რა ტაქტიკური წინასაარჩევნო მანევრია პარტიების მიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის დაპირება
ჩვენს ქვეყანაში მთლად წინასაარჩევნო მარათონი თუ არა, ძალთა მოსინჯვა უკვე დაიწყო, რომლის მიზანიც სახელისუფლო სავარძლებში გარანტირებული ჩასხდომაა. თითქმის გაირკვა, რომ ყველა პარტიული სუბიექტი ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. შესაბამისად, ისმის რიტორიკული კითხვები: რა ხდება „ქართული ოცნების“ კარზე – გაიყრებიან თუ არა მოკავშირეები; რის იმედი აქვთ „ნაციონალებს“; რატომ ამოტივტივდნენ „გირჩები“ და რა შესაძლებლობა აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“; შეძლებენ თუ არა „ლეიბორისტები“ ფონს გასვლას სავიზიტო ბარათად ქცეული ენაკვიმატობებით; დაამშვენებს თუ არა პაატა ბურჭულაძის ბანი ქართულ პოლიტიკას და დაიკავებს თუ არა საპარლამენტო ნიშას „პატრიოტთა ალიანსი“? – ამ შესაძლო პოლიტიკურ კონფიგურაციებზე რამაზ საყვარელიძესთან ვისაუბრებთ.
– პოლიტიკოსებს დიდად არ შეიძლება დაუჯერო. დღეს „რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე, თუმცა რას იტყვიან ხვალ ან რას მოიმოქმედებენ ზეგ, არავინ იცის. ამდენად, მე ეს უფრო ტაქტიკური მანევრი მგონია. თქვენ?
– არ არის გამორიცხული, ეს იყოს წინასაარჩევნო ტაქტიკური მანევრი, რომლის მიზანია, შესთავაზოს რაღაც პირობები კოალიციას. შეიძლება, იყოს უბრალოდ „ქართულ ოცნებასთან“ გაყრის პროცესის მოწესრიგება.
– ამომრჩეველზე ზემოქმედების ფორმად რა შეიძლება, მივიჩნიოთ?
– არ ვიცი, რამდენად აწუხებს „რესპუბლიკელებს“ ამომრჩევლების პოზიცია. მოგეხსენებათ, მათ ამომრჩევლების პოზიცია ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ, ამიტომ არ მინდა, უფრო რთული ახსნა ვეძებო, თუკი შესაძლებელია მარტივად ახსნა. მარტივად კი მეჩვენება ის ვერსია, რომ „რესპუბლიკელების“ მიერ „ქართული ოცნების” მიტოვება ბევრ პრობლემას შეუქმნის „ოცნებას“ მიმდინარე პროცესში და, ბუნებრივია, ეს ნაბიჯი საჭიროებს კოორდინაციასაც „ქართულ ოცნებასთან“.
– იმიტომ, რომ ამომრჩეველი ნაკლებად აინტერესებთ „რესპუბლიკელებს“, რადგან სხვების ამომრჩევლებითაც გადიან ფონს?
– ყოველ შემთხვევაში, აქამდე „რესპულიკელები“ ამომრჩეველთან ურთიერთობას არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას და, მეეჭვება, ახლა ეს სიტუაცია არსებითად შეცვლილიყოს.
– მაგრამ, თუ დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებზე გასვლას, ამომრჩევლის გარეშე ეგ ვერ მოხდება.
– ამიტომაც ვსვამ კითხვას: აპირებენ კი ნამდვილად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას?! არ ვართ ბოლომდე ინფორმირებულები, რა ხდება „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის.
– და არჩევნებამდე ეს კონფიგურაცია მრავალჯერ შეიძლება შეიცვალოს. „ნაციონალებს“ რისი იმედი აქვთ, „სახალხო პარტიის“ საპატიო თავმჯდომარესთან დაკავშირებული ინციდენტების? თუ, იმ 12 თუ 13 პროცენტი ამომრჩევლისა, რომლებიც ფიგურირებენ როგორც „ენ დი აის“, ისე „აი არ აის“ გამოკვლევებში?
– არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს ციფრები, მაგრამ არჩევნების ტიპური ვერსია, თუ რამდენი ადამიანი მისცემს ხმას, „ნაციონალებისთვის“ დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ დავუშვათ ის ვარიანტი, რაც „სახალხო პარტიის“ საპატიო თავმჯდომარემ თქვა: არ არის გამორიცხული, „ნაციონალებს“ სურდეთ, გადაავადონ ვიზალიბერალიზაციის თემა არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, იმდენად, რამდენადაც, თუკი არჩევნები გახდება კრიტერიუმი იმისა, რა უნდა მიეცეს ან არ მიეცეს საქართველოს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს საქართველოს ისეთი სახით წარმოჩენა, რომ მოხდა დიდი საარჩევნო დარღვევები. ეს უკვე ტექნიკის საქმეა „ნაციონალებისთვის“ და მათ ასეთი ტიპის ამოცანების გადაჭრა საკმაოდ ეფექტიანად შეუძლიათ.
– პრემიერ-მინისტრი შეხვდა „გირჩებს“ მათი რომელიღაც ინიციატივის განსახილველად. ამით ხომ ხაზი გაესვა ამ პოლიტიკური ძალის მნიშვნელოვნებას, თუმცა მათი იდეოლოგიური სავიზიტო ბარათი, ჩემი აზრით, არის განცხადება, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური არის მოქალაქის უფლებების უხეში დარღვევა. წონას რატომ უმატებენ „გირჩებს“?
– მათ მიმართ უკვე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს ის ჯგუფია, რომლებმაც პროგრესულად გაიაზრეს მიმდინარე პროცესი.
– ანუ პროგრესულია გამიჯვნა „ნაციონალური მოძრაობისგან“?
– შეიძლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ასეთი გამიჯვნა რეალურია, მაგრამ მეეჭვება, სწორი იყოს მათი ეს პოზიცია, იმ მარტივი მიზეზით, რომ პოლიტიკაში ძალიან პოპულარულია ტროას ცხენის მეთოდი და, არ არის გამორიცხული, რომ „გიჩრები“, თავისდა უნებურადაც კი, ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებდნენ.
– მათაც არ აინტერესებთ ამომრჩეველი, თქვენი აზრით?
– შეიძლება, იციან, რომ საქმე, საბოლოოდ, მივა ამომრჩევლამდე. მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობდით „რესპუბლიკელებზე“. ისინი მიიჩნევენ, რომ დიდი პარტია აქვთ, დიდი გამოცდილების მქონე და არჩევნებში „ქართულ ოცნებაზე“ დიდი გამოცდილებისაც კი. მაგრამ მათ ამ გამოცდილებაში მოსახლეობასთან დიალოგს ძალიან მცირე ადგილი უჭირავს.
– მათი აზრით, მოსახლეობა ჯერ არ არის მზად ისეთი პროგრესული პარტიისთვის, როგორიც აქვთ?
– „ასეთი მოსაზრება ხშირია მეცნიერებაში, მით უარესი ფაქტებისთვისო,” – ჰეგელს მიაწერენ ამ ფრაზას, მაგრამ, მეცნიერებისგან განსხვავებით, პოლიტიკას ჭეშმარიტება არ აინტერესებს. პოლიტიკას აინტერესებს, ვინაა მომგები და ვინაა წამგები და არც დიდი გამოცდილება აინტერესებს პოლიტიკას, იმიტომ რომ, შეიძლება, დიდი, ოღონდ წაგების გამოცდილება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, მოგების გამოცდილება იქონიო, რადგან ამ მხრივ პოლიტიკა სპორტს წააგავს – მთავარი მოგება-წაგებაა…
– და არა მონაწილეობა.
– დიახ, ამიტომ „გირჩების“ მოქმედებაც იმ ზოგად სტილს უახლოვდება, რაც ახასიათებთ „რესპუბლიკელებს“. „გირჩებსაც“ სიამოვნებთ თავიანთი თავის ჭვრეტა იმ როლში, რომელიც აქვთ და, დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ისინი ცდილობენ, უფრო მნიშვნელოვნები გახდნენ მოსახლეობისთვს. მოსახლეობის უგულებელყოფის სტილით „რესპუბლიკელები“ მარტონი არ არიან.
