რატომ იკლებს მსოფლიო ფასები სასურსათო პროდუქციაზე და რატომ ძვირდება ისინი საქართველოში
FAO-ს მონაცემებით 2016 წლის თებერვალში სასურსათო პროდუქციის ინდექსი არ შეცვლილა იანვართან შედარებით, თუმცა 14,5 პროცენტით დაბალია შარშანდელი თებერვლის მონაცემზე.
უფრო კონკრეტულად, მარცვლეულზე ფასების ინდექსის საშუალო მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა იანვართან შედარებით. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 13,7 პროცენტით დაიკლო. თუმცა სიმინდზე ფასები უმნიშვნელოდაა შემცირებული, რაც მასზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
სამაგიეროდ, თებერვალში მცენარეულ ცხიმებზეც იმატა ფასებმა, განსაკუთრებით, პალმისა და სოიის ზეთზე.
თუმცა შემცირდა ფასები რძის პროდუქტებზე, რასაც უკავშირებენ დაბალ მოთხოვნას, განსაკუთრებით, ჩინეთის მხრიდან. ფასები იმდენადაც კი შემცირდა, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა შესყიდვაც კი შეაჩერა მარაგის შესავსებად.
იანვართან შედარებით 2016 წლის თებერვალში გაძვირდა ხორცი და ხორცპროდუქტები. ოღონდ გაიზარდა ძროხისა და ღორის ხორცის ფასები, ქათმისა და ცხვრის ხორცი კი გაიაფდა. ქათმის ხორცის გაიაფებას კორმის გაიაფებას უკავშირებენ და ეს ტენდენცია შეიმჩნევა გასული წლის ივნისიდან.
შემცირებულია შაქრის ფასების ინდექსიც, იანვართან შედარებით 6,2 პროცენტით. ამას უკავშირებენ ბრაზილიაში კარგი მოსავლის პროგნოზს (ეს ქვეყანა ლიდერია შაქრის ექსპორტიორთა შორის) და მსოფლიოში შაქრის დიდი მარაგის გამო წარმოების შემცირებამაც კი ვერ შეუშალა ხელი შაქრის გაიაფებას მსოფლიოში.
ამის პარალელურად, იკლებს საწვავის ფასიც, რაც, ასევე, კომპონენტია, ამა თუ იმ პროდუქციის საბაზრო ფასის დადგენისას. კერძოდ, ამჟამად ბარელი ნავთობის ფასი 41 აშშ დოლარია.
თუმცა, ამის მიუხედავადაც, საქართველოში სასურსათო პროდუქცია ძვირდება, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება. მართალია, ბოლო პერიოდში ლარს გამყარების ნიშნები შეეტყო, თუმცა პროდუქტებზე გაძვირებული ფასები ქვემოთ არ წამოსულა. ისინი არა მხოლოდ დარჩა გაძვირებულ ნიშნულზე, არამედ მათი ნაწილი კიდევ უფრო გაძვირდა.
რეაგირებს თუ არა ჯანსაღად ქართული ბაზარი ეროვნული ვალუტის რყევაზე, რატომ ძვირდება პროდუქცია წინმსწრებად ვალუტის გაუფასურებისთანავე და რატომ აღარ უბრუნდება ფასები ძველ, ლარის გაიაფებამდე არსებულ ნიშნულს ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში, – ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას გავესაუბრეთ.
– ფასები აჰყვა თუ არა ადეკვატურად დოლარის გაძვირებასა და ლარის გაუფასურებას?
