რას აგროვებს სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული სული და როგორ გრძნობს ადამიანი გარდაცვალების მოახლოებას
ზოგი ადამიანი ისეთი ზებუნებრივ ნიჭს ავლენს, გარშემო მყოფებს აოცებს. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევანი ამბობს, ეს გენეტიკასთან ერთად, სულის რეინკარნაციის ბრალია, ანუ, როდესაც სული განმეორებით ხვდება სხეულში, ის დაგროვილ გამოცდილებას და ზებუნებრივ ნიჭიერებას გადასცემს იმ ადამიანს, რომელშიც სახლდება. ხოლო, რამდენად რეალურია სიკვდილის მოახლოების წინასწარ შეგრძნება და რამდენიმე სფეროში ერთდროულად ნიჭიერების გამოვლენა, ამაზე რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას.
ქეთევანი: ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან ნიჭიერებით. საყოველთაო მოსაზრებაა, რომ ნიჭიერება გენეტიკურად გადადის წინაპრიდან შთამომავალზე, თუმცა, ეს მხოლოდ გენეტიკის ბრალი არ არის, ამაში რეინკარნაციის უდიდესი წვლილიც დევს. მაგალითად, ზოგი ისეთ მათემატიკურ ნიჭს ავლენს და ისე შეუძლია, ზეპირად გადაამრავლოს ან გაყოს ცხრანიშნა ციფრები, შოკირებული რჩები. მაგრამ ეზოთერიკულად ეს რთულად გასაგები სულაც არ არის. მაგალითად, თუ თქვენ წინა ცხოვრებაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით ან რომელიმე სფეროში განსწავლული ბრძანდებოდით, სხეულში სულის განმეორებით ჩასახვისას, ის ნიჭი თქვენზე გადმოვა და, რაც მეტად გაიღრმავებთ ცოდნას, მით მეტად გამოავლენთ ზებუნებრივ ნიჭს.
– დღეს ბევრს აინტერესებს პასუხი კითხვაზე, გადადის თუ არა ნიჭი მშობლებიდან შვილებზე, ანუ, არის თუ არა ის გენეტიკური?
– უნდა გითხრათ, რომ ეს წინაპრების გენეტიკასთან ყოველთვის არ არის კავშირში. ამას წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ, თურმე, პიანინოზე დაკვრის ნიჭი აღმოაჩნდა 60 წლის ასაკში, არადა, მანამდე არანაირად არ გამოირჩეოდა მუსიკალურობით. დავინტერესდი, იყო თუ არა ვინმე მისი წინაპრებიდან მსგავსი ნიჭით დაჯილდოებული. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ნამდვილად არავინ ყოფილა გამორჩეული: მამა ინჟინერი ჰყავდა, დედა – ქართულის პედაგოგი, ბებია-ბაბუები კი უბრალო გლეხები იყვნენ, ანუ, მუსიკასთან შეხება არცერთს არ ჰქონია. მოკლედ, როგორც გაირკვა, ამ კონკრეტულ ადამიანს მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად კი არ დაჰყვა, არამედ, რეინკარნაციულად. აღმოსავლური ეზოთერიკის მიხედვით, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია. თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტში და ასე შემდეგ, ესე იგი, თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა. თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ეუფლებით, სავარაუდოდ, თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში, ანუ, სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით, როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო. ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე ახერხებს დაბრუნებას და სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული განაგრძობს სიცოცხლეს. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება, ის რამდენიმე სხეულს იცვლის და, თითოეულ სხეულში ჩასახლებული, უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს.
– გამძაფრებული ინტუიციური შეგრძნებები თუ არის ამასთან კავშირში?
– რასაკვირველია, კავშირშია. ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა. ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ყოველივე ეს კი წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში. სხვათა შორის, ნიჭიერებას თავისი დოზა აქვს. თუ სული მეოთხედ მოხვდა დედამიწაზე კონკრეტული ადამიანის სხეულში და ის პირველი სიცოცხლის დროს მხატვარი იყო, მეორედ დაბრუნებისას – მუსიკოსი, მესამედ კი – მწერალი, რა გასაკვირია, თუ ეს სამივე ნიჭი ერთ ადამიანში მოიყრის თავს?! უბრალოდ, დროა საჭირო, რომ ეს ნიჭიერება გამოვლინდეს, რაც, შესაძლოა, წლების შემდეგ მოხდეს. მათმა სულმა რამდენიმე სფეროში დააგროვა გამოცდილება წარსულ ცხოვრებაში და ახლა ამ გამოცდილებას მორიგ სხეულში „აფრქვევს”. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი კარგად მღერის, უკრავს, ლექსებსაც წერს და თან ხატავს ან სხვა ნიჭითაც გამოირჩევა, მისი ეს მდგომარეობა სულის რეინკარნაციის „ბრალია“ – მასში ყველა ნიჭი ერთდროულადაა თავმოყრილი.
– ამ შემთხვევაში, ბევრი მშობელი უშლის ხოლმე შვილს, ნუ მიედ-მოედები ყველაფერს, ერთი დარგი აირჩიე და მას მიჰყევიო.
– ეს არასწორი მიდგომაა, რადგან, შესაძლოა, თქვენს შვილს რეინკარნაციულად დაჰყვა რამდენიმე სფეროში ნიჭიერება და მისი ჩახშობა, უბრალოდ, წყლის ნაყვაა – წლების შემდგომ ის მაინც გამოვლინდება. ამიტომ, ჯობია, ხელი შეუწყოთ და მიეხმაროთ მის ნიჭს, რომ უფრო დაიხვეწოს, მიიღოს გამოცდილება და ამით წინ წაიწიოს ცხოვრებაში.
– ქალბატონო ქეთევან, ეზოთერიკულ ლიტერატურაში წერია, რომ ადამიანი სიკვდილის მოახლოებასაც ინტუიციურად გრძნობს. თქვენ რას იტყვით?
– დიახ, ადამიანი სიკვდილის მოახლოებას ნამდვილად გრძნობს და ის ამ პერიოდში დეპრესიულია. დეპრესიას იწვევს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები. მისი ფსიქოლოგიური ფუნქცია კი ის არის, რომ დეპრესია ამზადებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ადვილად მიიღოს სიკვდილი. ინტუიცია გვაძლევს იმ საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას, რასაც სიკვდილის მოახლოების შეგრძნება ჰქვია. სიკვდილი – ეს არის ცნობიერების გადასვლა ყოფიერების სხვა ფორმაში. ამისთვის კი ადამიანის ორგანიზმი წინასწარ გადის ფსიქოლოგიურ მომზადებას. ადამიანი არის არსება, რომელიც ორი სახის – მყარი და თხევადი მატერიისგან შედგება. მყარი მატერია ადამიანის ფიზიკური სხეულის ფორმირებას უწყობს ხელს, თხევადი კი მის სულიერ ბუნებას ძერწავს. ასე რომ, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა თხევადი სხეულის გამოყოფა ფიზიკური სხეულიდან. სიკვდილის წინ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები რადიაქტიური სხივების მოულოდნელ გამოდევნას ახდენს. გამქრალი აურა, როგორც კოსმიური მატერიების ნებისმიერი სახეობა, სივრცეში უკვალოდ არ ქრება – ადამიანის ენერგეტიკულ კომპლექსთან ერთად, მას სხვა სამყაროში გადააქვს მთელი ინფორმაცია მომაკვდავზე. გარდაცვალების მომენტში კი ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის, ანუ კვდება მხოლოდ მისი ფიზიკური სხეული, ცნობიერება კი განაგრძობს არსებობას ენერგეტიკულად.