რატომ უწევს ფიზიკოს ედიშერ ცხადაძეს დიდი „ბრძოლები” იტალიაში არსებულ მუზეუმებსა და ზოგიერთ ეკლესიაში და როდის აღმოაჩინა მან სულ სხვა რომი
წარმატებული ქართველი ფიზიკოსი, ედიშერ ცხადაძე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს. თავდაპირველად, ის საბჭოთა კავშირის უდიდეს სამეცნიერო ცენტრებში, სერპუხოვოსა და დუბნაში მუშაობდა. ბოლო ექვსი წელია, რაც იტალიას დაუკავშირდა და იტალიის ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან გააგრძელა თანამშრომლობა. გარდა იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მას არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე უმუშავია, ასევე კარგად შეისწავლა რომის ისტორიულ-კულტურული ადგილები, სამზარეულო და ტურისტებისთვის საინტერესო გზამკვლევები გამოსცა.
ედიშერ ცხადაძე: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტში მონაწილე რესპუბლიკებმა უკვე მონაწილე ქვეყნების სტატუსი მიიღეს და ამჯერად საქართველოდან ამ საერთაშორისო ინსტიტუტში მივლინებული სამეცნიერო ჯგუფის წევრი გავხდი. 1995 წლიდან, სწორედ დუბნის ინსტიტუტის ხელშეწყობით, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი გახდა შვეიცარიაში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილი სამეცნიერო კოლაბორაციის, „ატლას“-ექსპერიმენტის წევრი (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი – ცერნი, ჟენევა). ფიზიკის ინსტიტუტისა და თსუ-ს ჯგუფები მონაწილეობდნენ, როგორც ექსპერიმენტული დანადგარების შექმნაში, ასევე, შესასწავლი ფიზიკური პროცესების მოდელირებაში. ასე რომ, ქართული გარემოცვის ნაკლებობა შვეიცარია-რუსეთის პერიოდში არ ყოფილა. „ატლას“-ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგების ბაზაზეა დაწერილი ჩემი სადოქტორო დისერტაცია. 2001 წელს დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტის პრემია მოგვენიჭა, 2010 წელს კი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატობაც გვერგო. დღეისთვის ცერნში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ქართული ჯგუფების ბაზაზე დაყრდნობით, კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა – საქართველოდან ხდება წარმატებული მოსწავლეების, სტუდენტების გაცნობითი ვიზიტები ამ უდიდეს სამეცნიერო ცენტრში. ასევე, ფიზიკის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებით უკვე რამდენიმე წელია, სკოლის მასწავლებლები ეცნობიან თანამედროვე ექსპერიმენტებს, იმაღლებენ კვალიფიკაციას. იტალიაში, სადაც ამ ბოლო დროს მე ვთანამშრომლობ, ქართველი ფიზიკოსების მხრივ უფრო მოკრძალებული სიტუაციაა – ამჯერად მარტო ვარ. თუმცა, გეგმები ბევრია და იმედია, მალე დიდი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას.
– ფიზიკა საინტერესო, მაგრამ რთული დარგია. რატომ აირჩიეთ ეს სფერო?
– ინტერესი ბავშვობიდან მოდის. სკოლის მერვე კლასიდან კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაშიც გადავედი. ერთი ბავშვური კურიოზი მინდა, გავიხსენო. მოსწავლეთა ოლიმპიადის ზონალურ ტურში კომაროველებმა, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გავართვით თავი ფიზიკის ამოცანებს, მაგრამ ჩემი და კიდევ რამდენიმე ბავშვის გვარი შემდეგ ტურში გასულთა სიაში არ აღმოჩნდა. ნაწერები სადღაც დაკარგულა და გასაჩივრებამაც შედეგი არ მოგვცა. შემდეგი, რესპუბლიკური ტური კი სწორედ ჩვენს სკოლაში ტარდებოდა. ამგვარად „დაჩაგრულებმა“, მე და კიდევ ერთმა მეგობარმა, სკოლაში ფანჯრის სარკმლიდან შევაღწიეთ და ოლიმპიადის მონაწილეებში შევერიეთ. ცხადია, მალე „გამოგვააშკარავეს დანაშაულში“, მაგრამ კომისიას მოეწონა ჩვენი აზარტი და ნება დაგვრთეს ტურში მონაწილეობა მიგვეღო. იქ მოპოვებული გამარჯვების დიპლომი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა... ფიზიკის მიმართულებით ოჯახიდან არავინ მყოლია. მამა და ძმა ინჟინრები არიან, რაც მოგვიანებით საკმაოდ გამომადგა – საქმემ მოიტანა და ნახაზებში, პროექტირებაში გარკვევა და მუშაობა მომიწია. ასე რომ, კონსულტანტები აღარ მიძებნია.
– ექვსი წელია, რაც იტალიაში ცხოვრობთ და იქაური კულტურა ისე შეისწავლეთ, ტურისტებისთვის გზამკვლევი შექმენით. ეს რამ განაპირობა, უცხო ქვეყნის კულტურის ინტერესმა, თუ უბრალოდ, დახმარება გინდოდათ გაგეწიათ გზააბნეული ქართველებისთვის?
