სადამდე მიჰყავს ზოგიერთი გათხოვილი ქალი საკუთარ თავში გარკვევის სურვილს
ბევრი ამბობს, რომ ძალიან უნდა, ცხოვრება „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს. საბედნიეროდ, ასეთი შანსი ცოტას თუ მიეცემა ხოლმე; საბედნიეროდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ასეთი სურვილი დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობის გამო კი არ უჩნდება, არამედ, იქმნიან ილუზიას, რომ ბედნიერება სადღაც გვერდით დარჩა, მათ მიღმა და, ყველაფრის თავიდან დაწყებით შეძლებდნენ, დაებრუნებინათ დაკარგული...
ლენუკა (43 წლის): მე ვერ ვხვდები, რატომ აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში. განსაკუთრებული არაფერი მომდომებია, უბრალოდ, ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი. ეს დანაშაულად უნდა ჩამეთვალოს? ეს ხომ უსამართლობაა!
– გააჩნია, რას გულისხმობთ იმაში, რომ გინდოდათ, ბედნიერი ყოფილიყავით...
– გავთხოვდი ისე, რომ ჩემი ქმარი არ მყვარებია – დიახ, ვაღიარებ ამას და არ მერიდება. რამდენი ქალი იქცეა ჩემსავით? ძალიან ბევრი და მათი განკითხვა არ მიმაჩნია გამართლებულად. ჩვენ ხომ გვინდა, გვქონდეს ოჯახი, გვყავდეს შვილები და ვიყოთ ბედნიერები?! სიყვარული კი ყოველთვის არ არის ადეკვატური და ამიტომ ვთხოვდებით უსიყვარულოდ.
– რას ნიშნავს – „სიყვარული ყოველთვის არ არის ადეკვატური“?
– ქალს რომ ნაძირალა შეჰყვარებია, ასეთი რამ არ გინახავთ? იცოდა, რომ უვარგისია; იცოდა, რომ ეს კაცი მას არ გამოადგებოდა, მაგრამ მაინც არანორმალური გრძნობა გასჩენია მის მიმართ... რა ჯობია: სიყვარულით გაჰყვე ნაძირალას ცოლად თუ შენი ბედი დაუკავშირო კაცს, რომელიც სტაბილურად იდგება შენ გვერდით?
– საკმაოდ რთული შეკითხვაა.
– არ არის რთული, თუკი საღი გონებით შეხედავ ამ საკითხს და ისე განსჯი. ქალები ხომ მარტო საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალ შვილებზეც, რომლებისთვისაც კარგი მამა გვინდა. სწორედ ამის სურვილი იყო გადამწყვეტი, რამაც გადამადგმევინა ნაბიჯი ოჯახის შექმნისკენ – არჩევანი სტაბილურობასა და საიმედოობაზე გავაკეთე.
– არ გიყვარდათ თქვენი მომავალი მეუღლე?
– ჰო, არ ვგიჟდებოდი. მას კი ვუყვარდი და ახლაც ვუყვარვარ. ოცი წელია, ერთად ვართ და, ვერ ვიტყვი, რომ როდესმე გული უტკენია ჩემთვის, მაგრამ, ერთ დღესაც, უკან რომ მივიხედე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში არ ყოფილა ფოიერვერკები... განვმარტავ, რას ვგულისხმობ: ქალის კაცთან ურთიერთობას ხომ უნდა ახლდეს სიხარული? მე კი ამ ოცი წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მქონია.
– ეს ხომ თქვენი არჩევანი იყო?
– დიახ, ჩემი არჩევანი იყო და არავის არაფერში ვადანაშაულებ. მაგრამ ახლა უკვე მაქვს უფლება, ვიფიქრო პირად სიხარულსა და ბედნიერებაზე. 23 წლისა, როცა გავთხოვდი, ჯერ კიდევ არ ვიყავი სრულფასოვანი ქალი, არც საკუთარ სხეულსა და შინაგან სამყაროს ვიცნობიდი ისე, როგორც ახლა ვიცნობ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ „შემთხვევით“ გათხოვდით?
– უხეშად რომ ვთქვათ, ასეა, თუმცა, დღესაც ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დამიშვია: მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებსაც თავზე ადგათ კარგი, პასუხისმგებლობით სავსე მამა. ის ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ ბედნიერები იყვნენ და არაფერი აკლდეთ, ანუ, ამ მხრივ, ძალიან მშვიდად ვარ. მშვიდად ვარ იმითაც, რომ, თუ რამე გამიჭირდება, მყავს ქმარი, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება.
– მიუხედავად ამისა, ფიქრობთ, რომ დროა, პირად ცხოვრებაზე იზრუნოთ?
