კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციხეში ჯობდა

ჩარლზ ლამბარკი ციხიდან ვადაზე ერთი წლით ადრე გამოუშვეს – ეს მისი ოფიციალური გვარი იყო. ისე კი, დამნაშავეთა სამყაროში ჩარლი ლეინის, ჩაკ ლუისისა და ჯეკ კენტის სახელითაც იცნობდნენ. ციხეში ცხოვრება მასზე სასიკეთოდ აისახა: წონაში დაიკლო და ხუთი წლის განმავლობაში ყოველდღიური ვარჯიშით ისეთი ფორმები დაიყენა, რომ 52 წლისას 25 წელზე მეტს ვერ მისცემდი.
მატარებლით იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა და „მოღვაწეობდა“. ტაქსი პატარა სასაუზმესთან შეაჩერა და შიგნით შევიდა.
– უოლი მინდა, – უთხრა დახლთან მდგარ ახალგაზრდას, რომელსაც პირველად ხედავდა და ისიც გაშტერებული მიაჩერდა.
– რას მიყურებ, მე ჩარლი ლამბარსკი ვარ, უოლის დაუძახე. რა, აქ არ არის?
– ახლავე დავუძახებ...
ჩარლიმ მხრები აიჩეჩა და უსიამოვნო წინათგრძნობა გაუჩნდა – რაღაც ისე არ იყო, როგორც ხუთი წლის წინ.
სამზარეულოდან დაბალი, ჩასუქებული კაცი გამოვიდა. საკმაოდ ჭუჭყიანი თეთრი წინსაფარი ჰქონდა აფარებული და მზარეულს უფრო ჰგავდა, ვიდრე იქაურობის მეპატრონეს. ხელები გაშალა და ჩარლის გადაეხვია:
– მიხარია შენი ნახვა, ჩარლი... მშვენიერ ფორმაში ხარ.
 – მეც მიხარია, უოლი... ჰო, ციხეში ცუდად არ ვიყავი...
– შენი ჩეკის წიგნაკი გინდა, ხომ?
– რა თქმა უნდა, ჯიბეში ერთი გროშიც არ მიგდია.
უოლი კუთხეში, კედელზე ჩამოკიდებულ სურათთან მივიდა, გადასწია და პატარა სეიფი გააღო.
– აი, როგორც დატოვე... ბანკშიც მიმქონდა, რომ პროცენტები დაერიცხათ ექვსი ათასზე მეტია. ცოტა ხანს გეყოფა, სანამ ფეხზე დადგები. ამგრამ...
უოლიმ ყოყმანით შეხედა ჩარლის – აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა.
– ყავას დალევ?
– არა, მეგობარო. ენდისთან უნდა მივიდე. ხომ არსად გადასულა? ისევ იქ ცხოვრობს?
– არა, იქ აღარ ცხოვრობს. ახლავე დაგიწერ ახალ მისამართს...
ჩარლი გააკვირვა მეგობრის ახალმა საცხოვრებელმა. ენდის ფუფუნებითა და ხელგაშლით ცხოვრება უყვარდა, ეს უბანი კი აშკარად არ იყო მდიდრებისთვის განკუთვნილი. სამაგიეროდ, თავად ენდი არ იყო შეცვლილი – ისევე მაღალი და აკურატულად ჩაცმული იყო, როგორც ყოველთვის. ისინი სასტუმრო ოთახში იდგნენ და ერთმანეთს ღიმილით შესცქეროდნენ.
– ჩარლი, მეგობარო! რა კარგად გამოიყურები...
– შენც არა გიშავს. ეს რა ბინაა, აქ ცხოვრობ?
– ჰო. თუმცა, საიდან უნდა იცოდე... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებებია – მე შევეშვი, ჩარლი.
– რას შეეშვი? ვერაფერი გავიგე.
– მოდი, დაჯექი და ყველაფერს გეტყვი. ლუდი გინდა?
– ცუდი არ იქნებოდა.
ენდი სამზარეულოსკენ გაემართა, ჩარლიმ კი ბინა მოათვალიერა...
ლუდი შესანიშნავი იყო – ცივი, გემრიელი, პირს სასიამოვნოდ შუშხავდა...
– რა გეგმები გაქვს, ჩარლი? – ჰკითხა ენდიმ.
– რამდენიმე დღე დავისვენებ; შევხედავ, რა, როგორ... რას ფიქრობ, კორეი უკან მიმიღებს? მე ხომ არაფერი მითქვამს...
ენდიმ ამოიოხრა:
– მეგონა, იქ, ციხეში შეხვდით ერთმანეთს.
– ვინ? მე და კორეი? – განცვიფრებით შეხედა ჩარლიმ, – მაგით რისი თქმა გინდა?
– ერთი წლის წინ ჩავარდა... ძალიან დიდი ხმაური იყო მაფიის გარშემო, კონგრესიც კი ჩაერია. კორეი დიდი ხნით ჩასვეს...
– მერე, საქმე ვინ გადაიბარა?
