიან. ამ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა. შორიდან სულ სხვანაირად დაინახა პრობლემები და ცდილობს, ყველას ისე დაეხმაროს, რისი შესაძლებლობაც აქვს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ წლების წინ, ცუცა უწმიდესმა დალოცა და „ჩოხოსანთა კავშირში“ მიიღო. როგორც თავად ამბობს, ეს დღე, მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო და ჩოხაში გამოწყობილი ამერიკაშიც ხშირად იწონებს თავს.
ცუცა კაპანაძე: შორეული ამერიკიდან რომ ვუყურებ ჩემს ქვეყანას, კიდევ უფრო მელამაზება, უფრო მეტად მტკივა და ვაფასებ. რაც უფრო შორს ხარ, სხვანაირად გიყვარდება შენი სამშობლო, უფრო მეტად აფასებ შენს ხალხს და უფრო მეტად გულჩვილი ხდები. არა მარტო მე, ყველა ემოგრანტს ასე ემართება. ათი წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. აქ სხვა ადათ-წესებია, უფრო კანონმორჩილი ხდები ადამიანი, სხვანაირ წესრიგს ეჩვევი. რასაკვირველია, აქაც ხდება კანონის დარღვევა, ქრთამის აღება, მკვლელობა, თუმცა, ეს დიდი ქვეყანაა და იმდენად შესამჩნევი არაა. საქართველოდან ახალჩამოსულ ახალბედა ემიგრანტებს ვეუბნები ხოლმე, ვინც აქ დიდი ხანია, ვართ და აზროვნება შევიცვალეთ, ესენი უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ვინც დარჩენილია იქ, ისინი გამოვუშვათ. ასე უფრო მეტად დავაფასებთ ერთმანეთს-მეთქი. მპასუხობენ, ეჰ, ცუცა, ერთი-ორი შენნაირი ქართულ პოლიტიკაში  და პარლამენტში რომ იჯდეს, ხომ ავშენდებოდითო (იცინის). არანაირად არ მაინტერესებს პოლიტიკა. მე პორტფელით ხელში ნამდვილად ვერ მიხილავთ. ისეთი აქტიური ვარ, კაბინეტში წამომჯდარი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. არც მინდა და არც მიოცნებია. პარლამენტში ქუდი რომ შემიგდოთ, წამოსაღებადაც არ შევალ.
– ამბობენ, ვინც კი ამერიკაში საქართველოდან ჩადის, ცუცასთან სტუმრად აუცილებლად მიდის და ისიც ეხმარება, როგორც შეუძლიაო. ასეა?
– ფაქტობრივად, ვინც საქართველოდან ბრუკლინში ჩამოდის, ჩემთან ცხოვრობს. ეს ეხება, როგორც ქართული შოუ-ბიზნესის სახეებს, ასევე, სხვებს. მაგალითად, გენერალური კონსულის თანაშემწე, წლები ცხოვრობდა ჩემთან. სამსართულიან კორპუსში, სულ ქართველები ვცხოვრობთ და თუ ვინმე საქართველოდან ჩამოდის, მაგალითად: ნატო გელაშვილი, ნუკრი კაპანაძე, „ქართული ხმების“ ბიჭები, ლაშა ღლონტი, ბესო ბერულაშვილი და რა ვიცი, კიდევ ბევრი, ამ კორპუსს აუცილებლად ესტუმრება. ჩვენც, როგორც შეგვიძლია, ვმასპინძლობთ და მიდის ხაჭაპურების, ლობიანებისა და ღომის კეთება (იცინის). მერე გვეუბნებიან: რა არის, ჩვენს ქვეყანაში მოგვბეზრდა ეს საჭმელი და რამე ამერიკული მოგვიმზადეთო (იცინის). როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები. გზას ვუკვალავ და გვერდში ვუდგევარ. მეხუმრებიან მეგობრები, ქართველი დედა ტერეზა „გაიჩითე“ ამერიკაში. იცნობ, გიცნობს, რომ ეხმარებიო? (იცინის) რა ვქნა, ადამიანი რომ დამირეკავს და დახმარებას მთხოვს, უარს როგორ ვეტყვი. სულ უცხოსთვის იმდენი სიკეთე გამიკეთებია, ამაზე საუბარიც კი მერიდება. თუმცა, რომ მირეკავენ და მეუბნებიან, ჩამოსვლა გვინდა და რას გვირჩევო, ჩემი პასუხია, რადგან ჩამოსვლა გინდათ, ვერავინ შეგაკავებთ, თქვენი თვალით უნდა ნახოთ რეალობა და ამიტომ აუცილებლად დაგიდგებით მხარში-მეთქი. ყველას ვაფრთხილებ, რომ აქ ძალიან ძნელია ცხოვრება, რთული გადასატანია ადაპტაცია, ნოსტალგია. იმასაც მეუბნებიან, ზედმეტად რატომ იტკიებ თავს, უცხო ადამიანებს რატომ ეხმარებიო, მაგრამ რა ვქნა, მეტიჩარა ვარ (იცინის). აქ ვინც წლებია, მუშაობს, ხანდახან თვე გადის და გარეთ არ გამოდიან. ჩაკეტლები არიან და ფულს აგროვებენ, რომ ახლობლებს გამოუგზავნონ. ბევრს ფსიქიკური გადახრებიც დაეწყო. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, ვეღარ გაუძლო ასეთ სტრესულ მდგომარეობას, გამოიტანა მოგროვილი ფული, ცეცხლი წაუკიდა და მის გარშემო დარბოდა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ვინც აქაა, ნუ დაივიწყებენ საკუთარ თავს და კვირაში ერთი დღე მაინც, განტვირთვა მოიწყონ.
