რატომ დაუდგა თავდებში ლავრენტი ბერია მოლოტოვის მოღალატე ცოლს სტალინთან
ლავრენტი ბერია ანგელოზი არ ყოფილა და მასაც, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, უმაღლესი თანამდებობის პირს, მას, ფაქტობრივად, არ ჰქონია შეცდომები და თავის ყველა ქმედებას იმ სახელმწიფოს ინტერესებს უქვემდებარებდა, რომელსაც თითქმის 35 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. ბერიას ბიოგრაფიის მკვლევარი, პროფესორი ვალენტინ სომოვი წერს: „ლავრენტი ბერია უნიკალური გონების, დიდი ორგანიზატორული ნიჭისა და ძალიან ფართო გაქანების პიროვნება იყო. მთელ საბჭოთა კავშირში სტალინთან ერთად მხოლოდ ბერიას (ნაწილობრივ მოლოტოვსაც) ჰქონდა სრულად გაცნობიერებული გლობალური მსოფლიო პოლიტიკის ჭეშმარიტი არსი და ბრწყინვალედ უწყოდა, რომ ამ სფეროში მცირედი შეცდომაც კი, დიდი კატასტროფის ტოლფასი იყო. სწორედ ბერიას ამ თვისებას აფასებდა ყველაზე მეტად სტალინი თავის პროტეჟეში და ამიტომაც ანდობდა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს. ამიტომ მიუშვა ის სახელმწიფოს მართვის საჭესთან ძალიან ახლოს...
ბერია სტალინის ძველი, გამოცდილი თანამებრძოლებისთვის „არსაიდან უეცრად მოსული“ კაცი იყო და თითქმის ყველა მათგანი თავიდან, დიდი ეჭვით უყურებდა და ავანტიურისტად მიიჩნევდა. თუმცა, „ლავრენტი პავლოვიჩმა“, რომელმაც კარგად უწყოდა პოლიტბიუროს წევრთა განწყობა მის მიმართ, თავისი ქმედებებით სულ მოკლე ხანში გადაარწმუნა ისინი და დაამტკიცა, რომ თითოეულ მათგანზე (სტალინის გამოკლებით) ათი თავით მაღლა იდგა.
1938 წლის ნოემბერში საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია კრემლში, პოლიტბიუროს სხდომაზე გაიწვიეს, რაც მისთვის სრული მოულოდნელობა იყო და არ იცოდნენ, თუ რაში იყო საქმე. გაკვირვებულები იყვნენ პოლიტბიუროს სხვა წევრებიც. ზოგიერთს კი ეგონა, რომ ბერიას კრემლში გამოძახება მის აღსასრულს ნიშნავდა, თუმცა მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. მაგრამ, როცა სტალინმა ბერიას „ენკავედეს“ შეფის, უკვე წყალშეყენებული ნიკოლაი ეჟოვის მოადგილეობა შესთავაზა, ყველანი მიხვდნენ, რომ საბჭოთა ბელადი ქართველ „პირველს“ „ენკავედეს“ შეფობისთვის ამზადებდა და რბილად რომ ვთქვათ, არ ესიამოვნათ. თუმცა, უარყოფითი პოზიცია არ გამოუხატავთ და გაჩუმება ამჯობინეს. მხოლოდ მოსკოვის ქალაქკომის პირველმა მდივანმა, ლაზარ კაგანოვიჩმა გაბედა სიტყვით გამოსვლა. ის იმ პერიოდში სტალინთან ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა, რადგან წარმატებით გაართვა თავი მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მშენებლობის პროექტს. ამის გამო გმირად იყო შერაცხილი თვით სტალინის მიერ და დაწინაურებას ელოდა. ის ტრიბუნასთან მივიდა და მართალია, ბერია არ გაულანძღავს და საქართველოში მის წარმატებებზეც კი ილაპარაკა, მაგრამ ბერიას „არსაიდან მოსული კაცი“ უწოდა და ასე დააბოლოვა თავისი გამოსვლა:
– ნურავინ იფიქრებს, მათ შორის ამხანაგი ბერიაც, რომ მე მას შეურაცხყოფას ვაყენებ. „არსაიდან მოსულ კაცში“ მე მის მწირ რევოლუციურ გამოცდილებას და ძალიან ახალგაზრდულ, შეიძლება ითქვას, ნორჩ ასაკს ვგულისხმობ. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ მან კიდევ რამდენიმე წელიწადი იმუშაოს საქართველოში და მხოლოდ ამის მერე დაგვეწინაურებინა?