– მგონი, არავინ... ჩარლი, შენ ძალიან ჩამორჩი ცხოვრებას. დიდი ამბები იყო და მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება შემეცვალა, რადგან გადავრჩი და არ დამიჭირეს. კიდევ უფრო გამიმართლა, რომ ცოცხალი დავრჩი. ამიტომაც მუშაობა დავიწყე – ტაქსისტი ვარ... ცოლიც შევირთე... დრო იყო, ჩემი ცხოვრების მოწყობაზეც მეფიქრა. მოკლედ, მე რეკეტს შევეშვი...
– ცოლი შეირთე? ვინ არის, მე ვიცნობ?
– არა მგონია. მერი ჰქვია. წეღან საყიდლებზე გავიდა.. წამოდი, რაღაცას გაჩვენებ – ენდიმ ჩარლი მეორე ოთახში გაიყვანა, სადაც პატარა საწოლში ვარდისფერლოყება ჩვილს ეძინა.
– გოგონაა, ლინდა ჰქვია....
– საყვარელია, – თავი დაუქნია ჩარლიმ, – მე წავალ.
– რატომ? იყავი. დილის ცვლაში ვარ, ჩემი ცოლიც მოვა და ვახშამს მოგვიმზადებს.
– არა, წავალ. ბინა უნდა მოვძებნო. როგორმე კიდევ შემოგივლი ამ დღეებში.
ჩარლი ქუჩაში გამოვიდა და ბანკისკენ გაემართა. ქალაქი ძალიან არ შეცვლილიყო, მხოლოდ მანქანები გამოიყურებოდა უფრო ახლებად. ჩარლიმ ფული გამოიტანა – ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, მხნედ და იმედიანად. თითქოს იმ იმედგაცრუებამაც გაუარა, რომელიც ძველი მეგობრის ნახვისას გაუჩნდა. ტაქსი გააჩერა. ტაქსიმ ისევ ენდი გაახსენა. დიახ, მას სრული უფლება ჰქონდა, პირადი ცხოვრება მოეწყო, მაგრამ ჩარლისთვის ეს მაინც ღალატი იყო.
ბარში, რომელშიც ძირითადად ჯგუფის წევრებთან ერთად შეივლიდა ხოლმე, ახლა მარტო ბარმენი მენი იდგა. მან მაშინვე იცნო და გაუღიმა:
– დაბრუნდი?
– ჰო, – მოკლედ მიუგო ჩარლიმ და ვისკი შეუკვეთა.
– დიდხანს არ ჩანდი.
– ხუთ-ნახევარი წელი.
– ჰო, ბევრია...
– ვინმე შემოდის? ხომ ხვდები, ვისაც ვგულისხმობ.
– ძველი ბანდა? რა ვიცი, დაიფანტნენ: ვინ ციხეშია, ვინ გაემგზავრა, ვინ ცოლი მოიყვანა. შენ რას აპირებ?
– ჯერ არ ვიცი.
– ალბათ, გაემგზავრები.
ჩარლიმ კითხვა უპასუხოდ დატოვა, ვისკი დალია, დახლზე ფული დადო და გარეთ გამოვიდა. ბინა მალევე იშოვა. საკმაოდ კარგ უბანში, კარგ სახლში და კომფორტულად მოწყობილი... გადაწყვიტა, მეორე დღეს საყიდლებზე წასულიყო გარდერობის გასაახლებლად. ოთახში შუქი არ აუნთია, სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მის თავს ზემოთ ადამიანები დადიოდნენ, ლაპარაკობდნენ. მათი ნაბიჯები ჭერს მსუბუქად აზანზარებდა... ჩარლიმ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა, ხელები კეფის უკან შემოიწყო და თვალები დახუჭა. ფიქრობდა, გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა... რაღაც გაურკვეველი ხმაური საკმაოდ გვიან გაიგონა. ღია ფანჯარაში ჯერ თავი გამოჩნდა, მერე ჩარლიმ მისი ხმაც გაიგონა.
– მოდი, მოდი, აქ არავინ არის... – დაიძახა ადამიანმა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცმა – ჩარლი ამას ხმით მიხვდა... ერთს მეორე მიჰყა და ოთახში ორი ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა... ჩარლის შიში არ უგრძნია, მხოლოდ გაეცინა – ეტყობოდათ, რომ დილეტანტები იყვნენ ამ საქმეში.
– ეი, ბიჭებო, ბინაში სინათლე რომ არ ანთია, იმას არ ნიშნავს, რომ აქ არავინ არის... გინდათ, ღამის ქურდობის გაკვეთილები ჩაგიტაროთ?
მათ არ უპასუხეს ჩარლის ამ კეთილმეგობრულ ფრაზას... ერთი მოულოდნელი ნახტომით პირდაპირ დააცხრა თავზე და ჩარლიმ მხოლოდ თვალი მოჰკრა დანის აპრიალებულ პირს. სანამ ბოლომდე გაიაზრებდა საფრთხეს, რომელსაც, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, სხეულში, მკერდთან, ამაზრზენი სიცივე იგრძნო და თვალებში დაუბნელდა... ბოლოს რაც გაიფიქრა, იყო ის, რომ ეს ბიჭები არაპროფესიონალები იყვნენ და, მისი, უბრალოდ, შეეშინდათ...

скачать dle 11.3