კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ია კიწმარიშვილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ვინ „აკონტროლებს“ მას ამერიკიდან

წარმატებულ პროექტს – „მის საქართველოს”, რომლის დაარსებაც  ია კიწმარიშვილის სახელთან  არის დაკავშირებული,  ჩვენთან უკვე თავისი ისტორია აქვს.  გლამურული გარემო, ესთეტიკა, ფოიერვერკები –  ერთი შეხედვით, ყველაფერი ლამაზია, თუმცა კადრს მიღმა, პროექტის მომზადების პროცესში,  საკმაოდ ბევრი სირთულე იყრის თავს. ასეა მის ცხოვრებაშიც: ქალბატონი იას ერთი შეხედვით მკაცრი, კონსერვატიული იმიჯის მიღმა, ძალიან საინტერესო ქალი დგას –  გახსნილი, კომფორტული, ჩვეულებრივი ქალური ტვირთით, შვილებითა და  ყოფითი თემებით.  ცხოვრებაც  ასეთი გამოუვიდა: მიზნები, რომლებიც  მაინც აისრულა, წარმატებები და ტკივილი, რომელზე საუბარიც მხოლოდ  ძლიერ ქალს თუ შეუძლია ასეთი ღირსებით.  ასე შეხვდა ცხოვრების ყველაზე დიდ განსაცდელსაც... ახლა  გამონაკლისი დაუშვა და, როგორც სჩვევია, გულწრფელად საუბრობს იმაზე,  რამაც მისი ცხოვრება   ორ ნაწილად გაყო.
ია კიწმარიშვილი: როდესაც „მის საქართველოსთვის” სამზადისი იწყება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დატვირთულ რეჟიმში მიწევს ცხოვრება, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ახლა პასიური რეჟიმი მაქვს.  საშობაო არდადეგები ამერიკაში, შვილებთან ერთად გავატარე – ერთი თვე ვიყავი ნიუ-იორკში, იქიდან დაბრუნებული კი მაშინვე ჩავერთე საქმეებში –  სააგენტოს ახალი სახე, 15 წლის ანი სულაბერიძე მილანში ჩავიყვანე. დარწმუნებული ვარ, მისი თანამშრომლობა მილანის სააგენტოსთან  წარმატებული იქნება.  ამას გარდა, ხუთი მოდელი გავგზავნეთ უცხოეთში; დავიწყეთ ახალი პროექტი – „ELITE MODEL LOOK GEORGIA”, სადაც ორ კვირაში დაიწყება რეგისტრაცია; პარალელურად „მის საქართველოსთვისაც” დაიწყება სამზადისი. „მის საქართველო”  მასშტაბური და ხანგრძლივი პროექტია და ბევრად უფრო მეტ ენერგიას, რესურსსა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს.    
– „მის საქართველოს” ჩვენთან უკვე  თავისი ისტორია აქვს. ბოლო  პროექტები ბევრად უფრო მშვიდად ჩატარდა, თუმცა წინა წლებში „მის საქართველოს”  სკანდალები ნამდვილად  არ აკლდა.  ფიქრობთ, რომ წლებთან ერთად ეს პროექტი უფრო და უფრო წარმატებული ხდება?
–  რა თქმა უნდა, ეს  ასეა. ჩვენს სააგენტოს წელს 16 წელი შეუსრულდება, ცოტა აკლია „მის საქართველოს” – პროექტს, რომელიც 2003 წელს დავიწყეთ. დღეს ეს პროექტი ჩემი ცხოვრების შემადგენელი   ნაწილია.  საბედნიეროდ,  უკვე აღარ გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს არის სოლიდური პროექტი, რომ გამარჯვებული იღებს შთამბეჭდავ პრიზებს და მიდის „მის მსოფლიოზე”.  უკვე ისეთი მოლოდინია, რომ პროექტის ჩატარების მაღალ ხარისხზე ეჭვიც არავის აღარ ეპარება, თუმცა  სამწუხაროდ,  დაფინანსების მოძიების გამო, პროექტის  ჩატარება-არჩატარება  ყოველწლიურად დგება დღის წესრიგში. ამას ვერავინ ვერ იგებს, ისე  კარგად „ვინიღბებით” (იცინის).  რაც შეეხება სკანდალებს, რომელიც ახლდა ჩვენს რამდენიმე პროექტს,  მაშინ   ამ ამბავს ტრაგიკულად აღვიქვამდი,  ემოციურად ძალიან მძიმეა, როცა ბრალდებების ეპიცენტრში ხვდები.  მას შემდეგ, რაც მოხდა  ლას-ვეგასში, „მის სამყაროზე”, რაც ყველასთვის არის ცნობილი, ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისები, სკანდალები ყველგან შეიძლება მოხდეს. ბოლო წლებში ისე მშვიდად ვატარებთ „მის საქართველოს,”  რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ყურადღება მივიპყროთ-მეთქი (იცინის). 
