როგორ გადაარჩინა სტალინმა ახალგაზრდა საბჭოთა რუსეთი სრულ კრახს
1919 წლის დასაწყისში, რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფრონტებზე ბოლშევიკებისთვის ძალიან გართულდა მდგომარეობა. „ანტანტის“ ქვეყნების მიერ დაფინანსებული, წაქეზებული და გაძლიერებული თეთრგვარდიული დივიზიები შეუჩერებლად მიიწევდნენ წინ. წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ და ახალგაზრდა რევოლუციური ქვეყანა დიდი კრახის წინაშე აღმოჩნდა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა შეიქმნა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ფრონტზე, სადაც არისტოკრატული წარმოშობის რუსი გენერალი, ბარონი ვრანგელი დიდი ძალებით უტევდა. მთავარი სტრატეგიული პოსტი – ქალაქი ცარიცინი სამმაგ ალყაში ჰყავდა მოქცეული, დღე-დღეზე უნდა დაცემულიყო, რითაც თეთრგვარდიელებს დიდი სტრატეგიული უპირატესობა ექნებოდათ. წითლებს, ფაქტობრივად, მთელი სამხრეთი კავკასია ეკარგებოდათ. „თეთრებს“ კი გზა ეხსნებოდათ უმდიდრესი ქვანახშირისა და ნავთობის საბადოებისკენ, რაც „წითლების“ კრახსა და ახალგაზრდა ქვეყნის უპირობო დამხობას მოასწავებდა. ასეთ უმძიმეს ვითარებაში, ლენინმა სტალინი სამხრეთის ფრონტის მეთაურად დანიშნა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა ფრონტისა და ქვეყნის ხსნა დაავალა.
– ცარიცინში გაემგზავრე! ვინც გინდა, წაიყვანე. რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ ფრონტი და ქვეყანა გადამირჩინე! – მოკლედ და მგზნებარედ უთხრა ლენინმა სტალინს. თან, ცეკას საბუთი გაატანა საკუთარი ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც, ახლად დანიშნულ ცეკას სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს შეუზღუდავი უფლებები ეძლეოდა.
ლენინისგან წამოსულმა სტალინმა კლემენტი ვოროშილოვს შეუარა სამხედრო უწყებაში. სულ რაღაც თხუთმეტი წუთი ესაუბრა და იმავე დღეს, 1919 წლის 15 იანვარს ისინი ცარიცინში გაემგზავრნენ. პეტროგრადიდან ამ სამხრეთულ ქალაქამდე, 2 500-კილომეტრიანი მანძილი სულ რაღაც 36 საათში დაფარეს და ადგილობრივი, პარტიზანი, „წითელი“ კაზაკების მეშვეობით, სამმაგალყაშემორტყმულ ქალაქში მშვიდობიანად შეაღწიეს. 16 იანვარს, საღამოს 8 საათზე სტალინმა საგანგებო შტაბის თათბირი მოიწვია. ორი საათის განმავლობაში საგულდაგულოდ ეცნობოდა შექმნილ ვითარებას და როცა ყველაფერში გაერკვა, თავის თანმხლებ კომისრებს დარბაზშივე დააპატიმრებინა პოლკოვნიკი პრეობროჟენსკი, რომელიც ქალაქის დაცვის პასუხისმგებელი იყო და საკანში მოათავსა. ოლეგ პრეობროჟენსკი წითლების მხარეს გადასული ყოფილი მეფის არმიის პოდპოლკოვნიკი გახლდათ. ის ლენინის მითითებით იყო დანიშნული სამხრეთის ფრონტის სარდლად, თან პირადად მიანიჭა პოლკოვნიკის წოდებაც. პრეობროჟენსკისთან ერთად, სტალინის ბრძანებით, დააპატიმრეს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი, ძველი ბოლშევიკი ანტონ ნილინი და კომისარი რუდენკო, რომელიც ფრონტის მომარაგებასა და