როგორ ეხმარება ლევან ნათალიშვილი ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებსა და ცნობილ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში
დიდი ხანია, ადვოკატი ლევან ნათალიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი წარმატებული საადვოკატო კარიერაც სწორედ ამერიკაში დაიწყო და დღეს მას მანჰეტენზე თავისი ადვოკატურა აქვს, სადაც მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადვოკატი მუშაობს. რაც მთავარია, ის უკვე არაერთ ქართველს, მათ შორის ბევრ ცნობილ მომღერალსა თუ ხელოვანს, დაეხმარა ემიგრაციული საკითხების მოგვარებაში.
ლევან ნათალიშვილი: საქართველოდან ამერიკაში 1993 წელს წავედი. მაშინ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. იმ დროს სამედიცინოზე ვსწავლობდი, პარალელურად კი – ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლაში. ამ სკოლას ამერიკაში, ქალაქ ნეშვილში, გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, იქ ქართველ სტუდენტებს გზავნიდნენ და მეც მოვხვდი ამ ჯგუფში. როდესაც სასწავლო პროგრამა დავასრულე, ნიუ-იორკში ბაკალავრიატში გადავედი სასწავლებლად ფსიქოლოგიის განხრით. რომ დავამთავრე, მოვხვდი კოლუმბიის უნივერსიტეტში. ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში – სოციალური მომსახურებები, თერაპიული დახმარებები. ამერიკაში ჩასვლა გარკვეული კულტურული შოკი იყო ჩემთვის, თუმცა, უნივერსიტეტში სწავლისას იმდენად ჩავერთე ამერიკულ ცხოვრებაში, რიტმში, რომ კულტურულმა შოკმა მალე გამიარა. ხალხი მაინც ხალხია, ამერიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ სხვა ერის წარმომადგენელს ძალიან ადვილად იღებენ.
– როგორ განვითარდა ამერიკაში თქვენი კარიერა?
– კოლუმბიის უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სოციალური მომსახურების სფეროში განვაგრძე მუშაობა. ყოველთვის მიწევდა ხალხის დაცვა სოციალური კუთხით და ვგრძნობდი: თუ ადვოკატი არ ხარ, არ გაქვს ამ სფეროში დიდი ძალა. ჯანსაღი ანალიზი და არგუმენტების მოტანა ყოველთვის მომწონდა, ამიტომ, ფსიქოლოგობასა და ადვოკატობას შორის ადვოკატობა ავირჩიე. ჩავაბარე გამოცდა და მიმიღეს უნივერსიტეტში. დავამთავრე, სერტიფიკატი ავიღე და დავიწყე ამ სფეროში მუშაობა, თუმცა, ფსიქოლოგობაც მიწევს ხოლმე. ადამიანის მოსმენა აუცილებელია ყველა სფეროში. თუ გინდა, გაიგო, საიდან მოდის კლიენტის პრობლემა, ცოტა უნდა ჩაეძიო, რომ მან ადამიანურად იგრძნოს თავი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც ვმუშაობდი რამდენიმე ადვოკატურაში როგორც დამხმარე ადვოკატი, რადგან ჯერ არ მქონდა ლიცენზია. რომ დავასრულე, მომიწია ერთ ადამიანზე მუშაობა და შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის გახსნა. 2010 წელს მანჰეტენზე გავხსენი ადვოკატურა და მას შემდეგ იქ განვაგრძობ მუშაობას.
– დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უწევთ საადვოკატო მომსახურებას, ეხმარებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, განსაკუთრებით კი ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც ემიგრაციული პრობლემები აქვთ.