– აბსოლუტურად ადეკვატურად გაიზარდა ფასები და უფრო მეტადაც – მოლოდინის გამო. მაგალითად, თუ დევალვაცია იყო 40 პროცენტი, ფასი გაიზარდა 50-60 პროცენტით, იმიტომ რომ, მომზადებული ყოფილიყვნენ იმ შემთხვევისთვის, მომავალში სწრაფად თუ მოხდებოდა ლარის დევალვაცია. მეორე მხრივ, არაელასტიკურ დარგებში ფასები არ გაზრდილა: ასეთ დროს მომხმარებელი აჩერებს ფასებს, ვინაიდან აღარ შეიძენს პროდუქტს და სხვა, შემცვლელ პროდუქციაზე გადაერთვება, რაც მწარმოებელს ბაზარს დააკარგვინებს. ამიტომ რიგ პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა. ანუ სამი მომენტია, რამაც იმოქმედა ფასებზე: ერთი, სახელმწიფომ შეაჩერა ფასების ზრდა, მაგალითად, პურზე არ გაზრდილა ფასი; მეორე – სადაც სახელმწიფო ვერ ჩაერია, ფასები გაიზარდა დევალვაციის მაჩვენებელზე მეტად და მესამე – ბაზარმა თვითონ შეაჩერა ფასების ზრდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა.
– ფასები არათუ გაიზარდა შაქარზე, არამედ შემცირდა.
– იმიტომ რომ, დაეცა მსოფლიო ფასი შაქარზე, ისევე, როგორც ხორბალზე, ყავის გარდა, ყველა მარცვლეულზე.
– პურის ფასის რეგულირებაში სახელმწიფო ჩაერიაო, როგორ?
– სიტყვიერად ჩაერია, უთხრა, არ გაზარდოთ ფასი და მათაც არ გაზარდეს, მაგრამ სხვა მეთოდებს მიმართეს: მაგალითად, გაზარდეს ტენიანობა. ბევრი მეთოდი არსებობს, რომ პურის ფასი შეფარულად გაძვირდეს. შედეგად, ნომინალში იგივე დარჩა პურის ფასი, მაგრამ შემადგნელობაში შეცვალეს რაღაცეები. ერთი პროცენტითაც რომ გაზარდო ტენიანობა, ეს გაძლევს საშუალებას, ძველ ფასად გაყიდო პური და იგივე მოგება ნახო.
– ესე იგი, ფასი იგივე დარჩა, ხარისხი კი გაგვიუარესდა?
– დიახ, პურის ხარისხი და წონა შემცირდა, ფასი კი იგივე დარჩა.
– თუკი ლარი 40 პროცენტით გაუფასურდა, საწვავი ხომ უფრო მეტად გაიაფდა…
– ნედლ ნავთობზე 150 პროცენტით დავარდა ფასი.
– აი, ეს უნდა მეკითხა: საწვავის ფასიც ხომ აისახება პროდუქტის თვითღირებულებაში. საწვავის გაიაფება თუ აისახა პროდუქციის ფასში?
– პირდაპირ ვიტყვი, ვალუტის კურსის დევალვაციის პარალელურად არ იცვლება ფასები, იმიტომ რომ ბევრ პროდუქტში არ არის ვალუტის კომპონენტი, ბევრში – არის. ამიტომ ფასები არ იზრდება ვალუტის ვარდნის პირდაპირპროპორციულად. მეორე მომენტიცაა, თუ გაიზრდება ფასები, მას მეწარმე ნელა ან საერთოდ არ სწევს დაბლა. თუ ბაზარმა მიიღო გაზრდილი ფასი, მეწარმე ეშმაკობს და ზედმეტ მოგებას იღებს.
– ეს ტენდენცია ზოგადია თუ ჩვენი ტიპის ქვეყნის ბაზრისთვისაა დამახასიათებელი?
– აბსოლუტურად ზოგადია, თუ ბაზარი მიიღებს ფასს, მეწარმე ფასს დაბლა არ სწევს. რატომ იტყვის უარს მოგებაზე?!
– იმას ამბობთ, ძველ ნიშნულსაც რომ დაუბრუნდეს ლარი, ფასების გაძვირებამდე არსებულ ნიშნულამდე შემცირების ალბათობა ნულის ტოლია?
– ალბათობა ყოველთვის არის, თუ ბაზარი უკარნახებს, მაშინ დააბრუნებს, თუ არა, რატომ დააბრუნებს, შერცხვება?!