– დიახ, რატომ გიკვირთ? ჩემს ასაკში სხვანაირად ვგრძნობ ქალობას და სხვა მოთხოვნები გამიჩნდა. თავს ვერ მოვიკლავ ამის გამო და ვერც ნაადრევად დავიბერებ თავს. ჩემი ქმარი, როგორც მამაკაცი, არ მომწონს.
– ამას ახლა მიხვდით?
– ადრევე მივხვდი, მაგრამ ახლა მოვიცალე, რომ პირად ცხოვრებას მივხედო. მჭირდება სასურველი მამაკაცის ყურადღება, მძაფრი შეგრძნებები, ვნება, რაც ჩემს ქმართან არ მაქვს. მას არაფერს ვაბრალებ. შეიძლება, დამნაშავე თავად ვარ, რომ ვერ შევიყვარე, როგორც მამაკაცი. ჩვენ შორის ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხდა ის „ქიმია“, რომელიც ინტიმურ სფეროში ქალსა და კაცს შორის უნდა ხდებოდეს. მე მქონდა ამის იმედი, როცა სიყვარულის გარეშე ვთხოვდებოდი. სხვათა შორის, გამონაკლისი არ ვარ, ამ მხრივ არ მივიჩნევ საკუთარ თავს „თეთრ ყვავად”, ჩემს მდგომარეობაში კიდევ ბევრი ქალია და, თუ სითამამე არ ჰყოფნით, მხოლოდ მეცოდებიან ისინი. მე ისიც ვიცი, რომ საკუთარ სურვილებში, საკუთარ თავში გარკვევა ღალატამდე მიმიყვანს, მაგრამ ახლა ხომ ჩემსავე თავს და სხეულს ვღალატობ?! მგონი, ქვეყანა არ დაიქცევა იმით, რომ მეც მივიღო სიამოვნება.
– ანუ, ოჯახის დანგრევას არ აპირებთ?
– რატომ უნდა დავანგრიო? შეიძლება, ჩემს ქმარსაც მიუღია სიამოვნება ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში ვინმე სხვა ქალთან, მაგრამ მე არც მიფიქრია, გამომექექა მისი ცოდვები. რაც ვერ გავიგე, ღმერთმა შეარგოს, არ არის ეს ჩემთვის პრობლემა. ისე მოვიქცევი, რომ მან ვერაფერი გაიგოს. ეს ჩემთვის ისეთი რელაქსი იქნება, რომელიც ცხოვრების გაგრძელების სტიმულს მომცემს. მინდა, სწორად გამიგოთ – აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალი ვარ. არც გარყვნილი ფსიქიკა მაქვს და არც მოღალატური ბუნება, მაგრამ, ვარ ქალი – ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით. ვგრძნობ, რომ, თუ აბსოლუტურად ნორმალურ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს არ დავიკმაყოფილებ, უარესად გავხდები. ცუდად ჟღერს, ხომ? ვიცი, ფიქრობთ, რომ, თუ ქმარი არ მაკმაყოფილებს, უნდა გავეყარო მას და ისე გავიჩინო სხვა პარტნიორი. მაგრამ მე ქმარს მარტო სექსპარტნიორად არ აღვიქვამ. ის ჩემი ოჯახია, ჩემი მეგობარია, ჩემი შვილების მამაა და მინდა მასთან ყოფნა.
– ხომ შეიძლება, გაიგოს ქმარმა – ამის ალბათობაც ხომ არსებობს?
– ალბათობა ყველაფრის არსებობს, მაგრამ, თუ გავაკეთებ, ჭკვიანურად უნდა გავაკეთო. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ, ვხვდები, რომ პრობლემა მაქვს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. შესაფერისი კანდიდატურის პოვნაც არ არის ადვილი. შეყვარებას არ ვაპირებ, მაგრამ, ვნება უნდა გამიჩნდეს; ის უნდა მივიღო, რაც მაკლია. ალბათ, ფიქრობთ, რომ სახიფათო თამაში წამოვიწყე. მაგრამ ხიფათის განცდაც სასიამოვნო ყოფილა. ბოლო რამდენიმე თვეა, ამ განცდით ვცხოვრობ და მომწონს.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უსიყვარულოდ გათხოვება არ არის კარგი.
– გეთანხმებით, მაგრამ, როცა სიყვარულით თხოვდები, გაცილებით მეტ შეცდომას უშვებ და გაცილებით მეტი პრობლემა გექმნება. მე კი, შეიძლება, ისე შევივსო დეფიციტი, რომ სექსამდე სულაც არ მივიდე – ფლირტმა და რამდენიმე მსუბუქმა პაემანმა დამაკმაყოფილოს, მთავარია, ვიგრძნო, რომ სასურველი ქალი ვარ, რომ კაცებს მოვწონვარ და ვუნდივარ. არ მინდა, არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდეს და გამიმყარდეს. დიახ, ქალი ვარ და, ეს ყველაფერი – ემოცია, გრძნობა, ვნება – ძალიან მჭირდება