რა უპასუხა გიორგი მეშვიდემ თემურ ლენგს მუქარით სავსე წერილზე
ქართველებმა ბაგრატ V დიდისა და მისი ვაჟის, უფლისწულ გიორგის ხელმძღვანელობით, გაჟუჟეს თემურ ლენგის 12 000 გამაჰმადიანებული მონღოლი. ეს რომ თემურ ლენგმა გაიგო, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა – ასეთი რამ მისთვის არავის უკადრებია, ასეთი რამ მისთვის არავის გაუბედავს, თუ არ ჩავთვლით ჩინგიზ ყაენის შთამომავალს, ყაენ თოხთამიშს, რომელიც ლანგ-თემურის დახმარებით ავიდა ოქროს ურდოს ტახტზე და მერე მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.
მთელი ზამთარი საქართველოში გამოსამგზავრებლად ჯარის მომზადებასა და ნერვიულობაში გაატარა თემურ ლენგმა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა გაცოფებული, მუდამ იმის წარმოდგენაში იყო, როგორ შეიპყრობდა ბაგრატ ქართველს და რას დამართებდა.
1387 წლის გაზაფხულზე, მარტში, გამძვინვარებული თემურ ლენგი აურაცხელი ჯარით დაიძრა საქართველოსკენ, მოუახლოვდა ჩვენს სამშობლოს, გაჩერდა ბარდავში, დატოვა მძიმე ბარგი და გზა განაგრძო. მოადგა მდინარე მტკვარს, ნავებით ხიდი გაადებინა ზედ და გადმოლახა. იმ დროისათვის ტექნოლოგიურად ძალიან დაწინაურებული შეიარაღება ჰქონდა გათურქებულ მონღოლს: ნავები, კედლის სანგრევი დანადგარები, ასაწყობი ლოდსატყორცნები, მოძრავი საალყე კოშკები... ბევრი ინჟინერიც ჰყავდა არმიაში. მუდამ ჯარის წვრთნაში იყო და სარდლობის დიდი ნიჭიც ჰქონდა.
შირვანშა ეახლა ქართველების წინააღმდეგ ომში დასახმარებლად – შიშით, რა თქმა უნდა.
გაზაფხულის პირი იყო, ძალიან ციოდა, წვიმანარევი თოვლი მოდიოდა.
ბაგრატ მეფეც გამალებული ემზადებოდა მტრის დასახვედრად: რაც კი საომარი რესურსი ჰყავდა, ყველა გამოიყვანა, ყველა დარაზმა, თუმცა, იცოდა, თემურ ლენგი განსაკუთრებით მოემზადებოდა მისი გამამწარებელი ქართველების დასასჯელად და უზარმაზარ არმიას მოუყრიდა თავს. ბაგრატი გამოცდილი და ნიჭიერი სარდალი ყოფილა, როგორც ამას წერდნენ ტრაპიზონელი და სომეხი ისტორიკოსები. იგი თავისი წინაპრების მსგავსად განაგებდა სრულიად საქართველოს, სომხური მიწების ნაწილს და მისი გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც.
მოუახლოვდა ჩვენს სატახტოს დაუმარცხებელი თემურ ლენგი.
დახვდა მეფე ბაგრატი და დაეტაკნენ ერთმანეთს არმიები. ურიცხვი ადამიანი დაიხოცა სასტიკ ბრძოლაში. თათრები ორმაგად მეტნი დახოცილან, რადგან გამწარებული ქართველები სამშობლოსა და ოჯახებისთვის იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ. ბოლოს ჯარის სიმრავლემ თავისი გაიტანა – დამარცხდნენ ჩვენი წინაპრები და გაეცალნენ მტერს.
ყოველი შემთხვევისათვის, მეფეს წინასწარ გახიზნული ჰყავდა ხალხი კავკასიის მთებსა და ციხ-სიმაგრეებში.
ლანგ-თემურის ჯარებმა მოაოხრეს საქართველო, დაწვეს ეკლესიები, სოფლები, მაგრამ ხალხი ბევრი ვერ ნახეს, რადგან გახიზნულები იყვნენ მთებში. ამის შემდეგ ყარაბაღისკენ გაემგზავრა თემურ ლენგი.