– გარეგნულად ყველაფერი ლამაზად ჩანს: ესთეტიკა, ლამაზი მოდელები, ბომონდური ელფერი... მაგრამ ამ საქმეს  კულისებიც  აქვს, სადაც თქვენ ძალიან აქტიურობთ და, როგორც ამბობენ, ბევრ „შავ საქმეს” თავადაც აკეთებთ.   
–  იმის მიუხედავად, რომ მენეჯემენტი კარგად გვაქვს აწყობილი, შავი საქმის კეთება მეც მიწევს და არც მეთაკილება – მიმაჩნია, რომ შავი საქმეც შეიძლება აკეთო ლამაზად და ეფექტურად. თუ ორგანიზებული ადამიანი ხარ, ყველაფერი გამოგდის. იგივე დამოკიდებულება მქონდა, როცა სამი შვილი გავაჩინე მიყოლებით და მე თვითონ ვზრდიდი მათ. ვცხოვრობდით  რუსთავში, სადაც არ იყო შუქი, გაზი, წყალი, არც პამპერსი გვქონდა.  დილის 7 საათზე პირველი სართულიდან მეექვსე სართულამდე წყალიც მიზიდია – თუ  ადრე არ ავდგებოდი, წყალს ვერ მივუსწრებდი.  მე ამასაც შემართებით ვაკეთებდი.  მეკადრება  თუ არა, ის რას იტყვის ჩემზე –  აბსოლუტურად არ მაინტერესებდა.  დღეს, რა თქმა უნდა, ამდენი ყოფითი თემის მოგვარება აღარ მიწევს, მაგრამ, საჭირო რომ გახდეს, არც ამაზე დავიხევდი უკან.  რუსთავში არ იყო გლამურული ცხოვრება, მაგრამ შინაგანად  ესთეტიკის მიმართ სწრაფვა იქაც მქონდა.   როგორც კი  თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, საკუთარ თავს, თვითგანვითარებას ვახმარდი: სამი შვილი მყავდა,  მაგრამ ინგლისური ენის სწავლა დავიწყე – ერთდროულად სამ მასწავლებელთან დავდიოდი, ისე მინდოდა, რომ სწრაფად  მესწავლა ინგლისური. თუ საქმეში ბოლომდე არ ჩაერთე,   სხვანაირად  არაფერი  გამოდის. საქმე კი აქ   ძალიან ბევრია: გვაქვს სამოდელო სკოლა, საერთაშორისო სამოდელო პროექტი – ELITE MODEL LOOK GEORGIA,  14-22 წლის გოგონებისა  და ვაჟებისთვის; „მის საქართველო” – 18-დან 25 წლამდე  ასაკის გოგონებისთვის. სააგენტოში მოსულ მოზარდს   აქვს საშუალება, წლების განმავლობაში განვითარდეს,  სცადოს ბედი სხვადასხვა კონკურსში. „მის საქართველოს” ფინალისტებს უკვე სხვა პერსპექტივები უჩნდებათ  შოუ-ბიზნესში, ტელესივრცეში.
– ყველა ამბობს, რომ მოდელებთან  მკაცრი ხართ. თქვენი მკაცრი,  კონსერვატიული იმიჯი  ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბიც გამხდარა.
