კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქნებიან იძულებული სავაჭრო ობიექტები, უკან დაიბრუნონ ნებისმიერი გაყიდული საქონელი, საკვების ჩათვლით და როგორ დაისჯება მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი რეკლამა

ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში მომხმარებლები ბატკნებივით დაუცველები ვართ, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი 2011 წელს გაუქმდა. ამიტომაც მეორე მხარე ბაზარზე მხოლოდ თავის სასარგებლო წესებს ამკვიდრებდა: დაწყებული იმით, რომ გაყიდული საქონელი, თურმე, სულაც, რომ უვარგისი იყოს, უკან არ ბრუნდება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ჯგუფი ახალ კანონპროექტზე მესამე წელია, მუშაობს და კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცეს შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტებმა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სადავო არ არის, რომ მომხმარებელიც ადამიანია და აქვს უფლებები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები განგაშის ზარებს არისხებენ, გავკოტრდებითო.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძესთან ერთად ვისაუბრებთ ახალი კანონპროექტის შესახებ და იმასაც შევიტყობთ, ბოლოს და ბოლოს, რა უფლებები მიენიჭებათ მომხმარებლებს და რაც მთავარია, როდიდან.
– რა ცვლილებებს გულისხმობს ახალი კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით?
– როგორც ვიცით, 2011 წელს გაუქმდა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. ერთადერთი სფერო, რომელიც რეგულირებულია და რომელიც კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის სურსათის უვნებლობა, დანარჩენი სფეროები დატოვებულია ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე. ანუ ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი დატოვებულია პირისპირ კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორებთან. 2015 წლის ნოემბერში მოვხვდი ბრაზილიაში, სადაც მიმიწვია „კონსუმერ ინტენეიშენალმა“, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელშიც გაერთიანებულია 200-ზე მეტი ორგანიზაცია და 120-ზე მეტი ქვეყანა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად ესწრებოდა ასეთი დონის შეკრებას საქართველოს წარმომადგენელი. აქვე მინდა, ავხსნა, რას ნიშნავს ეს: პოსტსაბჭოთა სივრციდან მონაწილეობას იღებდა 5 ქვეყანა. საერთო ჯამში, 117-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა ამ კონგრესში და ერთადერთი ვიყავით, სადაც არ არსებობს ცალკე კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
– ამ კანონის მიღება უკავშირდება ევროასოცირებას?
– იქ პირდაპირაა მოთხოვნა, რომ მომხმარებელი თავის ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, რადგან, თუ შენს ქვეყანაში ვერ იცავ მომხმარებელს, ზედმეტია საუბარი ტურიზმის განვითარებასა და ექსპორტზე. თუკი შენივე მოსახლეობა არ გყავს დაცული, ვერ იზრუნებ სხვა ქვეყნების მომხმარებლებზე. თუმცა ევროინტეგრაციის კომიტეტმა მუშაობა ამ თემაზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე იყო. მან შეკრიბა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ საზოგადოებრივი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ყველა იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იცავს მომხმარებელთა უფლებებს ქვეყანაში. ამ ჯგუფმა შეიმუშავა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა პროცესი გაიწელა და ახლა, როგორც იქნა, გავედით ფინიშამდე. ხატოვნად რომ ვთქვათ, ფინიშის ზოლი გამოჩნდა. უკვე ჩატარდა მეორე მოსმენა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, ყველა საპარლამენტო კომიტეტმა და სამინისტრომ განიხილა და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
რაც შეეხება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს: ძალიან მომწონს და მივესალმები ბატონი ზურაბ ტყემალაძის მიდგომას. მოვიყვან მის სიტყვებს: „არ მინდა, რომ ეს კანონი იყოს ფარატინა ფურცელი და არაფრის მაქნისი; მინდა, იყოს ისეთი კანონი, რომელიც რეალურად დაიცავს მომხმარებლებს ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე.”
– როგორ დაიცავს, დაცვის რა მექანიზმებია ჩადებული?
