როგორ აპირებს ქართველი სექსსიმბოლო პოლიტიკაში მოსვლას და როდის ხდება ის დედამიწაზე ყველაზე სასტიკი ადამიანი
18 წლის დიანა ოვანოვა ერთ დღეში მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში როგორც ახალი ქართველი სექსსიმბოლო. დიანას სამომავლოდ ბევრი სერიოზული გეგმა აქვს, რომელიც არა მოდელობას, არამედ პოლიტიკას უფრო უკავშირდება.
დიანა ოვანოვა: სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად კი ვარ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. გონებრივი შესაძლებლობებით ყოველთვის ვუსწრებდი ჩემს ასაკს. ბავშვობიდან ვკითხულობდი ფსიქოლოგიურ წიგნებს, ასევე, იმ წიგნებს, რომლებიც ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი იყო, რაც მომავალში გამომადგა ჩემს კარიერაშიც და გონებრივ წინსვლებშიც. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ომბუდსმენის ერთ-ერთი ორგანიზაციაა და მე ვარ აღმასრულებელი დირექტორი.
– სამომავლოდ პოლიტიკაშიც ხომ არ აპირებ მოსვლას?
– მაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები კარგი სამსახურებიდან – ჯერჯერობით არ მინდა, ვთქვა. ვგეგმავ ამ სფეროში განვითარებას და, არ არის გამორიცხული, ჩემი ორგანიზაციაც დავაფუძნო. პოლიტიკასაც არ გამოვრიცხავ, პირიქით, ვაპირებ ამ კუთხით წასვლას.
– ანუ, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში პოლიტიკოსად მოგვევლინო?
– კი, რატომაც არა?! ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები არასდროს დამიყენებია წინ, ვიდრე გონებრივი შესაძლებლობები. „რა ჭკვიანი ხარ” – ჩემთვის ეს ბევრად დიდი კომპლიმენტია, ვიდრე – „რა ლამაზი ხარ”.
– შენი წარმომავლობის შესახებ მომიყევი.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ვარ. სინამდვილეში, ქართველი ვარ და ნახევრად ოსი. სუფთა სისხლის კავკასიელი ვარ და ძალიან მიყვარს საქართველო. უბრალოდ, უკრაინის მოქალაქე ვარ, რადგან მამა იქ მუშაობს, იქ დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე. იმდენად მომენატრა საქართველო, ვერ გავძელი ქართული ფესვების გარეშე, დავბრუნდი და აქ განვაგრძე სწავლა. ამჟამად სისხლის სამართალზე ვსწავლობ, მაგრამ, არ მგონია, პროკურორი ან გამომძიმებელი ვიყო მომავალში. უბრალოდ, ეს სფერო გამომადგება ჩემი გონებრივი რესურსების განვითარებასა და გაღრმავებაში, რაც, შეიძლება, სხვა კუთხით გამოვიყენო, თუნდაც პოლიტიკაში.
– რატომ გადაწყვიტე მოდელობა?
– მოდელობა ჩემი სფერო არ არის და არც ამის ამბიცია მქონია. უბრალოდ, კარგმა ფოტოგრამა არჩილმა გადამიღო ძალიან კარგი ფოტოები და ამის გამო ჩათვალეს, რომ მოდელი ვარ, მაგრამ, არ ვარ მოდელი. ყვითელ პრესას სკანდალები უყვარს და ჩემი ნათქვამი გადაასხვანაირეს, რომ თითქოს მე ვთქვი: ყველაზე ლამაზი ვარ-მეთქი. ეს მე არ მითქვამს, ასეთი სულელი არ ვარ, რომ არ ვიცოდე, ეს ყველაფერი რამხელა აგრესიას გამოიწვევდა. მეწყინა, რომ ხალხმა ამდენი ტალახი და გაუაზრებელი ფრაზები გამოისროლა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა, სამი დღე სახლში ვიყავი ჩაკეტილი და დამამშვიდებლებს ვსვამდი. მე არავის კონკურენტი არ ვარ. შორენა ბეგაშვილზე მკითხეს, ჩათვლიდი თუ არა შენს კონკურენტადო. მე არ მივიჩნევ შორენას ჩემს კონკურენტად, რადგან არ ვებრძვი მას. მის მიმართ არანაირი ანტიპათია არ მაქვს, უბრალოდ, ხმამაღლა მომივიდა იმის თქმა, რასაც რეალურად ვფიქრობდი და რაც რეალურად არის.
– რას გულისხმობ ან რისი თქმა გინდოდა?
– იმის თქმა მინდოდა, რომ ის არ არის ბუნებრივი. ანუ, მე ვამბობდი, რომ მე არ მაქვს პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული, თუმცა, ჩემს კეხიან ცხვირზე მეუბნებიან, რომ გაკეთებული მაქვს. არ მაქვს გაკეთებული არაფერი, 18 წლის ვარ და როდის უნდა მომესწრო?! რაც შეეხება სტატუსს, სიტყვა „სექსსიმბოლოს“ სულ სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ საქართველოში სხვაგვარად ესმით. რატომაც არა, ალბათ, ყველა ქალს მოეწონებოდა ეს სტატუსი. თუმცა, შეიძლება ეს ჩემს მომავალ პროფესიაზე ცუდად აისახოს. ყოფილი სექსსიმბოლო – პოლიტიკაში, ცოტა არ მოდის ერთმანეთთან. თუმცა ხალხი გამიცნობს და მიხვდება, რომ მხოლოდ სექსსიმბოლო კი არა, ჩემი გონებრივი შესაძლებლობებიც შეიძლება დაეხმაროს საქართველოს მომავალში.
