რა შემთხვევაშია შესაძლებელი ბოტულიზმით დაინფიცირებული ადამიანის გადარჩენა და, შინაური კონსერვების გარდა, რა შეიძლება იყოს ამ დაავადების გამომწვევი
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მატულობს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადების რისკი, როგორიცაა ბოტულიზმი, რადგან მისი ძირითადი გამომწვევია, ეგრეთ წოდებული, შინაური კონსერვები, მწნილები, მურაბები, ბოსტნეული, კომპოტები... ბოტულიზმის შემთხვევათა 30-40 პროცენტი ხშირად ლეტალურადაც სრულდება. რა დაავადებაა ბოტულიზმი, როგორია მისი კლინიკური ნიშნები და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად – გვესაუბრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის, ნაწლავთა ინფექციების განყოფილების გამგე, ბატონი თემურ ქველიძე: ბოტულიზმი – ეს არის უმძიმესი ინფექციური დაავადებაა, მისი გამომწვევია გარემოში, კერძოდ კი, ნიადაგში საკმაოდ გავრცელებული მიკროორგანიზმი, რომელსაც უმძიმესი ტოქსინის (შხამის) გამომუშავების უნარი აქვს. ბოტულოტოქსინის მომშხამავ ძალაზე წარმოდგენის შესაქმნელად კი, საკმარისია, ვიცოდეთ, ამ შხამის უმცირესი რაოდენობაც კი, მილიონობით სასიკვდილო დოზას შეიცავს. ბოტულიზმის ინფექცია ყველაზე დიდი შხამია მსოფლიოში – გველგესლას შხამზე სამასი ათსჯერ უფრო ძლიერი. ეს სპორა ხილისგან, ბოსტნეულისგან ხვდება კონსერვში, იგივე უჰაერო სივრცეში და გადადის ტოქსიკურ ვეგეტატიურ ფორმაში.
– შეგვიძლია თუ არა სპორებიანი კონსერვის თვალით ცნობა, ამობურცული თავსახური მიუთითებს თუ არა მის არსებობას?
– თვალით ამ ბაქტერიას ვერ დავინახავთ. დაინფიცირებულ პროდუქტს ორგანოლეპტური არც სუნი და არც გემოს თვისებები არ ეცვლება, რაც ძალიან საშიშია. ის მიკროსკოპში ჩანს, როგორც ჩვეულებრივი ჩხირი. ბომბაჟი ვითარდება, როგორც ლპობითი ბაქტერია პროდუქტში, მაგრამ, საერთოდ, უფრო მეტი შანსია, ამ ბაქტერიებთან ერთად, ბოტულიზმის ბაქტერიაც იყოს. ბომბაჟირებული პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ბოტულიზმით ავადობა იმ საკვებს უკავშირდება, რომლებიც საკმაო ხანს ინახება უჰაერო სივრცეში. ხშირია კიტრის, მწვანე ლობიოს, ბადრიჯნის, სტაფილოს კონსერვებით, ჭერმისა და მაყვლის კომპოტებით გამოწვეული დაავადების შემთხვევები. ყველაზე საშიშია მწნილები, კომპოტები, რადგან არ ხდება მათი თერმულად დამუშავება. საკონსერვო წარმოების დამკვიდრებამდე ბოტულიზმით ავადობა შაშხსა და ძეხვეულს უკავშირდებოდა. ასეთი პროდუქტების სიღრმეში მოხვედრილი სპორა იზოლირებულია ჟანგბადისგან და იწყება შხამის გამომუშავება. ბოტულიზმის გამოწვევა ასევე უკავშირდება თევზს, განსაკუთრებით სათალს. თევზის ჭრილობა მალე იკვრება და მასში მოხვედრილი სპორა უჰაერო სივრცეში იწყებს შხამის განვითარებას. თევზეულის კუსტარული წესით დამუშავებისას შესაძლებელია სპორის მოხვედრა კუნთოვან მასაში. თევზის შებოლვისას, მასზე წარმოიქმნება თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი აპკი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტის ჟანგბადთან შეხების შესაძლებლობას. ასევე საშიშია თაფლის უჰაერო სივრცეში არსებობა, ესეც შეიძლება გახდეს ბოტულიზმის გამომწვევი.
– როგორია ბოტულიზმის პირველადი ნიშნები და დაინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება?
