კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოაკვლევინა საქართველოს მონღოლმა დედოფალმა თორღვა პანკელი და როგორ დაისაჯა უნებლიეთ ფიცის გატეხისთვის ბერი ხორნაბუჯელი

ოქროს ურდოს ყაენმა ბათომ, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა, დავით მეშვიდე ულუს გამოუგზავნა ელჩი და თავისთან დაიბარა. ამ დროს  ჰულაგუ, ასევე ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი, ჯერ არ იყო გაბატონებული ირანსა და წინა აზიაში; ჰულაგუიანთა საილხანო ჯერ არ იყო დაარსებული და ამიტომ საქართველო ოქროს ურდოს ვასალად ითვლებოდა. ამ დროს ბათო ყაენი  უფროსი იყო ჩინგიზიდთა საგვარეულოში და  მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მონღოლთა დიდი ყაენის არჩევაში. ის განაგებდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთსა და რუსეთს. მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მონღოლთა არმიებმა დაამარცხეს პოლონელები, უნგრელები, ხორვატები, რუმინელები, ბულგარელები, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ხალხები.
დავით ულუს პირველ ცოლად ჰყავდა მონღოლთა ნოინის ასული – ჯიგდა-ხათუნი, რომელიც მას, ალბათ, დიდ ურდოში ყოფნისას მოაყვანინეს, როცა მეფედ დასამტკიცებლად იყო იქ წასული.
დიდი საჩუქრებით გაემგზავრა დავით ლაშას ძე ჩრდილოეთისკენ. სასახლეში კი უფროსად დატოვა თავისი მეუღლე, დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მესტუმრე – ჯიქური, ანუ ქვეყანა მათ ჩააბარა. დავით ნარინი – დავით ულუს მამიდაშვილი და თანამეფე, ამ დროს უკვე ქუთათისში იყო გადასული და დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა.
მესტუმრე ჯიქური ძალიან ნიჭიერი და მეფის ერთგული პიროვნება ყოფილა. მას სამეფოში ისეთი წესრიგი დაუმყარებია, რომ თურმე აღარ არსებობდნენ მპარავები და ავაზაკები და, თუ სადმე გამოჩნდებოდნენ, ძელზე კიდებდნენ.
მეფის კარზე მესტუმრის (მესტუმრეთუხუცესის) სახელო, ანუ თანამდებობა, არ იყო სავაზირო, ანუ ერთ-ერთი უმაღლესი სახელო. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მესტუმრე არ იყო მთავრობის წევრი, ის ვაზირ მანდატურთუხუცესის ერთ-ერთ თანაშემწედ ითვლებოდა.
მესტუმრის მოვალეობაში შედიოდა სასახლეში უცხოელი ელჩების მიღება, გამგზავრება და სხვა. მემატიანე ჯიქურს „მესტუმრეს” უწოდებს. ალბათ, ჯიქური მესტუმრეთუხუცესი, ანუ, სხვა მესტუმრეების ხელმღვანელი იყო. ან, შეიძლება, მეფესთან დაახლოებამდე, სულაც, ერთ-ერთი სასახლის მესტუმრე იყო მხოლოდ. როგორც ჩანს, ჯიქური არ ყოფილა დიდგვაროვანი, მაგრამ, მეფეს დაუახლოებია და, ფაქტობრივად, სახლთუხუცესის უფლებებიც ჩაუბარებია მისთვის და პირველი ვაზირისაც, რადგან ის განაგებდა თურმე სასახლესაც და სამეფოსაც. არადა, წესით, მეფეს, ქვეყნიდან გამგზავრების შემთხვევაში, მწიგნობართუხუცესისთვის უნდა ჩაებარებინა სამეფო. მესტუმრე ჯიქური ძალიან ეხმარებოდა ქვეყნის გაღატაკებულ მოსახლეობას და უბრალო ხალხში პოპულარულიც ყოფილა.