1393 წელს გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე, ბაგრატ V. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი – გიორგი VII და გაავრცელა თავისი ხელისუფლება ამიერ და იმიერ საქართველოზე. ეს რომ შეიტყო თემურ ლენგმა, ძალიან გაბრაზდა. ჩინგიზიდების სიძეს სურდა, ქართველები მას შეჰკითხოდნენ მეფის დამტკიცებას.
მამის მსგავსად, გიორგი მეფეც არ შეეპუა სასტიკ დამპყრობელს, თემურ ლენგის მტრებს ეხმარებოდა კიდეც.
გამწარებული იყო სასტიკი დამპყრობელი, რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. მისი უამრავი მეომარი ჩააწვინეს ქართულ მიწაში ჩვენმა წინაპრებმა. ყოველი ციხის აღება დიდი მსხვეპლის ფასად უჯდებოდა ლენგ-თემურს. გამწარებულმა ვენახები გაჩეხა, ტაძრები დაანგრია და დაბები გააპარტახა, თუმცა ქრისტეს სჯული მაინც ვერ გადაავიწყა ქართველთა ჯიუტ მოდგმას. ვერ მოიოხა გული და დიდძალი ჯარი გამოგზავნა საქართველოსკენ თავისი სარდლის, ყარალათის მეთაურობით, თუმცა, თვითონ მაინც ვერ მოისვენა და უკან გამოჰყვა ყარალათს. დიდი ჯამაგირი გადაუხადა ჯარისკაცებს, უფრო მეტსაც შეჰპირდა, რათა მხნე და გაუტეხელი ქართველების წინააღმდეგ გულიანად ებრძოლათ.
ყარაბაღში დაბანაკდა ურჯულო კოჭლი. აივსო ყარაბაღი მაჰმადიანთა არმიით. წერილი გამოუგზავნა ქართველთა მეფეს გამაჰმადიანებულმა მონღოლმა თემურმა:
„მე ვარ შენი მეფე, მოდი ჩემთან და შემომირიგდი. დიდ პატივს მოგაგებ და მოგცემ უამრავ საჩუქარს. თუ არ დამემორჩილები, ვუბრძანებ ჩემს ლაშქარს და ძირფესვიანად მოვაოხრებ შენს ქვეყანას!“
მოვიდა თემურ ლენგის ელჩი საქართველოს ხელმწიფის წინაშე, წაიკითხა ქართველმა მეფემ წერილი და პასუხად მისწერა ლენგს:
„ჩემი სამეფო ღირსება შენსაზე ნაკლები არ არის და არც შეგიძლია ჩემი ქვეყნის მოოხრება და, როგორც ნათქვამია, თუ არ აღასრულო შენი სიტყვები, იყო დიაცი და არა კაცი!“
წავიდა ლენგ-თემურის ელჩი თავის ბატონთან და გადასცა წერილი, იქვე მოახსენა თავისი დაკვირვება საქართველოს მეფეზე – მტკიცე პიროვნებაა, ძლიერი ჯარი ჰყავს და კარგად მომზადებულიაო.
გაცოფდა კოჭლი დამპყრობელი და წამოვიდა საქართველოსკენ ურიცხვი ლაშქრით.
გიორგი მეშვიდემაც დაძრა სრულიად საქართველოს ჯარი მის შესახვედრად. მოუმხრია კავკასიონის გადაღმელი მთიელებიც. ბუნებრივი პირობების გამოყენებაც სცადეს ქართველებმა ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. ბრძოლის დღეს ცუდი ამინდი იყო, ძლიერი ქარი ქროდა და პირში აყრიდა მტვერს ლანგ-თემურის ლაშქარს. მიეტევნენ ქართველები, როგორც ცეცხლი თივას.