– ეს არის ქოლგა კანონი, რომელიც უნდა გამყარდეს ნორმატიული აქტებით. დღესდღეობით კანონი აგებულია შემდეგ პრინციპზე: არ მოატყუო მომხმარებელი, მიაწოდე სრული ინფორმაცია პროდუქციის, მომსახურების,  შესრულებული სამუშაოს შესახებ; ასევე, თუკი დადებულია ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ ბიზნესის ინტერესი და უგულებელყოფილია მომხმარებლის ინტერესი, ასეთი ხელშეკრულება ჩაითვალოს ბათილად და მომხმარებელს ჰქონდეს არჩევნის უფლება, როგორც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. სხვათა შორის, ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხმარებელს აქვს 14-დღიანი ვადა საიმისოდ, რომ უკან დააბრუნოს შეძენილი ნივთი, რომლის სასაქონლო სახე არ არის დაკარგული; თუ ის აღმოაჩენს სახლში მიტანის შემდეგ, რომ ნივთი არ შეესაბამება მის მოთხოვნებს, ვერ გამოიყენებს მას, აღარ მოეწონა და აქვს შენახული სალაროს ქვითარი. მომხმარებელს შეუძლია, ნივთი გადაცვალოს ფასთა სხვაობით სხვა ნივთში, რომელიც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. შედეგად, ის აბსურდული აბრები, რომლებიც გამოკრულია მაღაზიებში: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება, დაკარგავს აზრს.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მუხლი: მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიზნესსექტორი. მაგრამ, ჩემი აზრით, მათ ბოლომდე არ აქვთ წაკითხული და გააზრებული კანონი, იმიტომ რომ, არ შეიძლება, ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ კანონს. ის პირდაპირ შეუწყობს ხელს საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასაც და მომხმარებელთა უფლებების დაცვასაც.
– ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების ინიციატივაც, თუმცა, მაგალითად, ავტონაწილებს უპრობლემოდ იბრუნებენ ავტონაწილების მაღაზიაში, ასევე, ტანსაცმელს გიცვლიან ბრენდულ მაღაზიებში, თუ პროდუქცია არ არის დაზიანებული და წარადგენ ქვითარს.
–  მე ამას ვხსნი იმით, რომ, ვინაიდან მსოფლიოში მიიჩნევა, რომ ბიზნესი და მომხმარებელი ორ მოწინააღმდეგე მხარედ ითვლება, ბიზნესი მიიჩნევს, რომ კანონს უნდა შეეწინააღმდეგოს, თუმცა კანონი გააზრებული არ აქვს. არა ერთ ბიზნესოპერატორს გავესაუბრე, საკმაოდ დიდი საწარმოების ხელმძღვანელებს, რომლებმაც მოიწონეს ეს კანონი და თქვეს, რომ ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებას საქართველოში. წარმოიდგინეთ, არის კომპანიები, რომლებიც ქართულ ანოტაციას აკეთებენ, იცავენ მომხმარებელთა უფლებებს, იბრუნებენ პროდუქციას. ასევე, არიან არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორები, რომელთა მიერ ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება შიგთავსს, ანუ ისინი, ფაქტობრივად, ატყუებენ სხვადასხვა ხრიკით მომხმარებლებს, მაგრამ ასეთი ბიზნესი ვითარდება, კეთილსინდისიერი ბიზნესი კი იჩაგრება.
მერწმუნეთ, ეს კანონი ბიზნესისთვის უფროა ხელსაყრელი, რადგან, დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მეშვეობით, მომხმარებელიც დაცული იქნება და ბიზნესიც. თან, ჩემთვის გაუგებარია, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელშიც ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს თანაბარი უფლებებით, რატომ უნდა იყოს დაცული მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი; არსებობდეს ბიზნესომბუდსმენი და არ არსებობდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, რათა მომხმარებელიც იყოს დაცული.
– ბიზნესოპერატორების ნაწილი ჩივის, რომ ამ კანონის გამო მათ გაეზრდებათ ხარჯი და შესაძლებელია, გაკოტრდნენ. რა გააკოტრებთ?
– დიახ, მათი ერთ-ერთი არგუმენტია, რომ კანონის მიღება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. არადა, რა ხარჯზეა საუბარი, როდესაც სხვადასხვა კანონშია გადანაწილებული მოთხოვნა,  რომ საქართველოში მომხმარებელს კონსტიტუციით დადგენილ სახელმწიფო ენაზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პროდუქციის შესახებ?! ეს ვალდებულება დღესაც აქვთ მათ და თუ ამ კანონში დამატებით ჩაიწერება, რა ხარჯთან უნდა იყოს დაკავშირებული?! ეს ხარჯი ისედაც არის გათვალისწინებული მათ საქმიანობაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას: ამის არარსებობა ხელს აძლევს არაკეთილსინდისიერ ბიზნესს, რომ მომხმარებელი იყოს უფლებების, დაცვისა და ინფორმაციის გარეშე, რომ უფრო მარტივად მოატყუონ.
