კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა „დაუმალოს“ ჭკვიანმა ცოლმა ქმარი დაქალებს

ადამიანების მიმართ ნდობა ყოველთვის არ მთავრდება კარგად. ყველაზე ხშირად გულს სწორედ ისინი გვტკენენ, ვისაც ჩვენი გულის დიდი ნაწილი დავუთმეთ და ცხოვრება მივუძღვენით...

 ლოლიტა (33 წლის): ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ასეთი დიდი ტკივილით ვიცხოვრო. არ ვიცი, როგორ განვაგრძობ ცხოვრებას იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა. სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებსაც ქმრებისთვის ღალატის პატიება შეუძლიათ.
– ამბობენ, რომ, თუ გიყვარს, უნდა აპატიო, უნდა მისცე ერთი შანსი მასაც და საკუთარ თავსაცო.
– ვიცი, მაგრამ, რომც მინდოდეს, ამას ვერ გავაკეთებ – არ შემიძლია; ყოველ შემთხვევაში, ახლა ნამდვილად არ შემიძლია. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გამივლის წყენა. როცა ვხედავ, ყველაფერი მახსენდება და, სიძულვილი, ბრაზი და შურისძიების სურვილი ერთად მიპყრობს. მინდა, მწარე ღალატისთვის გადავუხადო სამაგიერო. მან მე ცხოვრება იაფფასიან დრამად მიქცია. როგორც „დიშოვკას,“ ისე მომექცა. ხომ ცუდი ნათქვამია, მაგრამ ზუსტად ასეთად ვგრძნობდი თავს. ღალატი კიდევ არ არის დიდი უბედურება და იქნებ მეპატიებინა კიდეც, ყველა მხრივ უზნეოდ რომ არ მოქცეულიყო.
– ანუ, ღალატს თავისი ხარისხები აქვს და ისეთი ღალატიც არსებობს, რომლის პატიებაც ადვილია?
– რა თქმა უნდა. არსებობს „შემთხვევით“ ღალატი – სიტუაციური, როცა კაცი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ამბობს უარს, ცდუნება სძლევს და მერე ნანობს. ასე რომ ყოფილიყო, ვაპატიებდი. მაგრამ მან ყველანაირი ზღვარი გადალახა – დასაშვებიც და დაუშვებელიც. იმდენ ხანს მატყუებდა და თვალში ნაცარს მაყრიდა, გული მერევა, მისი ყალბი სახე  რომ მახსენდება. მიღალატა ჩემს დაქალთან, რომელიც კიდევ უფრო ამაზრზენია. ქმარს რომ დაშორდა, მხოლოდ მე ვიყავი, ვინც გვერდში დაუდგა. ისე ვნერვიულობდი მე სულელი...  მივედი და დაწყნარება დავუწყე – მეგონა, წუხდა, ის კი  უცებ მეუბნება: რა დროს ქმარია, ისეთი მამაკაცი მყავს, ყველაფერი დამავიწყა... ძალიან კარგი ქნა, რომ წავიდა ჩემგან, მაინც მივატოვებდიო... წამოვედი სახლში. რას წარმოვიდგენდი, თუ ის „ახალი“ მამაკაცი ჩემი ქმარი იქნებოდა.
– „დაქალს“ პირობითად ამბობთ თუ ახლო მეგობრობა გქონდათ?
– დიახ, ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა, თანაც დიდი ხნის – ბავშვობა ერთად გავატარეთ. კიდევ ერთი მეგობარი გვყავს და ჩვენ სამნი განუყრელები ვიყავით. მეგონა, სულ ასე ვიქნებოდით. მარტო მე კი არა, ის მესამე დაქალიც შოკშია. უკვე ყველაფერი ძალიან აშკარა და გამჭვირვალე გახდა.
– ქმარს იმიტომ გაეყარა, რომ თქვენი ქმრის საყვარელი იყო?
– ასე გამოვიდა. ქმარი როცა ჰყავდა, თურმე მანამდეც დაძვრებოდა ჩემს ძვირფას მეუღლესთან. ორი უნამუსო!... უფრო შორსმიმავალი გეგმებიც გაუჩნდა და იმიტომ დაანგრია ოჯახი. როცა მე და ჩემი დაქალი მასთან მივედით, დანგრეული ოჯახის გამო რომ გვენუგეშებინა, თურმე, ის უკვე ჩემი ქმრის მკლავებში ნებივრობდა და დამცინოდა კიდეც. ჩვენ ვნერვიულობდით, ის კი გვიყვებოდა, როგორი საოცარი მამაკაცია მისი ახალი საყვარელი...
– და ის თქვენი ქმარი იყო?
– დიახ. სახლში რომ დავბრუნდი, საღამოს ჩემს ქმარს ვუთხარი: იცი, სად ვიყავი? ჩემს დაქალს  (სახელს შეგნებულად არ ვამბობ) ოჯახი დაენგრა, ძალიან მეცოდება. ისეთი სტრესი აქვს, მგონი, ვეღარც ნერვიულობს. ჩემს თავზე წარმოვიდგინე ასეთი რამ და შემეშინდა-მეთქი. რაღაცნაირად გადმომხედა. ამას მერე ჩავუღრმავდი – ჩემი ქმრის ყველა საქციელი, ყველა გამოხედვა, ფრაზა მერე აღვიქვი სხვანაირად, უფრო სწორად, ზუსტად ისე, როგორც რეალურად იყო. მაშინ ჩემს ავადმყოფურ ფანტაზიას ვაბრალებდი იმ ეჭვებს, რომლებიც პერიოდულად მიჩნდებოდა.
