კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-13(796)

 ლევანს ხშირად ჰქონია იმის განცდა, რომ თბილისში ისე ცხოვრობდა, როგორც ხელისგულზე – ერთმანეთის შესახებ ამ ქალაქში თითქმის ყველამ ყველაფერი იცოდა. როგორც კი მან და თეომ ურთიერთობა დაიწყეს, ამის შესახებ მალევე გახდა ცნობილი როგორც ერთის, ისე მეორის მეგობრებისთვის... ლევანს ეს არ მოსწონდა – ერჩივნა, ეს ურთიერთობა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო; მით უმეტეს, ვერ წარმოიდგენდა, ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში თუ მოექცეოდნენ. ძალიან აღიზიანებდა შეკითხვა: „როდის მოგყავს ცოლად თეო? მშვენიერი გოგოა, გაგიმართლა...“ ასეთ დროს უნდოდა, ხმამაღლა ეყვირა – ეს ყველაფერი თქვენი საქმე არ არისო, მაგრამ, პირს რომ აღებდა, სიტყვები არ „ამოდიოდნენ“ და მის გონებაში რჩებოდნენ... როცა თეო მასთან გადავიდა საცხოვრებლად და ამ ურთიერთობისთვის ოჯახის დარქმევა მოინდომა, თავისი სურვილი იმ არგუმენტით გაამყარა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა... ანუ, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა, ამიტომ ოფიციალური სტატუსიც მნიშვნელოვანი ხდებოდა. როგორ წარმოიდგენდა ლევანი, თბილისის პროვინციალიზმზე მოწუწუნე, რომ ამერიკაშიც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა – ხელისგულზე აღმოჩნდებოდა, თან,  სრულიად დაუცველი და ბოლომდე „გაშიშვლებული“...
სამანტამ თვალები მოჭუტა და საღეჭი რეზინი გამომწვევად გაატლაშუნა.
– აბა, როგორ შევთანხმდებით მე და თქვენ?
– რას გულისხმობ? – წარბი შეიკრა ლევანმა და გოგო ამრეზით შეათვალიერა.
– ვერ ხვდებით? – სამანტამ მაცდურად ჩაიცინა, – მთხოვთ, ვიყო ჩუმად – ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას მიკრძალავთ.
– არაფერსაც არ გიკრძალავ, საიდან მოიტანე? პრინციპში, სათქმელიც არაფერია, – ლევანმა მხრები აიჩეჩა და შეეცადა, უდარდელი გამომეტყველება მიეღო.
– მართლა? მაშინ, პრობლემაც არ არსებულა და შემიძლია, საკუთარ ენას კონტროლი არ გავუწიო.
– სამანტა, რატომ ცდილობ, საუბარი ისე წარმართო, რომ მანერვიულო?
– ნუ ინერვიულებთ და კოქტეილი მომიტანეთ, თუ შეიძლება... ჰო, კარგი იქნება, თუ თქვენი ცოლის შვილსაც გამაცნობთ. ამბობენ, რომ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა – პრინციპში, ამას სახლის ნახვის მერეც მივხვდი... ასე რატომ მიყურებთ?
– როგორ – ასე?! – გამოსცრა ლევანმა და იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი საფეთქლებზე...
– სიძულვილით. მე თქვენი მტერი არ ვარ, პირიქით...
– სამანტა, თავს ნუ იკატუნებ, ეს შანტაჟის მცდელობაა. შენ მე ულტიმატუმს მიყენებ.  დარწმუნებული ვარ, არ გაჩერდები, მუდმივად დამაშანტაჟებ და კარგად ისარგებლებ ამით.
– რა არის ამაში ცუდი? – წამწამები დააფახულა სამანტამ, – მაგრამ არჩევანი ხომ თქვენი გასაკეთებელია?! მე ხომ არ გაიძულებთ, ის გააკეთოთ, რაც მე მინდა? თავად მიხვედით იქამდე, რომ, გირჩევნიათ, ჩემი სურვილების ასრულებაზე იზრუნოთ, ვიდრე ჩვეულებრივად განაგრძოთ ცხოვრება... ვთქვათ ყველაფერი – რაც არის და როგორც არის.
