„მთავარია, გქონდეს ფული“
ანუ გაყიდულია?!
კვლავ გრძელდება დავა აბანოთუბანში მდებარე აბანოების მეპატრონესა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის: მხარეები, მოგესხენებათ, კვლავ ვერ თანხმდებიან წყლის ტარიფზე.
აბანოების მფლობელები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ტარიფი 2015 წლიდან უსამართლოდ გაუძვირა, წყლის კომპანია კი დედას იფიცებს, რომ ტარიფი ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ერთნაირი დაუწესა.
თავის მხრივ, მარეგულირებელი კომისიაც განმარტავს, რომ ის ტარიფებს არ აწესებს და მხოლოდ ზღვრული ტარიფები დაადგინა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, „ჭრელი აბანოების” მეპატრონეები იმუქრებიან, რომ საერთოდაც შეწყვეტენ ფუნქციონირებას და GWP-ის სატარიფო იერიშს ამ უკანასკნელის აქციების ერთ-ერთი ბანკის მიერ შეძენას უკავშირებენ (ხოლო, რაკი ჩვენებური ბანკები ბიზნესების დაუფლებისადმი, ჩვეულებისამებრ, ფრიად ცხოველ ინტერესს იჩენენ ხოლმე და მოქმედების სრული თავისუფლებაც აქვთ მინიჭებული, არ არის გამორიცხული, ასეც იყოს).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს აბანოები თბილისის ისტორიაა და, წესითა და რიგით, ისტორიული ძეგლი უფროა, ვიდრე ჰიგიენური პროცედურებისგან სიამოვნების მიღების ადგილი (სხვაც რომ არაფერი, პატარა კახი იქ შუშდებოდა გადატანილი ბრძოლების შემდეგ), ნამდვილად მოხერხება უნდოდა მათი ყოფნა-არყოფნის საკითხამდე მისვლას. –