კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურჩია ნათია ლაბაძეს მამამ მეზღვაურობა და ეჭვიანობენ თუ არა მასზე მეზღვაურების ცოლები

სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებს არც ერთ დარგში რომ არ ჩამოუვარდებიან, ეს უკვე ცნობილი თემაა. ნათია ლაბაძე იმ ქალბატონებს შორისაა, რომლებმაც ქალების შესაძლებლობების შესახებ სტერეოტიპები დაანგრიეს. ის მეზღვაურია. ბავშვობიდან ოცნებად ჰქონდა ეს პროფესია და ახლა გემის კაპიტნობა აქვს მიზნად დასახული.

 ნათია ლაბაძე: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მეზღვაური გავმხდარიყავი. ოჯახში მამა, ძმა, ბიძა – ყველა მეზღვაურია და მეც მომწონდა. ისეთ საინტერესო ამბებს ყვებოდნენ ხოლმე, მეც მინდებოდა, მსგავსი ისტორიის მონაწილე ვყოფილიყავი. ორი არჩევანი მქონდა: ან პოლიციის აკადემია, ან ზღვა. მოგზაურობისა და ზღვის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, მეზღვაური გამოვსულიყავი. სიმართლე გითხრათ,  მამამ მირჩია ეს პროფესია, იცოდა ჩემი შესაძლებლობები და მეუბნებოდა, მოგეწონებაო. კარგად მიცნობს და ხვდებოდა, რომ ყველაფერს შევძლებდი. თან, წყალი ჩემი სტიქიაა, ზოდიაქოთი მორიელი ვარ. 22 წლის ვიყავი, პირველად რომ გავემგზავრე და რვა თვე ვიყავი ზღვაში. ახლა 23 წლის ვარ და მომდევნო ეტაპისთვის ვემზადები, თუმცა ამჯერად 3-4 თვით წავალ.
– როგორ მოხვდი გემზე?
– ოთხი წელი ვსწავლობდი აკადემიაში. მერე ბათუმში იყო გასაუბრება და კანდიდატებს აკადემიის ქულების მიხედვით არჩევდნენ. მეც მივედი და გასაუბრებიდან 15 წუთში დამირეკეს – შტატში ხარო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მარტო ვიყავი სახლში და ყველას დავურეკე. გამგზავრების დღემდე ჩემს ოჯახის წევრებს არ სჯეროდათ, რომ მართლა მივდიოდი. როცა თვითმფრინავში უნდა ჩავმჯდარიყავი და დამშვიდობების დრო დადგა, მერე დაიჯერეს. ტაივანიდან ტაივანამდე სამი წრე გავაკეთე, ერთ წრეს 77 დღე უნდა. ამ პერიოდში გავიარეთ 15-16 პორტი, ჩინეთის 8 პორტი, მერე გადავდიოდით სამხრეთ კორეაში, ოკეანეს, მექსიკას, ჩილეს სამ პორტს, პერუს, ტოკიოს და ვბრუნდებოდით ტაივანში.
– გოგოსთვის რთული არაა ეს პროფესია? როგორ ართმევ თავს?
– რა თქმა უნდა, რთულია. ადვილი არც არაფერი არაა. იცით, განსაკუთრებით როდის გამიჭირდა? სახლის, მშობლების მონატრება რომ მქონდა. სრულიად მარტო, უცხო გარემოში, უცხო ხალხთან ყოფნა იოლი არ იყო, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. თუ მიზანი გაქვს, უნდა იბრძოლო და ყველა სირთულე გადალახო მის მისაღწევად. გემზე პირველად რომ ავდიოდი, ცოტა შემეშინდა. უცხო გარემო იყო, თან ქართველებიც არ იყვნენ, მაგრამ, მაინც გავბედე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გავიდა ეს რვა თვე, თუმცა, როცა გემზე ხარ, ძალიან  ნელა გადის დღეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ მალე სახლში უნდა დაბრუნდე.
– როგორია გემზე ცხოვრება? მოსაბეზრებელი არ არის გამუდმებით თვალუწვდენელი სივრცის ყურება?
–  ძალიან საინტერესოა. ხმელეთზე იმდენს ვერ დაინახავ და იგრძნობ, რასაც შუა ზღვაში. იქ სხვანაირად გენატრება მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები და სულ სხვანაირი სიყვარული გეუფლება მშობლების მიმართ. ოკეანე გაშლილი რომ არის, ჰორიზონტსაც ვერ ხედავ. ზოგჯერ ისე აბობოქრდება ზღვა, შიშიც გეუფლება. ბევრ ისეთ რამეს დაინახავ, რასაც ხმელეთიდან ვერასოდეს შეძლებ, მაგალითად, მწვანე მზე დაგინახავთ? მე დავინახე. ვიდრე მზე ეკვატორთან ახლოს ამოვა ან ვიდრე ჩავა, მაშინ არის მწვანე. ეს წამიერი სანახაობაა და