რამდენი ასეული ათასი ლარი აიღო საქართველოს ბიუჯუტიდან მარიამ საჯაიამ როგორც პარლამენტის წევრმა, აშშ-ში სწავლის პერიოდში
ის ყველაზე მცირეწლოვანი კანონმდებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან დეპუტატის მანდატი 21 წლის ასაკშივე გაინაღდა. შესაბამისად, მარიამ საჯაია 1991 წლის 15 მარტსაა დაბადებული და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. თუმცა ვიცით, რომ გაპარლამენტარების შემდეგ აშშ-ში სწავლობდა სამიოდე წლის განმავლობაში (დეპუტატის ხელფასსაც იღებდა), მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის მითითებული, რას დაეუფლა კანონმდებელი ოკეანის გაღმა, სამაგიეროდ, ვიცით, რომ უმაღლესი განათლება კავკასიის უნივერსიტეტში მიუღია და სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაციაც მინიჭებია. ქ-ნი საჯაიას შრომითი ბიოგრაფია 2010 წელს დაწყებულა – „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2012 წელს კი რამდენიმე თვის განმავლობაში სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტად უმუშავია, ხოლო 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე საქართველოს პარლამენტში დასაქმებულა.
თავისი პირველი დეკლარაცია მარიამ საჯაიამ 2012 წელს შეავსო, ბუნებრივია, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: შვილი, 2010 წელს დაბადებული მერაბ სამარგულიანი და დედა, 1955 წელს დაბადებული ნაზი არონია.
იმხანად მარიამ საჯაიას საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე (ფართობი – 58 კვ. მ.); ნაზი არონიაც ფლობდა იმავე მისამართზე საცხოვრებელ ბინას – ფართობი 80 კვ. მ. ასევე, მარიამ საჯაიას ჰყავდა 2002 წლის „მერსედესი“, ნაზი არონიას კი – 2005 წლის „ინფინიტი FX35“.
მარიამ საჯაიას ანაბარი ჰქონდა გახსნილი „ლიბერთი ბანკში“, რომელზეც 16 500 ლარი ერიცხებოდა. 2011 წლის განმავლობაში მარიამ საჯაიამ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 5 400 ლარი აიღო, ხოლო ნაზი არონიამ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსმა, 24 480 ლარი.
2013 წელს მარიამ საჯაია შვილთან ერთად ცხოვრობდა. აგრეთვე, ანაბარზე აღარ ერიცხებოდა თანხა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში, მან, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაქმების პროგრამის სპიკერმა და სპეციალისტმა, 12 600 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, ორიოდ თვეში, 9 720 ლარი.
2015 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ ქ-ნ ქაჯაიას, გარდა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბინისა, ჰქონდა კიდევ ერთი ბინა ბროსეს ქუჩაზე (ფართობი – 43 კვ. მ.), 40 000 აშშ დოლარად ღირებული და ჰყავდა „ლექსუს RX“, რომელიც 2014 წელს შეუძენია 15 000 აშშ დოლარად.
2014 წლის განმავლობაში, თუმცა აშშ-ში ცხოვრობდა და სწავლობდა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 56 426 ლარი აიღო. ჩვენთვის უცნობია მისი 2013 წლის სადეპუტატო შემოსავალი (იმ წელსაც აშშ-ში სწავლობდა), მაგრამ, სავარაუდოდ, იმავე ოდენობის წლიურ ხელფასს აიღებდა, რამდენიც 2014-ში მიიღო.
ბოლო დეკლარაცია ქ-ნმა საჯაიამ 2016-ში შეავსო, ცხადია, როგორც პარლამენტის წევრმა. ის კვლავ შვილთან ერთად ცხოვრობს. აქვს ორი საცხოვრებელი ბინა და ჰყავს ავტომანქანა „ლექსუსი“. 2015 წლის განმავლობაში მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 47 825 ლარი აიღო; თუმცა ჰქონდა სხვა შემოსავალიც, კერძოდ, 15 000 აშშ დოლარი thomas buergenthal scholarship-იდან. 2015-ში ორი სამომხმარებლო სესხის მომსახურება კი 7 500 ლარი დაუჯდა.