კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში „მოსადის“ ტიპის სპეცსამსახურის შექმნას და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნება

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, 2002 წელს სამთავრობოთაშორისო შეთანხმებაც გავაფორმეთ, ხოლო 2009 წლის იანვარში – თვით ქარტიაც, ამერიკული ფული თითქმის არაა წარმოდგენილი ქართულ საინვესტიციო პორტფელში; და, მაინცდამაინც, ვერც მძლავრი და დასავლური სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით დავიკვეხნით, თუმცა სიტყვიერი მხარდაჭერა ოკეანის გაღმიდან უპირობო გვაქვს. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ, მაგალითად, ებრაული სახელმწიფოს, რომელიც, ასევე, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, სავიზიტო ბარათია „მოსადი“, ხოლო ჩვენი მეზობელი თურქეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიოს შეიარაღებული ძალების ათეულშია სიძლიერის მიხედვით და ეს პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის დახმარებას. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაქცეულმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება სწორედ ამერიკელების მიერ ნაჩუქარი ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკით მოახერხა. ამის ფონზე, საქართველოს უშიშროების სისტემა ლამის მხოლოდ პორნოფილმების რეჟისორ-ოპერატორების სამჭედლოდ იქცა, ხოლო, არათუ ნაჩუქარი სამხედრო ტექნიკა ვერ გამოვიყენეთ ვერაფერში, ახალთახალი ამერიკული სამხედრო ტექნიკა გავატანეთ ოკუპანტებს 2008-ში. ამდენად, იბადება კითხვა: ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი არ იყო დაინტერესებული ძლიერი ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობით თუ თავად ჩვენ აღმოვჩნდით უხერხემლოები? – ამ თემაზე პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ვსაუბრობთ.

 – როგორ მოხდა, რომ ამერიკელების მოკავშირეები მძლავრ სახელმწიფოებად იქცნენ, ჩვენთან კი, თუნდაც უშიშროების სისტემა ვერა და ვერ შეიქმნა, მით უმეტეს, რომ არც კადრები გვყავს, არც ტრადიცია გვაქვს, არადა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და განვიცდით ზეწოლას ყველა მხრიდან. რატომ არ მოგვეხმარა ამ საქმეში სტრატეგიული პარტნიორი?
– თავისთავად ცხადია, ქვეყანა რომ დამოუკიდებლობის გზას დაადგება, მას დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული ატრიბუტები არ უნდა ამშვენებდეს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და დაცული უსაფრთხოება. თუ საქართველოს მოვთხოვთ სრულფასოვან შესაბამის ინსტიტუტებს, მაშინ მეტისმეტად მაღალი სტანდარტით უნდა მივუდგეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომელიც 25 წელია, არსებობს სახელმწიფოებრიობის ხელყოფის საფრთხის მუდმივ პირობებში.
– ოღონდ, ეს არ არის იმაზე უარესი მოცემულობა, ვიდრე ის, როგორშიც ცხოვრობს ისრაელი?
– რა თქმა უნდა, მაგრამ არ იქნებოდა სწორი ისრაელისა და საქართველოს შედარება, რადგან ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში ჩამოყალიბდა აღმოსვლეთისა და დასავლეთის კონსენსუსის შედეგად და განვითარების ურთულესი გზა გაიარა. ისრაელს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა,  ეხმარებოდნენ, აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მათი ლობები, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემებისა და შეიარაღებული ძალების შექმნაში. ისრაელის ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა „მოსადი“, როგორც დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი, რომელსაც სერიოზულად უწყობდნენ ხელს, მაგრამ ეს სხვა მიდგომებია და სხვა პირობებში ისრაელის სახელმწიფო ვერ გაძლებდა. ჩვენ ამას ვერ შევადარებთ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებს. ჩვენი რეგიონი რთულია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება, რომ მოვიძიოთ ასეთი რესურსების მეასედიც კი.
– ჩვენი პარტნიორები არ იშურებდნენ და არც იშურებენ რეკომენდაციებსა თუ დირექტივებს, რატომ არ მისცა რეკომენდაცია-დირექტივა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენს ხელისუფლებას, რომ უშიშროების სამსახური გაეძლიერებინა? 9 წელი საკმაო დრო იყო, რომ საფუძველი ჩაყროდა ქართული უშიშროების სკოლას. რატომ არ იყვნენ ისინი დაინტერესებული საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებით საქართველოსვე ძალებით?
– ჩვენ არ ვიცით, ეს იყო თუ არა ასე, იმიტომ რომ, ეს არის სპეციფიკური საქმიანობა, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლოდ“. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ შედეგის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რამდენად ეფექტიანი იყო მათი საქმიანობა. სააკაშვილის დროს მიდიოდა სერიოზული მუშაობა, დიდი ყურადღება ეთმობოდა ამ სფეროს და, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში –  კიდევ უფრო ბევრი. თუმცა ბევრი რამ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იმ წლებში უსაფრთხოების სისტემა ხშირად იყო გადაჯაჭვული შიდა პრობლემებთან, ორგანიზებულ მოსმენებს ვგულისხმობ, რაც, ბუნებრივია, დაუშვებელი იყო.