– „თავისუფალი დემოკრატებიც“ იმ წვენში იხარშებიან, რაშიც „გირჩები“ და „რესპუბლიკელები“, მათაც არ აინტერესებთ ამომრჩეველი, თუ, რაზე გათვლით ფიქრობდნენ დამოუკიდებლად არათუ საარჩევნო ბარიერის გადალახვას, არამედ ხელისუფლებაში მოსვლას, როგორც თავად ამბობენ?
– შეიძლება, მე ახლა ვაჭარბებ შეფასებისას, მაგრამ, ერთია, აინტერესებთ თუ არა და, მეორე – შეუძლიათ თუ არა ადამიანებთან ადამიანური ლაპარაკი და აქ ჩნდება სწორედ ეჭვი. შეიძლება, აინტერესებს ალასანიას პარტიას მოსახლეობის პოზიცია, დადიან, ხვდებიან მოსახლეობას, ცდილობენ, გააგებინონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ, შეუძლიათ იმ ენაზე ლაპარაკი, რაც სჭირდება მოსახლეობას?! ეს რომ ასე ადვილი იყოს, პიარი, როგორც ასეთი, არც იარსებებდა. ვიცი, რომ ალასანიას გუნდს გულშემატკივრებმა შესთავაზეს პიარმომსახურება, მაგრამ მათ დიდი ინტერესი ამის მიმართ არ გამოუჩენიათ. ასე რომ, აქ, შეიძლება, უბრალოდ, კონკრეტული პოლიტიკოსების სტერეოტიპები მოქმედებს. შემთხვევითი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა პიარტექნოლოგიებს არავინ იყენებს საქართველოში, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში საარჩევნო პროცესები პიარტექნოლოგიებით იმართება. პიარი კი გულისხმობს სწორედ მაგ საკითხს: რა ენაზე, როგორ უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკისგან შორს დგანან. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს ამოცანა უყურადღებოდ რჩებათ. „თავისუფალ დემოკრატებს“ „რესპუბლიკელების“ მსგავი პრობლემა აქვთ, მათ მიაჩნიათ, რომ შესანიშნავი დიპლომატები არიან და ამიტომ იქნებიან პოლიტიკაში. არადა, პოლიტიკაში ყოფნას ცოტა უფრო მეტი უნდა, ვიდრე კარგი პროფესიონალობა.
– „ლეიბორისტები“ ისევ ენაკვიმატების ნიშას დაიკავებენ?
– პირიქით, მე პირადად, მომენატრა მათი ენაკვიმატობები.
– ფაქტია, სტილი არ შეუცვლიათ, მისცემს ეს მათ პოლიტიკურ ზედაპირზე შეკავების საშუალებას?
– მეეჭვება, „ლეიბორისტებმა“ იმ პასიურობის ფონზე, რისი შთაბეჭდილებაც მე მრჩება, მოასწრონ საჭირო რეიტინგის აკრეფა. „ლეიბორისტები“ თავიანთ საუკეთესო პერიოდშიც, როდესაც თბილისის საკრებულოში მიიღეს უმრავლესობა, ძალიან აქტიურები იყვნენ და ამ ფონზე აღმოჩნდა მათი შედეგი შთამბეჭდავი. დღეს ისინი ისეთი პასიურები არიან, ვეჭვობ, ამ სტრატეგიამ გამარჯვებამდე მიიყვანოს.
– ანუ ელოდებიან არჩევნების შედეგს, რომ შემდეგ რომელიმე ძალის გვერდით დადგნენ, მოწოდებით, რომ არჩევნები გაყალბდა? და იცხოვრებენ იმ საბიუჯეტო შემოსავალზე, რაც კანონის საფუძველზე ეძლევათ, რაკი ბარიერი გადალახული აქვთ?
– მგონი, ეს ბოლო მომენტი სწორად შენიშნეთ. სხვა ლოგიკას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ პარტიების დიდი ნაწილის პასიურობაში.
– პაატა ბურჭულაძე სწორად გათვლილი კამპანიით მიდის მიზნისკენ და, რა ნიშის დასაკავებლად შეიძლება, ემზადებოდეს?