კაგანოვიჩს თავად უნდოდა „ენკავედეს“ შეფობა და მიაჩნდა, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში უმძლავრესი ძალოვანი სტრუქტურის მეთაური. სწორედ ამიტომ იაქტიურა. სტალინმა უსიტყვოდ მოისმინა გამოსვლა, ეშმაკურად ჩაეცინა და ბერიას მისამართით თქვა:
– რას იტყვით, ამხანაგო ბერია?
ბერია თამამად ავიდა ტრიბუნაზე. ჩაახველა და გამართული რუსულით, მაგრამ ქართული აქცენტით მშვიდად თქვა:
– მე კომუნისტი ვარ. ჩემი პარტიისა და ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩემთვის მისაღებია ყველა ის სამუშაო (ბერიამ სტალინისკენ მიუთითა შეკრებილებს), რასაც ამხანაგი სტალინი და ჩემი ლენინური პარტია დამაკისრებს, – ბერიამ პაუზა გააკეთა. კაგანოვიჩს მოელვარე პენსნედან შეხედა და დაამატა, – ხოლო ის ფრაზა, რომ თითქოს მე „არსაიდან მოსული“ ვარ და ბოლშევიკური გამოცდილება არ გამაჩნია, ყოვლად მიუღებელია. არსაიდან მოსულები არ არსებობენ. ყველას აქვს ბიოგრაფია. ზოგს – მდიდარი, ზოგსაც – ნაკლებად მდიდარი. ჩემი ბიოგრაფია კი, ჩემი აზრით, ნათლად მეტყველებს ჩემზე. რაც შეეხება ჩემს „ნორჩ“ ასაკს (ბერიას გაეღიმა), ჩემი ბრალი არაა და ვფიქრობ, არც თუ ისე ნორჩი ვარ, რომ ვერ შევასრულო პარტიის დავალება.
ბერია თავის ადგილს დაუბრუნდა. პირგამშრალი, სახეწამოჭარხლებული კაგანოვიჩი კი თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა. სტალინმა კი, ვითომ არაფერი მომხდარაო, ბერიას დანიშვნის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და პირველმა მისცა ხმა ღიად მის ახალ პოსტზე დანიშვნას. იგივე გაიმეორეს დანარჩენებმაც. მათ შორის კაგანოვიჩმაც და სხდომა ამით დახურეს. ბერია იმავე საღამოს გადაბარგდა „ენკავედეს“ უფროსის მოადგილის სავარძელში. სამ კვირაში კი ეჟოვის ადგილი დაიკავა და ერთი თვის შემდეგ მისი დაპატიმრების ბრძანებაც გასცა...
