გაქცევიდან – გამყარებამდე
არათანმიმდევრულობაც… კლავს?!
დაზუსტებით უცნობია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან ძველის წასვლამ იმოქმედა თუ ახლის მოსვლამ, მაგრამ ფაქტია, რომ ლარს გამყარების ტენდენცია შეემჩნა.
და თუმცა ანალიტიკოსების ერთი ნაწილი სიხარულის ზარებს ახმაურებს – ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსიც დაჯდებაო ალჩუზე, მეორე ნაწილი მიანიშნებს, რომ გაქცევიდან გამყარება, ცოტა არ იყოს, ხელოვნური პროცესია.
მეორე მხრივ, ხელოვნურია თუ ბუნებრივია, რაკი მყარდება, დოლარის მუშტარი ჩვენი თანამოქალაქეები ცოტას ამოისუნთქავენ. ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით გაზრდილ ფასებს არ შესტყობიათ უკან დაწევა.
ამასობაში კი, გაირკვა, რომ სავალუტო ჯიხურებში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. მოსახლეობა, რომლებსაც დანაზოგი აშშ დოლარში აქვს, მასობრივად ცდილობს მის გადახურდავებას და აწ უკვე ლარების დაგროვებას (რითაც, უნებლიეთ, ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას).
მეორე მხრივ, ისიც გვახსოვს, რომ ლარის გაქცევისთანავე, იგივე მოსახლეობა ლარის თავიდან მოშორებითა და დოლარის შეძენით იყო დაკავებული (რითაც, უნებლიეთ, ხელს უწყობდა ლარის გაუფასურებას).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორ ურთიერთსაპირისპირო შემთხვევაში ერთი და იმავე ტაქტიკით ვმოქმედებთ, აშკარაა, რომ თანმიმდევრულობა არ გვაწყენდა, თვით მოქალაქეების დონეზეც. –