კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ერეკლე მეორეს გერმანიაში გენერლის წოდება

პროექტი „ქართული კულტურული მემკვიდრეობა გერმანიაში“ წარმატებით ხორციელდება. მის ფარგლებში, ქართველმა ისტორიკოსმა გიორგი ქავთარაძემ ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში მუშაობისას ქართული ისტორიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი სამი ხელნაწერი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისთვის.
გიორგი ქავთარაძე (ისტორიის აკადემიური დოქტორი): ამჟამად ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტზე „ქართული კულტურული მემკვიდრეობა გერმანიაში”, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ბიბლიოთეკასა და არქივში გაბნეული მასალის მიკვლევა ნაწილობრივ უკვე მოვახერხე. უხეშად რომ გამოვყოთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ისტორიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი სამი ქართული ხელნაწერია: მინიატურული სახარება, დავითის ფსალმუნი და ქართული ზღაპარი. სამივე მათგანი უმნიშვნელოვანესია ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის.
ქართული მინიატურული სახარება ნუსხახუცურით დაწერილი მცირე ზომის წიგნაკია მოვერცხლილი და მოჭედილი გარეკანით. ტექსტში ერთგან გვხვდება ლუკა მახარებლის ფერადი გამოსახულება. როგორც აღმოჩნდა, ხელნაწერი 1988 წელს შეიძინა ბიბლიოთეკამ ანონიმური კოლექციონერისგან. ხელნაწერში მოცემულია ოთხი მახარებლის სახარება. პირველადი დათვალიერებით შემიძლია ვთქვა, რომ ის განეკუთვნება მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეს.
რაც შეეხება დავითის ფსალმუნს, ის 1973 წლის 11 ოქტომბერს შეიძინა ბიბლიოთეკამ ვინმე ლაიდენელი ეიპრილისგან. ტექსტი შესრულებულია მხედრულით, თუმცა სათაურებისთვის გამოყენებულია ნუსხა-ხუცური შრიფტი. წიგნაკი შედგება 81 გვერდისგან. ის დაფიქსირებულია, როგორც 1795 წელს გადაწერილი ხელნაწერი. თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, ვფიქრობ, უფრო ძველი, დაახლოებით მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის და არა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულის ხელნაწერია. მოხსენიებულია მისი მფლობელი ვარუნ მიქელა. სამწუხაროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება. საინტერესო ფაქტია, რომ ეს ხელნაწერი, თავდაპირველად, ძველ სლავურად იყო დაფიქსირებული, თუმცა შემდეგ ჩაუსწორებით, რომ ის ქართულია.
მესამე ხელნაწერი გახლავთ მცირე წიგნაკის სახით წარმოდგენილი ქართული ზღაპარი. ის 1846 წელს შეიძინა ბიბლიოთეკამ ვინმე სწავლული კოხისგან. ჩვენთვის ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა გერმანელმა ბოტანიკოსმა კარლ ჰაინრიხ კოხმა. როგორც ჩანს, სწორედ მისი მეშვეობით აღმოჩნდა გერმანიაში ქართული ზღაპარი. მინაწერიდან ვიგებთ, რომ ხელნაწერი გადაწერა მელანია გედევანის ასულმა. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს აღმოჩენასთან, რადგან მელანია კიდევ ერთი ახალი გადამწერი ქალია, რომელიც მანამდე არასდროს შეგვხვედრია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ტექსტი შედგება 51 გვერდისგან, რომელიც მხედრულითაა შესრულებული. ბოლო გვერდი არ იკითხებოდა, მაგრამ, სინათლეზე რომ დავიჭირე, დავინახე,  მასზე უკუღმა წერია: „მამაო ჩვენო“, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ხელნაწერს.
უნიკალურია ყველა ქართული ხელნაწერი, რომელიც საქართველოს  ფარგლებს გარეთ ინახება და მით უმეტეს, ეს ხელნაწერები, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ბევრმა მკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მათი საქართველოსთვის გადმოცემა. ასეთი საუბარი ცოტა უხერხულიცაა, გერმანიაში მსგავსი რამ არც განიხილება. თუმცა, ზოგადად, აქ დაცული ხელნაწერების მნიშვნელოვანი ნაწილის დიგიტალიზაცია შესაძლებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ ამით კულტურის სამინისტრო ან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესდება. ახალაღმოჩენილი სამი ხელნაწერიდან ორის გაციფრება შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მინიატურულ სახარებასთან მიმართებით ეს ვერ მოხერხდება.
– დანარჩენ ხელნაწერებს რა ისტორია აქვთ?
– ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში 11 ქართული ხელნაწერია დაცული. მათი  ძირითადი ნაწილი რელიგიური ხასიათისაა. ვაპირებ, ამ ხელნაწერებიდან დამატებით შევისწავლო ერეკლე მეორის ისტორია. ეს ხელნაწერი კიდევ ერთი აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. მას აქვს ავტორისეული მინაწერი, რომელშიც მისი ვინაობაა დაფიქსირებული. ვკითხულობთ, რომ ხელნაწერი გადაწერილია სოლომონ ლეონიძის მიერ, რომელიც ერეკლე მეფის სამეფო კარზე ერთ-ერთი მინისტრი და დაწინაურებული დიპლომატი იყო. აქამდე, სოლომონ ლეონიძის ნაშრომებიდან თითქმის არაფერს ვიცნობდით, გარდა ერეკლე მეორის შვიდგვერდიანი დატირებისა და არც ვიცოდით, თუ მას სხვა ნაშრომიც ჰქონდა შექმნილი. ასე რომ, ქართულ ისტორიოგრაფიას კიდევ ერთი ავტორი შეემატა.
– ცოტა ხნის წინ, გიორგი კალანდიას ირლანდიურ აღმოჩენებშიც იყო მოხსენიებული ერეკლე მეორე და ევროპაში მასზე არსებული წარმოდგენები. ამ შემთხვევაში, რა შინაარსის ხელნაწერზეა საუბარი?
– კონკრეტულად, ამ ხელნაწერში ერეკლეს ბრძოლებია გადმოცემული. ზოგადად კი, გერმანიაში მეთვრამეტე საუკუნის ძალიან ბევრი გაზეთი და წიგნი არსებობს, რომელშიც გადმოცემული ცნობები კარგად უსვამს ხაზს ერეკლეს მნიშვნელობას. ორ ბიბლიოთეკაში ინახება ვინმე ჰაინრიხ ჰაინიქსის წიგნი (შეიძლება, ეს ფსევდონიმიცაა), რომელშიც ვკითხულობთ, რომ ერეკლე მეორე ინკოგნიტოდ, საიდუმლო ვითარებაში ყოფილა ჩასული ბერლინში და სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. როგორც ჩანს, ცნობა ერეკლეს გერმანიაში ყოფნის შესახებ, ირლანდიაშიც იყო დაცული. თუმცა, ქართველმა მეცნიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაგრამ, ვფიქრობ,  ეს გამორიცხული არაა, რადგან ქართულ ისტორიოგრაფიაში ამის საწინააღმდეგო ცნობას ვერსად ნახავთ. გერმანელი ავტორი წერს, რომ ერეკლე საიდულმოდ ჩაირიცხა სამხედრო სასწავლებელში და მან მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ დიდის მიერ წარმოებულ ლაშქრობაში მარია ტერეზიას წინააღმდეგ. იქ კი თავი იმდენად გამოიჩინა, რომ იმპერატორისგან გენერლის წოდება მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გაამხილა, რომ საქართველოს პრინცი იყო. მას სამეფო კარზე წვეულება გაუმართეს და შემდეგ დიდი პატივით გამოუშვეს ქართლ-კახეთის სამეფოში. აღსანიშნავია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში დაცულ ცნობებში ერეკლე ერთი-ორი წელი არსად ჩანს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მართლაც საიდუმლოდ ყოფილიყო გერმანიაში ჩასული. საიდუმლოდ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ქართლ-კახეთის სამეფო იმ პერიოდში ირანის ქვეშევრდომობაში იყო და ქართველი პრინცი ასეთ ვითარებაში ევროპაში ღიად ვერ ჩავიდოდა. ამ შეხედულებას ერეკლეს მიერ გატარებული ევროპული რეფორმებიც ამყარებს.
– იმდროინდელ პრესაში რა ცნობებია ერეკლესა და საქართველოს შესახებ?
– ცნობილი გერმანელი მეცნიერი და მწერალი ლესინგი თავის დრამატულ ნაწარმოებში აღწერს, რომ ჰერაკლე (ერეკლე) ცნობილი ქართველი მხედართმთავარია, რომელიც ქრისტიანობის დასაცავად იბრძვის აღმოსავლეთში. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთები მართლა ბევრს წერდნენ, რომ ერეკლემ მოახერხა ხანგრძლივი და მძიმე ირანული ბატონობისგან თავის გათავისუფლება. თუმცა, ის არაა ერთადერთი ქართველი, რომლის შესახებაც აქ ცნობების მოპოვებაა შესაძლებელი. დანარჩენი მასალა შესწავლის ეტაპზეა და ნელ-ნელა ახალი ცნობებიც გამოჩნდება.

скачать dle 11.3