– მონიკა ბელუჩის გამსგავსებენ ხოლმე.
– მონიკა ბელუჩი ჩემთვის ქალის იდეალია. მიხარია, რომ მონიკა ბელუჩიზე უფრო ხშირად კეთდება აქცენტი, ვიდრე შორენა ბეგაშვილზე. ისე, ჩემს ცხოვრებაზე კარგი ფილმი გადაიღებოდა. არასდროს ვიყავი ბანალური, ერთფეროვანი გოგო, ყოველთვის მიყვარდა განსხვავებული რაღაცეები და ხალხისგან არასასურველ რეაქციებს ვიღებდი. მაგრამ, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მე მინდოდა და ჩემი აზრი გამქონდა. ბავშვობიდან მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ქალურად რომ გამოვიყურები. არასდროს მცმია კედები, დახეული ჯისნები – ქალი თავს ქალად უნდა გრძნობდეს. რადგან პატარაობიდან კლასიკურად მეცვა, ქუსლები, სულ ამბობდნენ – რატომ დიდობს, რატომ იფუჭებს ცხოვრებასო. არ ვდიდობდი, უბრალოდ, მსიამოვნებდა ასეთ ფორმაში ყოფნა. ეს ჩემი შინაგანი სამყაროა, რაც ჩაცმულობაში გამოიხატება. დეკოლტეც მიყვარს, მაგრამ არა ვულგარულობა. მომავალში გახდას არ ვაპირებ, თუმცა ჩემი დეკოლტე ხალხმა გახდად მიიღო. ვიღაცეების გაშიშვლებას არ მოჰყოლია იმდენი განხილვა, რამდენიც ჩემს დეკოლტეს.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არც დაოჯახებული ვარ და არც შეყვარებული მყავს. ყოველთვის მყოფნიდა იმის სითამამე და გამბედაობა, რომ გატაცებისთვის სიყვარული არ დამერქმია. არავინ არის ჩემს ცხოვრებაში და მშვიდად ვარ. შეიძლება, ვერც ვიპოვო ასეთი მამაკაცი საქართველოში, რადგან მე, როგორც ძლიერ ქალს, ძლიერი მამაკაცი მჭირდება გვერდით. ძლიერ მამაკაცში მოიაზრება ჩემზე ძლიერი როგორც გონებრივი რესურსებით, ასევე ფსიქოლოგიურად – ყველა ასპექტში უნდა იყოს ძლიერი, რომ მის გვერდით თავი ძლიერ ქალად ვიგრძნო. ქალი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, მაინც სუსტი სქესია და რაღაც მომენტში უნდა, რომ სუსტად იგრძნოს თავი იმ მამაკაცის გვერდით, ვინც ეყოლება.
– რა მოთხოვნები გაქვს მამაკაცის მიმართ?
– უნდა ჰქონდეს თანდაყოლილი სიძლიერე, ინტელექტი, „დასტოინსტვა“, იყოს ჭკვიანი – სხვანაირი მამაკაცი ვერც გაჩერდება ჩემ გვერდით, არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდება. ქალიც და მამაკაციც თანასწორები უნდა იყვნენ, თუმცა მამაკაცებს თავისი პატარა უპირატესობები არ უნდა დავუკარგოთ. ის ოჯახი არ არის ოჯახი, სადაც მამაკაცი არ არის მთავარი. ქალებმა არ უნდა დავჩაგროთ კაცები და არც კაცებმა არ უნდა დაჩაგრონ ქალები. გენდერული თანასწორობა უნდა იყოს, მაგრამ კაცებს ცოტა უპირატესობა უნდა ჰქონდეთ ოჯახში. ყველაზე ძლიერი ქალი ის არის, რომელსაც თავი სუსტად შეუძლია მოაჩვენოს. ქალის დიპლომატიაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე, ზოგადად, ცხოვრებას დიპლომატიურად ვეკიდები. იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, მშვიდი ვარ, სანამ მოთმინების ფიალას ერთი წვეთი დააკლდება. მაგრამ, როცა გამოვდივარ წყობიდან, მანამდე თუ ვარ მშვიდი, ჰარმონიული და ჰუმანური ადამიანი, რადიკალურად ვიცვლები – ყველაზე სასტიკი ადამიანი ვხდები დედამიწაზე.
– და რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– ვერ ვიტან ღალატსა და ტყუილს. მიმაჩნია, რომ მამაკაცის ღალატიც ღალატია და ქალისაც. მე რომ მეუღლე მყავდეს და ერთხელ წავიდეს ვინმესთან, შეიძლება, შვილები და ოჯახი გავითვალისწინო, არ დავანგრიო, მაგრამ, მთელი ცხოვრება გავახსენებ, რომ მიღალატა და სინდისის ქენჯნა სულ უნდა ატაროს. სულიერი წნეხი, სულიერი დასჯა უფრო ეფექტურია, ვიდრე ფიზიკური.
– და, გაუძლებს?
– გაუძლებს, რადგან მე გვერდით ისეთი მამაკაცი არ მეყოლება, ვინც ვერ გაუძლებს. ჩემგან რომ მამაკაცი ვინმესთან წავიდეს, ის უნდა იყოს ჩემზე ძლიერი ქალი, რაღაც საინტერესო უნდა ნახოს, რაც მეეჭვება. კარგად ვიცი ფსიქოლოგია და არ ამოვარჩევ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვერ ვენდობი.