უამრავი ჯარისკაცი დაუხოცეს თემურ ლენგს. ამბობენ, ასეთი მარცხი და ზიანი არსდროს შემთხვევია მსოფლიოს დამპყრობელს, ამიტომ შეძრწუნდაო კოჭლი მაჰმადიანი მონღოლი. მაგრამ, იმდენად ბევრნი იყვნენ მტრები, უკან დაძვრაც კი უჭირდათ. სულ ახალ-ახალ, დასვენებულ ძალებს რთავდა ბრძოლაში თემურ ლენგი. ბოლოს თვითონ მიმართა სათადარიგო ნაწილებს და პირადად მოუწოდებდა ბრძოლისკენ. ვეღარ გაუძლეს დაღლილმა ქართველებმა დასვენებული რეზერვის შემოსვლას ბრძოლაში და უკან დაიხიეს, გაეცალნენ ბრძოლის ველს, მიმართეს მთებსა და სიმაგრეებს.
თემურ ლენგი მოადგა ტფილისის ციხეს. ციხე კი იყო კარგად გამაგრებული და გარნიზონიც იდგა მასში, მაგრამ, როგორც ვთქვით, იმ დროისათვის თემურ ლენგს დაწინაურებული ტექნოლოგები ჰქონდა: ლოდსატყორცნები, კედლის სანგრევები, ასაწყობი მოძრავი კოშკები, თანაც, რკინის ფურცლებით აჭედილი, რომ ცეცხლი არ წაჰკიდებოდათ ციხის დამცველებს ცეცხლმოკიდებული ისრებით...
ვერ გაუძლო ტფილისის ციხემ და დაეცა. ძნელად, მაგრამ, ტფილისის გარშემო სხვა ციხეებიც დაიკავა გათურქებულმა მონღოლმა და გარნიზონებად ჩააყენა ხორასნელები. თვითონ კი აიყარა და მუხრანთან დაბანაკდა. სადაც ნახეს ეკლესია ან რამე შენობა, ყველა დააქციეს და მოაოხრეს არემარე.
ზოგიერთი ქართველი დიდებულიც ეახლა და დამორჩილდა დამპყრობელს. მიადგა თემურის ჯარი ქართლში მთავარ ჯანიბეგის საგამგებლოს და დაიწყო მოოხრება. ვეღარ დაუდგა ჯანიბეგი, ისიც ეახლა მტერს და დაემორჩილა. აღმოსავლეთ საქართველო თითქმის მთლიანად მოაოხრა ლენგ-თემურმა – უნდოდა, მეფე გიორგი შეეპყრო, მაგრამ, ვერ მოახერხა.
ჯანიბეგის მისვლიდან მალე აიყარა თემური და იქ დაბრუნდა, სადაც ბარგი ჰქონდა დატოვებული, მაგრამ, უცებ წამოუარა სიბრაზის შემოტევამ და კვლავ გამოგზავნა საქართველოსკენ, ერთი მიმართულებით, თავისი სარდალი ხოჯა შიხალი დიდი ჯარით, მეორე მხარეს კი გამოუშვა სხვა სარდალი – ამირჯანშა ასევე მრავალრიცხოვანი ლაშქრით და დაავალა მათ, დაესაჯათ ყველა ურჩი. თან შეჰპირდა: ვინც მეფე გიორგის შეიპყრობს და მომგვრის, დიდ წყალობას მივანიჭებ და ურიცხვ საბოძვარს მივცემო.
წამოვიდნენ ლენგის სარდლები და მოაოხრეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ, ისევ დიდი მსხვერპლის ფასად. მეფე გიორგი და ქართველი მეომრები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს თითოეული ციხის აღებისას. ისევ ვერ ჩაიგდეს ხელში ჩვენი მეფე. ბევრი შეიპყრეს ხელმწიფის ყმები – ქართველი დიდებულები, მაგრამ ვერ გაიგეს, სად იყო გიორგი VII. მთებში ასვლა სცადეს მაჰმადიანებმა, მაგრამ ისეთი ზარალი ნახეს ხეობებში გამაგრებული ქართველებისგან, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.
დამწუხრდა თემურ ლენგი, აიყარა და ყარაბაღში გადავიდა.