კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-13(796)

 ვარლამის მიერ საგანგებოდ კუთხურ დიალექტზე წარმოთქმული ეს ფრაზა რომ მოისმინა, რატი მიხვდა, რომ მისი ყოფილი უფროსი სერიოზულ საგონებელში იყო ჩავარდნილი. კაკუბავა ყოველთვის ასე მეტყველებდა, როდესაც ჩახლართული საქმის ხელჩასაჭიდს ვერ პოულობდა და რატიმ ჰკითხა:
– ვერაფერს ხვდებით?
კაკუბავამ თავი გააქნია.
– ჯერ ვერა. სოსოსაც გამორთული აქვს ტელეფონი.
– ჰო, მართლა... ბატონი სოსო და ზურაბ გეგეშიძე სასწრაფოდ ვაშინგტონში გადაფრენილან იმავე დღეს, მე რომ თურქეთში გავემგზავრე, – უთხრა რატიმ ვარლამს.
– ვაშინგტონში? – გაოცდა კაკუბავა.
– დიახ. ასე მითხრა ნიუმანმა, – დაუდასტურა რატიმ. ამაზე ვარლამმა კიდევ უფრო შეკრა კოპები. ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ თავის ყოფილ ხელქვეითს ჰკითხა:
– შენ თვითონ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
– ხეირიანს – ვერაფერს. სანამ თურქეთში გავემგზავრებოდი, ვფიქრობდი, რომ ამერიკელებს ჩემი უხმაუროდ ლიკვიდაცია სურდათ რაღაცის გამო, მაგრამ, ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ... გამგზავრების დღეს რომ მცოდნოდა, სოსო ჯაფარიძე ვაშინგტონში მიფრინავდა, ნამდვილად არ გავფრინდებოდი სტამბულში და გზიდან გამოვიქცეოდი. ერთი მომენტი მანქანიდან გადმოხტომასაც კი ვაპირებდი, მაგრამ თავი შევიკავე. მოკლედ, ბატონო ვარლამ, მაგრად „დავიზმენდი“.
ვარლამი კვლავ ჩაფიქრდა და რატის უთხრა:
– შენი უბრალოდ ლიკვიდაცია რომ სდომოდათ, ასეთ მასკარადს არ მოგიწყობდნენ და ისე გაგაქრობდნენ, შენი „დუხიც“ არ იქნებოდა. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. სიმართლე გითხრა, სოსოს ვაშიგნტონში ასე სასწრაფო გამგზავრება უფრო მაფიქრებს. მგონია, ის შეგნებულად გამოიძახეს ცენტრში, – „ცენტრს“ ვარლამმა ირონიით გაუსვა ხაზი, გაეცინა და დაამატა, – ჩემი აზრით, ანტიტერორისტული სამსახურის უფროსი აქაურობას მოაშორეს და თუ ეს ასეა, გამოდის, აქ რაღაც მზადდება. თანაც, შენი მონაწილეობით და სწორედ ამიტომ აგარიდეს სოსოს.
– რას გულისხმობთ, ბატონო ვარლამ, რაში უნდა გამომიყენონ ამერიკელებმა ჯაფარიძის დაუკითხავად. რაც უნდა იყოს, აქ ჯაფარიძეა მთავარი და თუ არაფერს ჰკითხავენ, საქმის კურსში მაინც ხომ უნდა ჩააყენონ, ბატონი სოსო. მით უმეტეს, რომ ნიუმანმა მითხრა – ჯაფარიძემ იცოდა თურქეთში რომ გაემგზავრეო.
– იცოდა, რომ? – თქვა კაკუბავამ.
– ყოველ შემთხვევაში, ასე მარწმუნებდა ნიუმანი.
– მაშინ, რატომ არ შეგხვდა გამგზავრების წინ სოსო?
– ეგ არ ვიცი.
– ჰოდა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სოსომ შენი ვოიაჟის ამბავი არ იცოდა. მას ეგონა, რომ აჭარაში მიემგზავრებოდი. შემდეგ კი უცებ თურქეთში გაგიშვეს. სოსო და გეგეშიძე კი ვაშინგტონში და სივრცე გაათავისუფლეს. სივრცეში მე სამოქმედო არეალს ვგულისხმობ რაღაც ოპერაციის განსახორციელებლად.
