კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაატარა გია აბესალაშვილმა ციმბირში ექვსი თვე და ვისთან ერთად იცავდა ის ულამაზეს გოგონებს ხმლებით

ხშირად ამბობენ, რომ, თუ ადამიანი კარიერულ წარმატებას აღწევს, მაშინ პირადი ცხოვრების აწყობა უჭირს, ან – პირიქით. თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ორივეს ძალიან კარგად უთავსებენ ერთმანეთს. ზუსტად ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი გია აბესალაშვილი, რომელსაც წარმატებული როლების მიღმა საინტერესო ისტორიებით სავსე ცხოვრება აქვს და გვერდში საყვარელი ადამიანები უდგანან.

გია აბესალაშვილი: მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ცეკვის ანსამბლიდან ლვოვში წაგვიყვანეს გასტროლზე მატარებლით. მე მეორე საწოლზე ვიწექი. მახსოვს, ჩემი მასწავლებელი მაწვდიდა ლიმონათს, უნდა გამომერთმია, მაგრამ, შუქი ჩაქრა და უცებ მოპირდაპირე ლოგინზე აღმოვჩნდი (იცინის). თურმე, კლდე ჩამოიშალა და ვაგონების გადაბმის ადგილას დაეცა, რის გამოც მატარებელი გადაბრუნდა. მდინარე ყვირილის პირას ვიყავით. მახსოვს, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო და მხოლოდ წყლის ხმა ისმოდა. ფანჯრებიდან ამოგვიყვანეს და უკან, გორში დაგვაბრუნეს. ერთი ღამე იქ გავჩერდით და მერე ისევ განვაგრძეთ გზა სხვა მატარებლით. ერთხელ, ნათესავებთან ერთად თბილისში მოვდიოდი, ცხვირიანი ავტობუსები რომ იყო ადრე, იმით და საშინელი ავარია მოგვივიდა. მთელი ტანი შუშის ნამსხვრევებით გვქონდა დაფარული. ბევრი ადამიანი დაიღუპა, მე კი ხელიც არ გამიკაწრავს, მხოლოდ სათამაშო მანქანა მქონდა თან და ის გამიფუჭდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მაშინ 5-6 წლის ვიქნებოდი. სოხუმი რომ დაეცა, მაგ დროს მაშველი ვიყავი და ჩვენი მოვალეობა იყო ხალხი უსაფრთხო ადგილას გადმოგვეყვანა ვერტმფრენით. ერთხელ, ავფრინდით და ჩვენებმა დაგვიწყეს სროლა – ვერ მიხვდნენ, რომ მათიანები ვიყავით. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით და მშვიდობიანად ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე.
– ზოგადად, ხიფათიანი ადამიანი ხართ?
– ხიფათთან დაკავშირებით სულ ლევან აბაშიძეს ვაშაყირებდით ხოლმე, რომელიც ჩემი ახლო მეგობარი იყო. ლევანი სულ რაღაც ხიფათში ეხვეოდა. მისი თაბაშირებით მთელ ტანს ააწყობდი. ორივე ხელი, ფეხები, კისერი – ყველაფერი მოტეხილი ჰქონდა, სულ დალეწილი დადიოდა. მოტოციკლი იყიდა და – ამოტრიალდა; „ზაპოროჟეცი“ იყიდა და – მერე იმით ვიტეხდით კისერს. ერთხელ, მიშა თუმანიშვილს გადავეკიდეთ, სახლში ჩვენ წაგიყვანთ „ზაპოროჟეცითო“. თავიდან უარზე იყო, მაგრამ მერე ხათრი აღარ გაგვიტეხა და მანქანაში ჩაგვიჯდა. ჯერ გაგიჟდა – ეს რა მანქანაა, შიგ ვერ ვეტევიო. მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ მანქანას კარები კარგად არ ეკეტებოდა და წინიდან იღებოდა. ასე რომ, როცა ქარი დაუბერავდა, ჩვენი „ზაპოროჟეცი“ ხელებს შლიდა. იმ დღეს ჩავისვით თუმანიშვილი და, როგორც წესი, ერთი კარიდან მეორე კარისკენ ზემოდან (ჩუმად) გადავატარეთ თოკი და დავამაგრეთ, რომ არ გაღებულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, გმირთა მოედანზე ძალიან დაუბერა ქარმა... აბა, ის მანქანა ისე დაღოღავდა, სწრაფად ჩვენ ვერ წავიდოდით. მოკლედ, უცებ, შუა ქუჩაში, გაიღო ჩვენი მანქანის კარი, ბრახ და – საერთოდ მოწყდა. არასდროს დამავიწყდება თუმანიშვილის გაფართოებული თვალები; ყვიროდა – გამიშვითო. შუა ქუჩაში გადმოგვიხტა, ქოქოლა დაგვაყარა და გაიქცა. მას შემდეგ ჩვენთან აღარ ჩამჯდარა (იცინის).