– შინაური კონსერვების მასობრივი დამზადების სეზონის გასვლის შემდეგ, გავლილი დროის პროპორციულად, მატულობს ბოტულიზმის საფრთხეც, რადგან ტოქსინის დაგროვებასაც სჭირდება გარკვეული დრო. სწორედ ამიტომ, შინაური კონსერვით მოშხამვა პიკს გაზაფხულზე აღწევს, როცა შექმნილი მარაგის ინტენსიური ათვისება ხდება. რაც მეტ შხამს მიიღებს ადამიანი, უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი რჩება და მალე ხდება ამ დაავადების გამოვლენა... დაავადების სიმძიმეც ამაზეა დამოკიდებული, შეიძლება, გამოვლინდეს რამდენიმე საათში ან შეიძლება, ტოქსინი იმდენად მცირე რაოდენობით იყოს მიღებული, რომ მისი ცირკულაცია სისხლში უფრო დიდხანს გრძელდებოდეს. შესაბამისად, სისხლის ცილას ვერ უკავშირდებოდეს და გაგრძელდეს ათ დღემდეც კი. რაც უფრო დიდია ტოქსინის დოზა, მით უფრო ხანმოკლეა ინკუბაცია და მძიმედ ვლინდება დაავადება. დამახასიათებელია, რომ სხეულის ტემპერატურა ხშირად არ იმატებს. გულისრევა და ფაღარათი იშვიათია, უფრო ხშირია ყაბზობა და ძლიერი წყურვილის შეგრძნება. დასაწყისშივე შეინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: ძლიერი სისუსტე, მოდუნება, თავბრუ, უმადობა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე. ხდება კუნთების დამბლა, უპირველესად, ეს არის მხედველობის დაქვეითება. ადამიანი პირველად გრძნობს მხედველობის დაბინდვას, შემდეგ – გაორება. მერე ხდება ნაქის დამბლა, რომელიც პასუხისმგებელია ყლაპვაზე. ადამიანი ვერ ყლაპავს არა მხოლოდ საკვებს, არამედ ნერწყვსაც და ცხვირში გადმოდის. ასევე, ხდება ხმის იოგების დამბლა, ხმა ჩახლეჩილია და საუბარი ცხვირისმიერია. შეიძლება, პაციენტი ხმის დაკარგვამდეც კი მივიდეს. ხშირია მიმიკური კუნთების პარეზი. შესაძლებელია, საღეჭი კუნთების, კისრისა და ზედა კიდურების დამბლა – ადამიანს თავის დაჭერაც კი უძნელდება. გონება მთლიანად შენარჩუნებულია. გართულებებია: მწვავე პნევმონია, ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოზიტები, ნევრიტები, ძლიერი სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, ეს მაშინ, როდესაც დიაფრაგმის კუნთების დამბლა ხდება, რომელიც მონაწილეობს სუნთქვის აქტში.
– რა უნდა მოვიმოქმედოთ ბოტულიზმის პირველადი ნიშნების შემჩნევისას?
– ხშირად ავადმყოფი ბოტულიზმის სხვადასხვა ნიშნის გამოვლენისას, მიჰყავთ სულ სხვა ექიმთან, რაც მძიმე შეცდომაა, ამასობაში დრო გადის და შეიძლება, ლეტალური შედეგი მივიღოთ. პირველადი დახმარება ითვალისწინებს 5-პროცენტიანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით კუჭის გაწმენდას და ოყნის გაკეთებას. ყველა ასეთი ავადმყოფისათვის საჭიროა სარეანიმაციო ბლოკში მოთავსება. სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ყლაპვის დარღვევის შემთხვევაში კი, უნდა მოხდეს ავადმყოფის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაგვყანა. ბოტულიზმი მრავალგვარია – რვა სახეობის. შესაბამისად, ადვილად არ ხდება მისი დადგენა. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სამი სახის - A, B და E. როდესაც პაციენტი მოჰყავთ, ჩვენ ხომ არ ვიცით, რომლისგან არის მოწამლული. ამიტომ, სასწრაფოდ ვუკეთებთ ინტრავენულად, პოლივალენტურ ანტიბოტოლურ შრატს. შრატი უნდა გაუკეთდეს მათაც, ვინც არაფერს უჩივის, მაგრამ იგივე საკვები მიირთვა, რაც პაციენტმა. შრატის შეყვანა სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან, თუ ეს შხამი ცირკულირებს მთელს ორგანიზმში, შესაბამისად, აზიანებს მოტონეირონებს და იმ სინაპსებს, რომელიც პასუხისმგებელია ნერვულ დაბოლოებებიდან კუნთოვან სინაპსებამდე.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად?
– სულაც არ არის გამორიცხული, რომ თითოეული ჩვენგანი საკვებ პროდუქტთან ერთად, ვიღებთ ბოტულიზმის გამომწვევი სპორების გარკვეულ რაოდენობას. ბოსტნეულისა და ხილის გულდასმით გარეცხვაც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოშორებულია უკლებლივ ყველა სპორა. მაგრამ, სპორას ასეთ ფორმაში არ შეუძლია გადასვლა ვეგეტაციურ ფაზაში და შხამის გამომუშავება. ასე რომ, დაავადების განვითარებისთვის, როგორც წესი, აუცილებელია არა თვით სპორების, არამედ ბოტულოტოქსინის მოხვედრა ორგანიზმში. ამიტომ, ნუ გავაკეთებთ შინაურ პირობებში კონსერვს. მივირთვათ ქარხნული წესით დამზადებული საკვები, რადგან მასში გამორიცხულია ბოტულიზმის გამომწვევი სპორების არსებობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული ეხება კუსტარული, შინაური წესით მომზადებულ პროდუქციას, რადგანაც საშინაო პირობებში გამორიცხულია დამზადების ტექნოლოგიური რეჟიმის სრული დაცვა. თუ მაინცდამაინც ვაკეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ, შემდეგი: რაც შეეხება ნედლეულის პირველად დამუშავებას, იგი საკმაო ხნით უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა შემდგომში გარეგანი დაბინძურების მოშორება გაადვილდეს. ჩალბობის შემდეგ ბოსტნეული გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. ასევე გულდასმით უნდა დამუშავდეს კონსერვირებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი. მიუხედავად ყოველივე ამისა, გამორიცხული არ არის, ქილაში მოთავსებულ პროდუქტში ბოტულიზმის გამომწვევი სპორები შეგვყვეს. თვითონ სპორა დიდ ტემპერატურას უძლებს, ამიტომ აჯაფსანდალი და მსგავსი საკვები მოხმარებამდე რამდენიმე წუთით უნდა წამოდუღდეს.