– დიდი ალბათობით, არა. ბაზრის კარნახში რას გულისხმობთ, თუ იმ გაძვირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირდება?
– რა თქმა უნდა, თუ ბაზარი ძვირ ფასად აღარ შეიძენს საქონელს, მაშინვე დასწევენ ფასებს.
– სახელმწიფოს თუ აქვს საშუალება, ჩაერიოს ფასწარმოქმნაში, რომ სპეკულაციური გაძვირება აიცილოს თავიდან?
– საბაზრო ეკონომიკის პირობებში არანაირი საშუალება არ აქვს სახელმწიფოს, გარდა იმისა, რომ აამოქმედოს რეზერვების სისტემა, მაგრამ პატარა ქვეყანას ამის ფუფუნება არ აქვს. თუ ხორბლის რეზერვი აქვს ქვეყანას, გამოუშვებს ბაზარზე და მაშინ ექნება ფასწარმოქმნაზე ზემოქმედების საშუალება. ჩვენ არც გაზის მარაგი გვაქვს, იმიტომ რომ, არ გვაქვს გაზის საცავი, არც ხორცის რეზერვი, არც ხორბლის რეზერვი. ამიტომ სახელმწიფოს შეუძლია, მხოლოდ მოუწოდოს მეწარმეებს, იყავით კეთილები და ნუ გააძვირებთ არაადეკვატურად პროდუქციასო. სხვა მეტი არაფრის საშუალება არ აქვს.
– დოლარის გაძვირების გამო გაზზე ფასი რატომ არ გაიზარდა, ხომ დოლარით ვყიდულობთ?
– რატომ უნდა გაზრდილიყო გაზზე ფასი, როდესაც მთელ მსოფლიოში 550 დოლარიდან 1 000 კუბური მეტრის ფასი 170 დოლარამდე შემცირდა. პირიქით, უნდა შემცირებულიყო.
– დაზუსტებით არ ვიცი, რა ფასად ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან კომერციულსა და სოციალურ გაზს, მაგრამ სოციალური ტარიფი ხომ კიდევ შემცირდა? მაშინ რატომ არ მცირდება გაზის ფასი? საარჩევნოდ მეტად მომგებიანი სვლაც იქნებოდა.
– ეს ჯერ მხოლოდ განცხადების დონეზეა, არავინ იცის, რამდენით შეამცირა და რა ფასი იქნება რეალურად. სოციალური ტარიფი დარჩა, როგორც იყო, იმ დონეზე. ამიტომ გაზზე ჯერჯერობით ფასს ვერ გაზრდიან, რადგან, ვიმეორებ, მსოფლიოში გაზის ფასი დავარდა.
– ეს მესმის, მაგრამ ჩვენ ხომ ისევ ძველ, ანუ გაიაფებამდე არსებული ფასით ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან გაზს და შევისყიდით დოლარებით, რომელიც გაძვირდა?
– ორი მილიარდი კუბი რომ მიდის სომხეთში, იქიდან გვრჩება 10 პროცენტი, ანუ 200 000 კუბური მეტრი. ასევე, ბაქო-ჯეიჰანიდანაც.
– გატარებულის 5 პროცენტი უფასოდ და 10 პროცენტი შეღავათიან ფასად, უკვე 65 დოლარად კუბური მეტრი.
– დიახ და, საშუალოდ, ამ გაზის ფასი კუბურ მეტრზე 100 დოლარია. ამ გაზს ვაწვდით „სოკარს“ და ის 130 დოლარად უკან უბრუნებს საქართველოს. მოგონილი ამბავია, რომ „სოკარი“ სოციალურ ფასად აწვდის გაზს საქართველოს.
– მე გავიმეორე ის, რაც ენერგეტიკოსებმა მითხრეს, რომ აზერბაიჯანიდან შესყიდული გაზის ნაწილს ვყიდულობთ 180 დოლარად 1 000 კუბს და დანარჩენს – საბაზრო ფასად.
