ვინ მიიყვანა გურამ შარაძე კიტოვანთან დასახვრეტად
„საეჭვო მკვლელობების ციკლს ბოლო არ უჩანს... შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ… ფაქტია, ქართული პოლიტიკა სისხლით იკვებება! უფრო სწორად, კარიერის მაძიებელი ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს შვილებისა თუ ოჯახის სხვა წევრების ფიზიკური განადგურებით უსწორდებიან. მთავრობა და სამართალდამცავები კი ჯიუტად სდუმან!..კმარა, ბატონებო! ხმა ამოიღეთ, თორემ… გამწარებულ ხალხს მოთმინების ფიალა აევსება და… აკი, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება!!! უაზრო ქართველთ ჟლეტას ბოლო უნდა მოეღოს. ის მაინც გაგვაგებინეთ, უახლოეს მომავალში კიდევ ვის მოკვლას აპირებთ?!.“ – ამ სიტყვების ავტორი 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში ვერაგულად მოკლეს. ვერაგულად მოკლეს მისი უფროსი ვაჟიც.
მოკლედ, სათქმელს თავად გეტყვით. მაშ ასე, გტოვებთ ფილოლოგ, ისტორიკოს, პოლიტიკოს გურამ შარაძის ძალზე საინტერესო დღიურებთან. ის მისმა ქალიშვილმა რუსუდანმა გადმოგვცა.
„მიდი, ერთი, მიახვრიტე...“
„როდესაც ომის პირველსავე დღეს შემოცვივდნენ ლიტერატურის მუზეუმში კიტოვანის გვარდიელები. მე მათ კარში გადავეღობე სიტყვებით: როგორ ბედავთ, აქ ილიას, აკაკის, გალაკტიონის ხელნაწერებია-მეთქი, მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „რაღაც ქაღალდებზე გველაპარაკება”. მათ არ იცოდნენ, სიტყვა „ხელნაწერის” მნიშვნელობა. „მიდი, ერთი, მიახვრიტე, ქაღალდების გულისთვის არ გვიშვებს”, – ეუბნება ერთი მეორეს. რაზეც პასუხი გაისმა: „ჯერ ბატიასთან წავიყვანოთ და იმან დახვრიტოს”. როდესაც კიტოვანის კაბინეტში შემიყვანეს, ჩემი თანმხლებლების გასაოცრად, კიტოვანი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. იქვე, ოთახში, აწამებდნენ ედიშერ გიორგაძეს და ვინმე დიდებულიძეს, რომელიც, თავის დროზე, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დადიოდა რუსთაველის პროსპექტზე. კიტოვანმა მკითხა: „ბატონო გურამ, რაზე შეწუხდით”. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. თენგიზ კიტოვანი პატივისცემით მომექცა. ამის დავიწყება ნამდვილად არ შემიძლია. მეც არ დავახანე და მოვუჭერი: „თუკი მიცნობთ და პატივს მცემთ, იქნებ უზრუნველყოთ ლიტერატურის მუზეუმის უსაფრთხოება”. მართალია, კიტოვანი იმის გარანტიას ვერ იძლეოდა, რომ არავინ ხელყოფდა მუზეუმს, მაგრამ, შემომთავაზა ხელნაწერთა უსაფრთხო ადგილას გადატანა. მე და ჩემი რამდენიმე თანამშრომელი (ციცი ბუქურაული, რუსუდან კობახიძე, ლია გედევანიშვილი და რუსუდან დაუშვილი) ერთი წუთით არ ვტოვებდით შენობას. თუმცა, ღამით ქალბატონებს შინ ვუშვებდი. დავძენ, რომ თვით კიტოვანმა, რომელიც „მტრის ბანაკს” განეკუთვნებოდა, გულახდილად გამანდო, რომ ხელნაწერთა ტრანსპორტირების ოპერაციაც უსაფრთხო არ იქნებოდა, რადგან დაპირისპირებულ მხარეთა სნაიპერებს, გაუგებრობის გამო, შეიძლებოდა, ტყვია ჩვენი მიმართულებით გამოეგზავნათ. ამიტომ, შევთანხმდით იმაზე, რომ, როგორც კი შეიარაღებული გვარდიელები მუზეუმში მოვიდოდნენ, უმალ კიტოვანისთვის მეცნობებინა. ასე გადავარჩინე ლიტერატურის მუზეუმი უმცირესი დანაკარგების გარეშე. ხელნაწერთა გარდა, იქ უამრავი მემორიალური ნივთია, მათ შორის, გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები... ასევე, ტრაგიკული ხანძრის დროს შევვარდი და რისი გადარჩენაც შევძელი, გადავარჩინე კოლხურ კოშკში. როგორც ჩანს, ტყვია-წამლის გარდა, კოლხური კოშკის ამაოხრებლებმა მომწამვლელი გაზებიც იხმარეს, რამაც ქრონიკულად დამიავადა თვალები და ამიტომ არქივში მუშაობისას დღესაც აირწინაღით შევდივარ.
