ცნობილი ქართველი თაღლითი „ჩანჩურა“ მოსკოვის პრესტიჟულ სასაფლაოზე დაკრძალეს
ქართველი თაღლითი ვანო სილაგაძე, მეტსახელად „ჩანჩურა“, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პიროვნება იყო საბჭოთა კავშირის კრიმინალურ სამყაროში. მის სახელს უკავშირდება არაერთი დანაშაული, რომლებიც მახვილგონივრულობითა და ორიგინალურობით იყო გამორჩეული. ზოგიერთი კი, კომიკურიც და საქმის მწარმოებელი გამომძიებლები ხშირად ხარხარსაც კი ვერ იკავებდნენ ამ საქმეების ძიების დროს. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს „ჩანჩურას“ კრიმინალური ცხოვრებიდან.
ვაჭრის წერილი
თოთხმეტ წლამდე პატარა ვანიკო მთელ მაზრაში სანიმუშო, თითით საჩვენებელი ბავშვი იყო. თუმცა, ერთმა შემთხვევამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ჩანჩურას კრიმინალური კარიერისკენ უბიძგა.
ვანო სილაგაძეს ერთი მეგობარი თანასოფლელი ჰყავდა, რომელიც თურქ ჩარჩთან ხელის ბიჭად იდგა და ბათუმში დღედაღამ მას ემსახურებოდა. ერთ დღეს თურქმა ბიჭი სამსახურიდან გამოაგდო, რადგან ყოვლად უსაფუძვლოდ ქურდობაში დასდო ბრალი, თან დაემუქრა: თუ არ მომასვენებ, ციხეში გამოგამწყვდევო.
დაღონებულმა და უდანაშაულო ნახელისბიჭარმა ყველაფერი ჩანჩურას უამბო. ვანომ მას დეტალურად გამოჰკითხა თურქი ვაჭრის შესახებ, რაღაც-რაღაცეები დააზუსტა და ბოლოს შეჰპირდა – შენი თუმნის სანაცვლოდ, ასმაგად ვაზარალებ და ას თუმანს (ათასი მანეთი) ავართმევო...
მაისის ერთ მზიან დღეს თურქი დიდგვაროვნის შთამომავლის სამოსში გამოწყობილი ჩანჩურა, რომელსაც უაქცენტოდ ჰქონდა ათვისებული თურქული ენა, სწორედ იმ თურქი ვაჭრის მაღაზიას ეწვია, ვითომდა თავისი დანიშნულისთვის მარგალიტის მძივების საყიდლად. თუმცა, „შემთხვევით“ ფეხი დაუცდა, მარჯვენა ხელი დაიზიანა და სული რომ მოითქვა, შეწუხებულ „თანამემამულეს“ სამკაულები გამოატანინა. საუკეთესო მარგალიტის მძივები შეარჩია და ჯიბეები რომ მოიჩხრიკა, აღმოაჩინა, რომ ფულით სავსე ქისა სახლში დარჩენოდა და თურქ ვაჭარს უთხრა:
– დრო რომ არ დავკარგო, ჩემს დას წერილს გავუგზავნი, რომ ჩემს ლაქიას ფული გამოატანოს, თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, დამიწერეთ, რადგან ხელი ვიტკინე და წერა არ შემიძლიაო.
