როგორ დაასაჩუქრეს ბუბა მათნაძე და შოთიკო ნოზაძე სახინკლეში და ვისთან უღალატეს მათ „ცოლებს“
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ორი ყველაზე კომიკური პერსონაჟი – ბაქარი და ხაშურელი თენგო, წინა სეზონზე ნაკლებ აქტიურად ჩანდნენ, რის გამოც მათი ძალიან ბევრი გულშემატკივარი გულისწყვეტას გამოთქვამდა. ახალი, მეცხრე სეზონის დაწყებასთან ერთად, ისინი კვლავ გამოჩნდნენ და უკვე დაოჯახებულებმა ხინკლის კუჭების ბიზნესთან ერთად, მილიონერობაზეც დაიწყეს ფიქრი.
– ბიჭებო, გული გწყდებოდათ, წინა სეზონში ისე აქტიურად რომ აღარ ჩანდით?
ბუბა: გული არ მწყდებოდა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროული იყო. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ერთი და იგივე პერსონაჟი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, დიდი დოზით მაინც მოსაწყენია. გარდა ამისა, ეს შესვენება ძალიან კარგად დაემთხვა ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს. საქმე ისაა, რომ აბიტურიენტი ვარ და მეტი დრო მქონდა სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
შოთიკო: მე, რა თქმა უნდა, მერჩივნა უფრო აქტიურად ვყოფილიყავი სერიალში. თენგოს პირველივე გამოჩენას დიდი რეაქცია მოჰყვა და ასევე მოხდა, როცა უკვე აღარ ჩანდა ეს პერსონაჟი. ამბობდნენ, ძალიან კარგი პერსონაჟია, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს ჩანდაო. უამრავი კითხვა გაჩნდა. მაყურებელს აინტერესებდა, კიდევ იქნებოდა თუ არა ის სერიალში, როდის გამოჩნდებოდა და რა მოხდებოდა. თუმცა მათზე პასუხები მე თვითონაც არ ვიცოდი და, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ახალი სეზონიდან თენგო ისევ აქტიურად გამოჩნდებოდა.
ბუბა: ამ საქმეს უკვე შეჩვეულები ვიყავით და მონატრებულიც გვქონდა. მოკლედ, ისევ ერთად ვართ, ისევ აქტიურად და მაყურებელს ძალიან მაგარი სერიები ელის.
შოთიკო: ახლა, ძირითადად, ორივეს ახალ ბიზნესზე გვეკითხებიან ხოლმე. ცოტა ხნის წინ, საავადმყოფოში ვიყავი. ერთმა ქალმა გამიღიმა ყურებამდე, მომიახლოვდა და მითხრა: აქ რატომ მოხვედი, შვილო, აქ არაა ხინკლის კუჭებიო. მეგობრები გვირეკავენ: ამ წუთას ხინკალს ვჭამთ და კუჭებს არ გადავყრით, შეგინახავთ და გამოგვიარეო. თქვენი საცოდაობით ხინკალს კუჭებიანად რა შეგვაჭმევსო, გვეუბნებიან. სხვათა შორის, თენგოს პირველად გამოჩენის დროს შაურმაზე ატყდა ერთი ამბავი.
ბუბა: ამ სერიების გამოსვლის შემდეგ სახინკლეშიც ვიყავით ერთად. ჯერ მარტო ხალხის რეაქცია უნდა გენახათ – ერთმანეთს ხელით ანიშნებდნენ ჩვენზე და ეცინებოდათ. მენეჯერმა ხინკალში ფული არ გადაგვახდევინა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, წამოსვლისას კი გვითხრეს: ბიჭებო, ხინკლის კუჭები გაგიმზადეთ და როდის გამოგვივლით. სხვათა შორის, ჩვენ სამ დღეში 4 ლარზეც თანახმა ვართო (იცინის).
– როგორც ჩანს, სერიალს მიღმაც გრძელდება თქვენი მეგობრობა.
შოთიკო: დიახ. ჩვენ სინამდვილეშიც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და უფრო და უფრო ვმეგობრდებით. როცა დრო გვაქვს, თითო კათხა ლუდზეც არ ვამბობთ უარს.
ბუბა: ისე, შოთიკო ძალიან მზრუნველია. მაგალითად, ერთად თუ ვმგზავრობთ, გამორიცხულია, ფული გადამახდევინოს. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა და მაშინაც ძლივს შევძელი ამის გაკეთება – ჩემი ტანწერწეტობა დამეხმარა (იცინის).