– ცუდი ის არის, რომ საქმეების „შეკერვა,” სისტემური მოსმენა-მიყურადება პოლიტიკური მიზნით, უფრო აზიანებდა უშიშროების სისტემას, რადგან კლავდა პროფესიონალიზმს ჩანასახშივე და ხელს უწყობდა კადრების დეგრადაციას.
–  კანონითაა აკრძალული ამგვარი საქმიანობა, რადგან, რაც არ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, ყველაფერი არის უკანონო, მაგრამ აქ კლიშეების შექმნა შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას. ავიღოთ ცნობილი ფოტოგრაფების საქმე, როდესაც აგენტურულ საქმიანობაში დაადანაშაულეს ჟურნალისტები. იგივე ვახტანგ მაისაიას საქმე გავიხსენოთ. მისი ბრალდება შეთითხნილი აღმოჩნდა. აქ უკვე კანონდარღვევა და გადაცდომა არ არის, თორემ, ყურადღება და ფინანსები სააკაშვილის დროს ბევრი დაიხარჯა და, მე ვფიქრობ, სამართლიანად დაიხარჯა, რადგან ამ მიმართულებით სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი; მაგრამ, ბუნებრივია, ამ საქმიანობაში არ შედიოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გაკეთება, რაზეც დიდი ფული და ადამიანური რესურსი დაიხარჯა, ჩემი აზრით.
– ვახტანგ მაისაიას საქმის ნაწილს მოეხსნება გრიფი „საიდუმლოდ“ და იქ ჩანს, რომ მას სთხოვდნენ, დაესახელებინა თანამზრახველებად ალეკო ელისაშვილი, მამუკა არეშიძე და დავით დარჩიაშვილი.
– კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ  არაადამიანური მოპყრობის მომენტებიც იყო. ეს ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ ეს უნდა გამოირიცხოს სამართლებრივ სახელმწიფოში და ადამიანები ისე უნდა იყვნენ ხელშეუხებლები, რომ არ დაზიანდეს ეროვნული უშიშროების ინტერესები. ეს არ მოხერხდა წინა ხელისუფლების ხელში და არაფერი ხელშესახები არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ არის მსგავსი პრობლემები ამ ხელისუფლების პირობებში, თუმცა უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი რამაა გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ჩვენი ბიუჯეტის პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფოს ბევრის დახარჯვა არ შეუძლია. ამიტომაც იყო, რომ ჩვენს წინა ხელისუფლებას დელეგირებული ჰქონდა უსაფრთხოების ნაწილი ჩვენს მოკავშირეებზე: იქნება ეს შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოები, იმდენად, რამდენადაც ასეთი თანამშრომლობის გარეშე, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თავისი უსაფრთხოების საკუთარ თავზე აღება, მე ვფიქრობ, არ შეუძლია.
– თუ სწორად გავიგე, ამბობთ, საქართველოს ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, შეიძლებოდა, დაგვეწყო საკუთარი უშიშროების სამსახურის შექმნა. ავიღოთ თურქეთის მაგალითი: მან ნაჩუქარი ტექნიკით შექმნა უძლიერესი შეიარაღებული ძალები, ჩვენ იმდენიც ვერ მოვახერხეთ (სხვათა შორის, ჩვენც გვჩუქნიდნენ ამერიკელები ჩამოწერილ სამხედრო ტექნიკას), რომ ხუთ დღეზე მეტხნიანი ომისთვის გაგვეძლო?
– ჩვენ ხელისუფლების ქმედების შესაფასებლად ფაქტობრივი ბაზა არ გვაქვს; ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ იყო შესაბამისი სტრუქტურების შექმნის მცდელობა. ვიცით, რომ მოუხმეს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, სხვა თემაა, რამდენად გასცდნენ ისინი მთელ რიგ შემთხვევებში კანონის ფარგლებს და გამოიყენეს თუ არა არადანიშნულებისამებრ ეს სტრუქტურები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაშანტაჟებისთვის.  რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს:
როგორც თავიდან მოგახსენეთ, ნუ დავაყენებთ ერთ სიბრტყეზე ისრაელისა და საქართველოს ისტორიას. სხვა პრობლემები აქვს დიდ ებრაელ ხალხსა და მის მონათესავე ადამიანებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში და სხვა შესაძლებლობები აქვს ეულ ქართველ ხალხს. მეორე –  ნურც თურქეთს გავეჯიბრებით, იმიტომ რომ, თურქეთი, რაც რესპუბლიკა შეიქმნა და ოსმლეთის იმპერიის მემკვიდრე გახდა, დიდი ხნის განმავლობაში იყო დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირე კომუნისტური და საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, რაც განაპირობებდა დასავლეთის უდიდეს მხარდაჭერას გენერლების ინსტიტუტის მეშვეობით, ექსპერიმენტებით, დემოკრატიით, რომელიც ხშირად იცვლებოდა სამხედროების მმართველობით, რომელიც დაგვირგვინდა ოზალის რეფორმებით გასული საუკუნის 80-ან წლებში, როდესაც თურქეთი ფეხზე დადგა და იმდენი შეძლო, რომ დღეს ძლიერი არმია და შესაბამისი სტრუქტურები ჰყავს. სხვა ქვეყანაა, სხვა მასშტაბია, სხვა სივრცეა და პრობლემებიც ჩვენზე კიდევ უფრო დიდი აქვთ.
