ნაელჩარის გულახდილობის ხიბლი
საცდელი ბოცვრები?!
იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში იყო იმ ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორის ელჩი, ცხადია, ბევრი რამაც იცის და იმ ბევრიდან უმეტესს არც ჩვენ გაგვიმხელს და არც საჯაროდ იტყვის, თუმცა ბ-ნი მაილსი შიგადაშიგ გვანებივრებს ხოლმე თავისი აზრებით.
და თუკი აქამომდე მისი ბაგეების მეშვეობით ის შევიტყვეთ, რომ ჩვენმა აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა არ დაუჯერა, ასევე, აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ბუშს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში და ითვითნება, ამჯერად დიპლომატმა საკუთარი შთაბეჭდილება ბ-ნი სააკაშვილის მიმდინარე პოლიტიკურ ღვწაზე გაგვიზიარა.
სახელდობრ, შენიშნა, რომ ეუცნაურება, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის გუბერნატორი ხდება (ვითომ არ იცის, რომ ბ-ნი მაილსის სამშობლოს თანხმობის გარეშე ეგ ამბავი ვერ მოხდებოდა?!).
მომყავს ციტატა: „უცნაურად მეჩვენება როცა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის გუბერნატორი ხდება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მხარე იყოს ის. ოდესა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ადგილი. ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინულად ლაპარაკობს, განათლება უკრაინაში აქვს მიღებული, არსებობს მიზეზები, რატომაც არის ახლა იქ, მაგრამ ჩემთვის ეს უცნაურია.“
თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, მთავარი მაინც სხვა რამაა; კერძოდ, ბ-ნმა ნაელჩარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბ-ნი სააკაშვილის მოღვაწეობას მხოლოდ გართობის მიზნით ადევნებს თვალს.
ხოლო, ვინაიდან ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით, როგორ ამთავრებენ საცდელი ბოცვრები, ჩნდება ეჭვი, რომ გულით უნდა თანავუგრძნოთ უკრაინელ ხალხს?! –