– ვიცი, რომ შორიდან სხვანაირი ვჩანვარ, სინამდვილეში ასე არაა. ერთი მხრივ, ეს კარგია – ერთგვარი სიურპრიზია, როცა ადამიანები სხვანაირად მიცნობენ და მერე, როცა ახლოს გამიცნობენ, ხვდებიან,  რომ  სასიამოვნო აღმოჩენა ვხდები მათთვის (იცინის).    მე ვცდილობ, რომ სააგენტოში იყოს საქმიანი გარემო.  სამოდელო სააგენტო არ უნდა ასოცირდებოდეს გართობასთან. შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულად ეჩვენება, რომ მე  ამ მოზარდებისგან  ვითხოვ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას,  თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს სწორია.  ცხოვრების ჯანსაღ წესს პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა   აქვს: რაც უნდა დატვირთული რეჟიმი მქონდეს,  ყოველდღიურად ვვარჯიშობ,  კუს ტბაზე დავრბივარ. ერთხანს მარტო მე დავრბოდი კუს ტბაზე და მომერიდა, მერე აღმოვაჩინე, რომ სწრაფად სიარული სირბილზე არანაკლებ შედეგიანია; ასევე, სისტემატურად ვცურავ.   
– მინდა გკითხოთ შვილებზე: თქვენი სამივე შვილი ამერიკაში სწავლობს, მათ გარეშე, ალბათ, გიჭირთ ცხოვრება.
– მე მომხრე ვარ, ახალგაზრდები დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან  შეეჩვიონ – ასე გავზარდეთ შვილები და, იმის გამო, რომ ჩემ გვერდით არ არიან, პრობლემას არ ვქმნი,  მით უმეტეს დღეს, როცა ახალი ტექნოლოგიები  იძლევა  საშუალებას, ყოველდღიური კავშირი მქონდეს მათთან.  როცა თბილისში იყვნენ, ერთ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ, შეიძლება, ყოველდღე ვერც კი გვენახა ერთმანეთი, ახლა კი დღეში რამდენჯერმე გვაქვს კონტაქტი.  ის, რომ მე ზუსტად ვიცი –  ისინი დაკავებულები არიან განათლებით, მუშაობენ, საკუთარ მომავალზე ზრუნავენ და სწორი მიმართულებით მიდიან, – ჩემთვის საკმარისია, ვიყო ბედნიერი.  ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ მათაც: ყოველდღე მეკითხებიან, სად ვიყავი,  როგორ ვარ, რამე ხომ არ მიჭირს,  ვჭამე თუ არა საჭმელი (იცინის). უკვე დიდები არიან: ლუკა 23 წლისაა, დაამთავრა ვირჯინიის უნივერსიტეტი  პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით;  ახლა სამსახურს ეძებს.  რამდენიმე გასაუბრების შემდეგ, ელოდება პასუხს, სად დაიწყოს მუშაობა. ანა ცხოვრობს  მალიბუში,  სწავლობს PEPPERDINE UNIVERSITY-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომლის დამთვარების შემდეგ სწავლის გაგრძელებას იურდიულ  ფაკულტეტზე აპირებს; თეკლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ფინანსებსა და ეკონომიკას სწავლობს. იმის მიუხედავად, რომ ყველა სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე ნახონ ერთმანეთი,  ჩვენი შეკრების ადგილი კი არის ნიუ-იორკი, სადაც ცხოვრობს ლუკა. ეს არის ქალაქი, სადაც ჩვენ ხუთი წელი ვცხოვრობდით.  ყველას გვიყვარს მანჰეტენი და, სადაც არ უნდა ვიყოთ, რაც არ უნდა სხვა ადგილით დავიწყოთ და დავგეგმოთ წასვლა  და ერთად ყოფნა, ბოლოს მაინც ნიუ-იორკში ვხვდებით ერთმანეთს (იცინის).  
– ძალიან ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და ასეთი  გიხილეთ ცხოვრების  ყველაზე რთულ პერიოდშიც.  ძალიან  ძლიერი ხასიათის იყო თქვენი მეუღლეც. როგორც წესი, ძლიერი  მამაკაცების გვერდით ქალები ასე მარჯვენი არ არიან ხოლმე, თქვენთან ეს როგორ მოხდა?      
