როგორ შეცვალა კანონიერი ქურდის ცხოვრება რადიკალურად მერაბ კოსტავამ
„...მერაბ კოსტავა ათი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მოწყვეტილი და, როდესაც დაბრუნდა, ყოველივემ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, ბევრმა რიგიანად თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო მისთვის. და ის, რაც დღეს ჩანს, კვალია ელვარე, მეტეორი რომ ტოვებს ხოლმე ღამეულ ცაზე. მას იმთავითვე ჰქონდა წარმოსახული ხატი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწისა და ცდილობდა, მას მიმსგავსებოდა... თუ დაკვირვებით წავიკითხავთ მის ნაწერებს, ცხადი გახდება, რაც განაპირობებდა მის შინაგან თავისუფლებას... ფათერაკს მკერდით გადაუდექი, მოძმეთ იმედი არ წარუხოცო, ადამიანო, იყავ უდრეკი, იყავ უშიში, ვითა უხორცო!..
ჭეშმარიტად, მერაბ!
ეს მომხდარა 1978 წელს, თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით (წყარო – „ბურუსი”). აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა... დამდგარა ლიტანიობის ღამე... მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს. მერაბს შინაგანად უგრძნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს: „ქრისტე აღდგა!” – არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში. „ქრისტე აღდგა!” – განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოჰკიდებიან ფეხებზე და მთელი ძალით ეზიდებოდნენ ქვემოთ. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზვავება ვიგრძენიო, – იგონებდა. „ვიძახებ მანამ, სანამ არ მიპასუხებს ვინმე”, – ფიქრობდა თურმე. არადა, არსაიდან ისმოდა „ჭეშმარიტად!” სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. „ქრისტე აღდგა!” – ისევ ჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა: „ჭეშმარიტად!” – ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. „მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს…” – იხსენებდა მერაბი.
კარცერში
მერაბს ცალ ხელზე ყინვისგან დაზიანებული ჰქონდა ნეკი თითი და მისი გაგრძელება ხელის მტევანზე. ეს დამართნია ციმბირში, ანგარსკის ციხეში, როდესაც თავისუფალი გადასახლების შემდეგ პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. ბრეჟნევის პოლიტბიუროს განზრახული ჰქონდა მისი სამუდამოდ ჩატოვება ციმბირში (მერაბი 10 წელიწადი იყო დაპატიმრებული, 1977-1987 წლებში). ციხის ადმინისტრაციას გადაუწყვეტია დაუმორჩილებელი პატიმრის „დაჭკვიანება” და ჩაუგდია იგი ყველაზე საშინელ კარცერში, სადაც ყინვა მინუს 30 გრადუსს აღწევდა. მანამდე მისი ტანსაცმელი საგანგებოდ დაუსველებიათ, რომელიც მალევე გაყინულა და გახამებული, ჯერაც გაუმშრალი სარეცხივით შემდგარა. „მთელი ძალები მოვიკრიბე, ენერგიულად დავდიოდი წინ და უკან, არამც და არამც არ მინდოდა კარზე დაბრახუნება და ციხის პერსონალის საშველად მოხმობა,” – იხსენებდა შემდგომში მერაბი. კარცერში მალევე შემოუყვანიათ კიდევ ერთი დაუმორჩილებელი ჩრდილოკავკასიელი პატიმარი, თუ არ ვცდები, ჩეჩენი. მას რამდენიმე ხანს გაუძლია ყინვისთვის, ბოლოს კი მიფორთხებულა რკინის კართან, ბრახუნი აუტეხია და უთხოვია: ოღონდ აქედან გამიყვანეთ და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვითო. იგი გაუყვანიათ ზედამხედველებს. ამ სურათს შემზარავი შთაბეჭდილება მოუხდენია მერაბზე, მაგრამ მეტი დაჟინებით ჩაუდევს გულში აღთქმა, შველა არ ეთხოვა მტარვალებისთვის. მიმოდიოდა შემართული და ხმამაღლა იმეორებდა ზეპირად დამახსოვრებულ ლოცვებსა და თავის საყვარელ ლექსებს. თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა ციმბირის ყინვა – ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდიო გონებას. შემდეგ აღარაფერი ახსოვდა… გონზე მოსულა ციხის საავადმყოფოში. საბედნიეროდ, მხოლოდ ხელის მტევანი ჰქონია მოყინული ოდნავ...
ეროვნული დროშა
...1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას. 26 მაისს, დაახლოებით შუადღისას, მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად „ჰელსინკის”, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის” და „ეროვნული სამართლიანობის კავშირის” წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა... მიტინგი მერაბმა გახსნა... რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული „ომონის” რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა. გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: „არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!” – თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”... წინადადება შემოვიტანეთ, ერთმანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა. შადური კვლავ ცდილობდა, დაუფლებოდა დროშას. მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა.