– სამანტა, არაფერი ყოფილა, მე გეუბნები.
– მით უმეტეს, რიღასი გეშინიათ? მომიტანთ კოქტეილს?
ლევანმა ამოიოხრა:
– მოგიტან...
– ძალიან კარგი, – გადაიკისკისა გოგომ, – ესე იგი, შევთანხმდით...
ლევანმა ჩუმად გახედა მოულოდნელად გამოჩენილ „საფრთხეს“ და სახლისკენ გაემართა.. ფურშეტის მაგიდასთან მისვლა ვერც მოასწრო, რომ ზღურბლზე ნანა აღიმართა... თვალებს ისე აცეცებდა, აშკარა იყო, მას ეძებდა. ლევანი ცოლთან მივიდა:
– აქ ვარ, საყვარელო...
– კარგი იყო ბაღში? – დაეჭვებით ჰკითხა ნანამ და ქმრის ზურგს უკან ეზო მოათვალიერა.
– ჰო, ვსეირნობდი... ძალიან კარგი სახლი აქვს შენს შვილს.
– რა იცი? სახლის დასათვალიერებლად არ გამომყოლიხარ, ეზოში გასეირნება მოინდომე.
– აუცილებელდი იყო, ოთახები მენახა, ნანა? – დაიძაბა ლევანი და უცებ სამანტა დაინახა, რომელიც ბილიკზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა და ხელებს უქნევდა.
– ჰეი! სად არის ჩემი კოქტეილი?
– ეს ვიღაა? – წარბი ასწია ნანამ, ლევანისკენ შებრუნდა და ქმარს სახელოზე მოქაჩა, – ვინ არის-მეთქი!
ლევანმა დაიგმინა.
***
ნახევრად მძინარე თეონამ გაჭირვებით გაახილა თვალები და კახას გაუღიმა:
– დამეძინა... გელოდებოდი...
– რატომ მელოდებოდი, ხომ გთხოვე, დაიძინე-მეთქი?
– ჰო, მთხოვე, მაგრამ მე მაინც მინდოდა – თეონა ძილ-ღვიძილში ლაპარაკობდა.
– კარგი, კარგი, დაიძინე...
– ნასვამი ხარ?
– ჰო, ცოტა... – კახამ ამოიოხრა. თეონა ნელ-ნელა ფხიზლდებოდა. წამოჯდა, იდაყვზე დაეყრდნო და კაცს სახეში ჩააშტერდა:
– მოხდა რამე?
– თეონა, კარგი, რა, რა უნდა მომხდარიყო? რამდენჯერაც დავლევ, იმდენჯერ უნდა იძახო, რა მოხდა, რა მოხდაო? და, საერთოდაც, მოდი, შევთანხმდეთ: ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს, თანაც უნდა მოხდეს ის, რაც ლევანს უკავშირდება.
– მე ეგ არ მიფიქრია.
– არა, იფიქრე... იფიქრე და სწორედ ამიტომაც მკითხე. ასე არაფერი გამოვა, თეო...
– რას გულისხმობ? – დაიძაბა ქალი და კახას შეშფოთებული მიაჩერდა.
– თეონა, მომისმინე, არ მინდა ინერვიულო... საერთოდ არ მინდა, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ლევანი უნდა დავივიწყოთ... თუ მისი აჩრდილი ჩვენ შორის იდგება, ნორმალურად ურთიერთობას ვერ შევძლებთ – მგონი, ამას თავადაც ხვდები...
– ჰო, მაგრამ ლევანი არსებობს და ამას ვერ უარვყოფთ.
– მერე რა, რომ არსებობს. მთავარია, ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობდეს. გაიგე, რას ვამბობ?
– ჰო... მაგრამ ადვილი არ იქნება, – ამოიოხრა თეომ და უკვე საბოლოოდ გამოფხიზლებულმა თვალები მოისრისა.
