ინტიმური საუბრები
შეყვარებულის უარმა დაქალთან უფრო დამაახლოვა
ისე მოხდა, რომ მე და ჩემს უახლოეს დაქალს ერთი ბიჭი შეგვიყვარდა. თავიდან ამას ერთმანეთს ვუმალავდით, თუმცა კი არც მე ვიცოდი, რომ თიკასაც უყვარდა ვატატო და არც თიკამ იცოდა, რომ მე მიყვარდა. ერთ დღეს კი ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ვუამბე თიკას. ამის გაგონებაზე თიკამ ჯერ ტირილი დაიწყო, მერე კი თვითონაც გამომიტყდა ვატატოს სიყვარულში, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ხმამაღლა ავბღავლდით. ტირილით გული რომ მოვიოხეთ, დავფიქრდით, როგორ მოვქცეულიყავით შემდგომში, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრეთ და ისევ ავტირდით. ბოლოს, ტირილით რომ დავიქანცეთ, გადავწყვიტეთ, ვატატოსთვის გვეთქვა, რომ ორივეს გვიყვარდა და მისი გადასაწყვეტი იყო – რომელზე შეაჩერებდა არჩევანს. იმდენად ბრიყვები და გულუბრყვილოები ვიყავით, რომ გვეგონა, თუ ვატატო ერთს აირჩევდა, მეორეს არ ეწყინებოდა, უფრო მეტიც, თავისი დაქალის ბედნიერება გაუხარდებოდა და, შეიძლება, მისი მეჯვარეც კი გამხდარიყო. ამას რომ თავი დავანებოთ, არც იმაზე გვიფიქრია, რომ შესაძლოა, ვატატოს სულაც არცერთი არ ვუყვარდით. ჩვენი ბავშვური ჭკუით, ვფიქრობდით, მთავარი ის იყო, რომ ერთმანეთში მოვრიგებულიყავით, ანუ ერთმანეთში გაგვეყო ვატატო, რომ ჩვენ ორს შორის არ მომხდარიყო უსიამოვნება. ვატატო ერთ-ერთ ჩვენგანზე მაინც რომ უნდა ყოფილიყო გაგიჟებული, ამაში ეჭვიც კი არ გვეპარებოდა. მაგრამ მოხდა ის, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით: როდესაც თიკა სპეციალურად შეხვდა ვატატოს და უთხრა, ორივეს გვიყვარხარ და არჩევანი შენ უნდა გააკეთო ჩვენ ორს შორის, მეორე კი წყენის გარეშე ჩამოგშორდებაო, იმან დამცინავად შეხედა და ძალიან უხეშად, უტაქტოდ და უზრდელად უპასუხა: ვერ გავიგე, რა არჩევანზე მელაპარაკები. საერთოდ არ მევასება თქვენნაირი გოგოები; თქვენც მკიდიხართ და თქვენი სიყვარულიცო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა საწყალ გოგოს, ბიჭი რომ პირში ეტყოდა ამას, თანაც – დაცინვით. იმ წუთიდან, რაც მისი პასუხი გავიგე, ისე შემძულდა ვატატო, მისი სახელის გაგონებაზეც კი გული მერეოდა. იგივე დაემართა თიკასაც და ვატატოს სიძულვილმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა და გაგვაერთიანა მის წინააღმდეგ. შეგვეძლო დღეებისა და ღამეების განმავლობაში ვმსხდარიყავით ჩემთან ან თიკასთან და მხოლოდ საშინელებები გველაპარაკა იმ ბიჭზე, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ჭკუა გვეკეტებოდა და რომლის გამოც ლამის ერთმანეთი დავკარგეთ. მაგრამ ღმერთმა არ ისურვა, რომ ბავშვობის მეგობრებს დაგვეკარგა ერთმანეთი და ყველაფერი ისე მოატრიალა, რომ ბევრ რამეზე აგვეხილა თვალი და ჩვენი ამდენწლიანი დაქალობაც არ დაირღვა; გარდა ამისა, უფრო ფრთხილები გავხდით და ახლა ბიჭების მიმართაც და საკუთარი გრძნობის მიმართაც უფრო კრიტიკულები ვართ, რაც ნამდვილად არ გვაწყენს.
გვანცა, 19 წლის.