მზრუნველი პარტნიორები
ანუ „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო”
გასულ კვირას ქართველი სამხედროების მორიგი ჯგუფი გაემგზავრა ავღანეთში დემოკრატიისა და მშვიდობის დასაცავად. და თუმცა ნათლად გვითხრეს, რომ „ნატოს“ წევრობის კანდიდატობის იმედი არ უნდა ვიქონიოთ ამ უახლოეს მინისტერიალზე, გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა (გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა) თბილ-თბილი სიტყვების კორიანტელი არ დაიშურა ჩვენი მისამართით.
კერძოდ, ხსენებულმა ბატონმა ბრძანა: „ნატოსთვის“ დიდი პატივია, ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი, რომელიც აგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში (იმედია, ასეთი პატივი შოკში არ ჩაყრით)“.
მეორე მხრივ, ამის არაღნიშვნა კი შეუძლებელია, რადგან საქართველო ავღანეთის მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა თვით აშშ-ის შემდეგ.
შესაძლოა, ამიტომაც, „ნატოელმა“ გენერალმა დასძინა: „ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ქართველი ხალხისა იმისათვის, რომ ისინი დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას იჩენენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.”
მადლიერება, უდავოდ, შესაშური უნარია, მაგრამ, რაკი რუსთაველი გვასწავლის, „სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“-ო, ამდენ თბილ-თბილ სიტყვას (მე რომ მკითხოთ) უხმოდ „მაფის“ მოცემა აჯობებდა.
თუმცა, შესაძლოა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შიშობდნენ, უარი არ ვუთხრათ, გრიგოლ ხანძთელის სტილში: პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო.
ანუ იქნებ არ გვაძლევენ, რადგან არ უნდათ, რომ ამპარტავნების ცოდვაში ჩაგვყარონ?! –