ჯარისკაცების მორალურ-იდეოლოგიურ მხარეს კურირებდა. ახლად დანიშნულმა სტალინმა პირადად ჩაატარა გამოძიება და როდესაც აბსოლუტურად დარწმუნდა მათ მოღალატეობაში (სამივე ცალ-ცალკე ვრანგელის კონტრდაზვერვის აგენტები აღმოჩნდნენ), მათი სიკვდილის დასჯის ბრძანებას მოაწერა ხელი... პრეობროჟენსკი, ნილინი და რუდენკო გამთენიისას დახვრიტეს ცარიცინის გარეუბანში, თან ამის შესახებ ჯარისკაცებსა და ოფიცრებშიც გაავრცელეს ინფორმაცია... პრეობროჟენსკის მაგივრად კი, სტალინმა ფრონტის სარდლად კლემენტი ვოროშილოვი დანიშნა; მის მოადგილედ – სემიონ ბუდიონი, რომელიც პირველ საცხენოსნო არმიას მეთაურობდა და მთელ სამხრეთ ფრონტზე „წითლების“ ყველაზე ბრძოლისუნარიან და საიმედო ძალად ითვლებოდა. 18 იანვარს სტალინმა ლენინს ტელეგრაფით შეტყობინება გაუგზავნა მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და რევოლუციის ბელადის შექება და სრული მხარდაჭერა მოიპოვა... მოგვიანებით მარშალი ვოროშილოვი ასე იხსენებდა ცარიცინის ამბებს: „კობას ერთმნიშვნელოვნად მტკიცე და სწორი გადაწყვეტილების შემდეგ, რასაც ლენინმაც სრულად დაუჭირა მხარი და მას კიდევ ერთხელ მისცა ხელში სრული კარტ-ბლანში, სამხრეთ ფრონტის გამგებელმა (სტალინმა) ერთი ეშმაკური ოპერაცია მოიფიქრა, რაც მომავალში ცარიცინის კამპანიის წარმატების საწინდარი გახდა...“
სტალინის გეგმით, ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ვოსკოვისა და ვასილენკოს პოლკებს ცრუ მანევრი უნდა განეხორციელებინათ. წინა ხაზი გაეკვეთათ და ისეთი სურათი შეექმნათ მოწინააღმდეგისთვის, რომ თითქოს ნებდებოდნენ. შემდეგ კი საკუთარი პოზიციებიდან დაძრული, მოტყუებული თეთრგვარდიელების რჩეული ნაწილები ბუდიონის კავალერისტებს ალყაში უნდა მოექციათ და უწყალოდ ეჟლიტათ...
„მტერი ბოლომდე უნდა გაანადგურო, რომ წინააღმდეგობის სურვილი ჩაუკლა“, – ასეთი პრინციპით მოქმედებდა სტალინი, რამაც ბოლომდე გაამართლა. ბარონ ვრანგელის უზარმაზარ არმიას რჩეული ნაწილები (18 ათასი ადამიანი) იქით მოაქცია ალყაში და მათი 80 პროცენტი (თითქმის 15 ათასი კაზაკი) სულ რამდენიმე საათში გაჟლიტეს. ამით კი წითლებს ფართო დერეფანი გაეხსნათ გადამწყვეტი შეტევისთვის. თუმცა, ახალი ოპერაცია ძალებისა და რესურსების მობილიზაციას საჭიროებდა. ეს კარგად იცოდა სტალინმა და ვოროშილოვს უთხრა:
– ახალი ოპერაციისთვის მინიმუმ ოთხი დღე მაინც დაგვჭირდება. ბარონმა (ვრანგელმა) ეს არ იცის და რომ შემოგვიტიოს, დიდ ზარალს მოგვაყენებს. ამიტომ, იარაღის დაყრა შესთავაზე, სანაცვლოდ კი, მისი არმიის ხელშეუხებლობა და საკვები პროდუქტებით მომარაგება აღუთქვი. მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა მიეცი. ის, რა თქმა უნდა, უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე და ერთკვირიან მოსაფიქრებელ პერიოდში თავადვე შეეცდება, ჩვენზე გადამწყვეტი იერიში მოიტანოს, ვფიქრობ, ოთხი-ხუთი დღის შემდეგ. ამ პერიოდში კი ჩვენ სრული მობილიზება და გადაწყობა უნდა მოვასწროთ და იქით შევუტიოთ...
სტალინის პროგნოზი მართლაც რომ წინასწარმეტყველური იყო. ვოროშილოვის წარგზავნილებმა ბარონს წინადადებასთან ერთად ოცი ურემი პროდუქტებიც მიუტანეს „კეთილი ნებისა“ და დამშეული თეთრგვარდიელების დასაპურებლად. სინამდვილეში კი, „წითლებს“ სულ ორმოცი ურემი საკვები ჰქონდათ დარჩენილი და ეს ქმედება ცრუ მანევრი იყო. სანამ ბარონი ფიქრობდა, სინამდვილეში კი, საკუთარი არმიის გადაწყობასა და მომარაგებაზე ზრუნავდა, „წითლებმა“ საკვების დიდი მარაგიც მოაგროვეს, ძალებიც გადააჯგუფეს და ხელსაყრელი პოზიციებიც დაიკავეს. ვრანგელმა კი, რომელსაც „პატიოსანი სიტყვა“ ჰქონდა მიცემული „წითლებისთვის“, რომ მინიმუმ ერთი კვირა ერთ ტყვიასაც კი არ გაისროდა საპირისპირო მიმართულებით, 24 იანვარს, გამთენიისას ანუ შეთანხმებიდან მესამე დღეს, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ცარიცინზე. როდესაც მზვერავებმა სტალინს შეატყობინეს ამის შესახებ, მან ვოროშილოვს უთხრა:
– კლიმ ეფრემოვიჩ, ბარონი ვრანგელი ძალიან სულსწრაფი და „პატიოსანი სიტყვის“ დამრღვევი ყოფილა. ამიტომ, არც ჩვენი პირობაა ძალაში და მიდი, ჩვენი ჩანაფიქრი განახორციელე და იმ უპირობოებს დასცხე...
1919 წლის 24-25 იანვარს ვოროშილოვისა და ბუდიონის გაერთიანებულმა ძალებმა, სამმაგი ეშელონირებული იერიშით მიწასთან გაასწორეს თეთრგვარდიელთა შემტევი ძალები და 36 ათასი ჯარისკაცი დახოცეს (წითლებს სულ 300 ადამიანი დაეღუპათ), 8 ათასი ტყვედ აიყვანეს. დანარჩენი 40 ათასი კი გაიქცა და გაქცეულებს თავად ბარონი ვრანგელი ედგა ავანგარდში. მომავალი ერთი თვის განმავლობაში წითლებმა მთელი სამხრეთი რეგიონი გაწმინდეს. სტალინი კი ცენტრში დაბრუნდა. ლენინს გამარჯვება უპატაკა და თავად მისგან მიიღო სპეციალურად ერთ ეგზემპლარად დამზადებული მედალი – „ცარიცინის გათავისუფლებისთვის“. მომავალში უკვე თავად გაბელადებულ სტალინს არაერთხელ მიუმართავს მსგავსი ეშმაკობისთვის. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ანცვიფრებდა თავის სარდლებს გონებამახვილობითა და სამხედრო სტრატეგიის უზადო ცოდნით...“
სხვათა შორის, ვოროშილოვი თავის მოგონებებში წერს, რომ ცარიცინის გათავისუფლების ტაქტიკური გეგმის ნაწილი სტალინმა დიდგორის ბრძოლიდან აიღო. საუბარია იმ მომენტზე, როდესაც ვითომდა მოღალატე ორასი ცხენოსანი დანებების მიზნით შეიჭრა მტრის შუაგულში და მათ ჟლეტა აუტახა. ცნობილი მარშლის თქმით, სტალინმა მას ეს კუნცევოს ერთ-ერთი ღამის ვახშმობისას გაანდო.