რა მოხდა თემურ თათარაშვილსა და მამულიჩას შორის და რატომ უთხრეს მას უარი საქართველოს მოქალაქეობაზე
„მე სანამ შენამდე მოვედი...“ – ამ ყველასთვის საყვარელმა, მონატრებულმა სიმღერამ და მისმა შემსრულებელმა თემურ თათარაშვილმა ქართველ მსმენელთან მოსვლამდე, სამშობლოში დაბრუნებამდე რთული გზა გაიარა. ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: იყო ციხეში გატარებული 16 თვე, მრავალწლიანი განშორება ოჯახთან, უარი სამშობლოსგან საქართველოს მოქალაქეობაზე და არაერთი გულისტკენა, რომელიც ორად გაყოფილი საზოგადოებისა და არაერთი ჭორის მიუხედავად, ქართველი ხალხის სიყვარულმა და ნოსტალგიამ გადაფარა. ის ახლა ოჯახისგან შორს, მოსკოვში ცხოვრობს. მის განვლილ რთულ წლებზე და ახლანდელ ცხოვრებაზე ბატონი თემური გვესაუბრა.
თემურ თათარაშვილი: კონცერტები იშვიათად მაქვს. ძირითადად, აღარ ვმღერი. მხოლოდ კორპორატიულ საღამოებზე ან განსაკუთრებულ კონცერტებზე. მოსკოვში ერთ-ერთი ქართული რესტორნის გენერალური დირექტორი ვარ უკვე ოთხი წელია და ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული.
ხშირად მოდიან ქართველი სტუმრები, ჩემი მეგობრები. მათთვის ხშირად მიმღერია, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვუმღერებ. ერთმა მეგობარმა, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობს, მომწერა, ძალიან მენანები, კაფეში რომ მღერიო... ხმა არ ამომიღია, ისე გავუგზავნე ამ რესტორნის სურათები და ვუთხარი, ეს თუ კაფეა, მაშინ რესტორანი რაღას ჰქვია-მეთქი. იმის ბრალიც არაა, ასე მისწერეს თბილისიდან – თათარაშვილი კაფე „ხინკალნაიაში“ მღერისო. არადა, ეს, უბრალოდ, კაფეების ქსელია, რომელსაც ორი უდიდესი რესტორანი აქვს და ერთი მათგანის გენდირექტორი ვარ. ისე, ჩემი მეგობრები იცინიან, ასეთ ფეშენებელურ რესტორანს „ხინკალნაია“ რომ ჰქვია.
– ხშირად თუ ჩამოდიხართ საქართველოში?
– იმ სიხშირით მიწევს საქართველოში ჩამოსვლა, როგორც დათო ოქიტაშვილის მიერ ორგანიზებული კონცერტები ამის საშუალებას მაძლევს. ჩემი ოჯახი ჩემთან ჩამოსვლას ხშირად ვერ ახერხებს. ვიზასთან და ბევრ რამესთან არის დაკავშირებული მათი ჩამოსვლა. დედაჩემი მყავდა ჩამოყვანილი სამჯერ. სპეციალურად მაია ჯაბუას კონცერტისთვის ჩამოვფრინდი. მე და მაია ერთად გავიზარდეთ – მე საქართველოში უნდა ვყოფილიყავი. არასოდეს დამავიწყდება, როგორი ამაღელვებელი იყო საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლა და კონცერტი. პირველი სამი სიმღერა ემოციებისგან, ფაქტობრივად, ვერ ვიმღერე. მე ცხოვრებაში არ მიტირია სცენაზე, ეს იყო პირველი შემთხვევა გამოწვეული უდიდესი ემოციით. სცენაზე გასვლამდე არ ვიცოდი, რამდენი ხალხი იყო მოსული, ძალიან ვღელავდი. დათო ოქიტაშვილი რომ მეუბნებოდა, რა ხდებოდა გარეთ, ვეუბნებოდი, არ მითხრა-მეთქი. ფარდა რომ გაიხსნა და სავსე დარბაზი დავინახე, ძნელი იყო ცრემლების შეკავება. არც მე დამიმალავს ჩემი ემოციები. რაც სცენაზე ხდებოდა, ყველაფერს ვამბობდი. როდესაც მსმენელთან გულწრფელი ხარ, ის პატარ-პატარა შეცდომებსაც გპატიობს. კულტურის სამინისტროს რომ ჰგონია, ისე არ არის.