ულამაზესია. დელფინებზე, ზღვის ლობემზე, კუებსა და ვეშაპებზე აღარ ვლაპარაკობ, ეს არსებები ზღვაში შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდებიან. რაც შეეხება იმას, არის თუ არა მოსაბეზრებელი, რა თქმა უნდა, არის. ყოველდღე ერთი და იმავე ადამიანების დანახვა და ერთი და იმავე საჭმლის ჭამაც არაა სასიამოვნო (იცინის). ღამით ზღვა განსაკუთრებით ლამაზია. ამდენი ვარსკვლავი ჯერ არ მინახავს ცხოვრებაში. გემზე განათება ჩამქრალია, ადამიანის მხედველობას ხელი რომ არ შეუშალოს გარემო ფაქტორებმა და კარგად ჩანს ვარსკვლავები. ერთხელ ვიყავით მექსიკის ახალ პორტში – ოკეანიდან შედიხარ მდინარეში და იქვეა პორტი. წყალში რომ გადაიხედავ, იმდენი პლანქტონია, გეგონება ვარსკვლავები ჩამოცვივდა და ანათებენო.
– ზღვის ბინადრები, ამ შემთხვევაში ვეშაპებს ვგულისხმობ, საფრთხეს არ წარმოდგენს თქვენთვის?
– არა, მსგავსი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში ხდება (იცინის). ვეშაპებს თავისუფლად ვხედავთ, რომ სუნთქავენ და ზურგიდან წყალს ასხამენ. საინტერესო სანახავია. იცით, როგორი ლამაზები არიან? პირველად რომ დავინახე, თვალი ვერ მოვწყვიტე. ისინი ძალიან ახლოს არ მოდიან. თუ არ შეაწუხე და მყუდროება არ დაურღვიე, არ გერჩიან. ერთხელ იყო შემთხვევა, ზღვის ლომები გემის ცხვირზე ხტებოდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ (იცინის).
– ერთადერთი გოგო ხარ გემზე. თავიდან რა დამოკიდებულება ჰქონდათ ეკიპაჟის წევრებს, არ გაუკვირდათ შენი დანახვა?
– თავიდან ეგონათ, ასეთმა სიფრიფანა გოგომ აქ რა უნდა გააკეთოსო, მაგრამ იქ დასასვენებლად ხომ არ წავსულვარ, სამუშაოდ ვიყავი, რათა ჩემი კარიერა ამეწყო. როგორც ისინი მუშაობდნენ, ისე ვმუშაობდი მეც. თავიდან გაოცებულები იყვნენ და მეკითხებოდნენ – შენ ამას შეძლებო? რომ გავაკეთე, მერე  დარწმუნდნენ, რომ მართლა შემეძლო და მართლა მიყვარდა ეს პროფესია. გემზე ბევრი საქმეა და ყველაფერს ვაკეთებ. თავიდან გემის ზემოთა ნაწილზე ვმუშაობდი, მერე სამანქანო განყოფილებაშიც კი ვიყავი ორი კვირის განმავლობაში.
– სახიფათო სიტუაცია თუ შეგქმნიათ?
– კი, იყო. პირველად ცოტათი შემეშინდა,  მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე და ვთქვი, აქ ვინ უნდა მიშველოს ან დამეხმაროს, საკუთარი თავის ბატონ-ბატრონი მე ვარ-მეთქი. ღელავდა მაშინ ზღვა და პირველი იყო ჩემთვის. შორეულ ნაოსნობაში, ოკეანეში მოგვიწია გასვლა, 4-5 მეტრზე იყო ტალღები. მერე ამ ყველაფერს შევეჩვიე; 8-9 მეტრიც ყოფილა ტალღა, მაგრამ არ შემშინებია. მსგავს მომენტებში მამაჩემის ნათქვამი მახსენდება – პანიკა არ უნდა ატეხოო. პირველად, როცა შემემშინდა, ღამე იყო. თავიდან ვერ მოვისვენე, მაგრამ მერე გადავბრუნდი და დავიძინე – სხვა გზა არ მქონდა (იცინის). სხვა საფრთხე არ ყოფილა. ჩვენ ისეთ რაიონებში ვცურავდით, მეკობრეები ან მსგავსი ვიღაცეები არ შეგხვედრია. მათ შესახებ ბევრი რამ გამიგია – ამოდიან გემებზე და თავს ესხმიან ეკიპაჟსო, ჩვენთან კი არ ყოფილა მსგავსი რამ. თან, ახლა დაცვა გაძლიერებულია, ხმელეთიც უყურებს და აკონტორლებს, გემები რომ არ დაატყვევონ.
– გემზე მყოფი მეზვაურების ცოლები, ალბათ, ეჭვიანობენ შენზე.
– ნამდვილად არ აქვთ საეჭვიანო. თუ ვინმეს ღალატი უნდა, ამისთვის ზღვაში გასვლა და შორს ყოფნა არ სჭირდება.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– არაფერი, მაგ საკითხისგან დასვენებული ვარ. გემზე ჩემი სამუშაოა და იქ პირად ურთიერთობას ვერ ავიწყობ. რაც შეეხება ქართველ ბიჭებს, არ ვიცი, რამდენად მოეწონებათ მეზღვაური ქალი – აქ მაინც ყველაფერს სხვაგვარად უყურებენ.

скачать dle 11.3