დაელაპარაკე მას!
რა თქმა უნდა, პარტნიორს უნდა ელაპარაკო – ეს არა მხოლოდ კეთილი რჩევა, არამედ, აუცილებელი პირობაა ნორმალური ურთიერთობისთვის. მაგრამ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად, სავალალო შეცდომების დაშვების გარეშე? ზოგჯერ ძალიან ძნელია, სწორად შეარჩიო სიტყვები და ფრაზები...
ბევრი ქალი გულწრფელად არის დარწმუნებული იმაში, რომ შეყვარებულებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის. მაგრამ ეს საკუთარი თავის ჩიხში შეყვანაა. მხოლოდ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ესმოდეთ ადამიანებს ერთმანეთის უსიტყვოდ, თუმცა, ნუ გაგიჩნდებათ იმის ილუზია, რომ თქვენც მიეკუთვნებით მათ რიცხვს. იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან ჯანსაღი ურთიერთობა გქონდეთ, აუცილებელია ჯანსაღი კომუნიკაცია, ანუ, პარტნიორთან მეტი სიახლოვეა საჭირო. ელაპარაკეთ ხშირად, ელაპარაკეთ ყველაფერზე, ელაპარაკეთ და ეკამათეთ – არც ეს არის ცუდი, პირიქით, ზოგჯერ პოზიტივიც მოაქვს.
როგორ შეარჩიოთ სწორი ფრაზები? – მთავარია, დაიცვათ პრინციპი: არავითარი ზეწოლა და მბრძანებლური ტონი! კომუნიკაციამ ერთმანეთს უფრო მეტად უნდა დაგაახლოვოთ და არა დაგაშოროთ. თქვენს ფრაზებში უფრო პოზიტიური და წამახალისებელი ნოტები უნდა იგრძნობოდეს. შეხედეთ სიყვარულით, აავსეთ სითბოთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ მას!
„უსაფრთხოების
ბალიში“
ცვლილებები ცხოვრებაში მუდმივად ხდება: ზოგჯერ – კარგი, ზოგჯერ კი – ცუდი, ან, ძალიან ცუდი. მთავარია, მათ მომზადებულები შევხვდეთ.
შინაგანი რყევები ანუ ცვლილებები ჩვენგან ძალიან დიდ ენერგიას შთანთქავენ. ფაქტობრივად, ძალა აღარ გვრჩება, რომ ყოველდღიური ურთიერთობები დავალაგოთ. შედეგად – მოგვდის კონფლიქტები საყვარელ ადამიანებთან, ან, საერთოდაც, ვკარგავთ მათ. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა ამ არასასურველი მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და „უსაფრთხოების ბალიშიც“ დაგჭირდებათ. რა არის ეს?! – ყველაფერ იმის ერთობლიობა, რაც გვსიამოვნებს და სტრესს აგვარიდებს: საყვარელი საქმიანობა, საყვარელი ფილმი, წიგნი, გასართობი – ყოველივე ის, რაც შექმნის თქვენს „უსაფრთხოების ბალიშს“.
ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლებული, უფრო ადვილად შეიტანთ კორექციებს ადამიანებთან ურთიერთობაში, მით უფრო, ადვილად შეძლებთ, დაალაგოთ პირადი ცხოვრება.
როგორ იპოვოთ თქვენი წილი ბედნიერება?! – უპირველესად, იფიქრეთ თქვენი „უსაფრთხოების ბალიშის“ შექმნაზე; იმუშავეთ თქვენი შინაგანი სამყაროს გაჯანსაღებასა და ფიზიკურ აქტივობაზე – სხვანაირად, ხშირად აღმოჩნდებით სტრესის გავლენის ქვეშ, რაც საგრძნობლად შეაფერხებს თქვენს წინსვლას ბედნიერებისკენ.
აღნიშნეთ თქვენი ყოველდღიური პატარ-პატარა წარმატებები – ესე ერთი „ბუმბული“ იქნება თქვენს „უსაფრთხოების ბალიშში“. წარმატება სერიოზული სტიმული და ახალი ენერგიის წყაროა. როცა თქვენი „უსაფრთხოების ბალიშზე“ სტრესის შემდეგ უმტკივნეულოდ „დაეშვებით“, გაცილებით ადვილად მოახერხებთ წამოდგომას და გზის გაგრძელებას...
წარმოიდგინე...
მომავალი!