– დიახ. ზოგი პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჩამოდის, ზოგს „მწვანე ბარათი“ აქვს მოგებული, ზოგს, შეიძლება, ხელი აქვს მოწერილი და ასე შემდეგ. ჩემი კლიენტები ყველა ეროვნების ადამიანები არიან. როდესაც ამერიკაში ჩავედი, მაშინ იქ ცოტა ქართველი იყო, 1999 წლის შემდეგ კი ნაკადი გაიზარდა. ამიტომ, უმეტესობას, ვინც დიდი ხანია, ცხოვრობს ამერიკაში, საემიგრაციო პრობლემები არ აქვს – მოქალაქეები არიან ან „მწვანე ბარათი“ აქვთ და, შესაბამისად, უკვე სხვა, ლეგალური მოთხოვნები გააჩნიათ: ანდერძი, ქონებრივი დავა, გაყრა, ქონების გაყოფა და ასე შემდეგ. არიან, ასევე, ადამიანები, რომლებსაც საემიგრაციო პრობლემები არ აქვთ მოგვარებული: პოლიცია გააჩერებს ან რამე პრობლემა ექმნებათ, საემიგრაციო სამსახური ერთვება საქმეში და დახმარება სჭირდებათ. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ, ასე თუ ისე, უკვე მოიკიდა ფეხი, ლეგალური მოთხოვნებიც სხვადასხვა გახდა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. ქართველმა მომღერლებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა ასახელეს ჩვენი ქვეყანა, ისინი ამერიკის სახელმწიფომ ცნო ექსტრაორდინარულ ადამიანებად და მისცა მათ ექსტრაორდინარული ბარათი.
– ერთ-ერთი მათგანი ნინი შერმადინიც იყო, ასევე არიან სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც თქვენ ეხმარებით. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ამერიკის მთავრობამ ქართველი ამერიკაში ექსტრაორდინარულად ცნოს და ექსტრაორდინარული ბარათიც მისცეს?
– ამ ბარათს აძლევენ იმ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს, ასევე, მოკრივეებს, მოჭიდავეებს. რა თქმა უნდა, მათ უნდა დააკმაყოფილონ სპეციალური მოთხოვნები – ათიდან სამი მაინც. მათი საქმის განხილვის მეორე ეტაპია უკვე იმის დამტკიცება, რომ იმ ადამიანმა საქართველოში ან მის გარეთ მიაღწია თავის პროფესიაში პიკს. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს მოიცავს და არცთუ მცირეს. ადვოკატი მათ ეხმარება სწორი მიმართულების მიცემაში, საჭირო არგუმენტების წარმოდგენაში... ძალიან ბევრი ნიუანსია: რომელ გაზეთებში იბეჭდებოდა, როგორი აღიარება ჰქონდა თავის ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ და ეს აღიარება არის ის, რომელსაც ამერიკა ცნობს. თუ დამტკიცდება, რომ ამ პიროვნებას მართლა აქვს ექსტრაორდინარული მონაცემები, შეუძლია, შეიტანოს განაცხადი „მწვანე ბარათზე“. რა თქმა უნდა, ყველა ვერ ხვდება ამ კატეგორიაში, ამიტომ, ვიზის სხვა კატეგორიებს შეუძლიათ, მიმართონ. ჩამოვიდნენ ამერიკაში, მიიღონ განათლება, იმუშაონ და მერე თავისი გამოცდილება საქართველოში გაუზიარონ სხვებს; ან ამერიკაში ისე მოძლიერდნენ, ისეთ განვითარებას მიაღწიონ, რომ პირდაპირ „მწვანე ბარათზე” შეიტანონ საბუთები – ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება, რაშიც ჩვენ ვეხმარებით.
– იმ ადამიანისთვის უფრო მარტივია საბუთების მოწესრიგება, ვისაც ამერიკის მოქალაქე ჰყავს მეუღლე?
– ამ შემთხვევაში უფრო ადვილი პროცესია. მიმართულების მიცემაა საჭირო, დოკუმენტაციის მომზადება, ფორმების შევსება. როგორც ადვოკატი, ფიქტიურ ხელმოწერებს, რაც კანონის დარღვევაა, არ ვკიდებ ხელს. კანონიერი ხელისმოწერის დროს ადამიანი საემიგრაციოში გზავნის საბუთებს, შემდეგ იბარებენ ინტერვიუზე, რომლის ხანგრძლოვობა განსხვავებულია. აინტერესებთ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, არის თუ არა ეს ნამდვილი ქორწინება და არა საბუთების გამო... არის შემთხვევა, როდესაც შემდეგ უარს ეუბნებიან, მეორედ იბარებენ, მეორედაც უარს ეუბნებიან და ბოლოს საქმე სასამართლომდე გრძელდება, რადგან ვერ დააჯერეს ემიგრაციის ოფიცერი, რომ მათი ქორწინება ნამდვილია. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია შემთხვევა, რომ ამ გზით, ანუ ქორწინებით, საქმე სასამართლომდე მისულიყო. მე თუ ვხედავ, რომ რაღაც არ მომწონს საქმეში, არ ვარ კომფორტულად, არ ვიღებ ასეთ საქმეს. მე უფრო ექსტრაოდრინარული და პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეებით ვინტერესდები.
– პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით ბევრი ქართველია ამერიკაში?
– 17 მაისს, როდესაც უმცირესობების გამოსვლა იყო, სასულიერო პირებიც რომ იყვნენ ჩართულები, მაშინ რამდენიმე ადამიანი იყო, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც – რამდენიმე, პოლიტიკური სარჩულით. როდესაც ეს მოხდა, მაშინ უფრო ადვილი იყო ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ ახლა, რაც მეტი დრო გავიდა და ჩამოდიან, ცოტა გართულდა, თუმცა მათ სარჩელს იღებს სახელმწიფო. ყველაფერს დამტკიცება სჭირდება, საბუთების მოწესრიგება და სწორი პრეზენტაცია სასამართლოში ან სასამართლომდე.
– დღეს საქართველოს მოქალაქეები ხშირად იღებენ ამერიკის 10-წლიან ვიზას. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომ ამერიკაში ლეგალური ცხოვრების უფლება მიიღონ?
– ძალიან კარგია 10-წლიანი ვიზა, მაგრამ უნდა მოუფრთხილდეთ. როცა გადადიხართ ამერიკის საზღვარზე და მესაზღვრე გირტყამთ 6-თვიან ვიზას, ერთი დღეც რომ გადააცილოთ, თქვენი ვიზა გაუქმდება. თუ 6 თვე დარჩებით ამერიკაში, სამი წელი ვეღარ შემოხვალთ და, თუ 1 წელი დარჩებით, მაშინ 10 წელი ვეღარ შემოხვალთ. მათ, ვინც ვიზის ვადას გადააცილებენ, ორი გზა აქვთ: ან პოლიტიკური სარჩულით უნდა შეიტანონ საემიგრაციოში საბუთი, ან იქ ცხოვრების განმავლობაში თუ ვინმე შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან, მაშინ გააკეთებენ განაცხადს; ან, შეუძლიათ, წავიდნენ და წამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ ეს ყოველ კვირას ან თვეში ერთხელ უნდა მოხდეს, რადგან, შეიძლება იფიქრონ, რომ ის ამერიკაში მუშაობს ან სწავლობს, რისი უფლებაც მას ამ ვიზით არ გააჩნია. სამუშაოდ ან სასწავლებლად მათ ვიზის სხვა ფორმა უნდა გააკეთონ. იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად გააკეთონ, ჯობია, თავიდანვე ადვოკატთან მივიდნენ და სწორი ინფორმაცია მიიღონ, რადგან ხშირად ერთმანეთისგან იღებენ ინფორმაციას, რომელიც არასწორია. თან, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, განსხვავებულია და სხვადასხვა მიდგომა სჭირდება.
– ამერიკაში თქვენს სფეროში, როგორც ვიცი, კონკურენცია ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ ადგილას, სადაც თქვენი ოფისია. როგორ შეძელით თავის დამკვიდრება და წარმატებული კარიერის გაკეთება?
– რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იყო, რადგან, დიდი კონკურენციაა და არ უნდათ იმ ადვოკატთან მისვლა, რომელიც არ არის ცნობილი. თუმცა ერთმა საქმემ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. მე ნელ-ნელა მივუყვები საქმეს, ცხოვრებას და რეკლამაზეც არ ვხარჯავ დროს; ეს ცოტა საშიშია – მაშინ, როდის აკეთებ საქმეს? ბალანსის დაცვაა საჭირო, რადგან ეს მაინც ბიზნესია.
– არ არის ემიგრანტისთვის ადვოკატის მომსახურება ძვირი?
