რომელი საკვები და სანელებლები უნდა მიირთვათ ხშირად
ჯანმრთელობის გაუმჯობესება სწორად შერჩეული საკვებითაც შეგიძლიათ. დააკვირდით, თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებული და ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და საკვებ რაციონში ხშირად შეიტანეთ შემდეგი ჩამონათვალი:
* ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
* კიტრი და მისი წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. მასში შემავალი გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.
* ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს მავნე ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
* პომიდორი დაბალკალორიული ბოსტნეულია და მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.
* ნიგოზი ნერვების წამალია. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
* ბანანი ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს. მასში შემავალი კალიუმი კი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.
* სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავების წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.
* რძის ცილა შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან, ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც სასიკეთოდ მოქმედებს თმის ხარისხზე.
* ხახვში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.
* მენიუში კარტოფილის ჩართვით თქვენს ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებთ, განსაკუთრებით კი ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. მისი წვენი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განსაკურნებლად უებარია. თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი. მძიმე ფორმის მოწამვლისას კი, მხოლოდ მოხარშული კარტოფილის ჭამა წამლად შეგერგებათ.
* წიწაკა არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არამედ, აქტიურად ებრძვის ტიპურ სეზონურ დაავადებებსაც.
* მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისეპტიკურ ნივთიერებას – ევგენოლს. ამიტომ, მას ხშირად იყენებენ ბრონქული ასთმისა და ხველების დროს. მიხაკის გამხმარი ყვავილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს მხედველობას და ტვინის მუშაობას.
* როზმარინის ფოთლების ნაყენი გამოიყენება სახისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს, საკვების სახით. როზმარინისგან დამზადებული ეთერზეთი უებარი საშუალებაა რევმატიზმისა და რადიკულიტის გამწვავების დროს შესაზელად.
* ქონდარი გვიცავს ბაქტერიების შემოტევებისგან, ამ თვისებას მას ანიჭებს ფენოლური შენაერთი. ქონდრის ნახარშს უძველესი დროიდან იყენებენ ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ქონდარი სპობს მიკრობებს, ათხელებს შესქელებულ ლორწოს და აუმჯობესებს სუნთქვას.
როდის გამოიყენება არაყი სამკურნალოდ
ზოგიერთი ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ მხრივ, სამკურნალო თვისებები გააჩნია ღვინოს, ლუდსა და არაყსაც კი.
მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას.
მაღალი ხარისხის არაყი ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს არომატული, აქროლადი ნივთიერებებითა და ნაერთებით, რომლებიც დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.
არსებობს საკვები, რომელზეც არყის დაყოლება მავნეა ორგანიზმისთვის, ასეთებია: მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, სუპები, თევზი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკვების მიღების დროს არაყს დალევთ, ისინი ვერ შეითვისება ორგანიზმის მიერ. არაყთან რეაქციაში მწვანილსა და ბოსტნეულში არსებული ორგანული მჟავები წარმოქმნის მავნე ნივთიერებებს, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა გამოიწვიოს. მცირე რაოდენობით არყის მიყოლება სასარგებლოა ხორცთან და ცხიმიან საკვებთან.
რომელი დაავადების დროს რომელი ვარჯიშები უნდა ჩაატაროთ
ზოგიერთი დაავადების დროს აუცილებელია სპეციალური ვარჯიშების ჩატარება და ამავდროულად, საჭირო საკვების მიღება.
დაბალი წნევის დროს დაგეხმარებათ ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას. ასევე, ეფექტური შედეგი აქვს მასაჟსა და კონტრასტულ შხაპს.
ჰიპოტონიკებისთვის სასარგებლოა მარილიანი საკვები. სისხლის წნევის ამწევი მსუბუქი საშუალებაა ახალმომზადებული მაგარი ჩაი, რომელიც ბუნებრივი მატონიზებელია. ამ დროს კარგია სოია, ხილი, ბოსტნეული – ეს პროდუქტები ვიტამინებითაა მდიდარი; ასევე, კარგია, თუ მიირთმევთ თხილეულს, მზესუმზირასა და მარცვლეულს.
ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან საბრძოლველად აუცილებელია სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ცურვა. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები ზემოთ და ასე გაჩერდით, დაახლოებით, 30-40 წუთის განმავლობაში – ეს ვარჯიში ყოველდღე რამდენჯერმე შეასრულეთ. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას. ზედმეტმა წონამ, შესაძლებელია, ეს დაავადება კიდევ უფრო გაამწვავოს, ამიტომ, აკონტროლეთ სხეულის წონა. თუ ვენების გაგანიერება გაწუხებთ, აუცილებლად შეიტანეთ საკვებ რაციონში თუთიის შემცველი პროდუქტები: სიმინდი, კომბოსტო, სოია, ისპანახი, ახალი მჟავე ხილი და წიწიბურა.
ათეროსკლეროზის დროს თქვენს სისხლძარღვებს ვარჯიში სჭირდება. ამისთვის ყოველდღიურად უნდა აკეთოთ ბუქნები და მიიღოთ გრილი შხაპი. ასევე, კარგია სწრაფი სიარული. სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს ნიორი, წიწაკა, ხახვი და ბოლოკი. ეს ბოსტნეული მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
მეტეორიზმის დროს მოერიდეთ ისეთი პროდუქტის მიღებას, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. ასეთია ის საკვები, რომელიც კუჭში დიდხანს ჩერდება. რძის შაქრის ანუ ლაქტოზის ინდივიდუალური აუტანლობა, ასევე, იწვევს მეტეორიზმს. ასეთ დროს ლაქტოზა არ იშლება ნაწლავებში მასში დამშლელი ფერმენტების არარსებობის გამო. მენიუში შეიტანეთ უხსნადი ბოჭკოების შემცველი პროდუქტები. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ გადაიტვირთავთ კუჭს ზედმეტი საკვებით. წვნიანი, ხილ-ბოსტნეული, კენკროვნები, ატამი, ნესვი, ალუბალი, ქლიავი და პომიდორი ხელს უწყობს საკვები მასის სწრაფ გადაადგილებას ნაწლავებში, რაც თავისთავად ამსუბუქებს მეტეორიზმს. მცირე რაოდენობით მჟავე ხილის, კერძოდ, მჟავე ვაშლის, ლიმონის ან გრეიპფრუტის ჭამის წინ მიღება აძლიერებს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ სიმჟავის გამოყოფას, ეს კი ხელს უწყობს საჭმლის მონელების შემსუბუქებას და აფერხებს მეტეორიზმის განვითარების რისკს.
რომელი საკვები მოქმედებს დადებითად პოტენციაზე
ადამიანის სექსუალური შესაძლებლობები დამოკიდებულია საკვებზე. თუ გინდათ, რომ საკვები თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე აისახოს, მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს A, B, C და E ვიტამინები. გარდა ვიტამინებისა, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და დაბალანსებული პროდუქტებით.
პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტებია: კვერცხი, ყველი, ხაჭო, ნიორი, კიბორჩხალა, ხამანწკა, ხახვი, სუნელები, ისპანახი, თაფლი, ქინძი, ოხრახუში, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი და ასე შემდეგ.
ასევე, ბევრი ბოსტნეული და ხილი ამაღლებს პოტენციას, განსაკუთრებით კი – პიტნა, ტარხუნა, ანისული, ქონდარი, კვლიავი, რადგან ეს პროდუქტები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში. ასევე, კარგია თალგამი, ჭარხალი, თაფლი, რძე, წითელი წიწაკა, ვაშლი, ბროწეული, ოხრახუში და ძმრითა და მზესუმზირის ზეთით შეზავებული სალათები; ხაჭო, არაჟანი და ყველი კი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს ძლიერი სქესის წარმომადგენლების პოტენციაზე.
A ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ამაღლებს სექსუალურ პოტენციას. ის დიდი რაოდენობით შედის რძეში, ყველში, ცხოველურ ცხიმებში, სტაფილოში, ისპანახში, წიწმატსა და სალათის ფოთოლში.
B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებს ნერვულ სისტემას, რაც აუცილებელია ადამიანის სექსუალური აქტივობისთვის. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ხორცი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ხორბალი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო.
C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ლიმონი, მოცხარი, ქაცვი და კომბოსტო.
E ვიტამინის მეშვეობით ფუნქციონირებს მამაკაცისა და ქალის სასქესო ჯირკვლები. მას დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხი, თევზი, საქონლის ღვიძლი და ქაცვი.