–  არ მიყვარს სისუსტეების გამოვლენა, რაც, ბუნებრივია, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს.  ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში მე თვითონ მივხვდი, როგორი ძლიერი ხასიათი მაქვს. ალბათ, ეს სიძლიერე  არის  ჩემი სისუსტე და    მაინც ვფიქრობ, რომ ქალი ძალიან ძლიერი არ უნდა იყოს; მით უმეტეს,  როდესაც შენ გვერდით არის ძლიერი მამაკაცი, ეს არც  გჭირდება.    ვფიქრობ, როცა მარტო დავრჩი,  უფრო ძლიერი გავხდი – ეს ინსტინქტია. იმ მომენტში, როდესაც თითქოს ყველაზე სუსტი უნდა ვყოფილიყავი,  ვიგრძენი, რომ  მე არ მაქვს უფლება, ვიყო სუსტი – გამიათმაგდა ძალა, პასუხისმგებლობა.   მარტოს უფრო მეტი რამ დამრჩა  მისახედი – ბავშვები, საქმე, ორი ადამიანის საქმე უნდა მეკეთებინა ერთს, ამიტომ სისუსტის უფლება არ მქონდა. 
– მაპატიეთ, ამ თემას  რომ ვეხები და  რომ გეკითხებით: ყველაზე მეტად რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ეროსის სიკვდილის შემდეგ?  
–  როდესაც კარგავ ახლობელ, საყვარელ  ადამიანს, რომელთანაც  25 წლის განმავლობაში სიყვარულის, მეგობრობის,  მზრუნველობის, პატივისცემის მეტი არაფერი გახსოვს, ეს ტრაგედიაზე მეტია.  ახლა ვხვდები, რომ, როდესაც ჩემ გვერდით იყო,  ამ ყველაფერს, ალბათ, სათანადოდ ვერც აღვიქვამდი. თითქოს ასეც  უნდა ყოფილიყო,  მხოლოდ  გვიან ხვდები, ვინ დაკარგე. ახლა უფრო ვაფასებ, რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველწლიურად და ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მე ვიცი, რა იყო ეს, როგორ ვახერხებდით ამას ან რატომ ხდებოდა ასე – ამას სახელს ვერ ვარქმევ. ის, რომ ცუდი არაფერი მახსოვს, არათუ სათქმელად, გასაფიქრებლადაც კი, ეს ცოტას არ ნიშნავს. მე მადლობელი ვარ მისი ყველაფრისთვის, ყველა დღისთვის, ასეთი შვილებისთვის. მე ბედნიერი წარსული მქონდა. ვცდილობ, რომ ღირსეულად გავიარო აწმყო და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი მომავალი გველის მე და ჩემს შვილებს. ვამაყობ ჩემი შვილებით, რომლებიც ასეთი ძლიერები აღმოჩნდნენ – გოგონები, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ ყველა წუთში. მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ ესეც ეროსის დამსახურება იყო – ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ  ეროსის შვილები.   მე არ  მიყვარს პირად ემოციებზე ბევრი საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით: ასეთ დროს ხომ  ჩვენთან ოჯახს მარტო არ ტოვებენ – ეს მიღებულია; თუმცა, იმ დღეებში, როდესაც ჩვენ ყველაზე დიდი ტკივილი გვქონდა, მე და ჩემი შვილები ვცდილობდით, დავრჩენილიყავით მარტო, ერთად, პირისპირ ჩვენს განსაცდელთან.  ასეთ ტკივილს ახლავს სხვადასხვა ეტაპი. პირველი არის შოკი, ტკივილი, პროტესტი, მიუღებლობა, აგრესიაც კი; შემდეგ იწყება შეგუების პერიოდი – ეს ყველაზე მძიმეა. როდესავ ამბობენ, დრო გადის, დრო კურნავსო, არაა ასე. ბოლომდე გულახდილი ვიქნები: ყოველდღიურად უფრო და უფრო მიჭირს მის გარეშე და ეს განცდა უფრო და უფრო მძაფრდება, თუმცა გეტყვით – ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს ადამიანი 25 წელი იყო ჩემ გვერდით; მიყვარს, მახსოვს და ჩემ გვერდით არის ახლაც.  