რატომ შედიოდა იტალიურ ციხეებში ქართველ პატიმრებთან ცისნამი საყვარლიშვილი და როგორ გახდა ის ამერიკაში ერთ-ერთი ტელევიზიის ტელეწამყვანი
უცხოეთში ქართველების წარმატების შესახებ ხშირად გვსმენია, მათ შორის არის ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი. მან შეიძლება ითქვას, რომ თავისი ცხოვრება იტალიაში ნულიდან დაიწყო. ჯერ იტალიაში ისწავლა, შემდეგ ამერიკაში და ახლა ნიუ-იორკში, ერთადერთ იტალიურ ტელევიზიაში, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. როგორია ამ საინტერესო ადამიანის, კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ცისნამი საყვარლიშვილი: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი, ივანე საყვარლიშვილი ქართული ხალხური საკრავების სპეციალისტი იყო. მას ჰყავდა მედუდუკეთა დასი და გურჯაანელებს სხვადასხვა ჩასაბერ ინსტრუმენტზე ასწავლიდა დაკვრას. ჩემი ძმა მამის კვალს გაჰყვა და თითქმის ყველა სახის ინსტრუმენტზე უკრავს. რაც შეეხება დედას, პიანისტია. ჩემს მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ იმის სურვილი, რომ მეც მუსიკალური განათლება მიმეღო. მაგრამ, ეს სფერო დიდად არ მხიბლავდა. სულ წვალებითა და ტირილით დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. მახსოვს, გამოცდებში ხუთიანებს სულ მამის ხათრით მიწერდნენ. ბავშვობიდან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ოთხი წლის ასაკში დავდგებოდი მაგიდაზე და ვამბობდი: ყველამ მომაქციეთ ყურადღება, ლექსი უნდა წაგიკითხოთ-მეთქი (იცინის). ხუთი წლის მიმიყვანეს სკოლაში. ასაკის გამო არ მიღებდნენ და ბებიას მინისტრთან მივუყვანივარ თანხმობის მისაცემად. იქაც ლექსები ვთქვი და მინისტრიც დათანხმდა: ეს ბავშვი აუცილებლად სკოლაშია ჩასარიცხიო. ყველასგან ვითხოვდი ყურადღებას. თუ ეს მომაკლდებოდა, მაშინ ვიგონებდი რაღაცეებს, მაგალითად, ავად ვარ, მუცელი მტკივა-მეთქი და ასე შემდეგ. ჩემი ოჯახისთვის პრიორიტეტი იყო, კარგი განათლება მოეცათ. 80-90-იან წლებში არც ჩემს ოჯახს ულხინდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ რაიმე ახალი წიგნი გამოვიდოდა, ჩვენს თაროზე ყოველთვის იდო. მქონდა პერიოდი, როცა ჩემს ოთახში ჩაკეტილი ვსწავლობდი. ბებია კარებს გააღებდა, სადილს შემომიცურებდა და ისევ გამოხურავდა. ჩემი პირველი ოცნება იყო, დამემთავრებინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ერთი სოფლელი გოგონა ვიყავი, სოფელ ვაჩნაძიანში ვიზრდებოდი. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი კუთხე. რაღაც შემთხვევის გამო, ჩემმა ძმამ გაყიდა ჩვენი მამულები, მაგრამ იმდენი გავაკეთე, თითოეული გოჯი მიწა დავიბრუნე.
– უცხოეთში რა მიზეზით წახვედი და იტალია რატომ აირჩიე?
– მეორე ოცნება იყო, ევროპაში მიმეღო განათლება. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური არ ვიცოდი, მაინც წავედი. იქ გავიარე ენის კურსები და წელიწად-ნახევარში ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. იტალია, იმიტომ რომ, ყოველთვის ძალიან მომწონდა. მიყვარდა იტალიის საფეხბურთო გუნდი, „იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ. ბავშვობიდანვე შეყვარებული ვიყავი ალექსანდრე დელპიეროზე (იცინის). თანაც, ეს ხომ დანტე ალიგიერის, მიქელანჯელოს ქვეყანაა. მოკლედ, ჩავალაგე ჩემი წითელი ჩემოდანი, რომელიც დღემდე მაქვს და თუ სადმე მივდივარ, ამ ჩემოდნით ვმოგზაურობ. ამიტომ, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვეძახი (იცინის).
– თავიდან ვინმესთან ჩახვედი თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყავი?
– არავისთან არ ჩავსულვარ. ჩავედი ჩემი იდეით და მიზნებით. არასდროს მეშინია ცხოვრების ნულიდან დაწყების. პაპაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, შენ რომ ქვაზე დაგსვან, იქაც კი იცხოვრებ, ისეთი ხარო (იცინის). თავიდან მოხუცს ვუვლიდი, როგორც ყველა ახლად ჩასული ემიგრანტი. ეს არ არის სირცხვილი. ეს არის ჩვეულებრივი სამსახური. თან, ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. უნივერსიტეტში გავხდი სტუდენტური მთავრობის წევრი. შეხვედრები მქონდა პოლიტიკოსებთან. ჩაწერილი ვარ იტალიურ ტელევიზიაში. იქაურ პრესაში ჩემზე დაიწერა 3-4 სტატია. ვმუშაობდი იტალიის პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, სადაც ჟურნალისტის დამხმარე ვიყავი. მომიწია მერიის იმიგრაციის სამსახურში მუშაობა, სადაც ვიყავი კულტურული მედიატორი: შევდიოდი ციხეებში, ქართველ პატიმრებს ვეხმარებოდი, ვიცავდი მათ უფლებებს, ვუწევდი დახმარებას ენის მხრივ. დავინტერესდი იტალიური სამზარეულოთი და ვისწავლე კერძების მომზადება. იტალიაში ხან რადიოში ვიყავი, ხან ტელევიზიაში. ჩემი სტატიებიც სისტემატურად იბეჭდებოდა. 16 სტატიის ავტორი ვარ. იტალიაში ცხოვრებისას არასოდეს მქონია კრიტიკული პერიოდი. ერთადერთი, რაც იყო, ჩემი შვილი მენატრებოდა, მაგრამ საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი. ამერიკიდან მიჭირს ჩამოსვლა. 14 საათი სჭირდება გზას, თორემ იტალია ახლოსაა.