რა გიშლით ხელს ბედნიერებაში? მთავარია, ჩამოყალიბდეთ და კარგად, დეტალურად გაიაზროთ ყველაფერი. სანამ გათავისუფლდებით „ბორკილებისგან“, სანამ ჩამოყალიბდებით და მიხვდებით, რომელი ურთიერთობა გექცათ ბარიერად ბედნიერების გზაზე, დაფიქრდით – იქნებ თავად ხართ წარუმატებლობის მიზეზი?!
ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხშირად ფიქრობთ საკუთარ წარმატებულ მომავალზე? წარმოიდგენთ ხოლმე, როგორი იქნება თქვენი ბედნიერი მომავალი? იქნებ ეს მნიშვნელოვანი არ გგონიათ? ფსიქოლოგიაში იცნობენ მეთოდს, როცა წარმოსახვის გავარჯიშებითა და გააქტიურებით მომავალი რეალობად იქცევა. ამ ტიპის პრაქტიკა სასურველია წელიწადში ორჯერ მაინც გაიმეოროთ. რთული მართლაც არაფერია. საკუთარ თავთან კომუნიკაცია ყველა მიმართულებით პოზიტიური იქნება. დასვით შეკითხვა: რა არის ჩემგან საჭირო, რომ თითოეული ნაბიჯიდან თუ ურთიერთობიდან სარგებელი მივიღო და არ წავაგო?
შეეცადეთ, ამ შეკითხვას სწრაფად უპასუხოთ. ზოგჯერ ერთი ურთიერთობა ძალიან უშლის ხელს ახალ, გაცილებით ჯანსაღ ურთიერთობას, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ შეიზღუდებით და ნუ ჩაიკეტებით დღევანდელი დღის ემოციებში. კი არ იწუწუნოთ ან იოცნებოთ, წარმოიდგინეთ როგორი გინდათ იყოს თქვენი საუკეთესო მომავალი. ეპიზოდებად წარმოიდგინეთ ყველაფერი, რაც გინდათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოხდეს თქვენს ცხოვრებაში... წარმოიდგინეთ დილით და ისეთ წუთებში, როცა ძალიან ცუდ გუნებაზე იქნებით – ეს აუცილებლად „იმუშავებს” და წარმოდგენები რეალობად იქცევა...
ცვლილებები,
ცვლილებები...
გაზაფხული არის პერიოდი, როცა ცვლილებების განსაკუთრებული მოთხოვნილება გიჩნდება. ეს თავად ბუნება ქმნის პირობებს განახლებისთვის და, ჩვენი ცვლილებების სურვილიც, შესაბამისად, ბუნებრივია. მაგრამ, ნამდვილად გჭირდებათ ცვლილებები? კარგად დაფიქრდით: თუ თქვენ მუდმივად წუწუნებთ, რომ ხელიდან გაუშვით შესაძლებლობა, ცვლილებები ნამდვილად გჭირდებათ.
თუკი ხშირად ამჩნევთ, რომ ვიღაცის ძალიან გშურთ, ამ შემთხვევაშიც გჭირდებათ ცვლილებები!
თუ ხშირად ხედავთ თითქმის ერთსა და იმავე სიზმარს, არასასიამოვნოსა და შემაშფოთებელს – გჭირდებათ ცვლილებები!
თუკი მუდმივად სხვების ჭკუაზე დადიხართ და სხვების ცხოვრება უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, საკუთარზე – გჭირდებათ ცვლილებები! მაგრამ, რა უნდა შეცვალოთ? შეიძლება, ამ შემთხვევაშიც შეცდომა დაუშვათ და მერე ძალიან ბევრს ინერვიულებთ... იმის მოთხოვნილება აუცილებლად გექნებათ, რომ ცხოვრება რუტინა აღარ იყოს. ერთ დღეს კი აუცილებლად მოხდება რაღაც წარმოუდგენლად შესანიშნავი და სასიამოვნოდ მოულოდნელი... რა თქმა უნდა, თავისით არაფერი ხდება, თუმცა, მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებაც არ ღირს. მაგრამ, ნუ გაწელავთ პროცესს, სწრაფად იმოქმედეთ. მთავარია, საკუთარ თავთან არ მოხვიდეთ წინაამღდეგობაში. თან, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ კრაგად დაფიქრდით: წაადგება ეს თქვენს საქმეს ან ურთიერთობას სასიკეთოდ?!