– ვინ გითხრა, რომ ადვილია, მაგრამ, უნდა შევეცადოთ. სხვანაირად ორივეს ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან.
– მაგიტომაც დალიე? – წყნარად ჰკითხა თეონამ.
კახამ ქალს შეხედა და უხალისოდ დაეთანხმა:
– ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ შენც რომ ზუსტად ასეთივე განწყობით დამხვდი, უარესი დამემართა.
– რა გავაკეთო, მეც სასმლით ვებრძოლო ლევანის აჩრდილს?
– არა, რა თქმა უნდა... თეონა, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. არ მინდა, რომ ინერვიულო. ნელ-ნელა ყველაფერი დამთავრდება, ალბათ... მთავარია, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.
– ჰო... მე მართლა მიყვარხარ.
– მეც, – კახამ ხელი მოხვია ქალს და აკოცა. თეონა გაინაბა, თვალები დახუჭა და კაცის ძლიერ მკლავებს მინებდა...
***
ლევანს ერჩივნა, სადმე შორს გაჰქცეოდა ამ უხერხულ, უსიამოვნო და დამთრგუნველ სიტუაციას. გაჰქცეოდა, გაბის მკერდზე დაედო თავი და მასთან ერთად მისცემოდა ნეტარებას... მაგრამ რეალობა ხელ-ფეხს უკრავდა, სულს უხუთავდა. სიტუაციას ნანას დაჟინებული, გამომცდელი მზერა ამძიმებდა...
– ნანა, ისტერიკას ნუ მოაწყობ, ჩვეულებრივი გოგოა, ასეთი აქ ათი მაინც დადის..
– ჰო, მაგრამ, იმ ათიდან ეს ერთი გთხოვს კოქტეილს, თანაც ბრძანების კილოთი... გამაგებინე, რას აკეთებდი ეზოში სეირნობისას?
– არაფერს, ღმერთო ჩემო, არაფერს! მითხარი, ჩემს შვილთან წვეულებაზე უნდა წამოხვიდეო და წამოვედი... დაუახლოვდი დენისო და, ვცდილობ, დავუახლოვდე...
– დენის დაუახლოვდი, ატეხილ გოგოებს კი არა-მეთქი. შენ უკუღმა გაიგე? ისე, როგორც შენ გინდოდა?
– ნანა, არც ისეთი სულელი ვარ, ვიღაც გოგოს შენს ცხვირწინ დავუწყო შებმა.
– არ ვიცი, სულელი ხარ თუ არა, მაგრამ, ლოგიკურად მაქვს ეჭვიანობის საფუძველი.
– არ გაქვს და დაგიმტკიცებ კიდეც. ოღონდ, იმას კოქტეილს მივაწვდი და ისევ დავბრუნდები, მერე კი გვერდიდან აღარ მოგცილდები.
ლევანი ცოლის პასუხს არ დალოდებია, კიბე ჩაირბინა, ფურშეტის მაგიდიდან კოქტეილი აიღო და სამანტას მიუტანა:
– ყოჩაღ, მოახერხე და ჩემი ცოლი გადარიე. ასე ასრულებ პირობას?
– რა პირობას? რამეს დაგპირდი?
– სამანტა, სულელივით ნუ მიღიმი და ნუ მეკეკლუცები. ჩემი ცოლი გვიყურებს და პრობლემები არ მჭირდება.
– მე გიქმნი პრობლემას?
– ვერ ხვდები? უკვე შემიქმენი... ახლა წამოდი და, როგორც გინდა, გამოასწორე სიტუაცია.
– სანაცვლოდ რას მივიღებ? – სამანტამ მაცდურად მოჭუტა თვალები.
– ოჰ, ღმერთო... მიიღებ, მიიღებ... ოღონდ ახლა ნანას ეჭვები გაუფანტე.
– ძალიან კარგი... ასე ჯობია, – სამანტამ კოქტეილიანი ჭიქა გამოართვა და თავდაჯერებული იერით გაემართა ნანასკენ.