დედოფალი ჯიგდაც ძალიან ენერგიული ქალი ბრძანდებოდა და აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვაში. საერთოდ, მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქალის რჩევებს და ხშირად დედოფლები მართავდნენ ხოლმე საყაენოს როგორც რეგენტები – ყაენის გარდაცვალებიდან ახალი ყაენის არჩევამდე ან ყაენის საომრად გამგზავრებისას.
იმ ხანებში, დედოფლის ბრძანებით, ჯიქურს ისანში აუშენებია ახალი სასახლე. მასვე დაუმორჩილებია და დაუხარკავს  ფხოველები – აქ იგულისხმება სახელმწიფოსთვის დაქვემდებარება: ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ, გადასახადები გადაეხადათ და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მიეღოთ მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ სამეფო იძულებული იყო, ხარკი გაეგზავნა მონღოლებისთვის და მათი არმიისთვის ქართული ჯარი მიეშველებინა.
ყაენთან წასვლამდე მეფემ სხვადასხვა კუთხე ჩააბარა ადგილობრივ დიდებულებს. კახეთი ჩაუბარებია ახალგაზრდა თორღვა პანკელისათვის და უბრძანებია, დედოფლის ბრძანებებს დაემორჩილეო.
გაემგავრა დავით ლაშას ძე ბათოსთან. ბათო ყაენმა დიდი პატივით მიიღო და, რაც სთხოვა ჩვენმა მეფემ, აუსრულა. დავით ულუ კარგა ხანს იმყოფებოდა ურდოში.
 ეგონა თურმე თორღვას, აღარ დაბრუნდება მეფეო და გამაგრებულა პანკისის ციხეში, რომელსაც მერე „თორღვას ციხე” უწოდეს; დაიკავა კახეთი და აღარ მორჩილებდა დედოფალსა და მესტუმრე ჯიქურს. დაუმორჩილებლობის მიზეზი უცნობია, შესაძლოა, დაბალი წარმოშობის ჯიქურის მბრძანებლობას ვერ იტანდა. არის სხვა ვერსიაც: ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა თორღვა ჯიგდა-ხათუნს მოსწონებია, მაგრამ მეფის ღალატი და შეურაცხყოფა ვერ იკადრა პანკელმა და ამიტომ არ ემორჩილებოდა ჯიგდასა და ჯიქურსო. იმასაც ამბობდნენ, ჯიგდა ჰყვარობდა ჯიქურს და ამიტომ მოხდა მისი დაწინაურებაო. ეს ლეგენდებია, უფრო – ვარაუდები, მემატიანე კი მხოლოდ თორღვას დაუმორჩილებლობაზე და სახელმწიფოს მართვაში ჯიქურის ნიჭზე, ასევე, მეფისადმი ჯიქურის ერთგულებაზე და უბრალო ხალხის, ღარიბ-ღატაკებისა და ქვრივ-ობლების მიერ ჯიქურისადმი სიმპათიაზე მოგვითხრობს.
ყაენმა ბათომ საჩრდილობელი მისცა მეფეს, რაც დიდ პატივისცემას ნიშნავდა. ასეთი პატივით მხოლოდ ყაენები და მათი ნათესავი უფლისწულები სარგებლობდნენ და, როგორც ყაენის წინ არავის შეეძლო დადგომა და დაჯდომა არც პურის ჭამის დროს, არც სხვა სიტუაციაში, ასევე ვერავინ დადგებოდა ჩვენი ხელმწიფის წინ.
ასე დაფასებული დავით ულუ გამოემგზავრა სამშობლოში. ჰერეთში მას საქართველოს დიდებულები მიეგებნენ, ხოლო შეშინებული თორღვა არ ეახლა და პანკისში ჩაიკეტა, თავის ციხეში.
მეფე დაბრუნდა ტფილისში. ყველას უხაროდა ხელმწიფის მშვიდობიანად დაბრუნება, რამდენიმე კვირა გაგრძელდა ლხინი. თორღვა მაინც არ გამოჩნდა. მოუწოდა მეფემ თორღვას სასახლეში, მაგრამ არ მივიდა პანკელი მეფესთან – ალბათ, ჯიგდასა და ჯიქურის შიშით. მაშინ ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა: მისი დავალებით, ბერი ხორნაბუჯელი წავიდა თორღვასთან და შეჰპირდა, ფიცს მოგცემ და მენდეო.