– დავუშვათ, მასეა, მაშინ რატომ გამიშვეს თურქეთში? თუკი აქ მზადდება რამე, მაშინ მე თურქეთში  რა მინდოდა?
– აი, ამას კი მეც ვერ ვხვდები, – თქვა ვარლამმა და რატის ჰკითხა:
– ესე იგი, ონლაინში უნდა გადაიღო კადრებიო, ასე გითხრა ნიუმანმა და რომ დაბრუნდი, შეგაქო, ხომ?
– დიახ.
– რატი, როგორც შენ თქვი, ზუხრას დაკრძალვის შემდეგ, თურქებმა სტამბულის ყველა კუთხე-კუნჭული დაგათვალიერებინეს.
– დიახ, მაგრამ თურქებმა კი არა, უფრო სწორად, ერთი კაცი დამყვებოდა ყველგან მთელი სამი დღე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ალი აგაჯანი. როგორც გითხარით, ის გამომყვა თბილისიდან და სტამბულშიც მან ჩამსვა თვითმფრინავში. ერთი სიტყვით, ის კაცი უფრო სპეცაგენტს ჰგავს, ვიდრე დიპლომატს.
– თბილისამდე კი სხვამ „გაძოვა“, ხომ?
– დიახ. ჩემ გვერდით მგზავრობდა, –  თავი დაუქნია რატიმ ვარლამს.
– მდაა, „ოპელი“, „ჰონდა“, ვაშინგტონში გადასროლილი სოსოს, სავარაუდოდ, სპეცაგენტი აგაჯანი. „კაშაა“ რა, აჯაფსანდალი და ვერაფერს გაიგებ. მოკლედ, მრავალუცნობიანი განტოლება გვაქვს ამოსახსნელი და რაც შეიძლება, სწრაფად, – თქვა კაკუბავამ და დასძინა, – სიმართლე გითხრა, ერთიან ვერსიას ვერ ვაწყობ და ბევრი წინააღმდეგობაა ლოგიკაში. თუმცა, თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შენი გამოყენება სურთ.
– ჰო, მაგრამ, რაში?
– რაში, რაში... – გაიმეორა კაკუბავამ, – იმაში, რასაც აპირებენ. ხოლო, რას აპირებენ, როგორც უკვე ვთქვი, რაც შეიძლება მალე უნდა ამოვიცნოთ.
– რა ვქნათ, ბატონო ვარლამ?
– ტვინი უნდა გავანძრიოთ, ტვინი. ამერიკელებს დავაკვირდეთ და მათი ჩანაფიქრი გავშიფროთ. შენ კი ძალიან ფრთხილად იყავი და რაც მთავარია, ჩემთან უწყვეტი კავშირი იქონიე და როგორც კი რამეს იეჭვებ, დამირეკე.
– ხომ შეიძლება, რომ თქვენს ნომერსაც უსმენდნენ?
– ეგ გავითვალისწინე. მანქანაში ორი უბრალო აპარატი მაქვს და ორი ახალი ნომერი. ამ ნომრებითა და ტელეფონებით შევეხმიანოთ ერთმანეთს.
– კარგი. შევთანხმდით.
– ახლავე მოგცემ. გავალ და მოგიტან მანქანიდან. შემდეგ კი აქ დავრჩები. შენ კი სახლში დაბრუნდი და რაც დაგეგმე, შეასრულე, – უთხრა ვარლამმა რატის და წამოდგა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ, რატის უკვე კაკუბავას მოცემული ტელეფონი ედო ჯიბეში და რუსთაველის გამზირზე მიაბიჯებდა. მან სასტუმრო „რედისონამდე“ იარა. შემდეგ ტაქსი გააჩერა და სახლისკენ აიღო გეზი. მანქანა თავისი საცხოვრებელი კორპუსიდან ასიოდე მეტრში გააჩერა. ფეხით განაგრძო გზა. პირველი სადარბაზოს სათადარიგო გასასვლელიდან შევიდა. იგივე გზა გაიარა. სახურავით თავის სადარბაზოში გადავიდა. კიბეებით ფრთხილად დაეშვა და ასევე, ფრთხილად გააღო ბინის კარი. შემდეგ სამზარეულოში შევიდა და დედას ანიშნა – დაიწყეო.