„მომეცი დროშა!” – გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა... გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა. „ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!” – გასცა ბრძანება. ეზოში „ომონის” რაზმი შემოიჭრა. მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე „ბერიკონში”. იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს.“
არანორმალურად შერაცხილი – ტაძარში დადის, სახლში ხატები დაიკიდაო...
ციცინო მაღლაფერიძე (მერაბ კოსტავას ნათესავი და კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი):
„დედაჩემი – არიადნა დემურია და მერაბის დედა – ოლღა დემურია, ბიძაშვილები იყვნენ. დეიდა ოლიკო დედაჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ თვითონ ეძახდა დას. ამიტომ, მერაბს ყველგან ვიხსენიებ, როგორც ჩემს დეიდაშვილს. სინამდვილეში დედაჩემის ბიძაშვილისშვილი იყო...
მერაბი ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. 10 წლის რომ ვიყავი, დაახლოებით იმ პერიოდიდან მახსოვს. ის ზოგიერთ ნათესავს არანორმალურად მიაჩნდა – ტაძარში დადის, სახლში ხატები დაიკიდა, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს გადაეკიდაო. მერაბი უცნაურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან იმ პერიოდში გამეფებული ცხოვრების წესიდან ამოვარდნილი იყო; გარდა იმისა, რომ ტაძარში დადიოდა, ძალიან ბევრს კითხულობდა (ძირითადად ეკლესიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურას), განსაკუთრებით – ღამის საათებში... პარალელურად, დამოუკიდებლად სწავლობდა ინგლისურს, გერმანულს – ცალკეული სიტყვები ფურცლებზე ჰქონდა ამოწერილი და ახლომახლო, თაროებსა და წიგნებზე განლაგებული, რითაც თავის ცოდნას ამოწმებდა. იმჟამად სკოლაში საქართველოს ისტორია, როგორც საგანი, არ ისწავლებოდა. პირველად მერაბისგან გავიგე 100 000 მოწამის შესახებ. დარეჯან დედოფლის სასახლეც პირველად მან მაჩვენა. ჩემთან სახლში ფეხით მივდიოდით და უცებ მეკითხება: „შენ იცი რა არის 26 მაისი?“ – არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს-მეთქი, – მივუგე. მაშინ პატარა ვიყავი და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ამ თარიღის მნიშვნელობა ამიხსნა. პირველად მაშინ გავიგე, რომ ოდესღაც დამოუკიდებლები ვიყავით... საბჭოთა პერიოდში ცენზურაგავლილი ფილმები მერაბმა სრულიად სხვა კუთხით შემომიტრიალა. ამის შემდეგ ყველაფერს კრიტიკული თვალით დავუწყე ყურება და სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში, ვცდილობდი, ჩემს თანაკურსელებსაც ამ კუთხით დაენახათ ყველაფერი და არა ისე, როგორც გვაწვდიდნენ. მერაბ კოსტავა არასდროს არავის არ მიუთითებდა, შენ ასე გააკეთე, შენ ისე გააკეთე; ამ საკითხს არასწორად უყურებ, სინამდვილეში, სიმართლე ესა და ეს არისო, – ის თავისი ცხოვრებით გიჩვენებდა, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს და არა სხვანაირად. მისგან ერთი ასეთი გაკვეთილი მივიღე: აღდგომა დღე იყო, 1976 ან 1977 წელი. ზვიად გამსახურდიამ მანქანით ჩამოიარა, ჩავსხედით მე, მერაბი, ზვიადი და რუსთაველზე წავედით, რომ გვენახა, ეკლესიებში რა ხდებოდა. ქაშუეთში ხალხი კანტიკუნტად იყო. მოხუცი ქალბატონები გალობდნენ, ტაძარში ცოტა ხნით გავჩერდით. უცებ, სამი ახალგაზრდა შემოვიდა, მათ იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერეს. მგონი, ზვიადი იცნეს. ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის ხატთან ცინიკური გამომეტყველებით მივიდა და პირჯვარი გადაიწერა, რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა. ისინი კომკავშირლები იყვნენ. ეს რომ მერაბმა დაინახა, გაფითრდა. მერაბ, არ გინდა-მეთქი, – ვთხოვე, როცა შევნიშნე, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებდა. აბა ერთი რამე მითხრანო, – მომიგო, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, დემოსტრაციულად დაიჩოქა და პირჯვარი გადაიწერა. მართლა ვერაფერი უთხრეს...