– კონკრეტულად რა ეჭვები გიჩნდებოდათ?
– რომ ჩემს ქმარს ვიღაც ჰყავდა. ჩვენი სიახლოვე იშვიათი გახდა. ფაქტობრივად, მე მოვითხოვდი მისგან ცოლქმრული ვალდებულების შესრულებას დაჟინებით, თორემ, თვითონ სულ თავს არიდებდა ან დაღლილობას იმიზეზებდა... ან თავი სტკიოდა, ან ისე სწრაფად იძინებდა, რომელი ინიციატივა და ინტიმი, დაწოლას ვერ ვასწრებდი. ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, როგორც ქალი, აღარ გაინტერესებ-მეთქი? საიდან მოიტანეო; მერე დაამატა ფსიქოპატი და ნერვიული ქალი ხარ. რაღაცეები გელანდება. ვერ ხვდები, რომ სამსახურში უამრავი საქმე მაქვს და ძალიან ვიღლები, ეტყობა, სახლში რომ დიდ დროს ატარებ, ეს გიჩენს ასეთ სულელურ აზრებს. იქნებ უფრო დატვირთულიყავი სასარგებლო საქმით, სანამ სულ გადარეულხარო, –  პირიქით, აქეთ შემდგა. საშინელი პერიოდი დამეწყო. ტირილი, ნერვიულობა, თეთრად გათენებული ღამეები... ჩემმა ქმარმა მოუხშირა სახლში დაგვიანებით მოსვლას. რამდენჯერმე მოიძებნა მიზეზი, ღამე სახლში საერთოდ არ გაეტარებინა და ეს დღეები გამოსასვლელ დღეებს დაემთხვა.
– ამ პერიოდში განაგრძობდით მეგობართან ურთიერთობას? უყვებოდით მას თქვენი პრობლემების შესახებ?
– მე, ზოგადად, არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი. მაქსიმალურად არ ვიმჩნევდი, რაც ჩემს თავზე ხდებოდა. სამაგიეროდ, ჩემი დაქალი ლამის ყოველდღე მირეკავდა და მიყვებოდა, როგორი შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა საყვარელთან, როგორი რომანტიკული იყო ის, როგორ გაუმართლა, რომ ასეთ არაჩვეულებრივ მამაკაცს შეხვდა...
– დიდხანს გაგრძელდა ასე?
– ექვს თვეზე მეტხანს და ალბათ, კიდევ დიდხანს გასტანდა, ისევ ჩემს დაქალს რომ არ ამოსვლოდა ყელში ასეთი „დამალობანას” თამაში. გოგოები რომ შევიკრიბეთ, დათვრა ქალბატონი და პირდაპირ მომახალა: დებილი და ბრმა ხარ, ნამდვილი სულელი... შენს ცხვირწინ ამისთანა დღეში ვართ მე და შენი ქმარი... ვცდილობ კიდეც, თვალები აგიხილო, მაგრამ ვერაფერი გშველის. დავიღალე, აღარ მინდა, შენთან ვიყოფდე საყვარელ მამაკაცს. მინდა, დაშორდეთ, რომ მარტო ჩემი გახდეს. ცოლად აქამდეც შემირთავდა, შენ რომ არ ეკიდებოდე ყელზეო... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ვერ ვიჯერებდი, შოკში ვიყავი. ნერვიული კანკალი ამივარდა. საერთოდ ვერცერთი სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. ჩემი მეორე დაქალი გაგიჟდა და ჩემ მაგივრად ის ეცა – უსირცხვილო და უსინდისო უძახა, ეს როგორ იკადრეო. ის კი უტიფრად დაგვყვიროდა – აბა, რა გეგონათ... ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის. ამას (მე მიგულისხმა) ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა და ლამაზი ქმარიც ჩაიგდო ხელში, რომელიც ფუფუნებაში აცხოვრებდა. შეეფერებინა და გაფრთხილებოდა თავის ბედნიერებას. მე ჩემი ვეცადეო... აღარ მახსოვს, სახლში როგორ მივედი. რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს იმავე საღამოს გავურკვიე ყველაფერი და წადი-მეთქი, ვუთხარი. მისი დანახვაც აღარ მინდა – აღარ მჭირდება, ის კი არ მიდის. იმასაც აღარ ხვდება და სახლშიც სანიმუშოდ იქცევა, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემზე აღარ „მუშაობს“ – მართლა აღარ მინდა, მყავდეს ასეთი ქმარი. არ ველაპარაკები და, საერთოდ არაფრად აღარ ვაგდებ, მაგრამ, ვითომ არაფერი ხდება, ისე იქცევა. მე არ შევურიგდები – რამდენიც არ უნდა იძახოს, შენ და ოჯახი მიყვარხართო, ის არაფერს ნიშნავს ჩემთვის,  ერთი სიტყვაც აღარ მჯერა მისი.

скачать dle 11.3