ბერი ხორნაბუჯელი იყო კამბეჩოვანის ერისთავი და მახატლისძეების დიდი გვარის შთამომავალი.
თორღვამ უპასუხა: წავიდეთ ალავერდში წმინდა გიორგის ხატის წინაშე და იქ შემომფიცეო. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე სამოსის ფესვს გამოება თორღვა პანკელი. მივიდა ბერი ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოხსნა ხატისგან. თორღვამ უთხრა: „რასაც მე მიზამ, ის გიქნას შენ წმინდა გიორგიმ, რადგან მარტო ვარ, არ მყავს მემკვიდრე ჯერ და ჩემი სიკვდილით უმკვიდროდ რჩება ჩემი ოჯახი, ასეთივე უმკვიდრო დატოვოს შენი სახლი მთავარმოწამე გიორგიმ, თუ მიღალატოო“.
დაიფიცა და გამოხსნა ბერი ხორნაბუჯელმა თორღვა პანკელი. ასე ფიცით შეკრულმა წაიყვანა ტაბახმელას, სადაც სამეფო ოჯახი იმყოფებოდა დასასვენებლად. მიუყვანა ჯიქურსა და დედოფალს, მათ კი მეფეს არ აცნობეს და კლდეკარიდან გადააგდეს. ასე შეწყდა პანკელ ფეოდალთა ის გვარი.
იცოდა თუ არა ხორნაბუჯელმა ჯიქურისა და ჯიგდას ჩანაფიქრი, რომ მეფის უკითხავად მოკვლას უპირებდნენ თორღვას? ალბათ, არა, რადგან, მეფის ბრძანების გარეშე ასეთ საქმეზე არ წავიდოდა და არც წმინდა გიორგის წინაშე დაიფიცებდა ტყუილად.
ამის შემდეგ მართლაც უცნაურობები მოხდა: ბერი ხორნაბუჯელს ჰყავდა შვილი – შალვა, სიკეთით აღსავსე ახალგაზრდა. შალვას უკვე შვილები ჰყავდა. მალე პატარები  დაიხოცნენ. ბერი ხორნაბუჯელი მწუხარებით მოკვდა, შემდეგ კი შალვა მონღოლებთან შეტაკებაში მოკლეს. ასე დარჩა ხორნაბუჯელის სახლიც მემკვიდრის გარეშე და შეწყდა მისი მოდგმა. ამბობენ, ალავერდის მთავარმოწამემ შური იძია ფიცის გატეხისათვისო. გარკვეული დროის მერე ისევ გაიწვიეს ურდოში დავით მეშვიდე. ბათომ ისევ დიდი პატივით მიიღო ლაშას ძე. ყაენის უახლოესი სარდლების გვერდით დასვეს ქართველი ხელმწიფე. იგი ყაენთან ერთად ესწრებოდა თათბირებსა და მიღებებს.
ჯიგდა-ხათუნს შვილი არ მიეცა. აღმოსავლეთში გავრცელებული წესის თანახმად, ჯიგდას ბრძანებითა და თანხმობით, მეფეს მოუყვანეს მხევალი ოსეთიდან, სახელად ალთუნი, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა დავითისთვის.  დედა კი, ოფიციალურად, ჯიგდა გახდებოდა.
ასეც მოხდა: ალთუნმა ლაშას ძეს უშვა უფლისწული გიორგი, მერე კი ასული –  თამარი. დედოფალმა იშვილა ქმრის ქალ-ვაჟი და ალთუნი უკან გაგზავნეს – ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსეთში. თუმცა, ჯიგდა-ხათუნი მალე გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მცხეთაში, როგორც დედოფალს შეეფერებოდა.
ტრაგიკულად დამთავრდა ჯიქურის სიცოცხლეც, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

скачать dle 11.3