***
რატის დედამ წყალში ჩამბალი ტანსაცმელი ტაშტიდან ამოიღო და სარეცხ მანქანაში ჩაყარა, ღილაკს თითი მიაჭირა და აამუშავა. შემდეგ იქვე ჩამოჯდა და შვილს მიაპყრო მზერა, რომელმაც ანიშნა – ჩუმად იყავიო. ოციოდე წუთის შემდეგ სარეცხ მანქანას წყალი გაუვიდა და დოლურა სწრაფად დატრიალდა, ხოლო, ხუთი წუთი რომ გავიდა, ჯერ ტკაცანის ხმა გაისმა და მოკლე ჩართვა მოხდა. შემდეგ წყლისგან დაცლილ მანქანას კვამლი აუვიდა და ცეცხლი წაეკიდა. სულ რაღაც სამიოდე წუთში ჯერ დოლურას პლასტმასი დადნა, შემდეგ ტანსაცმელი აალდა და, როდესაც დანახშირდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა და ვითომ მძინარე ვაჟს დაუყვირა:
– რატი, შვილო, ხანძარია! ჩქარა ადექი, სარეცხი მანქანა იწვის!
საძინებლიდან „გამოვარდნილმა“ რატიმ ჯერ ჩამრთველიდან გამორთო სარეცხი მანქანა, შემდეგ ხანძარი წყლით ჩააქრო და „გაბრაზებული“ ხმით უსაყვედურა დედას:
– რა ქენი, დედი, მე მგონი, ტელეფონი და საფულე დამიწვი, იქ კი სამსახურის პირადობის მოწმობა მედო.
– უი, შვილო, მოგიკვდეს დედა! – „შეიცხადა“ ქალმა და „შეწუხებულმა“ დაამატა: – ჩამეძინა მე სასიკვდილეს. ეგ როგორ დამემართა?
რატიმ ყურადღებით დაათვალიერა დანახშირებული ნივთები და რომ დარწმუნდა, ყველაფერი ბოლომდე იყო დამწვარი, დედამისს უთხრა:
– ტანსაცმელი და ტელეფონი გადაყარე, დამწვარ პირადობის მოწმობას კი სამსახურში მივიტან.
– რაში გჭირდება, შვილო, ეგ დანახშირებული საბუთი?
– ასეთი წესია, – თქვა „გაბრაზებულმა“ რატიმ. დედას კი გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და დანახშირებული პირადობის მოწმობა ცელოფნის პარკში ჩადო. შემდეგ დაფაზე მიაწერა: „ყოჩაღ, დედი. მაგრად გამოგვივიდა. მაგრამ ზედმეტი არაფერი თქვა და ძველებურად განაგრძე“.
„კარგი“, – მიაწერა დედამ.
– რამეს ხომ არ გეტყვიან, შვილო?
– აბა, რა ვიცი. შეიძლება, დამსაჯონ კიდეც. იმიტომაც მიმაქვს სამსახურში ეს საბუთი, რომ, არ იფიქრონ, დაკარგაო.
– რატი, შვილო, სამსახურიდან ხომ არ დაგითხოვენ?
– არ მგონია.
– მომიკვდეს თავი, მომიკვდეს... როგორ ჩამეძინა მე სასიკვდილეს, – იმეორებდა რატის დედა.
– კარგი, დამშვიდდი და დავიძინოთ. დილით ადრე ვარ ასადგომი. ნერვიულობით არაფერი გამოვა, – უთხრა რატიმ დედას და საძინებლისკენ გაემართა, თან ანიშნა, შენც დაწექიო...