ტროპინინის ქართველი ქალი
ჯერ კიდევ 1978 წელს გამოვიდა ჩემი მონოგრაფია „მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა...“ მანამდე, 10 წლით ადრე ყირიმში მე აღმოვაჩინე მიხაი ზიჩის 44 უცნობი ნამუშევარი (მათ შორის 10 ავტოპორტრეტი), რომლის თაობაზე ჩემი გამოკვლევები უნგრულ ენაზე გამოქვეყნდა ბუდაპეშტის აკადემიურ და სალიტერატურო პრესაში. ზიჩიზე დაწერილი წიგნისა და მისი უცნობი ნამუშევრების აღმოჩენისთვის მომენიჭა უცხოელებისთვის დაწესებული უნგრეთის რესპუბლიკის უმაღლესი ეროვნული ჯილდო – ოქროს მედალი „უნგრეთის ინტერესების დაცვისთვის მთელ მსოფლიოში”... ჟურნალ „ხელოვნებაში” ამ სამი ათეული წლის წინ დაიბეჭდა ჩემი ნარკვევი „ტროპინინის უცნობი ქალის პორტრეტი”, რომელშიც საუბარია პუშკინის თანამედროვე, ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტის ავტორის, გამოჩენილი რუსი მხატვრის, ტროპინინის ნამუშევარზე „უცნობი ქართველი ქალი”, სათანადო მტკიცებულებათა საფუძველზე გამოტანილი ჩემი დასკვნით, ის უნდა იყოს ამ დროს პეტერბურგში მცხოვრები პირველი ქართველი აკადემიკოსის, თეიმურაზ ბაგრატიონის მეუღლე – ელენე ამილახვარი... თუ ასეთი „ველური და მხატვრობაში გაუნათლებელი” იყო ეს შარაძე, (გ. შარაძე) ვინ აიძულებდა, პარიზში ვიქტორ ნოზაძის რძალს და ძმას – ლიდა და გიორგი ნოზაძეებს სწორედ შარაძისთვის დაეტოვებინათ ანდერძი, რომლის საფუძველზე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ვერა ფაღავას, ფელიქს ვარლამიშვილისა და სხვათა პარიზში შექმნილი შედევრები. თუ ასეთი „ველური და უწიგნური” იყო ეს შარაძე, ვინ ავალდებულებდა მას ერთი ღირსეული პატრიოტი ქართველი ემიგრანტის – ჯაბა ხაბულიანის თხოვნა შეესრულებინა და მის კოლექციაში დაცული ვასილ ჯორჯაძის შესანიშნავი მხატვრული ტილოები პარიზიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმისთვის ჩამოეტანა; ხოლო მეორე, ასევე შესანიშნავი ქართველი ემიგრანტი ცოლ-ქმრის (თინა და კარლო ინასარიძეების) თხოვნით, პარიზიდან როდენის სახელოსნოში გენიალური მოქანდაკის საავტორო ყალიბში ჩამოსხმული „მოაზროვნის” ბრინჯაოს ასლი რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე ეტარებინა და თბილისში ხელოვნების მუზეუმისთვის გადაეცა. პარიზში კი, ელისეს მინდვრებზე დადგმული განთქმული შადრევნის „ვასალის წყაროს” რამდენიმეტონიანი ქანდაკების ზუსტი ასლი თბილისში ჩამოეტანა და საპატრიარქოს წინ მდებარე სკვერში, ერეკლეს მოედანზე დაედგა!..
გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის პლაკატი
...უკვე ნაჯდომი კაცი მქვია და შეიძლება ითქვას, „ქურდად ვზივარ”, რა… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით… ისე, ერთი ციხეში ნაჯდომი კაცის სახელი მაკლდა ჩემს რეგალიებში და ისიც შევიძინე. ახლა, რაც შეეხება იმას, სად და როგორ გავატარე ეს 15 დღე. მე ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ ვიყავი და არა სისხლის სამართლის. მაგრამ, როგორც კრიმინალი, კაცისმკვლელი ან რაიმე უბედურების ჩამდენი, ისე ჩამიყვანეს ეგრეთ წოდებულ „კაპეზეში” იარაღიანებმა და ნიღბიანებმა, შემაგდეს ისეთ საკანში, სადაც გამოუსწორებელ რეციდივისტებს აგდებენ ხოლმე… არა შუქი, არა სითბო… დარბიან ვირთხები, თაგვები და ისმის წყლის გამუდმებული ჩხრიალი… ჩამომართვეს ტელეფონი, საათი, სათვალეც კი. რა დანაშაული ჩავიდინე ასეთი? რაღაც სტამბურად დაბეჭდილი პლაკატი – გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის, სატანიზმის გამავრცელებელი დავხიე, ჰო… მთელი 15 დღე ასეთ უმძიმეს პირობებში გავატარე… წესით, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ახლა „კაპეზედ” რომ მოვიხსენიე, 2 დღეზე მეტს არ აჩერებენ დაკავებულს. დაუმტკიცდება თუ არა დანაშაული, მაშინვე გადაჰყავთ კამერაში, ან კოლონიაში. მე, ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ, 15 დღე გავატარე იქ, რაც კანონის უხეში დარღვევა იყო... ეგღა აკლდა გურამ შარაძეს, მათთვის დახმარება ეთხოვა. ეს ჩემს უკითხავად გააკეთა ადვოკატმა, თუმცა რა პასუხიც მიიღო, კი იცით. სხვათა შორის, მე არც ვიცოდი და მოგვიანებით გავიგე, რომ ყოფილ დეპუტატს შეუძლია, ისარგებლოს იმუნიტეტით დეპუტატობის ვადის გასვლიდან ოთხი წლის შემდეგაც. ასე რომ, უკანონოდ გავატარე ციხეში ეს 15 დღე...
„მკვლელობის გამოსამზეურებლად სწორ გზას დაადექით...“
სიტყვას, „თვითმკვლელობა” ერთხელ ვიტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ, რადგან ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტის ეს ხარისხი იმდენად შეურაცხმყოფელია ჩემი შვილის სულისთვის, რომ ამის გაფიქრებაც კი არ მინდა. გამოძიებას ყალბი დასკვნებით სურს ეს უმძიმესი აქტი ჩემს შვილს გადააბრალოს, ნამდვილი მკვლელის ვინაობა, მკვლელობის მოტივები კი მიჩქმალოს, შემთხვევა მიაფუჩეჩოს და ჩაფარცხოს. ეს არ გამოუვათ. მე არაფერი მაქვს აკვიატებული. პრეზიდენტმა პირველივე დღეს დამირეკა და მითხრა: „გურამ, შენ გვერდით ვარ, გითანაგრძნობ და შენთან ერთად ვტირი!” ამ სიტყვებს სტენოგრაფიული სიზუსტით გეუბნებით. პრეზიდენტმა ეს სიტყვები მითხრა ტელეფონით და გამიმეორა იმ დღესაც, როცა მეუღლესთან ერთად პანაშვიდზე სამძიმრის გამოსაცხადებლად მობრძანდა. მე პრეზიდენტს ვუპასუხე, რომ სიმართლის, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. ჩემი შვილისთვის არც დაფნის და არც ეკლიანი წამებულის გვირგვინი მაინტერესებს. ახლავე მინდა ვთქვა, რომ ვერავინ მომატყუებს და თავსაც არ მოვიტყუებ. ვინც დამარწმუნებს სიმართლეში, რაც არ უნდა მწარე იყოს ის, მე იმის გვერდით ვიქნები. ერთი რამეც მინდა მოვიგონო. ამ 15 წლის წინ, როცა ილია ჭავჭავაძეზე დიდი მონოგრაფიის წერას