თურქ ვაჭარს ახმედი ერქვა. ჩანჩურაც ახმედად გაეცნო მას და ასეთი შინაარსის წერილი უკარნახა ვაჭარს: „ძვირფასო და საყვარელო, საჩუქრისთვის ასი თუმანი მჭირდება და ჩემს ახალ ლაქიას გამოატანე...“ შემდეგ ქუჩაში მდგომ „ლაქიას“, სინამდვილეში კი თავის თანასოფლელს უხმო, რომელიც წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული და წერილი გაატანა. „ახალმა ლაქიამ“ კი თურქი ვაჭრის ხელით დაწერილი წერილი მის ცოლს მიუტანა. ქალმა ქმრის ხელი იცნო, „ახალ ლაქიას“ ასი თუმანი უყოყმანოდ ჩაუთვალა და საჩუქრის მოლოდინში სიხარულით გამოისტუმრა... „ლაქიამ“ რომ დაიგვიანა, ჩანჩურამ თავად გადაწყვიტა ფულის მოტანა და თურქის მაღაზია დატოვა. შემდეგ თავის თანამზრახველს შეხვდა და მეგობრები სოფელში დაბრუნდნენ. ათასი მანეთი სამად „გატეხეს“ და კარგადაც მოილხინეს. გაცუცურაკებულმა თურქმა კი ერთი ამბავი ატეხა და მთელი მაშინდელი ჟანდარმერია ფეხზე დააყენა. თაღლითებზე ძებნა გამოაცხადეს და მართალია, მათ ერთი წლის შემდეგ მიაგნეს, მაგრამ ვერც დანაშაული დაუმტკიცეს, რადგან ბავშვები ყველაფერს უარყოფდნენ და რომც დაემტკიცებინათ, ვერ დასჯიდნენ, რადგან არასრულწლოვნები იყვნენ. თურქი ვაჭრის გაბითურების ამბავი კი მთელ გურია-აჭარას მოედო. ჩანჩურა თითით საჩვენებელი გახდა. მას ყველგან ცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ჩანჩურას მშობლებს კი თურქი ვაჭრის შურისძიების შეეშინდათ. ვანიკო ლანჩხუთს გაარიდეს და თბილისში გაამგზავრეს შორეულ ნათესავთან, რომელიც საბუღალტრო კანტორაში მოანგარიშედ მუშაობდა.
პოლიგლოტი თაღლითი
საქართველოს დედაქალაქში პირველად ჩასულმა სოფლელმა ბიჭმა მალევე აუღო ალღო ქალაქურ ყოფას და ცხოვრების ფერხულში ჩაება. თავდაპირველად, ის მედუქნის დამხმარედ მოეწყო და მეიდნელ ზაქრო ყუშიტაშვილს პროდუქტებს უზიდავდა ბაზრიდან. თუმცა, მალევე მობეზრდა გროშებზე მუშაობა და გადაწყვიტა, თაღლითობით ერჩინა თავი. მით უმეტეს, რომ ყუშიტაშვილი ძალიან ძუნწი იყო. ბიჭს ბევრს ამუშავებდა და ძალიან ცოტას უხდიდა. სწორედ ყუშიტაშვილი გახდა ჩანჩურას პირველი თბილისელი მსხვერპლი. მედუქნისგან სულ რაღაც ერთი კვირის წამოსული იყო ვანიკო, როდესაც 15 წლის ბიჭმა ერთი თაღლითობა ჩაიფიქრა და განახორციელა კიდეც. თავისი ახალშეძენილი მეგობარი, ავლაბრელი ხაჩიკ მირზოიანი, რომელსაც ძვირფასი, ოთხ თუმნად ღირებული, მაგრამ იაფად შეძენილი ქურქი ჰქონდა, ზაქროს მიუგზავნა და ხუთ მანეთად მიაყიდინა ქურქი მისთვის. იმავე დღეს კი, მეორე ახალშეძენილი მეგობარი – მეიდნელი თათარი ზორბეგ ალიევი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ დილით, ზაქროს დუქნის მახლობლად თავს დაესხნენ და ძვირად ღირებული ქურქი წაართვეს. ჯიბეში კი ასი თუმანი ედო... პოლიციამ საქმე აღძრა. ალიევმა გოროდოვოისთან ერთად „შემთხვევის ადგილი“ დაიარა და „წართმეული“ ქურქი მათ მედუქნე ყუშიტაშვილის ტანზე აღმოაჩინეს... გოროდოვოი ზაქროს დაპატიმრებით დაემუქრა. თუმცა, შეშინებულმა და გაბითურებულმა ზაქრომ ქურქიც დააბრუნა და ასი თუმანიც... ათი თუმანი ალიევმა ყოჩაღ გოროდოვოის აჩუქა. დანარჩენი კი სამ კაცზე „გატეხეს“ და ძუნწი მედუქნის გაბითურებით ჩანჩურა ძალიან კმაყოფილი დარჩა... ჩანჩურამ და მისმა „პაძელნიკებმა“ ოთხი წელი იბოგინეს თბილისში. რევოლუციის შემდეგ კი, მირზოიანი წითელ არმიაში ჩაეწერა. ალიევი ბაქოში გაემგზავრა. 19 წლის ჩანჩურამ კი, რომელმაც იმ დროისთვის ქართულ და თურქულ ენებს სომხური, აზერბაიჯანული და რუსული მიამატა, მოსკოვს მიაშურა. იქ ახალგაზრდა ქართველი თაღლითი წოდებაჩამორთმეულ, ყოფილ დიდგვაროვნებს სძალავდა ფულსა და ძვირფას ნივთებს და ამით ირჩენდა თავს. 1920 წელს ჩანჩურამ ნათავადარი პავლე პოტიომკინი გააბითურა, რომელსაც შეჰპირდა, რომ პარიზში გააპარებდა არალეგალურად. ის ბათუმში ჩამოიყვანა და გემზეც კი აიყვანა. სანაცვლოდ, 10 ათასი ოქროს მანეთი გამოართვა და მიიმალა. გემი მართლაც გავიდა შუა ზღვაში, თუმცა სულ მალე, ოდესაში ჩაუშვა ღუზა – პოტიომკინი პარიზის გარეშე დარჩა... ჩანჩურა პირველად 1930 წელს დააპატიმრეს, როდესაც ოდესაში ერთ ამერიკელს პორტის ერთ-ერთი ნავსაყუდელის მიყიდვას შეჰპირდა. თუმცა, ამერიკელი, სინამდვილეში, ჩეკისტი აღმოჩნდა და ჩანჩურა 5 წლით ციხეში გამოამწყვდიეს...
ვანიკო სილაგაძემ 84 წელი იცოცხლა. 9 ენა შეისწავლა და 6-ჯერ მოხვდა ციხეში. პოლიგლოტმა თაღლითმა ფრთები გასული საუკუნის 60-იან წლებში გაშალა. რადგან მრავალ ენაზე უაქცენტოდ საუბრობდა, ჩანჩურა უცხოელებზე იყო ძირითადად ორიენტირებული და მათ აბითურებდა. 1962 წლის მაისში, ლენინგრადში მოღვაწე ჩანჩურამ მოსკოვში ერთი ამერიკელი მოქალაქე ჩაიყვანა. ის ისე ჰყავდა გაბითურებული, რომ 40 ათასი მანეთი გამოართვა, სანაცვლოდ კი, კრემლის ეზოში მდგარი „მეფე ზარბაზანი“ (ცარ პუშკა) შეჰპირდა, თვითონ კი ნევისპირა ქალაქში დაბრუნდა. როდესაც ამერიკელი კრემლის კარს მიადგა ამწეთი, „თავისი ნივთი“ რომ წაეღო, მას მილიციამ სტაცა ხელი. „მურის“ გამომძიებლები კი სიცილით იხოცებოდნენ და არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, თუ ვინ გაყიდდა რუსეთის ერთ-ერთ სიმბოლოს.
ჩანჩურამ თაღლითობით დიდი ქონება იშოვა და მართალია, საერთო ჯამში, 12 წელი ციხეში გაატარა, მაგრამ მოსკოვის პრესტიჟულ სასაფლაოზეა დაკრძალული და ცნობილი მოქანდაკის მიერ გაკეთებული ბიუსტიც ადგას მის საფლავს.