როგორ უგზავნიდა სტალინი „ექსების“ ფულს ლენინს უცხოეთში
არალეგალი ბოლშევიკები თავიანთ იატაკქვეშა საქმიანობაში ხშირად სარგებლობდნენ კრიმინალების დახმარებით და „შავ სამყაროში“ ფართო კავშირები ჰქონდათ.
კობა (სტალინი) რუსეთის ბოლშევიკური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი არალეგალი იატაკქვეშელი იყო, ამიტომ ის კარგად იცნობდა რუსეთის იმპერიის ცნობილ კრიმინალებს და ისინიც იცნობდნენ მას. პროფესორი განეცკი წერს: „სიღარიბეში გაზრდილი სოსო ჯუღაშვილი, რომელსაც ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბდა მტკიცე ხასიათი, ღირსეულად იტანდა ციხისა და გადასახლების მკაცრ, ბევრისთვის გაუსაძლის პირობებს. ასეთი საქციელით კი რევოლუციონერი კობა, როგორც თანამებრძოლების, ასევე უცხო ადამიანების პატივისცემით სარგებლობდა. კობას (სტალინს), სახელი ჰქონდა განთქმული როგორც ეგრეთ წოდებული „ექსების“ (ექსპროპრიაციების) უზადო ორგანიზატორს. ექსპროპრიაციები, ანუ ფულის ამოღება, რაც სხვადასხვანაირი კრიმინალური ხერხით ხორციელდებოდა, რევოლუციონერებს – აგიტაცია- პროპაგანდისთვის, იარაღის შესასყიდად და ემიგრანტი რევოლუციონერების უცხოეთში შესანახად სჭირდებოდათ. თავდაპირველად, სტალინი (მაშინ ჯერ კიდევ კობა) მხოლოდ კავკასიის „ექსების“ (ექსპროპრიაციების შედეგად მოპოვებული თანხების) სალაროს მეპატრონე იყო და ის განაგებდა უზარმაზარ თანხებს – ანაწილებდა რევოლუციონერებს შორის, ხოლო დიდ ნაწილს ემიგრაციაში მყოფ ლენინს უგზავნიდა. 1909 წლიდან კი კობა უკვე სრულიად რუსეთის ბოლშევიკური მოძრაობის „ექსების“ სალაროს განმკარგავი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელში მილიონები გადიოდა, ის მკაცრად აღრიცხავდა თითოეულ კაპიკს, თავისთვის კი იმ გროშებს იტოვებდა, რაც, ელემენტარულად, იატაკქვეშა ცხოვრებისთვის იყო საჭირო და არა „ფრთების ფართოდ გასაშლელად“, როგორც ამას აკეთებდნენ ზინოვიევი და კამენევი და არა მარტო ისინი... მოგვიანებით სტალინმა პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე სულ კაპიკ-კაპიკ გაახსენა კომფორტის მოყვარულ რევოლუციონერებს განიავებული თანხები, რაზეც მათ კრინტიც არ დაუძრავთ, ლენინმა კი პირდაპირ დაუჭირა მხარი სტალინს და თქვა: „არასწორი, არაბოლშევიკურია, როდესაც ერთნი თბილ აპარტამენტებში ხიზილალას მიირთმევენ, ამ დროს კი მათი ამხანაგები ტყვიას უშვერენ შუბლს, რათა პირველებმა ხიზილალა ჭამონ“. 1907 წლის მაისში, ლენინის დავალებით, საჭირო იყო 30 ათასი მანეთი, რათა არ შეჩერებულიყო არალეგალური ლიტერატურისა და გაზეთების ბეჭდვა; აგრეთვე, 10 ათასი მანეთი წინასწარ უნდა გადაეხადათ, რათა გერმანიიდან ერთი თვის შემდეგ ჩუმად ჩამოეტანათ შაშხანები. 28 წლის კობას (სტალინს) ჟენევიდან გამოგზავნილი ლენინის წერილი ამხანაგმა სერგომ, იგივე სერგო ორჯონიკიძემ მიუტანა. სტალინმა ყურადღებით წაიკითხა, წერილი დაწვა, ამხანაგ სერგოს კი უთხრა:
– სულ ოთხი დღე გვაქვს და ილიჩი (ლენინი) ჩვენს იმედადაა. ვერ ვუღალატებთ და რამე უნდა ვიღონოთ.
იმ პერიოდში სტალინი ძებნაში არ ყოფილა, მხოლოდ ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ამიტომ შედარებით თავისუფლად შეეძლო გადაადგილება. მან სასწრაფოდ მოძებნა სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“ და ლენინის წერილის შინაარსი ზეპირად გააცნო, რაზეც თავზეხელაღებულმა კამომ უთხრა:
– კვლავ ბანკის სალაროს ხომ არ დავესხათ თავს?
