ორი დიეტური პროდუქტი
რძის წაქის (შრატის) ცილებს სამართლიანად უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი სხვა პროდუქტების ცილებს შორის თავისი სარგებლობით. მისი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ მასში შემავალი ამინომჟავების ჯგუფია უფრო მეტად მიახლოებული ადამიანის კუნთოვან ქსოვილებთან. „შეუცვლელი“ ამინომჟავების შემადგენლობის მიხედვით კი, წაქის ცილებს არ გააჩნია კონკურენტი როგორც ცხოველურ (ხორცი, კვერცხი, თევზი), ისე მცენარეულ (სოია, ლობიო, სოკო) პროდუქტებს შორის.
იმის გამო, რომ წაქის ცილებს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, მას ბავშვთა კვებაშიც იყენებენ. გარდა ამისა, ამ პროდუქტს ფართოდ მოიხმარენ სპორტსმენები, რადგან ის ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გაზრდას და, ასევე, ისინი, ვინც წონაში დასაკლებ დიეტებს იცავენ.
ბავშვების, სპორტსმენებისა და გახდომის მსურველთა გარდა, რძის წაქის ცილები სასარგებლოა მოხუცებისთვის, მით უფრო, თუ მათ ჭარბი წონა აწუხებთ, რადგან ხანდაზმულ ადამიანებს დაქვეითებული აქვთ ცილების ათვისება, რაც იწვევს კუნთოვანი მასის შემცირებას, რძის წაქის ცილები კი ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად აგვარებს.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო დიეტური პროდუქტი, რომლის მისაღებად არ არსებობს ასაკობრივი ბარიერი.
მეორე სასარგებლო და უნიკალური დიეტური პროდუქტია მწვანე ყავა, რომელიც დღეს საოცრად პოპულარული გახდა წონაში დაკლების მსურველთათვის. მაგრამ, როგორც ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, გასახდომად საკმარისი არ არის მწვანე ყავის მარცვლების მხოლოდ მოდუღება. წონაში დაკლების პროცესი რომ დაიწყოს, აუცილებელია, მიიღოთ მწვანე ყავის ექსტრაქტი ქლოროგენური მჟავის მაღალი კონცენტრაციით, არა უმცირეს 50 პროცენტისა – მხოლოდ ასეთი დოზირებით შეუძლია სისხლში შაქრის დონის შემცირება ქლოროგენურ მჟავას, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ მადის შემცირებასა და წონაში დაკლებისკენ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვანე ყავის ექსტრაქტის შოვნა ქლოროგენური მჟავის საჭირო დოზირებით, საკმაოდ ძნელია. ის ძირითადად ახლავს სპეციალიზებულ გასახდომ საშუალებებს, რომლებიც აფთიაქებში იყიდება.