– საკვებ პროდუქციას თან ახლავს ქართულენოვანი ანოტაციები, თუმცა ძალიან მოკლე და წვრილი შრიფტით დაწერილი, მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინსტრუქციები თითქმის არასდროსაა ქართულ ენაზე. ამასაც შეეხება ეს კანონი?
– დიახ, შეეხება, რა თქმა უნდა. შესაძლოა, ჩემს განათლებაზე მეტყველებდეს ფაქტი, რომ ვიცი რამდენიმე ენა, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ვფლობდე უცხო ენებს ან შევისწავლო ისინი ბიზნესის გავითარებისთვის და მქონდეს შესაძლებლობა უცხოურ ენებზე წავიკითხო ანოტაცია თუ ინსტრუქცია.
– მომხმარებელთა ომბუდსმენი რას დაუშავებს ბიზნესოპერატორებს? აქ ხომ კანონის დაცვაზეა ლაპარაკი, რომ ყველა თანაბარ პირობებში იყოს. ბიზნესომბუდსმენი ხომ არ იმოქმედებს ქართული კანონმდებლობის სივრცის გარეთ?
– რა თქმა უნდა, არა, ერთადერთი ვალდებულება იქნება მომხმარებელთა ომბუდსმენისა, რომ დაიცვას მომხმარებელი არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორისგან, რომელიც ეცდება მის მოტყუებას და ასე შემდეგ. ანუ მომხმარებელთა ომბუდსმენის მოვალეობა იქნება მომხმარებლების დაცვა.
– რა ტიპის ბიზნესია წინააღმდეგი, თუ კონკრეტული მიმართულებები არ იკვეთება?
– ასე ცალკე ვერ გამოვყოფთ ნამდვილად.
– 14  დღე დიდი ვადა არ არის დასაბრუნებლად? ამდენი დრო სჭირდება იმის დაზუსტებას, გამოგადგება თუ არა შენაძენი?
–  14 დღეა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. ჩვენ ეს ციფრი არ მოგვიგონია, თუმცა არის ქვეყნები, რომლებშიც პროდუქციის დაბრუნების ერთთვიანი ვადა არსებობს.
– როგორც მივხვდი, რაკი საკვები პროდუქციის რეგულაცია არსებობს, ეს კანონი შეეხება ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ანუ ყველაფერს საკვების გარდა?
– იმ საკვებსაც შეეხება, რომელიც არ არის მალფუჭებადი და არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. მაგალითად, ღვინო, ლიმონათი. შეიძლება, ვიყიდო და სახლში მიტანისას აღმოვაჩინო, რომ შეიცავს ისეთ საკვებდანამატებს, რომლებზეც მაქვს ალერგიული რეაქცია და ვნებს ჩემს ჯანმრთელობას, ამიტომ უნდა მქონდეს უფლება, რომ გადავცვალო.
– რა პროცედურა რჩება კანონპროექტს კანონად ქცევამდე? ვგულისხმობ, თუ შეიძლება, რომ განიცადოს ძირეული ცვლილება არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორების გავლენით, რომელთა სურვილია, მოატყუოს მომხმარებელი?
–  ამ შემთხვევაში გავიმეორებ ჯონ კენედის მიერ 1962 წელს კონგრესისადმი ნათქვამ სიტყვებს, როდესაც მან კონგრესს პირველად წარუდგინა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოთხი ძირითადი პრინციპი-რეკომენდაცია. მან თქვა ცნობილი ფრაზა: მე ჯერ ვარ მომხმარებელი და შემდეგ – პრეზიდენტი. ამდენად, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენ, ყველანი, ვართ მომხმარებლები და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლებიც არიან მომხმარებლები და მათი უფლებებიც შეიძლება, შეილახოს სამომხმარებლო ბაზარზე, მაშინ მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

скачать dle 11.3