მამიდაშვილის მიერ მძიმედ დაჭრილი ქალი მთელი ღამე ებრძოდა სიკვდილს
წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ქალი განსასჯელის სკამზე მძიმე ბრალდებით – მკვლელობის მცდელობის მუხლით მოხვდა მეორედ. 41 წლის ლალი ე-ძე სამართლადამცველებმა ოპერტიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, ის მეგობარ მამკაცთან იმყოფებოდა; მაგრამ, დაზარალებულის ჩვენებისა და გამოძიების მიერ მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით, ლალი ე-ძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ განსასჯელს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, დანაშაულში ეჭვმიტანილი ლალი ე-ძე და შორენა კ-შვილი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ და მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მარტოხელა ლალი ე-ძეს შორენა კ-შვილი საპატიმროში ყოფნის დროსაც ეხმარებოდა, მაგრამ, იმ ინციდენტის შემდეგ, რაც მათ შორის მოხდა, ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბათ – ისინი ისე გადაეკიდნენ ერთმანეთს, რომ მათი დავა ყველა მათი ახლობლისთვის იყო ცნობილი.
რა მოხდა იმ ღამეს შორენა კ-შვილის ბინაში, სადაც მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი, ამის შესახებ გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მთელი ღამე სიკვდილს ებრძოდა, დილით ადრე მეზობელმა აღმოაჩინა. მომხდარის შესახებ სწორედ მან შეატყობინა პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მოწმე ლია კ-ძის ჩევნების მიხედვით, ის დილის 8 საათზე მივიდა შორენა კ-შვილის ბინაში, რადგან ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ რაიონში საქმეებზე.
ამონაწერი მოწმის, ლია კ-ძის ჩვენებიდან: „დილით შეთანხმებისამებრ მივედი შორენასთან. კარზე ზარი რომ დავრეკე, არ მიპასუხა. შემდეგ მობილურზე დავუწყე დარეკვა და არც მობილურზე მპასუხობდა. დაახლოებით ნახევარი საათი ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, ამის შემდეგ წავედი სახლში, სადაც შორენას ბინის გასაღები მქონდა. როცა დავბრუნდი და ბინის კარი გავაღე, დავინახე, რომ შორენა სამზარეულოში, იატაკზე იწვა. სანამ ახლოს არ მივედი, ვერ შევნიშნე სისხლის კვალი. შორენას გონება ჰქონდა დაკარგული. პულსი რომ გავუსინჯე, მივხვდი, რომ ცოცხალი იყო. მაშინვე სასწრაფოშიც დავრეკე და პოლიციაშიც. სანამ პოლიცია მოვიდოდა, სახლში ყველა ოთახი დავიარე. სასტუმრო ოთახში ყველაფერი ძირს იყო გადმოყრილი, ფარდები კი ჩამოწყვეტილი იყო. ერთი შეხედვით, ყაჩაღური თავდასხმის შედეგს ჰგავდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქიდან წაღებული და გატაცებული არაფერი იყო – ვიღაცას ყველაფერი შეგნებულად დაეზიანებინა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შორენა კი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. შორენა კ-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეძლეს, ქალის დაკითხვა სამართალდამცველების მიერ დანაშაულიდან სამი კვირის შემდეგ შედგა. ოპერტიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გამოძიებისთვის ჯერ კიდევ დაზარალებულის დაკითხვამდე გახდა ცნობილი იმ დაპირისპირების შესახებ, რაც შორენა კ-შვილს ლალი ე-ძესთან ჰქონდა. გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხული ლალი ე-ძისგან დაპირისპირების დეტალები შეიტყო, თუმცა ქალმა განაცხადა, რომ მათ ურთიერთობას მომხდარ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა; ამასთან, მას ჰქონდა ალიბიც – ქალი ამტკიცებდა, რომ ის ღამე მეგობარი მამაკაცის სახლში გაატარა. გამოძიების მასალების მიხედვით დადგინდა, ნათესავი ქალების დაპირისპირების მიზეზი გახდა ბინა, რომელიც პატიმრობაში აყვანის წინ ლალი ე-ძემ შორენა კ-შვილს მოსავლელად ჩააბარა. ლალი ე-ძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და აღმოაჩინა, რომ ბიძაშვილს მისი სახლი დაუგირავებია, ბინის დროებით მფლობელმა ლალი ე-ძის ბინა დააზიანა. „ყველაფერი გაძარცვული და დანგრეული დამხვდა, საშინელი ანტისანიტარია იყო. იქ ცხოვრობდა უცნობი ქალი 6 ძაღლით, რომელმაც განმიცხადა, რომ შორენასთვის 5 ათასი დოლარი მაქვს გადახდილი და, სანამ ამ ფულს არ მივიღებ, არსად წასვლას არ ვაპირებო,” – განაცხადა ლალი ე-ძემ. ახალგაზრდა ქალებს შორის დაპირისპირება სწორედ ამ ფაქტის გამო დაიწყო. შორენა კ-შვილი ლალი ე-ძეს ბინას ვერ უბრუნებდა, რადგან ის ვერ ისტუმრებდა ქალბატონს, რომლისგანაც 5 ათასი დოლარი აიღო. გამოძიების მასალების მიხედვით, რაც ბოლოს გადარჩენილმა შორენა კ-შვილმაც დაადასტურა, ლალი ე-ძე ბიძაშვილს იმ ღამეს სახლში ამ თემაზე სასაუბროდ ეწვია. ლალი ე-ძემ აღიარებით ჩვენებაში თქვა: „შორენამ მითხრა, ფული არ მაქვს და იმ ქალს ვერ გავისტუმრებ, ამიტომ, თუ გინდა, დროებით ჩემს სახლში იცხოვრეო. თვითონ გაწკრიალებულ ბინაში ცხოვრობდა ყველანაირი კომფორტით, მე კი თაღლითურად დამიგირავა ბინა. ამ თემაზე წავიჩხუბეთ. შორენა უტიფრად მომექცა, რაზეც ძალიან გამაღიზიანა. სასტუმრო ოთახში შევვარდი, ყველაფერი დავლეწე და ფარდები ძირს ჩამოვყარე. შორენა ხელებში მეცა. ძალიან აღელვებული ვიყავი და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავედით, თუმცა პირველად თვითონ დამარტყა. მერე სამზარეულოში გავიდა, მე უკან გავყევი და ავიღე დანა, რომელიც იქვე, მაგიდაზე იდო, ზურგიდან მივეპარე და დანა ორჯერ ჩავარტყი. შორენა ჯერ კარადას დაეჯახა, მერე კი ძირს დავარდა. მე მაშინვე დავტოვე იქაურობა, მანამდე კი ტელეფონი დავუმტვრიე, რომ არსად დაერეკა, კარი გარედან ჩავკეტე და იქაურობა დავტოვე. იქიდან წამოსვლამდე გავწმინდე დანა, რომლითაც მას დაზიანებები მივაყენე. ვფიქრობდი, რომ ამით დანაშაულის კვალს წავშლიდი”.
ბრალდებულმა ლალი ე-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა სასამართლო პროცესზეც. მისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვდა მისი დამცველი, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობა, რომ ლალი ე-ძეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და მძიმე დაზიანებები აფექტურ მდგომარეობაში მიაყენა დაზარალებულს და ლალი ე-ძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.