სად არის დასაქმებული ნუგზარ წიკლაურის მეუღლე და რატომ არ აქვთ მათ არანაირი კერძო საკუთრება, მიუხედავად წელიწადში 100 000-ლარიანი შემოსავლებისა
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან ნუგზარ წიკლაური 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული და პროფესიით ფილოლოგია. მისი სამუშაო გამოცდილება 1996 წელს დაწყებულა გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“, სადაც კორესპონდენტად 1997 წლამდე იმუშავა. 2001-2006 წლებში გამომცემლობა „ლიტერას“ გამგეობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2006-2008 წლებში – თსუ-ს გამომცემლობის დირექტორი. 2008 წლის ივნისში პირველად გახდა – საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2012 წელს კი იგივე შედეგი მეორედაც გაიმეორა და ამჟამად საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე მერვე მოწვევის პარლამენტართა სიაში ბ-ნი წიკლაურის ოფიციალური ბიოგრაფია არ არის განთავსებული (მისი მოძიება მხოლოდ პარლამენტის არქივშია შესაძლებელი).
თუმცა ბ-ნი წიკლაურის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, 2008 და 2009 წლებში შევსებული დეკლარაციები არ იკითხება.
შესაბამისად, 2010 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ბ-ნი წიკლაურს ჰყავს მეუღლე, 1970 წელს ბაღდათში დაბადებული ელისო ნიჟარაძე და 1999 წელს დაბადებული ვაჟი მათე. ოჯახს, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. თუმცა იმხანად არცთუ ურიგო შემოსავლები ჰქონდათ. კერძოდ, 2009 წლის განმავლობაში ნუგზარ წიკლაურმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 56 676 ლარი აიღო, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის კონსულტანტმა სამეცნიერო სფეროში, 22 695 ლარი; ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც სკოლა-ლიცეუმ „რიტორის“ დირექტორმა – 10 800 ლარი.
2010 წლის განმავლობაში ნუგზარ წიკლაურის სადეპუტატო წლიურმა ხელფასმა 63 682 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორისამ – 14 400 ლარი.
2011 წლის განმავლობაში ბ-ნმა წიკლაურმა, როგორც დეპუტატმა, 69 009 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „რიტორის“ დირექტორმა, 5 200, როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილემ კი – 5 181 ლარი.
2010-ში ნაღდ ფულად: დეპუტატს 7 000, მის მეუღლეს კი – 2 500 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ნუგზარ წიკლაურმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 68 095 ლარი მიიღო და, რაკი კვლავ განაახლა საკონსულტაციო მომსახურება, როგორც თსუ-ის კონსულტანტმა, დამატებით კიდევ, 21 360 ლარი; მისმა მეუღლემ კი, როგორც თბილისის „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილემ, 20 000 ლარი.
2013 წლის განმავლობაშიც ცოლ-ქმარი იმავე პოზიციებზე იყო, ამდენად, ბ-ნი წიკლაურის სადეპუტატო წლიურმა შემოსავალმა 60 831 ლარი შეადგინა, თსუ-ს კონსულტანტობამ კი 15 153 ლარი მოუტანა, ხოლო ელისო ნიჟარაძის, როგორც დირექტორის მოადგილის, წლიური ხელფასი კვლავ 20 000 ლარი იყო.
ბ-ნი წიკლაურის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება: უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა და ის მოცემულობაც, რომ მათ ოფიციალურად არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნიათ. თუმცა კვლავ აქვთ შემოსავალი. კერძოდ, 2014 წლის განმავლობაში ნუგზან წიკლაურმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 61 665 ლარი აიღო, ხოლო ელისო ნიჟარაძემ, როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილემ, 20 000 ლარი.