რაც შეეხება იმას, რომ უამრავი ტექნიკა წაიღეს ჩვენგან 2008 წელს; ეს ნიშნავს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ საკუთარი ძალების არათანაზომად შეფასებას, პრობლემის არარეალურ ხედვას, როდესაც შენ გგონია, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ჩასულ პუტინს დაასწრებ და კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენ, ფაქტობრივად, ოკუპირებულ სამაჩაბლოში, მას კი მოერიდება და ომს არ დაიწყებს საქართველოს წინააღმდეგ.
– მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, წყალში გადაყარა მთელი ეს დახმარება-მხარდაჭერა, ასევე, ვისმენთ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს: ბუშმა გააფრთხილა, არ წამოეწყო სამხედრო მოქმედებები და სააკაშვილმა არ დაუჯერაო, მას კი ისევ პატრონობს აშშ. ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა მათ შეუსრულა ის, რის გამოც მასთან ვალში არიან?
– გავიგე თქვენი კითხვა და, თავისთავად ცხადია, სადავო არაფერია, რომ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც თავი მოაბეზრა კორუფციის მასშტაბმა და სოციალურმა პრობლემებმა და ამიტომ, ცვლილებების მოლოდინით, მხარი დაუჭირა ახალგაზრდა რეფორმატორებს, იმავდროულად, სააკაშვილი იყო ამერიკული პროექტი და ეს ამერიკული პროექტი, სამწუხაროდ, აღმოჩნდა წარუმატებელი.  მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, რომელსაც სამხრეთ კორეის შემდეგ ძალიან ცოტა მაგალითი აქვს მათი მხარდაჭერით ფეხზე დამდგარი მოკავშირეებისა. ამდენად, მათ უნდოდათ, რომ ეს ექსპერიმენტი წარმატებული ყოფილიყო და ფერად რევოლუციებს მაგალითი მიეცა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, მაგრამ მარცხიანი აღმოჩნდა. იმდენად დიდ იმედებს ამყარებდნენ და იმდენად დიდი იყო საინფორმაციო-პროპაგანდისტული და ლობისტური მხარდაჭერა, რომ არ შეელია დასავლეთი სააკაშვილის ფენომენს და ახლა უკრაინაში ცდილობს მის გამოყენებას. მე მინდა, რომ უკრაინაში ყველაფერი უკრაინელი ხალხის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების სასიკეთოდ იყოს, მაგრამ ვეჭვობ, ეს ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან სააკაშვილი მეთოდებს არ ცვლის და ამას წინათ ყვებოდა, რომ ჩვენი გზების დეპარტამენტში ხელმძღვანელს ბევრი მილიონი წაართვა და დააგო აეროპორტისკენ მიმავალი გზა. ჩვენ კი, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით მაშინ, არ გვახსოვს სასამრთლო პროცესი, არც იმ ადამიანის დაპატიმრება, არც ის, ვინ განსაზღვრა, რამდენი მილიონი უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის. ანუ რაღაც თანხა ამოუღეს ჯიბიდან, თავიანთ ჯიბეში ჩაიდეს, შეიძლება, იმ ამოღებულის ნახევარიც კი არ დახარჯეს და ამით ამაყობს უკრაინაში. ეს ცოტა სასაცილოა.
– მაგრამ უკრაინელებს მოსწონთ ესეც და ისიც.
– უკრაინელი ხალხიც იტანჯება იმ სოციალური პრობლემებისგან, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდმა მოიტანა და რაღა დარჩენია, ელის მესიას, ბელადს (როგორც თავის დროზე სჯეროდა ხალხს სტალინის), ლიდერს, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანს. ამასობაში ტიმოშენკომ არ გაამართლა, იუშჩენკომ არ გაამართლა და იქნებ სააკაშვილმა გაგვიმართლოსო, ამბობენ პენსიის ამარა დარჩენილი საწყალი მოხუცები. ასე რომ, ბუნებრივია, სააკაშვილი პოპულარული იქნება. მას ხალხის „დაბოლება“ კარგად შეუძლია. ის ნიჭიერი კაცია, სხვათა შორის.

скачать dle 11.3