კითხვა-პასუხი
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ გამაახალგაზრდავებელი ნიღბის ხალხური რეცეპტი, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შევძლებ. მაქვს მშრალი კანი.
პასუხი: ეს ნიღაბი უნდა გაიკეთოთ წელიწადში 2-ჯერ, 2-2-კვირიანი ხანგრძლივობით.
მინის ან თიხის ჯამში ერთმანეთში ძალიან კარგად აურიეთ: 1 სადილის კოვზი ცხიმიანი არაჟანი, 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, 1 ცალი კვერცხი, 50 გრამი ცხიმიანი ხაჭო, 8-10 წვეთი ლიმონის წვენი, ვიტამინ B1-ის, B12-ისა და ალოეს ექსტრაქტის თითო ამპულა. ნიღაბი ყოველ საღამოს წაისვით გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის მასა შეინახეთ მაცივარში, მინის ჭურჭლით.
კითხვა: ვიცი, რომ სელის ზეთი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს გახდომას, მაგრამ, მაინტერესებს, კიდევ რა დადებითი თვისებებით ხასიათდება ეს პროდუქტი სახის კანისთვის?
პასუხი: სელის ზეთს უძველესი დროიდან გამოიყენებენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და დიეტურ პროდუქტს და, ასევე, კოსმეტოლოგიაში. მის შემადგენლობაში შედის უამრავი ვიტამინი, ძირითადად – B ჯგუფის; აგრეთვე, A და E ვიტამინები; გარდა ამისა, ომეგა 3 და ომეგა 6; ლეციტინი, მაგნიუმი, კალიუმი. სელის ზეთის რეგულარული მიღება ორგანიზმში ამცირებს ქოლესტერინს, უფრო ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, იცავს ორგანიზმს კიბოსგან, აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს გახდომას და ასე შემდეგ.
კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო რუჟი სახის კანის ფერის მიხედვთი?
პასუხი: ღია ფერის სახის კანს უხდება ნაზი ვარდისფერი რუჟი. მოერიდეთ ყავისფერს, რადგან მკვეთრი განსხვავება მასა და კანის ფერს შორის გააუბრალოებს სახეს და სასაცილოს გახდის მაკიაჟს.
თუ თქვენს კანს ოდნავ მოყვითალო ფერი დაჰკრავს ან მსუბუქად გარუჯული ბრძანდებით, განსაკუთრებით მოგიხდებათ ატმისფერი, ტერაკოტის ან მარჯნისფერი რუჟი, უმჯობესია, მბზინავი ტექსტურით – ის დაფარავს კანის ხარვეზებს.
თუ ხართ ფერმკრთალი ან გაქვთ გარუჯული კანი, მოგიხდებათ მოყავისფრო-ღვინისფერი რუჟის თხელი ფენა. თუ ასეთ რუჟს სქლად წაისვამთ, კანს ვიზუალურად დაიბერეთ. გარუჯულ კანს ასევე უხდება ტერაკოტისა და სპილენძისფერი რუჟი. თუ მოგწონთ მბზინავი რუჟი, შეარჩიეთ თბილი ფერის, ოდნავ მბზინავი ნაწილაკებით.