– უფასო კონსულტაცია არსად არ არის, თუ არის, ხარისხი არ აქვს, რადგან დაკავებულ ადვოკატს არ აქვს იმის დრო, უფასო მომსახურება გაგიწიოს. ამერიკაში კანონს ასო-ასო უდგებიან, რაც ზოგჯერ არ ესმით. ჩემს ადვოკატურაში ქართველი მხოლოდ მე ვარ. მყავს დამხმარე; ასევე, მყავს სხვა ადვოკატებიც, რომლებიც ისეთ საქმეებს უძღვებიან, რომლებსაც მე არ ვუძღვები – ასეთია პერსონალური დაზიანებები, მაგალითად, ექიმის არასწორი მიდგომა, ავარია, ბანკროტად თავის გამოცხადება და ასე შემდეგ. ადვოკატი ამერიკაში საათობრივ მომსახურებაში იღებს თანხას. მანჰეტენზე ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 200 დოლარი და მაქსიმუმ 1 000 დოლარი საათში – ეს დამოკიდებულია მის სახელზე, ასევე კლიენტურაზე. ბანკი საათში 1 000 დოლარს ჩვეულებრივ გადაგიხდის, რომ მისი საქმე მოაგვარო. მაგრამ თუ ემიგრანტთან მუშაობ, მაშინ ამდენს ვერ გამოართმევ. თუმცა, ეს საათობრივი მომსახურება არასწორად არის აღქმული. როცა ადვოკატი იწყებს მუშაობას, რთავს თავის ტაიმერს, ან დაახლოებით იცის, იმ საქმეს რამდენი საათი დასჭირდება. ზოგიერთ საემიგრაციო საქმეს სჭირდება 5 ან 10 საათი. შეიძლება, საქმე 3 თვეში გაკეთდეს და ადვოკატს დასჭირდება 15 საათი. საათობრივი მომსახურება ასე თუ ისე ცნობილია თავიდანვე, მაგრამ, შეიძლება, ცოტათი გადასცილდეს და ადვოკატი იმ დროშიც იღებს თანხას. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადვოკატი ყოველთვე ყოველდღე 8 საათს მუშაობს, ეს ხომ ასტრალურ თანხამდე ავა. რა თქმა უნდა, ასე არ არის, საემიგრაციო საკითხები დაახლოებით 1 500-დან 2 000 დოლარამდე ჯდება – 10-15 საათამდე, თუმცა, საქმესაც გააჩნია. განქორწინების საქმე, როდესაც ქონებრივი დავაა, შეიძლება 50-60 საათში გადაიზარდოს, რადგან მიდის ემოციური ბრძოლა: შვილებს არ აჩვენებენ, ქონებაზე დავობენ, ჩხუბობენ და ძვირიც უჯდებათ. ამიტომ, სულ ვეუბნები: ჯობია, ყველაფერი გადაწყვიტოთ, ვიდრე იჩხუბოთ, რადგან ძვირი დაგიჯდებათ.
– როგორც ვიცი, თქვენს კლიენტებს შორის ძალიან ბევრია ცნობილი ადამიანი.
– კი, არიან. მათ შორის ოპერის ვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიოში არიან ცნობილები; ასევე, ბიზნესმენები, ხელოვნების წარმომადგენლები. უბრალოდ, კონფიდენციალურობის გამო სახელის ხსენებისგან თავს შევიკავებ.
– თქვენ შესახებ მომიყევით, დაოჯახებული ხართ?
– მყავს ქართველი მეუღლე და ერთი შვილი – 6 წლის ლუკა. ჩემი მეუღლე მაისში მეორე შვილს ელოდება. ბევრს ვმუშაობ და ცოტა დრო მრჩება. მუსიკა მიყვარს ძალიან, დავდივარ ოპერაში, თეატრში, ჯაზს ვუსმენ, ხანდახან ცხენებზეც ვჯირითობ. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველ დღეს შემოვიდა პედაგოგი და გვითხრა: თქვენს მეუღლეებს ან მეგობარ გოგონებსა და ბიჭებს უთხარით, რომ მათთვის ბევრი დრო აღარ გექნებათო. მაშინ ვერ მივხვდი, რა თქვა, მაგრამ მერე ყველაფერი გასაგები გახდა. რა თქმა უნდა, სტრესულია ჩვენი სამსახური, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ, როცა ადამიანი გენდობა, ამ ნდობას ვერ გაუმტყუნებ.