– იტალიაში ისეთი წარმატებული იყავი, ამერკიაში რატომ წახვედი?
– იმიტომ რომ მოუსვენარი ვარ და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები (იცინის). იტალიაში თითქოს ჩემი თავი ამოვწურე. ამიტომ, სიახლე მჭირდებოდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, თავად ხარ შენი ცხოვრების გემის კაპიტანიო და მართლაც ასეა. ამერიკაც ჩემი ბავშვობის ოცნების სიაში მეწერა. ბავშვობაში 48-ფურცლიანი რვეული მქონდა და ჩემს ოცნებებს ვწერდი. ჩემი აქ ჩამოსვლა საუკეთესო საშუალება იყო. სასწავლო ვიზით წამოვედი და 6 თვის განმავლობაში იტალიის მთავრობა მაფინანსებდა. მქონდა მეორე შემოთავაზება – ევროპარლამენტში უნდა წავსულიყავი ექვსთვიან სტაჟირებაზე. ეს ჩემი პროფესორის, კარლო ფუზოროს ინიციატივა იყო. ამ ადამიანს ჩემს იტალიელ მამობილს ვეძახი, რადგან მისგან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა მაქვს. საბოლოოდ, ამერიკაზე გავაკეთე არჩევანი.
ამერიკაში სწავლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი, რადგან შვილი მყავს და მიხედვა სჭირდება. კერძების მომზადება მიყვარს. „ფეისბუქზე” მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ გვერდი, სადაც ჩვენს მომზადებულ კერძებს ვტვირთავდით. ეს იდეა იმდენად ჩაჯდა ჩემს გონებაში, რომ პროექტად გადავაკეთე და ნიუ-იორკში, ერთადერთ იტალიურ ტელევიზიას შევთავაზე. შევხვდი მის დირექტორს, სტეფანო სანტოროს, წარვუდგინე პროექტი და ვუთხარი, თუ დააინტერესებდა, დავიწყებდი გადაცემაზე მუშაობას. ასე გავხდი ჩემი გადაცემის, „IL Michofono Peperoncino-ს” წამყვანი. გადაცემის სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც „წიწაკის მიკროფონი” და რატომ, გეტყვით. მყავდა იტალიელი პროფესორი, ვალერია ფარჯონი, რომელიც პეპერონჩინოს – წიწაკას მეძახდა, რადგან სულ პოლემიკაში შევდიოდი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჯანდაბა ამ პირად ცხოვრებას (იცინის). ძალიან რომანტიკული ვარ. ჩემი შეყვარება მარტივია, მაგრამ მე რომ ვინმე შემიყვარდეს, ეს – რთული. უკვე იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, ვისწავლე კარგის და ცუდის გარჩევა. ქმარს გაშორებული ვარ და ამ ეტაპზე არავინაა ჩემს ცხოვრებაში. ჩემ გვერდით უნდა იყოს განათლებული ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებაში. მატერიალურ მხარეს ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ, მშრომელი კაცი უნდა იყოს. სხვათა შორის, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სიმაღლეს, რადგან მე 1.80 სანტიმეტრი ვარ, ვიღაცას გაეცინება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ჩემს გვერდით დაბალი მამაკაცი (იცინის). პირველი ოჯახი სიყვარულით შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, დაინგრა. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ირაკლი, რომელიც მალე 8 წლის გახდება. ძალიან კარგი ბავშვია და უკვე თავისი დაწერილი მოთხრობაც მომიყვა.
– რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი?
– 19 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, სტუდენტი. ამ კითხვაზე ყოველთვის ვჩუმდები და არ ვიცი, რა ვუპასუხო. ვერ გეტყვით, რატომ დაინგრა. როცა კაცი გეტყვის, რომ რაღაც დამთავრდა, მაშინ უნდა ადგე და წახვიდე მისი ცხოვრებიდან. პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას, არ ვყოფილვარ ქაჯი – არ დამიწყია კალთების გლეჯა და სახის ხოკვა. თუმცა, ძალიან რთული იყო ის, რომ ორი თვის ბავშვით მარტო დავრჩი. ქმარმა მიმატოვა, ამის აღიარება ბევრ ქალს უჭირს, მაგრამ რატომ, არ ვიცი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მიტოვებული ქალი ვარ, მაგრამ არასდროს ვიხსენებ ჩემს ყოფილ მეუღლეს ცუდად.
– საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
– კი, რა თქმა უნდა. არავის ეგონოს, რომ ცინსამს ამერიკული დოლარები მოსწონს და საქართველოში აღარ დაბრუნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ქართველებს არ დავჭირდები და მათგან უარყოფით ემოციას დავინახავ, მაშინ ავიკრიბავ გუდა-ნაბადს და ჩემს შვილთან ერთად, ისევ ამერიკაში გავემგზავრები.