– მოგზაურობისას იმდენი ინფორმაცია დამიგროვდა, რომ ქაღალდზე გადატანა გახდა საჭირო. ამასთან, არსებული ბუკლეტების მშრალი ინფორმაციები არ მაკმაყოფილებდა. ქართულ ენაზე კი ასეთ ცნობარებს საერთოდ ვერ მივაგენი. ჰოდა, წიგნის დაწერის გადაწყვეტილებაც თავისთავად მოვიდა. ამჟამად გაყიდვაში 2 წიგნია (ელექტრონული ვერსიები), „რომი“ და „რომის 55 მუზეუმი“. კიდევ 3 წიგნი, ფაქტობრივად, დასრულებულია. უბრალოდ, ფოტოილუსტრაციების დახვეწაზე ვმუშაობ. საკმაოდ დიდი „ბრძოლები“ მიწევს მუზეუმებსა და ზოგიერთ ეკლესიაში ფოტოგადაღებებთან დაკავშირებით – კრძალავენ, საკუთარი კომერციული მიზნების გამო. ჩემი წიგნები მარტო გზამკვლევები არაა. ყოველ ადგილსა თუ მუზეუმს მცირე ისტორიული ექსკურსები ახლავს. ასევე, მითოლოგიური ისტორიები, ლეგენდები. ეს საშუალებაა, რათა ნანახი კარგად დაგვამახსოვრდეს და არა სწრაფი ვიდეოკლიპის მაგვარად – თვალი შევავლოთ მხოლოდ. ტურისტულ რომს პირველად 15 წლის წინ გავეცანი, მოკლე სამუშაო ვიზიტის დროს. ეს იყო სწორედ ზედაპირული გაცნობა. ახლა კი, როცა მშვიდად შემიძლია, ვისეირნო და არა გადარბენაზე, სულ სხვა რომი აღმოვაჩინე. რომი საინტერესოა, ვისაც ანტიკური და შუასაუკუნეების პერიოდები იზიდავს. მე-18-19 საუკუნეები აქ უკვე ახლად ითვლება. რაც მთავარია, აუცილებელია წინასწარი მომზადება, რაღაც უნდა წავიკითხოთ. ვიზიტორი დროში ყოველთვის შეზღუდულია, ძნელია, მიბრუნება ნამყოფ ადგილთან გამორჩენილი სანახაობის მოსაკითხად – აღარაა დრო. ამასთან, რომი არაა მარტო კოლიზეუმი და ფორუმები – მომზადებული ტურისტი მიწისქვეშა ქალაქის დათვალიერებასაც მოახერხებს.
– ასევე, დაწერეთ წიგნი „იტალიური სამზარეულოს 150 რეცეპტი”. ქართული სუფრისა და სამზარეულოს შესახებ თუ უყვებით იტალიელებს?
– ეს მეხუთე წიგნია, როგორც მე ვუწოდებ – „ყველაზე გემრიელი წიგნი“. იტალიური სამზარეულო ხომ მსოფლიოში ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით. წიგნზე მუშაობა მარტო რეცეპტების მოძიება არაა. აქ გარკვეული გადარჩევა იყო საჭირო - ჩემი მიზანი კატალოგის შედგენა არ გახლდათ. ანუ, მოვერიდე ისეთი კერძების აღწერას, საკუთარი სახელი რომ არ აქვს და ინგრედიენტების ჩამოთვლით აღიწერება. ასე რომ, ჩემს წიგნში მოცემული ყოველი კერძი, სალათა თუ დესერტი, ინდივიდუალური სახელითაა ცნობილი. რეცეპტის გარდა, რამდენიმე სიტყვით მათი წარმოშობის ისტორიებიცაა მოთხრობილი. მე მგონი, საინტერესო იქნება. ახლა ამ კერძების ფოტოილუსტრაციებს ვაგროვებ და ვაწესრიგებ. ამ დროს ხომ სხვისი ფოტოს გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ კულინარობაც კი მიწევს. იტალიელები ყოველთვის კარგი მოსაუბრეები არიან, განსაკუთრებით როცა საქმე კულინარიას ეხება. ქართული სამზარეულოთი კი, მოვახერხე მათი დაინტერესება. სამწუხაროდ, რომში ქართული რესტორანი არაა, რაც ძალიან საოცარია. არა და ისეთი ქვეყნების ნაციონალური სამზარეულოს რესტორნები შემხვედრია, შემწვარი ხორცითა და წიწაკით რომ ამაყობენ მხოლოდ.
– თქვენი ოჯახი გაგვაცანით, ალბათ, რთულია მათგან შორს ყოფნა.
– ჩემი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობს. მეუღლე - მედეა ფხაკაძე, ექიმია. ჩემი ქალიშვილიც ექიმობას აპირებს და ახლა მოსკოვში, სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია. ვაჟმა დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტის ფაკულტეტი და კერძო ფირმაში მუშაობს. სამსახურის გამო სახლიდან შორს ყოფნა ხშირად მიწევს - თბილისი, რომი, ჟენევა, დუბნა, მოსკოვი - ამ წრეზე დავდივარ... ეს არაა მარტივი.