***
მეორე დილით რატიმ თავადვე გადაყარა დანახშირებული ტანსაცმელი და ტელეფონი. შემდეგ „ბეემვეში“ ჩაჯდა, „მოდულის“ შენობისკენ გაემართა და, ნიუმანის კაბინეტში რომ შედგა ფეხი, დილის 9 საათიც შესრულდა. ამერიკელი მას შეფიქრიანებული ეჩვენა, თუმცა არ იმჩნევდა. მან რატის გაუღიმა და უთხრა:
– დაბრძანდით, რატი. მითხარით, როგორ ხართ, როგორ დაისვენეთ მომქანცველი ვოიაჟის შემდეგ?
რატი წინასწარ იყო მომზადებული საპასუხოდ: ჯიბიდან ცელოფანში ჩადებული, დანახშირებული პირადობის მოწმობა ამოაცურა, ნიუმანს წინ დაუდო. შეიშმუშნა და უთხრა:
– აი, მისტერ ნიუმან. ამის გამო ნახევარი ღამე ნერვიულობაში გავატარე და მხოლოდ მას მერე ჩამეძინა, როდესაც მთელი ძალები გამომელია.
– ეს რა არის და რა მოხდა? – ჰკითხა ნიუმენმა რატის და პეტრიაშვილს მოეჩვენა, რომ ამერიკელი ყველაფრის საქმის კურსში იყო, ამიტომ გაიფიქრა: „ნამდვილად მოისმინა ამ ცბიერმა მელამ წუხანდელი ამბები, მაგრამ, საინტერესოა, როგორ? ტანსაცმელსა და ტელეფონში ჩამონტაჟებული მიკროჩიპებით, რისი ეჭვიც მქონდა და რის გამოც ეს სპექტაკლი დავდგი, თუ, სახლში „ჟუკები“ დამიყენეს?”
რატიმ ამერიკელს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– მართალია, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობას არ მიხსნის და ყველანაირი სასჯელისთვის ვარ მზად.
– ეგ არაფერია, რატი. მთავარია, რომ თქვენი პირადობის მოწმობა არ დაკარგულა და სხვა ვერ ისარგებლებს. თქვენ კი იმავე თარიღითა და ნომრით ახალს დაგიმზადებთ და, ეცადეთ, აღარ დააზიანოთ ან დაკარგოთ. ერთი სიტყვით, თვალის ჩინივით გაუფრთხილდით. მე ახლა ბრძანებას გავცემ და სამიოდე საათში შუადღისთვის გადმოგცემენ.
– დიდი მადლობა, მისტერ ნიუმან, თქვენთან ვალში ვარ, – „აღფრთოვანდა“ რატი. ნიუმანმა კი მიუგო:
– ჩვენი ვალია, ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ და საერთო მტერს ვებრძოლოთ.
– ჭეშმარიტებას ბრძანებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მიბრძანებთ რამეს? – ჰკითხა რატიმ და ნიუმანს მიაპყრო მზერა, რომელიც ჩაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ თქვა:
– შეერთებული შტატების საელჩოს ადგილმდებარეობა იცით?
– დიახ, მისტერ ნიუმან. დიდ დიღომშია, – მიუგო რატიმ.
– თქვენთან ერთი პირადი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, მისტერ ნიუმან.
– იქ ერთი ჩემი მეგობარი მუშაობს, სემუელ ფოქსი – ატაშეა ვაჭრობის დარგში. სემი დღეს სამშობლოში ბრუნდება და პატარა ამანათი მინდა გავატანო ჩემს ოჯახთან. შეგიძლიათ, გადასცეთ?
– რა თქმა უნდა, მისტერ ნიუმან, – გაეღიმა რატის.