...1970 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა სოხუმში დეიდის, ვერა (ბაჩანა) დემურიას ოჯახში სტუმრობდა. ნავი დავიქირავეთ და ზღვაში ძალიან შორს გავედით. ბიოლოგიით დაინტერესებული გახლდით; სადღაც წავიკითხე, რომ შავ ზღვაში ბინადრობდა დიდი ლურჯი ვეშაპი, რომელიც უჰაერობის გამო წყალქვეშ დიდხანს ვერ ჩერდებოდა და ჰაერის ჩასასუნთქად ძალიან ხშირად ამოდიოდა. უცებ, ვხედავ, რომ შუა ზღვაში ამოდის წყლის დიდი ნაკადი. მერაბ, ეს ნამდვილად ვეშაპია, ალბათ, ახლა ჰაერის ჩასასუნთქად უნდა ამოვიდეს-მეთქი. ერთი კი მითხრა: მოიცა რა, რა ვეშაპიო – და თან ნავი იმ მიმართულებით წაიყვანა; ურტყამს წრეს აი, ამ წყლის ჭავლს, გარშემო უვლის; ვატყობ, რომ ამ წრეს ამცირებს და ამ დროს მე ძალიან მეშინია, რადგან მართლა მგონია, რომ იქ ვეშაპია, რომელიც წუთი-წუთზე უნდა ამოვიდეს. მერაბ, გეხვეწები წავიდეთ-მეთქი, – ვთხოვდი, მაგრამ არა და არ მომყვებოდა – მოიცა, მაინტერესებს, რა არისო. გამქირავებელი პუნქტი, საიდანაც ნავი წამოვიყვანეთ, 7-ზე იკეტებოდა. მერაბს იქ პასპორტი ჰქონდა დატოვებული. ეტყობა, 7-ს კარგა გვარიანად გადავაცილეთ და, უცებ, ვხედავთ, რომ კატერი, რომელზეც სამი ადამიანი იჯდა, ჩვენკენ მოჰქრის სირენებითა და ჭყვიტინით. ერთ-ერთ მათგანს ხელში მერაბის პასპორტი უჭირავს და ყვირის: „კოსტავა, კოსტავა!“ დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე რომ მოგვიახლოვდნენ, მერაბმა ხელით ანიშნა – ჩემად იყავით, ნუ აჭყვიტინებთო და ისინიც დაემორჩილნენ, სირენები და კატერის ძრავა გამორთეს და ნიჩბებით მოგვიახლოვდნენ. მერაბი ძალიან დაბალი ხმით ეუბნება: „აი, აქ ვეშაპია“, მაგრამ ამას ისეთი ხმამაღალი სიცილ-ხარხარი მოჰყვა, რომ ჩვენ შევცბით – რატომ იცინიანო, გაგვიკვირდა, მათ კი გვითხრეს – ეტა კანალიზაციაო. თურმე, მთელი სოხუმის კანალიზაციის მილი შუა ზღვაში ამოდიოდა. ამ ეპიზოდს რომ გავახსენებდი – როგორ გვეგონა კანალიზაციის მილი ლურჯი ვეშაპი, ბევრს იცინოდა.
***
მერაბ კოსტავას კონსერვატორია აქვს დამთავრებული მუსიკისმცოდნის სპეციალობით. მუსიკა ძალიან უყვარდა, მაგრამ არასდროს გვისაუბრია, რატომ აირჩია მუსიკოსობა. ფორტეპიანოზე შესანიშნავად ასრულებდა შოპენის ნოქტიურნებს, მოცარტს, ბეთჰოვენს. ვიცი, რომ მოგვიანებით დეიდა ოლიკოს უსაყვედურა – რატომ არ მირჩიე ფილოლოგიურზე ჩაბარებაო, მაგრამ თავისი პროფესიით მაინც კმაყოფილი იყო... ერთხელ, სპეციალურად მერაბის დაბადების დღისთვის, ქუთაისიდან ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც ციხეში მერაბთან ერთად იჯდა – ეს იყო ცნობილი „კანონიერი ქურდი“, რომლის გვარი არ მახსოვს; მას მამუკა ერქვა, ახლა ის გარდაცვლილია. ციხეში თავისი ცხოვრების წესის გამო, მერაბს განსაკუთრებული ავტორიტეტი ჰქონდა და ყველა პატივს სცემდა. მასთან სიახლოვემ გადაწყვიტა მამუკას შემდგომი ბედი – მერაბმა ისე მოაქცია, რომ მამუკამ ქურდობაზე უარი თქვა.
ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში (1988-1989) მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – ყველა თავის გაჭირვებაზე შესჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ კი თქვა: რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა, ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო. ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა.“