შევუდექი და ილიას მკვლელობას ვიკვლევდი, დოკუმენტურად დავასაბუთე, რომ ილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოკლეს. მაშინ ალექსი ინაურმა გამომიგზავნა „კაგებეს” ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს უკანასკნელი დღეს მწერლობს და შემომითვალა: „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ილიაზე დიდ ნაშრომს წერთ. ისიც ვიცით, რომ ილიას მკვლელობის გამოსამზეურებლად სწორ გზას დაადექით და ეს გზა კომუნისტებამდე მიგიყვანთ. კატეგორიულად გიკრძალავთ მუშაობის გაგრძელებას!” ამის მთქმელი კაცი დღესაც ცოცხალია. მე მაინც არ დავიშალე და ჩემი პატარა რეზიუმე გაზეთ „თბილისში” გამოვაქვეყნე. თუ რა უქნეს „თბილისის” რედაქტორ ოთარ იოსელიანს ამ წერილის გამოქვეყნებისთვის, შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ. ის საბოლოოდ ემსხვერპლა ამ საქმეს. ამ მონოგრაფიისთვის შემდეგ სახელმწიფო პრემიით დამაჯილდოვეს... ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ყალბად გამოძიება ჩავშალე და ჩემი შვილის გარდაცვალების ყალბ ვერსიას გავიზიარებ? დამარწმუნონ და, კი ბატონო! მე ჩემი შვილის სიცოცხლე ვერ დავიცავი და სიკვდილის შემდეგაც ვეღარ უნდა დავიცვა მისი სიმართლე?.. ჩემი მძღოლი კიბით ლაშას სახლის ფანჯარაში გადავაძვრინე და შვილის მკვლელობა რომ გავიგე, ცუდად გავხდი... პრეზიდენტის განკარგულებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მოვიდნენ: გახოკიძე, თარგამაძე, ბაბილაშვილი, ალავიძე, გაბრიჩიძე, ჯორბენაძე. გონს რომ მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანის სალონში პირველმა კახა თარგამაძემ შემოყო თავი და მომისამძიმრა. მე ვკითხე: „კახა, მომიკლეს, ხომ შვილი?!” – „არა, ბატონო გურამ, თქვენი შვილი თავის ნაღებინებშია დამხრჩვალი”. ახლა კი იძახის – ბატონო გურამ, შეცდომაში შემიყვანეს, ვიღაცეები ასე ამბობდნენო და ასე შემდეგ. მე ვინმეს რაიმეს კი არ ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან პირველივე ინფორმაცია ყალბი მივიღე... მინისტრი სხვების ნალაპარაკებს უნდა იმეორებდეს? 2-საათიანი დამქანცველი მოლოდინის შემდეგ, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მაინც მაჩვენებდნენ შვილს, ჩემგან მალულად, უნებართვოდ, ლაშას ცხედარი გააპარეს უკანა კარიდან და გააქანეს პროზექტურაში... მე მაფრთხილებდნენ ბევრნაირი გზით, ძალიან გთხოვთ, ამას ნუ დამაკონკრეტებინებთ. ერთი წუთით ვერ წარმოვიდგინე ის ვერაგობა, რომ ამას გააკეთებდნენ ჩემი შვილის სიცოცხლის ხარჯზე. თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყველაფრისთვის მზად ვარ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოღონდ მე ვიყო ცოცხალი და ჩემი ქმედებებისა და პოლიტიკური ნაბიჯების გამო, შვილები შევწირო!.. შიში ყოველთვის ერთადერთის მქონდა – სიკვდილის. ჩვენს სახლთან ისე ვერ გაივლიდი, სასაფლაოები რომ არ გაგევლო და სულ ვფიქრობდი: დედა რომ მომიკვდეს, რა მეშველება-მეთქი. მართლაც, დედა ადრე დავკარგე, შემდეგ – მამა, ძმა და, დედაჩემის გარდაცვალებიდან 30 წლისთავზე – ჩემი ლაშა. რომ მცოდნოდა, ლაშას რაც ემუქრებოდა, იმ ტყვიას პირველი მოვძებნიდი და თავად ვიხლიდი გულში.“