„ცას კიბე და ენას ძვალი“
ანუ – აკლიათ…
მართალია, ჩვენ გარშემო დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია: უმნიშვნელოთი დაწყებული და შესამჩნევით დამთავრებული, მაგრამ, სახელდობრ ჩვენ პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ჩანაწერების მოლოდინში ვართ და, მარტო ჩვენ რომ ვიყოთ?! ჩვენი სპეცსამსახური დადარაჯებულია, რომ ინტერნეტსივრცეში უმალ დაბლოკოს მორიგი ჩანაწერი (ამასობაში კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად ჭრიან თავიანთ ამოცანებს ამ ჩვენს ტერიტორიაზე).
გამომდინარე იქიდან, რომ არასამთავრობო სექტორი (ჩემი დაკვირვებით) ფრიად ისტერიულ ფონს ქმნის (გამოავლინეთ ამტვირთავებიო, და მერე რა, რომ ეს თივის ზვინში ნემსის ძებნის ტოლფასია?!), ისტერიკა კი ყველაზე ცუდი მოკავშირეა საქმეში, თვით აშშ-მაც კი შეაწია სიტყვა ამ ჩვენს პროკურატურას (ვერც მალე გამოიძიებთ და ვერც დამოუკიდებლადო). თავის მხრივ, პროკურატურამ კი გვაცნობა, რომ ყველა აქამომდე გამოქვეყნებული ჩანაწერი 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე თარიღდება (რაც დიდი შეღავათი არ არის დამნაშავის გამოვლენის საქმეში, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ახლაც გვისმენენ).
თუმცა მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა სახემ და წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები უპირველესად, დამნაშავეები არიან ყოფილი ხელისუფლების წინაშე და ხმამაღლა თქვა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, კერძოდ (მომყავს ციტატა): „იღებდნენ დავით ბაქრაძეს თავის მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას თავის მეუღლესთან ერთად და კიდევ ბევრ ჩვენგანს.“
ცხადია, არც ოპონენტები (მოქმედი ხელისუფლება) დავიწყებია, ამიტომ, ზედაც, დასძინა (მომყავს ციტატა): „როგორც ჩანს, ეს ნაძირლები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ არ დააპატიმრა, არათუ არ დააპატიმრა, გადმოილოცა სისტემაში.“ ხოლო, თუ მის იქვე გამოთქმულ მოსაზრებასაც გავიხსენებთ: „თუ ეჭვი არის, რომ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები ყოფილიყვნენ ამაში გარეულები, რამე საფუძველი რომ ყოფილიყო, ამ ხელისუფლებას არ მოერიდებოდა და პროკურატურა ვინმეს წაუყენებდა ბრალს (მაშ – კოაბიტაცია?!),“ ფაქტია, რომ ბ-ნმა ბარამიძემ ისრების თანაგუნდელებისგან აცილება სცადა (თითქოს ფარული ჩანაწერები სისტემის წვრილფეხობის თვითშემოქმედება იყო).
მოკლედ რომ ვთქვა, ცნობილი გამონათქვამის თანამედროვე პერიფრაზი შემდეგნაირია: ცას – კიბე, ზღვას – ხიდი, დედამიწას – სამართალი; ენას კი – ძვალი… აკლიათ… –