– როგორ დაიწყეთ სამსახიობო კარიერა?
– როგორც ვთქვი, სკოლაში სწავლისას ვცეკვავდი, შემდეგ კი სუხიშვილების სტუდიაში ჩავაბარე. უნივერსიტეტშიც ჩავაბარე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკაზე, რადგან იქ ყველაზე ნაკლები კონკურსი იყო, თორემ, ერთი დღეც არ მივლია. იმ პერიოდში, შემთხვევით, ქუჩაში ქალმა ფოტოები გადამიღო – კინოსტუდიისთვის მინდაო. შემდეგ მამაკაცის მთავარი როლისთვის გამართულ სინჯებზე მიმიწვიეს ფილმისთვის „წერილები ბამიდან“ და დამამტკიცეს კიდეც ამ როლზე. ასე აღმოვჩნდი ციმბირში, სადაც 14 დღე და ღამე მატარებლით მივდიოდით. დაახლოებით ხუთთვე-ნახევარი გავატარეთ ციმბირში. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ სტაჟისთვის თუმანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა. ვიყავი სცენის მუშა, გამნათებელი და რეკვიზიტორიც. მერე თვითონვე შემომთავაზეს, თეატრალურში ხომ არ ჩააბარებო. დავუჯერე, ხუთებზე ჩავაბარე და თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, მაგრამ მიშას ყველგან თან დავყავდით და ფილმებშიც აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას. წესით, ამის გამო ჯარს უნდა გადავრჩენილიყავით, მაგრამ მაინც მოგვიწია იქ წასვლა. ჩემი ჯგუფელის, თემურ გვალიას მამა რესპუბლიკის კომისარი იყო და გვითხრა: ფოტოები გადაიღეთ და  ჩემთან მოდითო. რომ მივედით, ჩვენი ფოტოები მაგიდაზე შუშის ქვეშ შეაცურა და თქვა: აი, ახლა რომ მოვა ჩემთან ვინმე და მთხოვს, ჩემი შვილი ჯარში არ გაუშვაო, თქვენს სურათებს ვაჩვენებ და ვეტყვი – აგერ, ჩემი შვილია ერთიც და მეორეც და ორივე გავუშვი, თქვენი როგორღა დავტოვო-მეთქი – და ორივე ასე გაღიმებული გაგვიშვა მოსკოვიდან 2 400 კილომეტრში... ცხინვალში (იცინის). ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, უამრავი მეგობარი დღემდე მომყვება იქიდან.
– როგორც ყველა ბიჭს, საქმის გარჩევებში არ გიწევდათ მონაწილეობის მიღება?
