დეტოქსიკაციის ახალი მეთოდი
ამ მეთოდს ერთხმად აღიარებენ მთელი მსოფლიოს მეგავარსკვლავები, სპორტსმენები და სახელმწიფოს ლიდერები.
საღამოობით თავის ყველაზე ცნობილ გამაჯანსაღებელ ცენტრში, რომელიც ევროპაში მდებარეობს, ანრი შენო პირადად კითხულობს ლექციებს ტოქსინების შესახებ. დეტოქსიკაციის მის საავტორო პროგრამაში შედის კვების ინდივიდუალური რეჟიმი, სადრენაჟო პროცედურები და ბალახეულით მომზადებული სასმელები, რომლებიც აღუდგენს სხეულს ბუნებრივ სიმხნევეს, ენერგიასა და სილამაზეს.
ინტოქსიკაციის სტადიები
ანრი შენო თავის წიგნში ასახელებს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვების 6 სტადიას, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას.
ინტოქსიკაციის პროცესის პირველი 3 სტადია შექცევადია, ოღონდ სწორი და ბალანსირებული კვების შემთხვევაში; დანარჩენი 3 კი შეუქცევადია და იწვევს სხვადასხვა სიმძიმის ცვლილებას უჯრედების დონეზე განსაკუთრებით კი – ბოლო სტადია.
პირველი სტადია – გამოყოფა, რომელიც ძირითადად მოიცავს (ეხება) კუჭისა და სწორი ნაწლავის ფუნქციებს და შესაძლოა, გამოვლინდეს შაკიკის შეტევით ან ნაწლავური მოშლილობით, ძირითადად შეკრულობით.
მეორე სტადია – დაჟანგვა. ის დაკავშირებულია შარდის ბუშტთან, მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილთან, ქვედა სასუნთქ გზებთან და სახსრებთან. შესაძლოა, გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურა, ბრონქიტი, მყესების ანთება და ართრიტი. ტემპერატურის სწრაფმა მონაცვლეობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ოფლიანობა და ოფლის მკვეთრი სუნი.
მესამე სტადია – დალექვა. ის ვრცელდება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქსოვილებზე და, შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა შედეგი: საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, გულძმარვა, სისხლნაკლულობა, ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, ჭარბი წონა, ან, პირიქით – ზედმეტი სიგამხდრე. ღვიძლთან დაკავშირებული სიმპტომები გაცილებით უფრო საგანგაშოა, თუმცა ჯერ კიდევ განკურნებადი, მაგალითად: სიყვითლე, ჩხვლეტები ღვიძლში, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ჰეპატიტი. ეს სტადია საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მიზანმიმართულ მკურნალობას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მივალთ მეექვსე სტადიამდე, როცა ტოქსინების დაგროვება ორგანული ფუნქციების დარღვევამდე მიგვიყვანს.
ინტოქსიკაციის შემდეგ სტადიას მივყავართ ქრონიკულ დაავადებებამდე და მეტ-ნაკლებად მძიმე პათოლოგიებამდე, რომლებიც ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ჩვენ აღარ განვიხილავთ დანარჩენ სტადიებს, რადგან ეს მთლიანად მედიცინის სფეროს ეხება. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ თქვენი დღის რეჟიმი შეადგინოთ გონივრულად: მენიუში შეიტანოთ მხოლოდ სასარგებლო და დიეტური პროდუქტები; დაარეგულიროთ და ზუსტად, დარღვევის გარეშე დაიცვათ კვების განრიგი; არ დაგეზაროთ ვარჯიში და წყლის პროცედურების ჩატარება, მოიწესრიგოთ ძილი, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება, რაც, ჯანმრთელობის დარღვევასთან ერთად, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას – ნაადრევი ნაოჭების გაჩენას, სიმკვრივისა და ელასტიკურობის დაკარგვას, ფერის შეცვლას, აქერცვლასა და გამონაყარს და, გარდა ამისა, აფერხებს ნებისმიერი დიეტის (ყველაზე მკაცრი დიეტისაც კი) შედეგს.