– რა გითხრათ ბატონი პაატას კამპანიაზე, როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს?! მანევრია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ასეთი სტრატეგიით მოქმედებენ. პოლიტიკაში საერთოდ არ შემოსულან და, მიმაჩნია, ვერც შემოვლენ, თუ ასე გააგრძელეს, იმიტომ, რომ მოსახლეობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აქვს თუ არა პარტიას სახელისუფლო ამბიცია.
– დადებითადაა განწყობილი ამომრჩეველი სახელისუფლო ამბიციის მქონეთა მიმართ?
– მისთვის გარკვეულია, რომ ეს პარტია იბრძვის ხელისუფლებისთვის. თუ პარტიას არ აქვს ასეთი ამბიცია, ამომრჩეველი ასეთ პარტიაზე ორიენტირებული არ არის. ამიტომ ვშიშობ, შეიძლება, ბატონმა პაატამ და მისმა ძალიან საინტერესო ჯგუფმა დააგვიანოს პოლიტიკაში შესვლა და პოლიტიკური პროცესები მათ გარეშე განვითარდეს ინტენსიურად, რის შემდეგაც მათი აქტივობა აღარავის ემახსოვრება.
– ასევე, პასიურია ნინო ბურჯანაძეც.
– ესეც ჩემთვის აუხსნელია. არადა, მას ყველაფერს დაარქმევ, გარდა გამოუცდელი პოლიტიკოსისა.
– თუმცა გამოცდილი პოლიტიკოსი 2009 წელს არ დადგებოდა „პაკლონნაია გორაზე“ პუტინის გვერდით. ამ წამგებიან სვლას ყოველთვის გაუხსენებენ.
– თუ არ ვცდები, მის გარემოცვაშიც იყო კამათი ამ თემაზე, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს სწორი გზაა. მეორე მხრივ, მას აქვს რეიტინგი, ჰყავს მხარდამჭერები. ასე რომ, უდავოდ გააჩნია რესურსი იმისა, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა.
– რატომ უნდა პასიურობდეს?
– ამის ახსნა მიჭირს, ისევე, როგორც ნათელაშვილის პასიურობის ახსნა. არადა, პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი. მოსახლეობას პრეტენზია აქვს ყველა საპარლამენტო პარტიასთან, ასე რომ, წესით, არასაპარლამენტო პარტიებმა უნდა იაქტიურონ, რომ ეს პრეტენზიები გადაფარონ, მაგრამ ყველა, როგორც ერთი, პასიურია.
– „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს პარლამენტში მოხვედრის პოტენციალი?
– „ალიანსის“ პერსპექტივა რეალურია, თუმცა საკამათოა, რა პროცენტისაა ეს რეალობა. არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტში წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ძალას. ფაქტია, საგარეჯოს არჩევნებში სერიოზული შედეგი მიიღეს, მაგრამ იქ, სადაც არ იყო ინაშვილი, ასეთივე შედეგი ვერ მიიღეს.
– „ნაციონალებს“ აქვთ მოკავშირის პოვნის პერსპექტივა, შეიძლება, გამოჩნდეს მათთან გაერთიანების მსურველი?
– „ნაციონალებთან“ ურთიერთობა ნებისმიერი პარტიისთვის არის თვითმკვლელობა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარი ქართველ მოსახლეობას პოლიტიკური მოტივებით არ უთქვამს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამომრჩეველს არ მოსწონდა „ნაციონალური“ რომელიმე დოქტრინა, აქ ლაპარაკია მორალზე. ქართველმა მოსახლეობამ მათზე მორალური თვალსაზრისით თქვა უარი და, როგორც კი ვინმე გახდება „ნაციონალების“ მხარდამჭერი, ის საზოგადოებისთვის მორალურად მიუღებელი აღმოჩნდება. ხოლო, თუ პოლიტიკოსი მორალურადაა მიუღებელი, იქ აღარანაირი გამართლება აღარ ჭრის, ამიტომ, ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ „ნაციონალებისკენ“ გადადგას ნაბიჯი.