– როგორ არა, ჩხუბიც იყო და გარჩევ-გამორჩევაც. სტუდიაში რომ ვცეკვავდი, ჯგუფში ულამაზესი გოგონები გვყავდა, ყველა დახატული იყო, თუმცა ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ერთმანეთთან სხვა დამოკიდებულება გვქონდა, მათ მიმართ არავის არაფერს ვაპატიებდით. არადა, ესენი ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ სტუდიიდან გამოსულებს სულ ნაირ-ნაირი „სიძეები” გვხვდებოდნენ გარეთ (იცინის). ვის დავუთმობდით რამეს და, სულ ხმლებით დავდიოდით (იცინის). სინამდვილეში, ცეკვისთვის ხომ მართლა გვქონდა საფარიკაო აღჭურვილობა და გარეთაც დაგვქონდა ჩანთით. ხანდახან ვიშიშვლებდით ჩვენს ხმლებს და ზოგიერთს ხვდებოდა კიდეც ცხვირ-პირში. ჩვენც მოგხვედრია, განა მარტო ჩვენ ვურტყამდით. ერთ-ერთ გარჩევაზე, მახსოვს, ჩვენმა „მოწინააღმდეგეებმა“ დანა დააძრეს. ჩვენ, ეგრე არ უნდაო – ხმლები ამოვიღეთ და სუყველა გავფანტეთ.
– თქვენ როდის შეგიყვარდათ პირველად?
– პირველად საბავშვო ბაღში შემიყვარდა და სულ მინდოდა მის გვერდით ვმჯდარიყავი. ისე, მე სულ ვიღაც მიყვარდა – ხან ერთი, ხან მეორე. ერთხელ, დედაჩემს სახლში მეზობელი გოგო მოვუყვანე – ნახე, რა ლამაზია, აღარ გავუშვათ-მეთქი. მაშინ სკოლაში არც დავდიოდი. ახლა, ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, მართლა ძალიან ლამაზია ის გოგო. ყოველთვის შეყვარებული ვიყავი, მაგრამ, ისე არა, ბოლომდე რომ იძირებიან. თუ გოგოსგანაც რამეს არ ვიგრძნობდი, კარგად ყოფილიყო – დაბმული სახლში ძაღლიც კი არ მინდა (იცინის).
– სერიოზულად როდის შეგიყვარდათ?
– სტუდენტობის პერიოდში. ჩემი მომავალი მეუღლე დეიდაშვილის ქორწილში გავიცანი. მისგანაც იმავე დამოკიდებულებას ვგრძნობდი და ვხვდებოდით, მაგრამ, გასტროლების გამო განშორება ხშირად გვიწევდა. ერთხელ გოგა პიპინაშვილმა მითხრა: ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაუსვა წერტილი ამ ამბავსო. მოკლედ, ჩემს დაქორწინებაში დიდი წვლილი მეგობრებს მიუძღვით. შევიკრიბეთ, წყნეთში წავედით, ჯვარი ვიფსკვენით და იქიდან რაჭაში წავედით „მარშრუტკით“. უამრავი სასმელი გვქონდა და, გზაში მძღოლიც სვამდა და მისი შემცვლელიც, ნელ-ნელა მივღოღავდით და როგორც იქნა, 12 საათში ჩავაღწიეთ. მძღოლი ტყიბულელი გვყავდა. ტყიბულში რომ შევედით, გვითხრა: აქანა უნდა გევიარო ჩემს ოჯახშიო. „გევიარეთ“ მის ოჯახში და დაგხვდა გაშლილი სუფრა – თურმე მეზობელს დაბადების დღე ჰქონია. ჩემმა ცოლმა და მისმა მეჯვარემ, იმ იმედით, რომ დაუშლიდა, მძღოლის დედას უთხრეს – თქვენი შვილი საჭესთანაა და სვამსო. იმან კი – დალევს, შვილო, აბა რას იზამს. ჯერ მექორწილეები მოგიყვანათ, აქ კიდევ დაბადების დღე დახვდა და, აბა, რას იზამს, ამას ვენაცვალეო (იცინის). ჩემი მეუღლე სამედიცინოზე სწავლობდა. სხვათა შორის, მის ოჯახს არ უნდოდა მსახიობზე შვილის გათხოვება. ავი ენები ამბობდნენ – ეგ ჯიბგირია, ისეთ ვიღაცეებთან მეგობრობსო... მოკლედ, გააგიჟეს მისი ოჯახი. ასე რომ, სანამ თავად გამიცნობდნენ, არც ისე კარგი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე (იცინის).

скачать dle 11.3