– საქართველოს აქვს მილიარდი კუბური მეტრი გაზი თავისი წყაროებიდან, რომლის ფასიც მონეტიზაცით არის 100 დოლარი 1 000 კუბურ მეტრზე.
– ანუ შეიძლება, გაზის ტარიფის გაიაფება დადგეს დღის წესრიგში?
– თუ სოციალური გაზი გაუქმდება და სახელმწიფო დაეხმარება მიზნობრივ ჯგუფებს და არა მთელ მოსახლეობას, მაშინ გაიაფდება ტარიფი. სოციალური გაზი, როგორც სპეკულაციის საგანი, უნდა გაუქმდეს.
– რაკი ფასებზე ვსაუბრობთ, ლარს რა მოუვიდა, რატომ გამყარდა?
– ძალიან ღრმა თემაა და ძალიან რთული გასაგები იქნება მკითხველისთვის. მარტივად რომ გითხრათ, სახელმწიფო ხარჯი შემცირდა, მიმოქცევაში ნაკლები ლარი გამოვიდა და ამიტომ გამყარდა. და ეს არის ხელოვნური გამყარება.
– არ შეეძლოთ, გაემყარებინათ ხელოვნურად რამდენიმე თვის წინათ?
– ვერ გააკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ, მაშინ ეკონომიკა საერთოდ აღარ იქნებოდა. აქ ლაპარაკია ერთობლივ მოთხოვნაზე, რომელიც შედგება კერძო მოხმარებისგან, სახელმწიფო მოხმარებისგან, ინვესტიციებისგან, სუფთა ექსპორტისგან… სახელმწიფომ დოლარი კი არ გამოდევნა, არამედ შეამცირა სახელმწიფო ხარჯი, რამაც, საბოლოოდ, დოლარზე მოთხოვნა შეამცირა და ლარი გამყარდა. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ამ რთული თემის გაშლის საშუალება კი ახლა არ არის. მეორე მხრივ, ექსპორტი იკლებს, ტრანსფერი იკლებს, კრედიტი არ მიგვიღია, ინვესტიცია არ შემოსულა, ასე რომ, 2016 წლის პირველი კვარტალი ძალიან რთულია ეკონომიკურად. არც ერთი მოვლენა არ გაუმჯობესებულა, რასაც უნდა გაემყარებინა ლარი.
– რა აზრი აქვს მაშინ ამ მცირეხნიან გამყარებას, მორალური?
– ვერ გეტყვით. უფრო სწორად, არ ვიტყვი, რადგან, რომ ვთქვა, ეწყინება ძალიან ბევრს. არჩევნები ხომ მალე იქნება? საჭიროა პროპაგანდა ყველა მიმართულებით?
– რა თქმა უნდა. გაქაჩავს ლარის ხელოვნური გამყარება შემოდგომამდე?
– არჩევნებამდე? რა თქმა უნდა.
– და ეს არ დააზარალებს ეკონომიკას?
– პოლიტიკა მსხვერპლს მოითხოვს. ტყუილს ვერ გეტყვით, სიმართლეს კი არ ვიტყვი, რადგან ნოემბრამდე ლარის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ.
– ჩვენთან ძალიან ბევრი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ფლობს მსხვილ ბიზნესებს და თითქოს მათი უმეტესობის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგნელები არიან, ასევე, ინვესტორების გეოგრაფიაშიც ლიდერი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია. ანუ დაფარულ პირებს შეუძლიათ ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე?
– ყველანაირი საშუალებით. მაგალითად, შეიძლება, ვირჯინიის კუნძულებიდან ჩადონ ინვესტიცია და ეკონომიკა ააყვავონ ან არ ჩადონ ინვესტიცია და ეკონომიკა დააზარალონ. მათ ფულს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ხელისუფლებას ერთადერთი რამის გაკეთება შეუძლია: გამოაცხადოს ამნისტია და თავისუფლად შემოუშვას კაპიტალი, სხვა მხრივ, ვერაფერს შეზღუდავს.