– დიდი ხანია, თქვენი გაცნობა მინდა. ამიტომაც თქვენი ქმარი გამოვიყენე. იმედია, არ გამიბრაზდებით.
– მართლა? ჩემი გაცნობა რატომ გინდოდათ? – ნანამ უნდობლად შეათვალიერა მოკლე და ღრმად დეკოლტირებულ კაბაში გამოწყობილი გოგო.
– მაქსის მეგობარი ვარ – თქვენი შვილის მეგობრის.
– აჰა... ჩემმა შვილმა კი მითხრა, მაქსი გერლფრენდმა მიატოვაო?!
– დიახ, ასეა, მაგრამ მე მაქსის გერლფრენდი არ ვარ. მეგობარი ვარ და აქაც მაქსმა მომიპატიჟა. თქვენს შვილს კი ახლა გავიცნობ.
– დენი შიგნით არის, სახლში...
– მაშინ, დროს აღარ წაგართმევთ და მაქსს მოვძებნი, რომ დენისთან წარმადგინოს, – სამანტამ ქალს შეჰღიმა და თეძოების გამომწვევი რხევით კარს მიღმა გაუჩინარდა.
– აჰა, შენი შვილი აინტერესებს, მე კი არა, – ლევანი შეეცადა, ცოლისთვის მხარზე მოეხვია ხელი, მაგრამ ნანა გვერდზე გადგა და შეუბღვირა:
– გგონია, ასე ადვილად მოვტყუვდები?
– ვინ გითხრა, რომ შენს მოტყუებას ვცდილობ, საიდან მოიტანე?
– არ ვიცი. ძალიან ცუდად იქცევი და ლამის ვინანო, რომ წამოგიყვანე.
– შენ გადაწყვიტე და მეც უარი არ მითქვამს. ნუ დამსჯი იმისთვის, რომ ვიღაც გოგომ კოქტეილი მთხოვა და აშკარად დენის შებმა აქვს გადაწყვეტილი.
– ლევან, შენი საქმე არ არის, ვის რა აქვს გადაწყვეტილი. დენი თავს უშენოდაც მიხედავს როგორმე...
– მეც მაგას ვამბობ, რომ მიხედავს. ტყუილად ნერვიულობ და მეც მანერვიულებ. თუ გინდა, საერთოდ წავიდეთ აქედან.
– არსადაც არ წავალთ. დენიზე რატომ არ ფიქრობ? ეს საღამო ჩვენთვის მოაწყო.
 – კარგი, ნურსად წავალთ, – მაშინვე დაეთანხმა ლევანი, – როგორ მინდა, რომ რაღაც სისულელეებზე აღარ ეჭვიანობდე. არაფრისგან ქმნი პრობლემებს...
– ვითომ? მე შენი დილანდელი საქციელიც არ მეჩვენება ნორმალურად.
– დილანდელი საქციელი? – გაიოცა ლევანმა ისეთი მიამიტი გამომეტყველებით, თითქოს საერთოდ ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა ქალი, – მგონი, დილით ორივემ ვისიამოვნეთ ჩემი საქციელით და, თუ ცოტა არანორმალური ვიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცდილობ, მრავალფეროვანი ვიყო.
– მე სექსი არ მიგულისხმია და თავს ნუ იკატუნებ. მობილურით ტუალეტიდან რომ რეკავდი, იმას გახსენებ. სერიოზულად ვფიქრობ, რომ შენს ცოლს ელაპარაკებოდი.
– ჩემი ცოლი შენ ხარ...
– აი, ისევ ცდილობ, მთავარი თემიდან გადაუხვიო. ლევან, მე სულელი ქალი არ ვარ, არც  თეონა არ ვარ, თუ, რა ერქვა იმ შენს ჩერჩეტ რჩეულს, რომელთანაც ცხოვრობდი?
– რა მნიშვნელობა აქვს... თეო საერთოდ არაფერ შუაშია. რაც შენთან ერთად წამოვედი, მისთვის ერთხელაც არ დამირეკავს.