– ქართული ეროვნული ჭურჭელია და ჩოხა ქამარ-ხანჯლით – ჩემს ვაჟს შევპირდი, პირობას კი შესრულება უნდა. აქამდეც უნდა ჩამეტანა, მაგრამ, აბა, რას ვიფიქრებდი, თუ თბილისში ჩავრჩებოდი, – გაეღიმა ნიუმანს და დაამატა: – არ შეგაწუხებდით, მაგრამ, საიდუმლოდ გეტყვით, რომ ჩვენს უწყებაში მიღებული არაა ასეთი რამ და, ვალდებული ვარ, ამანათი დეკლარირებულად, ოფიციალური გზით გადავაგზავნო. ხოლო, ეს რომ გავაკეთო, მის ადგილზე ჩასვლას შეიძლება ორი კვირაც დასჭირდეს და მევე ჩავასწრო ჩემ მიერვე გაგზავნილ ამანათს. სემი კი ხვალვე მიიტანს მას ჩემებთან. თანაც, არ მინდა, საელჩოში გამოვჩნდე, რადგან ამასაც გვიკრძალავს უწყებრივი განაწესი და ამიტომ გაწუხებთ.
– რა შეწუხებაა, მისტერ ნიუმან, – გულწრფელად გაუკვირდა რატის და ღიმილით დაამატა: – მომეცით ამანათი და ახლავე მივიტან მისტერ სამუელ ფოქსთან.
 ნიუმანს კმაყოფილება გამოეხატა სახეზე და რატის უთხრა:
– რატი, სიმართლე გითხრა, არც იმის უფლება მაქვს, რომ უშიშროების თანამშრომელს პირადი დავალება მივცე და არც თქვენი სტატუსის კაცის გამოჩენაა რეკომენდებული საელჩოში. ამიტომ, თქვენის ნებართვით, პატარა გადახვევას გავაკეთებ – ჩემს სამსახურებრივ რესურსს გამოვიყენებ და სემთან სხვა გვარით გაგიშვებთ. თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა, მისტერ ნიუმან. მომეცით ამანათი და მითხარით, როგორ წარვუდგე მისტერ ფოქსს.
– რადგან თანახმა ხართ და ჩემი თანამონაწილე ხდებით, – გაიღიმა ნიუმანმა, – მაშინ კვლავ კონსტანტინე ლომიძედ უნდა გადაიქცეთ და ჩვენს საელჩოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სტატუსით ეწვიოთ.
– გასაგებია, მისტერ ნიუმან, მომეცით ამანათი.
ნიუმანმა უჯრიდან ბიომეტრიული პასპორტი ამოიღო, რომლითაც პეტრიაშვილი სტამბულში იმყოფებოდა. წინ დაუდო და უთხრა:
– ეს თქვენი პასპორტი. აქედან თქვენთვის კარგად ნაცნობ ბინაში გაემგზავრებით, სადაც იმავე პროცედურას გაივლით, რაც სტამბულში გამგზავრების წინ ჩაგიტარდათ და ამანათსაც იქ გადმოგცემენ. შემდეგ უკუპროცედურას ჩაატარებთ – ჩემთან დაბრუნდებით და ახალ პირადობის მოწმობასაც მიიღებთ. ვფიქრობ, სამიოდე საათში ყველაფერს მოასწრებთ და, მაქსიმუმ, პირველი საათისთვის გელოდებით.
– გასაგებია, მისტერ ნიუმან. შემიძლია, წავიდე?
– რატი, აქედან „ბეემვეთი“ გაემგზავრებით, მაგრამ მანქანას პარკინგზე დატოვებთ და ბინაში ფეხით მიხვალთ. იქიდან კი სხვა მანქანით წახვალთ საელჩოში. არაა საჭირო, რომ იქ უშიშროებისნომრიანი მანქანა გამოჩნდეს.
– გასაგებია, მისტერ ნიუმან, – თქვა რატიმ.
– კარგი, ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ, – ნიუმანმა რატის გაუღიმა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
 დერეფანში რატის დონალდ ონილი შეხვდა. რატის გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და ქართულად უთხრა:
– როგორ ხარ, რატი? რამდენი ხანია, არ მინახავხარ, სად დაიკარგე?
– თქვენ როგორ ბრძანდებით, მისტერ ონილ? – მიუგო რატიმ.
ონილმა თითი დაუქნია პეტრიაშვილს და ღიმილით უთხრა:
– პირობას ნუ არღვევ, მეგობარო. ჩვენ ხომ შევთანხმდით?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3