– არა, არ ივარგებს. ასეთ საქმეს საგულდაგულო მომზადება უნდა, – მიუგო კობამ კამოს და დაამატა: – რამე მსუბუქი გვჭირდება.
კამომ დრო ითხოვა და წავიდა. ორიოდე საათის შემდეგ კი დაბრუნდა და სტალინს უთხრა:
– ადელხანოვის კანტორაში ხვალ ხელფასებს არიგებენ. მე და ჩემი არწივები თავს დავაცხრებით და ფულს წამოვიღებთ. ვფიქრობ, იქ ორჯერ ოცდაათი ათასი მანეთი იქნება.
მეორე დღეს კამომ და მისმა მებრძოლებმა ადელხანოვის კანტორიდან მხოლოდ დახურული სეიფი მოიტანეს, რომელიც 300 კილოგრამს იწონიდა. მოლარემ მისი ჩაკეტვა მოასწრო, კოდი კი არ გათქვა და, რადგან დრო არ ითმენდა, თავდამსხმელებმა მთლიანი სეიფი წამოიღეს, რომლის შიგთავსის რაოდენობა არ იცოდნენ. სეიფი ვერც კონსპირაციულ ბინაში გახსნეს და კამომ ცნობილი ავლაბრელი „მედვეჟატნიკი“ (სეიფების გამხსნელი) იაშა მარგელოვი, მეტსახელად „შმელი“ მოიყვანა. სტალინმა მას უთხრა:
– თუ სეიფში 30 ათასი ან ნაკლები ფული იქნება, ფულს, ანუ გახსნის 100 მანეთს ერთ კვირაში მოგცემ. თუ გინდა, სხვაგვარად შევთანხმდეთ: თუ სეიფში 30 ათასზე მეტი იქნება, იმის ათ პროცენტს ახლავე გაგატან.
– მერე იყოს და ნაღდი იყოს, – მიუგო სტალინს შმელმა და ას მანეთზე დაეთანხმა. შემდეგ სეიფი გახსნა და იქ 65 ათასი მანეთი აღმოჩნდა. ანუ, შმელს რომ კობას მეორე წინადადება მიეღო, მაშინ იქვე უნდა აეღო 6 500 მანეთი. მარგელოვს თვალები გაუფართოვდა და სინანულით თქვა:
– აფსუს, რამხელა „ფოსტა“ (ფული) დავკარგე! ახლა ას მანეთს უნდა ველოდო ერთი კვირის მერე...
სტალინმა მარგელოვს იქვე მისცა ასი მანეთი, გაისტუმრა და თან გააფრთხილა, რომ სეიფის გახსნის ამბავი არსად მოეყოლა (მოგვიანებით, როდესაც სტალინი უკვე საბჭოთა კავშირის მეთაური იყო, შმელი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მისი მეგობრები სეიფების საქმესა და სტალინს უკავშირებდნენ).
მართალია, სტალინმა ლენინს ორჯონიკიძის ხელით 45 ათასი მანეთი გაუგზავნა (დანარჩენი კი სხვადასხვა საჭიროებისთვის გაანაწილა და ეს საკმაოდ უჩუმრად გააკეთა), მაგრამ ის მაინც დააპატიმრეს ქუთაისში და ადგილობრივ ციხეში გამოამწყვდიეს. ძიებამ ვერც ფულის ლენინთან არალეგალურად გადაგზავნის ფაქტი დაადგინა და ვერც სეიფის ძარცვაში სტალინის მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, კობა ოთხი თვე გააჩერეს ქუთაისის ციხეში, სადაც მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა კრიმინალებს შორის. ცნობილმა ქურდმა ბეჟან ლობჟანიძემ კი მას „კანონიერი ქურდობა“ შესთავაზა, რაზეც კობას დელიკატური უარი მიიღო... წლების შემდეგ, როდესაც სტალინი საბჭოთა კავშირის მეთაური გახდა, ბეჟან ლობჟანიძის დამ სტალინთან აუდიენციას მიაღწია და ძმის შეწყალება სთხოვა. სტალინმა კი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, იაგოდას, ლობჟანიძე ბუტირკის ციხიდან პირდაპირ თავის კაბინეტში მიაყვანინა და სახელოვან ქურდს პირისპირ უთხრა:
– შენი და შენს შეწყალებას მთხოვს. შეგიწყალებ, ოღონდ, ერთი პირობით – ქურდობაზე უნდა თქვა უარი.
ლობჟანიძეს გაეცინა და ბელადს მიუგო:
– მე ერთი პირობით ავიღებ ხელს ქურდობაზე: თუკი შენ ბოლშევიკობაზე იტყვი უარს. მაშინ ჩათვალე, რომ ქურდი არ ვარ.
სტალინს მხოლოდ გაეღიმა ქურდის ამ თავხედობაზე, თუმცა ის მაინც არ შეიწყალა და ბუტირკის ციხეში დააბრუნა“.