წმიდა სწავლებანი
მწუხარება ცოდვების გამო
ცხონების მეცნიერებაში არის ერთი საქმიანობა, რომელსაც ადამიანი უმოკლესი გზით მიჰყავს ღმერთთან – ესაა მწუხარება ცოდვების გამო, მწუხარება ღვთისთვის. გამოცდილება და გულში მადლის მობერვა გვარწმუნებს, რომ სინანულის თბილი ცრემლებით განმარტოებით ლოცვა დამშვიდების ერთადერთი საშუალებაა. მართალია, თავდაპირველად ცხარე, მწველი ცრემლები იღვრება, მაგრამ შემდგომ იგრძნობა შემსუბუქება, სიამე, გასხივოსნება. რაც უფრო შორს მიდის იგი ხსნის გზაზე, მით უფრო მხიარულდება სული; შენ ტირი, ცრემლები სეტყვასავით ცვივა, გულში კი სინათლე და სითბო ისადგურებს. საოცარია, შეუცნობელია მოქმედება მადლისა!..
მაგრამ არსებობს სხვა ტირილიც და სხვაგვარი დარდიც. მოდას აყოლილი ქალი ტირის იმის გამო, რომ არ აქვს ახალი საგაზაფხულო ქუდი ან მოდაში აღარ არის მისი ფეხსაცმელი; რომ მავანი ეარშიყება მავანს, ხოლო ვიღაც უფრო ლამაზი ან ბედნიერია, ვიდრე ის. ახალგაზრდა კაცი ჯიბის ფულის სიმცირეზე წუხს, რასაც საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯავდა; ცოლი ტირის წყენის გამო, რადგან ქმარი ღალატობს; ქმარი კი, თავის მხრივ, იმიტომ, რომ სამსახურებრივი წარუმატებლობები აქვს; ექიმი, ინჟინერი, ადვოკატი – ყველა უკმაყოფილოა მცირე ხელფასით, მათ ყველაფერი ეცოტავებათ; ვაჭარი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან იზარალა და მრავალი ამგვარი რამ. ყველა ტირის და წუხს, ისინიც კი, ვინც ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ, მაგრამ ჭმუნავენ ხრწნადი საგნების გამო; არ გააჩნიათ რაიმე ან კარგავენ რაღაცას და ამისათვის დარდობენ. ზოგჯერ ამგვარი დარდით ჩამოხმებიან, ავადდებიან და კვდებიან კიდეც (2 კორ. 7,10). ეს მწუხარება ეშმაკისეულია და მას ადამიანური მოდგმის მტერი იწვევს. იტანჯება, კვნესის კაცობრიობა, ცდილობს, აქციოს ცხოვრება უდარდელად, მაგრამ ღვთის გარეშე არაფერი შეუძლია.
ყოვლად უსამღვდელოესი ბარნაბა (ბელიაევი)
უფლის გზა
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვნებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა, იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გზაა! სასოება და მოთმინება ამ ცხოვრების უკუღმართ გზაზე უნდა განგვამტკიცებდეს. პირველი ქრისტიანები იბადებოდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ იმ შეგნებით, რომ დაუმსახურებელ მწუხარებათა გზა ყველა მიწიერ გზაზე ზეაღმავალია: სწორედ მას მივყავართ ზეცაში. ნუ დაივიწყებთ, ნებსით ვნებულნო, რომ უფალი ზეგარდმო დაგვყურებს და ხედავს ჩვენს ფიქრებს, გულს; ესმის ჩვენი კვნესა და აკურთხებს მოთმინებასა ჩვენსა. გაივლის რამდენიმე წელიწადი, ხოლო ზოგიერთებისთვის, შესაძლოა, თვეები და კვირებიც კი, როცა ყოველივე მიწიერი გასრულდება, განსაცდელთა დღენი და ღამენი გარდავლენ და შემდგომად ხანგრძლივი, მძიმე, ქარიშხლიანი ნაოსნობისა ცხოვრების გზაზე, მიაღწევს ლიმენას საუკუნო კეთილდღეობისა. ყველა მორწმუნე მასთან ვიქნებით, ჩვენს უფალთან, მის დიდებაში შევალთ, მივალთ ქვეყანასა, სადა „არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
წმიდანის სულში სასუფეველია
რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად, რამეთუ უფალი შეიმეცნება არა მეცნიერებით, არამედ სულიწმიდით. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ რწმენამდე, რომ არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი ვერ შეიცნო. ჩვენ, მონაზვნებიც, ვსწავლობთ უფლის კანონებს დღე და ღამე, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო ღმერთი, თუმცა კი სწამს. სხვაა გწამდეს, რომ არის ღმერთი და სხვაა – იცნობდე მას. აი საიდუმლო: არიან სულები, რომელთაც შეიმეცნეს უფალი; არიან სულები, რომელთაც ვერ შეიმეცნეს იგი, მაგრამ სწამთ; არიან ისეთებიც, რომელთაც არა მხოლოდ ვერ შეიმეცნეს, არამედ არცა სწამთ, მათ შორის არიან თვითნასწავლი ადამიანები. ურწმუნოება მოდის სიამაყიდან. ამაყ ადამიანს თავისი გონებით და მეცნიერებით სურს, შეიცნოს ყველაფერი, მაგრამ მას არ ეძლევა ღმერთის შემეცნება, იმიტომ, რომ უფალი ეცხადება მხოლოდ მორჩილ სულებს: მორჩილ სულებს უფალი უჩვენებს თავის საქმეებს, რომელიც მიუწვდომელია ჩვენი გონებისათვის, მაგრამ იხსნება სულიწმიდით. უბრალო გონებით შეიცნობა მხოლოდ მიწიერი და ისიც ნაწილობრივ, ხოლო ღმერთი და ყველა ზეციური შეიმეცნება სულიწმიდით, ზოგიერთები მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობენ, რათა გაიგონ, რა ხდება მზეზე, მთვარეზე და ასე შემდეგ. მაგრამ რა სარგებლობა აქვს აქედან სულს? ხოლო, თუ ვეცდებით, გავიგოთ, რა არის ადამიანის გულის შიგნით, დავინახავთ: წმიდანის სულში სასუფეველია, ცოდვილის სულში კი – სიბნელე და ტანჯვა...
წმიდა სილუანი