შოთიკო: ასეც უნდა იყოს. ბუბა ჩემზე პატარაა, თან, აბიტურიენტია, მე კი, ასე თუ ისე, ვმუშაობ.
– თქვენს გმირებს რამით ჰგავხართ?
– რეალურ ცხოვრებაში მე და თენგო ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ორივე ნამდვილად ხაშურელები ვართ და ვიზუალურადაც ვგავართ (იცინის).
ბუბა: სინამდვილეში, ასი პროცენტით სხვა ადამიანია, მაგრამ კამერა ირთვება თუ არა, უცებ თენგო ხდება. ამის სიმაგრეც ეგაა, როგორც მსახიობის.
შოთიკო: რაც შეეხება ბუბას, ის ძალიან საყვარელი ადამიანია. მასზე ყველას კარგი შთაბეჭდილება რჩება და მეც პირველივე დღიდან ძალიან კარგად განვეწყვე მის მიმართ.
– ხაშურელების დამოკიდებულება როგორია თენგოს მიმართ?
– ხაშურელების ძირითად ნაწილს თენგო მოსწონს. მაგრამ არსებობენ ნამდვილი „ხაშურელი თენგოები“, რომლებიც მწერენ: რატომ არცხვენ ხაშურს, რატომ დასცინი, ეგეთები ხომ არ არიანო. ვუხსნი, რომ სინამდვილეში მართლა არსებობენ ასეთები, თუმცა ეს ყველას არ ეხება და ყველაფერს იუმორით უნდა შეხედონ. მერე მოლბებიან ხოლმე.
– საქმეებს გირჩევენ?
– მთლად საქმეებს არ მირჩევენ, მაგრამ ზოგს რაღაცეები არ მოსწონს. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ამან ვინმეს გაღიზიანება არ გამოიწვიოს. სიმართლე გითხრათ, ხაშურში ყველა თენგოსავით მართლა არ ლაპარაკობს, ის მხოლოდ იქაურების გარკვეულ პროცენტს განასახიერებს.
– შოთიკო, გავიგე, დანიშნულხარ. მითხარი, ვისთან უღალატე თამუნას?
– ჩემს თამუნასთან (იცინის). ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პირველად ქორწილში შევხვდით ერთმანეთს და შემდეგ სოციალურ ქსელში განვაგრძეთ ურთიერთობა. მალევე შევხვდით და გავერკვიეთ ჩვენს გრძნობებში. პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მე გადავდგი და სიყვარული ავუხსენი. პასუხი მაშინვე არ უთქვამს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მისგანაც დადებითი პასუხი მივიღე. არ მიყვარს, როცა დაქორწინების გადაწყვეტილებას უცებ იღებენ. ჯერ კარგად უნდა გაიცნო ადამიანი და ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შემდეგ უნდა გადადგა. ცოტა ხნის წინ ჩვენც დავინიშნეთ და მალე ვიქორწინებთ, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაგვიგეგმავს.
– თენგოსნაირი ქმარი იქნები?
– არა, ათასი პროცენტით განსხვავებული.
– ბუბა, შენთან რა ხდება?
ბუბა: მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ შემდეგ დავშორდით ერთმანეთს. ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები გაჩნდა და სიყვარულობანას თამაშისთვის არ მცალია, ჩემი ყურადღება მთლიანად აბიტურიენტობასა და გადაღებებისკენაა მიმართული. არც არავინაა, თორემ... ისე, სკარლეტ იოჰანსონი მომწონს და, თუ შემხვდება, პირველივე ნახვისას ხელს ვთხოვ (იცინის), თუ იმ პერიოდში ვინმეზე არ იქნება დაქორწინებული.
– შოთიკო დაქორწინებას აპირებს, თან ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს. შენ რა გეგმები გაქვს, პროფესიასთან დაკავშირებით თუ მიიღე გადაწყვეტილება?
– აქამდე პოლიციის აკადემიაში მინდოდა სწავლა, მაგრამ, გარკვეული მიზეზიბის გამო გადავფიქრე და გადავწყვიტე, საზოგადოებასთან ურთიერთობა ავირჩიო და პიარი ვისწავლო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება და უნდა დავანგრიო ამ სასწავლებლის შესახებ შექმნილი ცუდი სტერეოტიპი (იცინის). ბაქარი წამოვიდა ამ უნივერსიტეტიდან და ახლა მე მივდივარ მის ნაცვლად.