– ციხეში რომ მოხვდით, ამბობდით, რომ ბევრი მეგობარი წავიდა თქვენი ცხოვრებიდან და მხოლოდ ერთეულები დაგიდგნენ გვერდით. დაალაგა დრომ ძველი ურთიერთობები?
– როდესაც მე დამიჭირეს და გამიჭირდა, ბევრმა მეგობარმა ზურგი მაქცია, ბევრი კი გვერდში დამიდგა. სოსო პავლიაშვილი ჩემს ოჯახს ყველანაირად გვერდში ედგა, ყურადღებას აქცევდა. ასევე, დათო გომართელიც. ციხიდან რომ გამოვედი, თავის კლუბში სიმღერა შემომთავაზა – იმ მომენტში ჩემთვის ყოველ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. მერე სხვისგან გავიგე, დათოზე ზეწოლაც კი ყოფილა – დაუბარებიათ, ნუ ამღერებო. დათოს ეს ჩემთვის არც უთქვამს. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ვიღაცეები ისევ გამოჩნდნენ. ათი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს მე და ლელა წურწუმია. თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ლელა და მამულიჩა იყვნენ სხვა მხარეს, მე – სხვა მხარეს. ამის გამო აღარ გვქონდა ურთიერთობა. ჩვენ შორის ჩხუბიც კი არ ყოფილა. ახლახან მაია ჯაბუას კონცერტზე ვნახე, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მამულიჩას დაჭერასთან დაკავშირებითაც ამიგორეს ჭორები, ბევრი წერეს. მე რა შუაში ვიყავი მამულიჩასთან, მასთან რა ურთიერთობა მქონდა... ღმერთმა დამიფაროს, მე რომ გამეკეთებინა, ეს ხომ ჩემს შვილიშვილს დახვდება წინ და არ მეპატიება. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე არავის არაფერს ვერჩი. არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. აბსოლუტურად გარკვეული მაქვს, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ – არა... მე მათი მხოლოდ კარგი გამიხარდება და ცუდი გულწრფელად მეწყინება, იმიტომ რომ, ოდესღაც, ისინი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. აქ ყველა ქართველ მომღერალთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი და სოსო პავლიაშვილის ურთიერთობა სულ სხვაა. როგორც კი ახალ სიმღერას დაწერს, ეგრევე მიგზავნის. ამას წინათ კაზანში ვიყავით ქართველები, იქ ვიმღერეთ.
– თქვენ მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც კი...
– შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა თავის თავს მიხედონ. ვინც ჩემზე ამას ლაპარაკობს, ძალიან კარგად ვხედავ, რომ ჩამოდიან რუსეთში, მღერიან და მერე აქაური ფულით იქ ცხოვრობენ. ციხიდან რომ გამოვედი, კახუჩელამ ასეთი რამ მითხრა – როცა მე მოვინდომებ, მაშინ იმღერებო. სწორედ ამიტომ წავედი მოსკოვში. კახუჩელას გადასაწყვეტი არ უნდა ყოფილიყო, სად ემღერა თემურ თათარაშვილს და სად – არა. ზუსტად ვიცოდი, რომ ვეღარ ვიქნებოდი ის თემური, რადგან ეს „სასტავი“ წყვეტდა, ვინ გამოვიდოდა კონცერტზე, ვინ – არა, ვის გადაუხდიდნენ სიმღერაში 5 000 დოლარს და ვის – 100 ლარს. ეს რომ მითხრა, კონცერტზე ვიყავით, საშინლად გავნერვიულდი. ჰკითხეთ ეკა კახიანს, გოგოლა კალანდაძეს, ძლივს მაკავებდნენ, ძლივს ჩამტენეს ნატო გელაშვილის მანქანაში. ეს იყო და ეს... წამოვედი... მე რომ მოსკოვში ჩამოვედი, სხვა გზა არ მქონდა. მოქალაქეობა რომ მივიღე, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ვიყავი „პერსონა ნონ-გრატა“. თუ მოქალაქე არ ხარ, ვერაფერს გააკეთებ. ვერ იმუშავებ, საჭესაც კი ვერ მართავ, ამიტომ გავხდი იძულებული, ეს ნაბიჯი გადამედგა. საქართველოა ჩემი სამშობლო და არა რუსეთი. მე საქართველოში ვაპირებ სიკვდილს. როცა მოვკვდები, იქ უნდა დამასაფლაონ. მიხეილ სააკაშვილმა ერთი ეს დიდი სიკეთე ნამდვილად გამიკეთა, რომ 2006 წლის 25 სექტემბრის მერე ნარკოტიკს არ გავკარებივარ. მოვა დრო და ჩემი დაჭერის ნამდვილ მიზეზებზეც ავლაპარაკებდი. ჯერ ადრეა...
– როგორია ქართველი კაცისთვის რუსეთში ცხოვრება?
– ამას წინათ მანქანით მივდივარ. წვიმდა, დიდი გუბეები იყო, ვერ შევაჩერე. შუქნიშნის წინ გავიარე წითელზე და ვხედავ, პოლიცია გადამიდგა დიდი „პიკაპით“. გამაჩერეს, მივაწოდე საბუთები, შეიყვანეს კომპიუტერში და მითხრეს: თეიმურაზ პავლოვიჩ, ასეთი კარგი ისტორია გაქვთ და რატომ არღვევთო და გამომიშვეს. არადა, ასეთ დარღვევაზე მართვის მოწმობა უნდა ჩამოერთმიათ. მე სულ ასეთი ინსპექტორები მხვდებიან. მე მგონია, გაფრთხილებული არიან, რომ ქართველებს ხელი არ ახლონ – პოლიტიკის ნაწილია, როგორც საქართველოშია რუსების მიმართ. ალბათ, ყველა ქართული გვარის წარმომადგენელს ასე ექცევიან.
– ახლახან საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე გითხრეს უარი, რა მიზეზით?
– ოფიციალურად შევიტანე განცხადება, რომ მინდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. 15 დღეში მომივიდა უარი. ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ასე მალე არ წყდება. მიზეზი იყო ის, რომ ციხეში ვიჯექი. დარწმუნებულ ვარ, პრეზიდენტ მარგველაშვილამდე არც მიუღწევია ამ განცხადებას, თორემ არა მგონია, უარი ეთქვათ. ვიღაც ზანგებს და ჩინელებს აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას და იმათზე მეტი არ მაქვს ჩემი ქვეყნისთვის გაკეთებული? სააკაშვილის დროს ციხეში იჯდა ნახევარი საქართველო და მაშინ დარჩენილან მოქალაქეობის გარეშე. ერთი შეცდომა არ უნდა მეპატიოს იმ დონეზე მაინც, რომ მოქალაქეობა მომცენ? ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ 7 აპრილს მე და დათო ოქიტაშვილი ჩემი საიუბილეო კონცერტის გამართვას ვაპირებდით ფილარმონიაში. 50 წლის ვხდები და მინდოდა, ქართველი მსმენელის წინაშე აღმენიშნა ეს თარიღი. დაგვთანხმდა კულტურის სამინისტრო, ხელიც მოაწერეს თანხმობას. ვინც დაინტერესდება შეუძლია, იუსტიციის სახლშიც გადაამოწმოს. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ვინც ნახა ხელმოწერილი საბუთი თანხმობაზე. დავიწყეთ მზადება, ორკესტრი ემზადებოდა და მეორე დღეს უარი განაცხადეს. არ იყო ხელი მოწერილი, ჩვენ ქართველებს არ ვაფინანსებთო. არ ვიცი, ალბათ, ზანგი უნდა ვიყო. რომ იძახიან, არათბილისელი რად გვინდა, თბილისის მერად თბილისელი უნდა იყოსო. რა გამიკეთეს იმ თბილისელებმა, რომლებსაც ამდენი წელია ვიცნობ, უარით გამომიშვეს. მშვენიერი კაცი ყოფილა ნარმანია, შევედი თუ არა, დამთანხმდა დაფინანსებაზე. ოღონდ, მერიას თანადაფინანსების გარეშე არ აქვს უფლება და ვეძებთ სპონსორს. ციხის მერე მძიმე ხასიათი გამიხდა, ნერვიული გავხდი. ახლახან ოპერაცია გავიკეთე – საძილე არტერიიდან თრომბი ამომიღეს. ეს ყველაფერი ნერვიულობის ფონზე. ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ ახლა ძალიან ვინერვიულე. მრცხვენია იმ ხალხის, ვინც გვერდით მედგა და ამ კონცერტისთვის ემზადებოდა. სულ ძველი სიმღერები ამოვარჩიეთ, ის, რაც უყვარდათ და დღესაც უყვარს მსმენელს. ძალიან კარგად მახსოვს, რა იყო წლების წინ და რა არის ახლა კულტურის სამინისტროში. გამოდის, რომ აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა.
– გინდათ საქართველოში დაბრუნება?
– სიამოვნებით დავბრუნდებოდი საქართველოში, მე ისეთი პრობლემები მაქვს, ვერ გამოვექცევი. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, მაშინ მიმიწვია პატრიარქმა. ერთ საათზე მეტხანს ვიყავი მასთან. მითხრა, არ მიმღერებო? – კი, როგორ არ გიმღერებთ-მეთქი. რომ დავჯექი და ვუკრავდი, ვგრძნობდი, რომ ვღელავდი. ვერ ვასრულებდი ისე როგორც საჭირო იყო და რომ დავამთავრე, პატრიარქმა მითხრა: იცი? ახლა უფრო კარგად მღერიო. მერე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ თქვა, აშკარად ვერ შევასრულე კარგად და გულიანად გაეცინა. დამლოცა და ბოლოს მითხრა, აუცილებლად უნდა დაბრუნდე საქართველოშიო. ჩემი ოჯახი საქართველოშია. ჩემი შვილი, შვილიშვილი, მეუღლე, დედა... ჩემი ოჯახი მანდ ცხოვრობს და მეც მათთან ერთად ცხოვრება მინდა. მე და ჩემი მეუღლე „სკაიპით“ ვკონტაქტობთ, შეყვარებულებივით (იცინის). ჩემი შვილიშვილიც „სკაიპით“ გავიცანი, რომელიც ხან ბაბუას მეძახის და ხან – თემურს... თუ ხასიათზეა, მეფერება, თუ არა – ახლოსაც არ მიკარებს... რომ ჩამოვდივარ, ჩემთან სძინავს. ახლა „ბატონია“, ჩუტყვავილა აქვს და მიგზავნის ფოტოებს, მაჩვენებს ყოველ წერტილს. რომ ვეკითხები: „აბა, ბატონი სადაა“, ვერ იგებს, უკვირს, რა ბატონს ვეკითხები (იცინის)... ძალიან საყვარელი ვინმეა, მაგიჟებს. როცა ჩამოვდივარ, ძირითადად, სულ სახლში ვარ. იმდენი ხალხი მოდის სანახავად... ყველაფერი მენატრება საქართველოსი – ოჯახი, ურთიერთობები, ძველი თბილისი... ქართველი მსმენელი მენატრება.