– მე შენთვის მასთან დარეკვა არ დამიშლია. პრობლემა ისაა, რომ ჩუმად აკეთებ ამას, ჩემგან დამალულად. ბუნებრივია, რომ გამიჩნდა შეკითხვა: რატომ? რატომ აკეთებ ამას?!
– თეოსთან არ დამირეკავს, მართლა კახას ველაპარაკებოდი...
– ტუალეტიდან?
– ჰო, რა მოხდა მერე? თეოსთან აღარაფერი მაკავშირებს. რა უნდა გავაკეთო, რომ დაგაჯერო?
– ლევან, მომისმინე, – ნანამ ქმარს მკლავზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ მოქაჩა, – მოგწონს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ცხოვრება?
– არა. არ მომწონს, მაგრამ შენ მაიძულებ, ასე ვიცხოვრო.
– – აი, ხედავ? ისევ ცდილობ, თავი გაიმართლო.
ლევანმა თავზე იტაცა ხელები.
– არ გინდა ისტერიკები, – გააფრთხილა ნანამ, – თავი ხელში აიყვანე. ეს საღამო ნორმალურად ჩავამთავროთ...
– კარგი, სულ შენთან ვიქნები... გვერდზეც არ გავიხედავ, პირობას გაძლევ.
– შენ ან ვერ ხვდები, რას მოვითხოვ შენგან, თან თავს იშტერებ. ერთიც საშინელებაა და მეორეც.
– მოითხოვ ჩემგან – აი, რაშია პრობლემა... შენ შენს საკუთრებად აღმიქვამ, მე კი მინდა, შენი სრულფასოვანი პარტნიორი ვიყო, ნანა!..
– მეც ეს მინდა. როგორც კი შენ მიმართ ნდობა გამიჩნდება, ეგ ასეც იქნება.
სახლიდან დენი გამოვიდა:
– თქვენ სულ ლაპარაკობთ და ლაპარაკობთ... ცოტა გავერთოთ. ლევანი საერთოდ არ სვამს?
– ვსვამ. მიყვარს კარგი სასმელი.
– მაშინ, წამოდი. ჩემი საკუთარი რეცეპტით მომზადებულ კოქტეილებს შემოგთავაზებ.
– კოქტეილი ქალებმა დალიონ... რამე უფრო მაგარზე არ ვიტყოდი უარს, – თავი გამოიდო ლევანმა.
დენის გაეცინა და ნანას თვალი ჩაუკრა:
– ჩემი კოქტეილი ძალიან მაგარია, ჯერ გასინჯე...
დიდ სასტუმრო ოთახში, ბარის დახლთან, ახალგაზრდები ისხდნენ და გაურკვეველი ფერის სითხეს წრუპავდნენ. სამანტაც მათ შორის იყო, ხმამაღლა კისკისებდა და არც ცდილობდა მთლიანად მოშიშვლებული ბარძაყების დაფარვას. ლევანი ისე დაჯდა, რომ მისკენ ნახევრად ზურგშექცევით ყოფილიყო – იმის შიშით, რომ სამანტას სიშიშვლეებისკენ თვალი არ გაჰქცეოდა. დენიმ წინ კოქტეილით სავსე ჭიქა დაუდგა. ლევანმა უნდოდ მოსვა – სასმელს მართლაც უცნაური, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გემო ჰქონდა და ლევანმა ჭიქა საკმაოდ სწრაფად გამოცალა.
– ასე ჩქარა ნუ სვამთ, დათვრებით, – გააფრთხილა მაქსმა. ლევანმა უკმაყოფილოდ ახედა. წარმოიდგინა გაბრიელასა და ამ ტიპის ინტიმური შეხვედრები და მისადმი სიძულვილით აღივსო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მეგობრულად და თავაზიანად იღიმებოდა, ვერ აიტანა. ხელი აუქნია და კოქტეილით სავსე მეორე ჭიქაც ისევე სწრაფად გამოცალა... მერე აღარ ახსოვდა, მერამდენე ჭიქაზე გაიწელა მის გარშემო მსხდომი ადამიანების სახეები და გონება გაეთიშა.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3