ახლაც ყველაფერს იმ განცდით ვაკეთებ, რაც  მუდმივად  მქონდა – როგორ აღიქვამდა ამას ეროსი:  სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეწონებინა მისთვის თავი, როგორ გამეკეთებინა საქმე ისე, რომ მისი შექება დამემსახურებინა. ის ჩემს საქმიანობას ღიმილით უყურებდა, მაგრამ მოსწონდა ჩემი პრინციპულობა, საქმისადმი მიდგომა. როდესაც ჩვენ ჩავედით ნიუ-იორკში, სადაც ღონისძიებების ორგანიზების სწავლა დავიწყე, მკითხა – რად გინდა ამის შესწავლაო?  მე ვუთხარი – რასაც ვაკეთებ, უფრო პროფესიონალურად გამომივა-მეთქი. გადმომხედა და გაიღიმა: რომ მიხვალ ჯგუფში და დაინახავ, რომ მათ შენზე მეტი არაფერი იციან, მერე მიხვდებიო. მართლაც ასე მოხდა: როცა სწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ მე, პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, მეტი ვიცოდი, ვიდრე მათ – თეორიიდან.    როდესაც სწავლა დავასრულე და   დიპლომი ავიღე,   ძალიან ამაყობდა. საბოლოოდ, როგორც პროფესიონალი, მაინც მხოლოდ  მაშინ მაღიარა,  როდესაც „ქართული პარტიის” ყრილობა ჩავატარეთ.  ისეთი რთული პერიოდი იყო, პარტიის ყველა აქტივობა იბლოკებოდა. ღონისძიების ჩატარებაზე ყველამ უარი უთხრა.  მოვიდა სახლში და მითხრა: სხვა გზა არ მაქვს,  ყრილობის ორგანიზებაში უნდა მომეხმაროო. მე ვუთხარი: ამდენი ხანია, პოლიტიკაში არ ჩავბმულვარ და ახლა ამ საშინელებაში ნუ გამრევ-მეთქი. არაო, – დამამშვიდა, – შენ დამეხმარე და  არ გამოგაჩენო (იცინის). საბოლოო ჯამში, მინდა თავი შევიქო და ვთქვა, რომ ძალიან ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული  ყრილობა გამოვიდა. მე  და ჩემი გუნდი ვიყავით  ამ   ღონისძიების ორგანიზატორები. იმ დღეს, პირველად ამდენწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ერთ-ერთ შეხვერდაზე, ხალხის თანდასწრებით, ხმამაღლა  დაიწყო იმის მოყოლა, თუ  როგორი პროფესიონალი ვარ მე, რითაც ძალიან გამაოცა.  
– ყველა ელოდა, როგორი იქნებოდა თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში, რას იტყოდით, თუმცა დღემდე არაფერი გითქვამთ. ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ სხვა მიმართულებით გააქტიურდებოდა თქვენი ცხოვრება.
–  თუ თქვენ გულისხმობთ პოლიტიკას, თამამად გეტყვით, რომ პოლიტიკა არ არის ჩემი მომავალი გეგმების მიზანი და ნაწილი. არ მგონია,  ოდესმე აზრი შემეცვალოს. პოლიტიკა არასდროს მხიბლავდა, ახლა – მით უმეტეს.   მე ძალიან გულწრფელი,  სამართლიანი, მიმნდობი ადამიანი ვარ და, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ამ თვისებების ადამიანები არ არიან; აბსოლუტურად საპირისპირო თვისებები უნდა გქონდეს, რომ პოლიტიკაში იყო. რაც შეეხება მოლოდინს, რაც თქვენ ბრძანეთ, ეროსის  გარდაცვალების შემდეგ იყო ბევრი მცდელობა,  მინიმუმ, განცხადებები გამეკეთებინა. მე ეს არ გავაკეთე მხოლოდ ერთი მიზეზით – ველოდები გამოძიებას, თორემ, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს და, კითხვაც უამრავი. დრო ბევრ რამეს ააშკარავებს. მე ვთქვი მაშინ და გავიმეორებ: დაველოდები  გამოძიების შედეგებს.  სანამ ამ შედეგს არ მოვისმენ, არანაირ განცხადებას არ  გავაკეთებ, თუმცა, ერთს გეტყვით:  ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა, რაც უკავშირდება ტელესივრცის გადანაწილების მცდელობას, ბევრი რამ გახადა ნათელი და აშკარა, ამ ამბის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში დაწყებული აქტიურობა ჩემთვის შემთხვევითი ნამდვილად არ არის და ზუსტად ეს იწინასწარმეტყველა ეროსიმ თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუებში.

скачать dle 11.3