– პოპულარული ხარ. ქუჩაში უცნობი ადამიანები თუ გცნობენ?
– წლები რომ გემატება, იცვლები, მაგრამ მე რა შემცვლის? (იცინის) ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მივდივარ ქუჩაში და სრულიად უცნობი ადამიანი მეძახის: ცუცა, მერვეკლასელო, ეს შენ ხარ? (იცინის) ამაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არ არსებობს, შორეული ამერიკის ქუჩებში რომ მცნობენ. ათი წელია, ქართული კულტურის ცენტრში ვმუშაობ აქ და ამან გადამარჩინა. როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, სადაც არ უნდა იყო, ეს დიდხანს გაცოცხლებს. „შინაბერები“ რომ დავდგით, ცხონებულ ბატონ ოტიას დავურეკე. მითხრა, სადა ხარ, ბოშოო. ვუთხარი, ბატონო ოტია, ოკეანის გაღმიდან, ამერიკიდან გირეკავთ, თქვენი პიესა დავდგით ქართულ თეატრში და გეპატიჟებით-მეთქი. გადაირია: რამ წაგიყვანა, ბოშო, მაგ სიშორეზე, „შინაბერა” თუ გამიცოცხლე, ნეტა, მეც ჩამომიყვანა და დამასწრო მაგ ამბავსო. სხვათა შორის, მე და ბატონი ოტია იოსელიანი, წლების წინ, ერთად მიგვიღეს „ჩოხოსანთა კავშირში“. მეტეხის ტაძრის ეზოში, უწმიდესმა გვაკურთხა. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს არავინ იყო. სხვათა შორის, ჩოხაც მაქვს ამერიკაში წამოღებული.
–  არ მითხრა, ამერიკაში ჩოხით დავდივარო...
– კი, ვიცვამ და დავდივარ ხოლმე ჩოხაში გამოწყობილი, აბა რა (იცინის). ცოტა მომიძველდა და მინდა, ახალი შევიკერო, ყველა დღესასწაულზე ჩავიცვა და გამოვეწყო ჩოხაში. საიდუმლოს გაგანდობთ: მინდა, ჩოხაში გამოწყობილი, ჩემს უსაყვარლეს მელ გიბსონს გავეპრანჭო წითელ ხალიჩაზე (იცინის). ისე, მელ გიბსონსაც, დასტიფ ჰოფმანსაც და ჰიუ გრანტსაც გავეპრანჭები – სამივე მომწონს და მიყვარს, რა ვქნა? სხვათა შორის, ჰიუ გრანტმა და დასტინ ჰოფმანმა საქართველოს შესახებ ბევრი რამ იციან. დასტინ ჰოფმანმა ვაჟა-ფშაველა რომ წაიკითხა, თურმე ისე აღფრთოვანდა, მეორე ჰომეროსი უწოდა. გაოგნებული ყოფილა, ასე თუ ვინმე ბუნებას აამეტყველებდა, რას წარმოვიდგენდიო. ეს გავიგე ლექსო თორაძისგან, მისი სტუმარი იყო და მას მოუყვა. ჰიუ გრანტმა კი კარგად იცის ქართული ღვინის გემო და ძალიან მოსწონს. ის ესპანეთში მცხოვრები, დავით ბაგრატიონის ძმის, გიორგის მეგობარია. იცით, რა წარმოვიდგინე? ჰიუ გრანტი როგორი წარმოსადეგი იქნება ქორწილში ჩოხაში გამოწყობილი, ქართული ღვინით ხელში და კიდევ უფრო შემიყვარდა (იცინის). სხვათა შორის, ბევრი ამერიკელი, ვინც ქართველი მოიყვანა ცოლად, ქორწილში ჩოხაში და „აზიაცკებში“ იყო გამოწკეპილი. ჩემი აზრით, ეს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციაა და სხვა არაფერი.

скачать dle 11.3