ბერიას დანიშვნამ „ენკავედეს“ უფროსის პოსტზე ქვეყანაში სისხლიანი რეპრესიები შეაჩერა. მეტიც, პირველი ექვსი თვის განმავლობაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს 560 ათასი ადამიანი. 480 ათასი კი რეაბილიტირებული იქნა და მათ პარტბილეთებიც დაუბრუნეს. ძველ თანამდებობაზეც აღადგინეს და მრავალი მათგანი დააწინაურეს კიდეც. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ რეპრესიებით გაწამებული ადამიანები ახალი სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას „მზეს იფიცებდნენ“ და ეს სულ არ იყო გასაკვირი... მხოლოდ კაგანოვიჩი ვერ პოულობდა ადგილს და როგორც მოგვიანებით (ბერიას მკვლელობის შემდეგ) აღნიშნავდა, ყველგან და ყველაფერში გრძნობდა მის (ბერიას) უხილავ საცეცებს. კაგანოვიჩს მართლაც ჰქონდა შიშის საფუძველი, რადგან ბერიას უწყებამ ჯერ მისი ძმა ამხილა მფლანგველობაში, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს... ამასთანავე, კაგანოვიჩების და – სოფია, მეძავობაში იყო მხილებული და ამის დამადასტურებელი პორნოფოტოები პირადად ბერიამ წარუდგინა სტალინს. სოფია კაგანოვიჩი სტალინის სამდივნოში მუშაობდა. საიდუმლო სახელმწიფო საბუთებთან ჰქონდა წვდომა და ამის მერე პირადად სტალინმა გააგდო ის სამსახურიდან. შინაპატიმრობა მიუსაჯა და ქუჩაში გამოსვლაც კი აუკრძალა... ამგვარად, ლავრენტი პავლოვიჩმა ერთ დროს სტალინთან ყველაზე დაახლოებული და მის მემკვიდრედ შერაცხილი ლაზარ კაგანოვიჩი „დენთის კასრზე“ დასვა... მავანნი, განსაკუთრებით კი ბერიას სიკვდილის შემდეგ, ამბობდნენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი ბერიამ კაგანოვიჩებს შურისძიების მიზნით მოუწყოო. თუმცა, ბერიას არაფერი მოუგონია. ყველაფერი სინამდვილეში მოხდა და მან მხოლოდ მსვლელობა მისცა საქმეებს, თუმცა ბერიას შეეძლო, მათი (კაგანოვიჩების) საქმეები უფრო მეტად შეერბილებინა და საქმე დახვრეტამდე და შინაპატიმრობამდე არ მისულიყო. მაგრამ, ეს მას არ გაუკეთებია და კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
სრულიად სხვაგვარად მოიქცა ბერია მოლოტოვის მეუღლის, პოლინა ჟემჩუჟინას შემთხვევაში. როდესაც ბერიას, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლის მაკომპრომატირებელი ფაქტები მიუტანეს ხელქვეითებმა (ჟემჩუიჟინას საერთაშორისო სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობა დასტურდებოდა, რაც უპირობოდ, სიკვდილით ისჯებოდა), ლავრენტი პავლოვიჩმა ჯერ სტალინს აცნობა ეს, შემდეგ კი, საბჭოთა ბელადი დაარწმუნა, რომ მოლოტოვის ცოლის ცოცხლად დატოვება ბევრად უფრო მომგებიანი იყო და მოღალატეს მხოლოდ ციხე აკმარეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი, პირადად ბერია მივიდა ქალაქ ვლადიმირის სპეციალური დანიშნულების ციხეში. მსჯავრდებული ჟემჩუჟინა ციხიდან გამოიყვანა და მოლოტოვს კრემლში მიჰგვარა.
ბერიას შურისძიების მძაფრი გრძნობაც გააჩნდა, მაგრამ მოლოტოვის ცოლის შემთხვევაში, მან სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელა. მან კარგად იცოდა, რომ თუკი მოლოტოვის მეუღლეს დახვრეტდნენ, მაშინ მოლოტოვიც უნდა ჩამოეშორებინათ პოლიტიკისთვის. საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ძალიან საჭირო, წარმატებული მინისტრი იყო. მისი მოხსნა საბჭოთა საგარეო პოლიტიკას შეასუსტებდა და ამიტომაც, დაუდგა მოღალატე ქალს თავდებად სტალინთან.
მიუხედავად ყველაფრისა, მოლოტოვი ერთ-ერთი პირველი განუდგა ბერიას. მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და მისი ჯალათი გახდა, რასაც მოგვიანებით ძალიან ნანობდა“.